როდის გადავა სცენაზე მამასავით ყირაზე „X ფაქტორის“ მონაწილე დიმა კობეშავიძე და ვის უშლიდა ის თავისი აქტიურობით ნერვებს
დიმა კობეშავიძე „X ფაქტორის“ ერთი-ერთი გამორჩეული მონაწილეა. როგორც თავად ამბობს, ამ პროექტში მან საკუთარ თავსაც ბევრი რამ დაუმტკიცა, დაშვებული შეცდომებიც გამოასწორა და მაყურებელს სხვა კუთხით დაანახვა თავისი შესაძლებლობები. ასე რომ, ვისაც გსურთ პროექტში დიმას დარჩენა, ყოველ ორშაბათს დაურეკეთ ნომერზე: 0903300306.
დიმა კობეშავიძე: „ვოისში“ ის ვერ გავაკეთე, რაც მინდოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე რაღაც ვერ ჩავჯექი. ალბათ, პირველი კონკურსი რომ იყო, რაღაცეებს ვერ ვუძლებდი და ეს მოქმედებდა ჩემზე. პირველი კარგი გამოსვლის შემდეგ ჩავარდნილი რინგი – ეს იყო ჩემთვის რთული და სტრესული. ამან დამიგდო ყველანაირი რეიტინგი და თვითშეფასებაც. ცოტა მეწყინა ჩემი თავისგანაც. როგორც კი „ვოისი“ დამთავრდა, მაშინვე დაიწყო „X ფაქტორი“, მაგრამ გასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან იგივეს ვანახვებდი ხალხს. ერთი წელი ავიღე პაუზა მუსიკალური განვითარებისთვის და წელს განვახორციელე.
– მამა იყო ამ მხრივ ჩართული?
– დედაა ჩართული, რადგან ვოკალის პედაგოგია. მამა უფრო გამზადებულს აქცევს ყურადღებას. ახლა მეც სხვანაირად გავიცანი ჩემი თავი. ჩემი ასეთი ნოტები მეც გამიკვირდა. „X ფაქტორი“ პირველი კონკურსია, სადაც ბრძოლის ჟინის გამო დავიწყე ეს ყველაფერი. გადავწყვიტე, საკუთარ თავს გადავაბიჯო, გადავახტე. არსად, არცერთ სცენაზე, არცეთ კლუბში ასე არ მიმღერია. ეს სხვა კონკურსია, სხვანაირად გიწევს საკუთარი თავის წარმოჩენა. ამიტომაც გადავწყვიტე საკუთარ ხმაში ისეთი რაღაც მომეძებნა, რაც ხალხს მოეწონებოდა. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ოთხი სკამის კონკურსისთვის გადავწყვიტე, სტივ უანდერის სიმღერა შემეცვალა, რომ საკონკურსო სიმღერას დამსგავსებოდა. პიანინოზე ნოტს რომ აიღებ და აბა, ამას მივწვდებიო, ასე ვიყავი: აბა, თუ გამომივა... აბა, თუ გამომივა... საბოლოო ჯამში, რომ მივწვდი, მერე ვთქვი: რატომ არ უნდა ვაჩვენო ეს მაყურებელს და ამოვუშვა ის ხმა-მეთქი. საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მაყურებელი. თავიდან დედასთან მივედი სურვილით: ამ ნოტების ამოშვება მინდა-მეთქი. დედამ: მოდი, ვნახოთო. დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მთელი წელი კი ვმუშაობდი, მინდოდა დიაპაზონი გამზრდოდა, მაგრამ ეს პროექტისთვის არ მქონია გათვალისწინებული. მაგრამ მერე ჩავრთე, ვცადე და გამომივიდა. თან ისე, რომ დედასაც გაუფართოვდა თვალები. მთელი ცხოვრება მისმენს და მითხრა, რომ მართლაც გაზრდილი და დახვეწილი ვარ.
– მამაშენი სცენაზე უფრო აქტიურია, თუმცა ვფიქრობ: ერთანირი ენერგეტიკა გაქვთ.
– მამაჩემი უფრო აქტიურია სცენაზე – ტრიალებს, ყირამალა დგება. მე ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ ასეთ რაღაცეებს, თორემ რატომაც არა. თუ გადავლახავ შემდეგ ლაივებს და მომცემენ ისეთ სიმღერას, სადაც შეიძლება ყირამალა მომიწიოს დგომა, არ არის პრობლემა – დავდგები.
– ადრე, ალბათ, სულ ამბობდნენ: დიმა ზურა კობეშავიძის შვილიაო. ახლა კი ამბობენ: ეს დიმა კობეშავიძის მამაა.
– არის რაღაც ადგილები, სადაც ზურას ეუბნებიან: თქვენ იმის მამა ხართ? სულ ვეუბნებოდი: მოვა შენს ცხოვრებაში დრო, როცა გეტყვიან – დიმას მამაო. როგორც ჩანს, მოვიდა ეს მომენტი. მამას ჩარევა არასდროს დამჭირვებია და ამას არც არასდროს გამოვიყენებ. არ მინდა, ვინმემ თქვას: დიმა კობეშავიძე მამის ნაცნობობით იქაჩებაო. რა თქმა უნდა, ვინ არის მამა, ეს არასდროს დამიმალავს, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, ისე ვიმღერო, მაყურებელმა ამის თაობაზე არაფერი თქვას.
– ამ პროექტში ჩაცმის სტილიც განსხვავებული გაქვს.
