როგორ აპირებს დედის შემდეგ „სლავიანსკი ბაზარზე“ საკუთარი ძალების მოსინჯვას სოფი სააკაშვილი და როგორ ახერხებს ის ჰაერში აწევას
ნიჭიერმა მომღერალმა, ენერგიულმა, პოზიტიურმა სოფი სააკაშვილმა მსმენელს თავი „X ფაქტორიდან“ დაამახსოვრა. მას შემდეგ სოფი ხშირად არ ჩანს ეკრანზე, მაგრამ, ის უსაქმოდ როდია, თავის მუსიკალურ კარიერას წარმატებულად აგრძელებს. სულ მალე საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება, სადაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილად ასახელებს.
სოფი სააკაშვილი: ყოველდღიურად არ ვჩანვარ ტელევიზორში, მაგრამ ჩემს საქმეს მუდმივად ვაკეთებ. ყველაზე დიდი სიახლეა ის, რომ წელს საქართველოს სახელით, ბელორუსში „სლავიანსკი ბაზარზე“ მივდივარ. როგორც იცით, ეს საკმაოდ ძველი და პრესტიჟული კონკურსია, თითქმის იგივეა, რაც „ახალი ტალღა“. სხვათა შორის, ბევრ ქართველს აქვს ამ კონკურსში მონაწილეობა მიღებული. ჯერ კიდევ 1996 წელს დედაჩემი იყო და მეორე ადგილი აიღო. მეც ყოველთვის მინდოდა „სლავიანსკი ბაზარზე“ გამოსვლა. დედაჩემს ხშირად უწევდა იქ წასვლა, როგორც მიწვეულ სტუმარს და მეც სულ თან დავყავდი. ამიტომ, შიდა სამზარეულო ვიცი, ყველა მიცნობს როგორც მაის პატარა გოგოს. ახლა, ქასთინგზე რომ გავაგზავნე ჩემი ფოტოები, ვიდეოები, არ სჯეროდათ: ის პატარა გოგო შენ ხარო.
– რა გახსოვს ძველი დროიდან?
– 4-5 წლის ვიყავი, როცა დედა წავიდა სტუმრის სტატუსით და მეც თან წამიყვანა. იქ, პარალელურად, საბავშვო კონკურსიც ტარდება და მე ვიჯექი ბავშვების ჟიურიში. რა თქმა უნდა, უბრალოდ ვიჯექი, დედაჩემი იყო ჟიურის წევრი. კიდევ ერთი მომენტი მახსოვს. ყვავილები ძალიან მიყვარს, მაფანატებს. დედას დიდი თაიგული მიართვეს. შემდეგ სცენაზე გამოვიდა თამარ გვერდწითელი, დედამ მითხრა: მიდი, აჩუქე, სცენაზე აუტანეო. ბოლოს თვითონ მისცა ყვავილები, მე ეს გულში ჩამრჩა და რომ შევხვდი, ვუთხარი: ეს ჩემი ყვავილებია-მეთქი.
– როგორ მიიღო დედამ შენი გადაწყვეტილება?
– ძალიან გაუხარდა და რაც მთავარია, მომყვება, ჩემ გვერდით იქნება. ფიმბერგის ორკესტრთან მექნება ერთი კვირა რეპეტიციები. ამიტომ, ერთი კვირით ადრე ჩავდივარ. ისე, კონკურსი 9-დან 13 ივლისამდე გაგრძელდება. დედაჩემმა ხომ მეორე ადგილი აიღო, არ მინდა, მე ნაკლები ვიყო. აქედან გამომდინარე, ცოტა ვღელავ. მინდა, საქართველო ვასახელო. ამიტომ, გამიხარდება, თუ ყველა დამიდგება გვერდში – მე იქ ჩვენი ქვეყნის სახელით მივდივარ.
– შეარჩიე სიმღერები?
– სამი სიმღერა გამაქვს: ერთი ქართული, ერთი