– ამაში დიზაინერები არიან ჩართულები. მიხარია, რომ განსხვავებული იმიჯით გამოვდივარ. ჩემს მეგობარს ასეთი აზრი მოუვიდა: მხოლოდ დიმას აცმევს დიზაინერიო. არა, ყველას გვაცმევს, უბრალოდ, მე სხვანაირი სტილი შემირჩია. მე მომწონს და ვცდილობ, მათ საქმეში არ ჩავერიო.
– რა ხდება რეპეტიციებზე, სცენის მიღმა? როგორც ვიცი, ძალიან აქტიური და ენერგიული ხარ, აუტანელიც...
– აქტიური ვარ, შეიძლება, ზოგჯერ აუტანელიც. რეზი ქარცივაძეს ვუშლიდი ნერვებს. მეუბნებოდა: დაწყნარდი, ძალიან აქტიური ხარო. ძალიან ბევრ რეპეტიციას გავდივართ, რომ მაყურებლამდე მივიდეს კარგი შოუ.
– მენტორსაც უშლი შენი აქტიურობით ნერვებს?
– მენტორს არ ეშლება ნერვები. ზოგი გაწონასწორებული უნდა იყოს, ზოგი – გიჟი, ვავსებთ ერთმანეთს.
– შენ როგორი ხარ?
– მე მხიარული ვარ, ასაკთან შედარებით ბავშვურიც. არ მიყვარს ძალიან სერიოზული ხალხი, მათთან ვერც ვკონტაქტობ, რადგან ისინიც ვერ კონტაქტობენ ჩემთან. თუ მოწყენილი ვარ, მაშინ ვარ ჩუმად. ბევრსაც არ ვლაპარაკობ, უფრო მოქმედებით გამოვხატავ ყველაფერს: შეიძლება, ვიხტუნაო – თვითონაც არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ.
– ძირითადად, რაზე გაკრიტიკებენ სოციალურ ქსელში?
– არ მოსწონთ ჩემი წონა და თმა. წლევანდელი იქსფაქტორელები რევოლუციას ვახდენთ. ჯერ ჯგუფი „პულსი“ გამოვიდა კაბებით და ქერათმიანი ირაკლი ნონიაშვილით. მეორე კონცერტზე თორნიკე გულაშვილი იყო ქერა თმით. მე გრძელი თმა მაქვს და ისეთი ტანსაცმლით გამოვდივარ, არ არის ჩვეულებრივი. ალბათ, ჩვენ ამ ყველაფრით, ჩვენი ქცევით გვინდა, ხალხს შევატყობინოთ, რომ არ გვსურს ჩარჩოებში ყოფნა. სცენა მოითხოვს ასეთ რაღაცეებს. მე ყოველდღიურად ხომ არ დავდივარ ასეთი ტანსაცმლით, მაგრამ კილტი, გრძელი, ქერა თმა უხდება სცენას. ყველა კონკურსანტი გამოწვევებს ჩვეულებრივ იღებს და ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა. მე, ზოგადად, მიყვარს გამოწვევები და ამ მხრივ, სიახლეების კეთება.
– გარდა კონკურსისა, სხვა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– დავამთავრე სამედიცინო, რასაც ჩემს ცხოვრებაში დიდი დრო მიჰქონდა. გამოცდა მაქვს მალე და ახლა დიდ დროს სწორედ მეცადინეობას ვუთმობ. თუმცა, ძირითადი დრო მაინც „X ფაქტორს“ მიაქვს.
– აპირებ შენი პროფესიით მუშაობას?
– კი, ვერ გადავიფიქრებ. ადამიანს საკუთარი პროფესია უნდა გქონდეს. გამოხვალ პროექტში, იმღერებ, პოპულარობის პიკში იქნები, მაგრამ ეს დროებითია, დამთავრდება ყველაფერი. პროექტში იმიტომაც გავედი, რომ გავხდი პოპულარული, დავიხვეწე, გამოვასწორე შეცდომები, ხალხმა სხვანაირი დიმა დაინახა – ეს მინდოდა ყველაზე მეტად. მომავალში მინდა, ჩემი პროფესია მქონდეს, რითაც ვარჩენ ოჯახს და საკუთარ თავს. ან ანესთეზიოლოგი ვიქნები და ან რეანიმატოლოგი. რთულია, დიდი ნერვები უნდა და ცოტა გიჟი თუ არ ხარ, არ გამოგივა ეს საქმე, რადგან საკმაოდ დიდი სტრესია. ვფიქრობ: ცუდი ექიმი არ ვიქნები, ვნახოთ.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით, არაფერი. ჩემ ირგვლივ იმდენი შეყვარებული წყვილია, მათ უაზრო ჩხუბს, კინკლაობას რომ ვუყურებ, არ შემიძლია. რომ გავიზრდები და ცხოვრება მოითხოვს დაქორწინებას, მერე გადავწყვეტ. თორემ გამვლელი მილიონი მომწონს, ფლირტი და ასეთი რაღაცეები სულ არის, მაგრამ ჯერ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვარ მზად.
– სოციალურ ქსელებშიც, ალბათ, აქტიურობენ გოგონები.
– ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემი წონა არ გამომარჩევს როგორც ბრედ პიტს, შესაბამისად, ჩემთან აქცენტი მაინც ვოკალზე კეთდება – ეს ძალიან მიხარია. ადელს აქვს ნათქვამი: მირჩევნია, ხუთი ტონა ვიყო და კარგი მუსიკა ვაკეთოო.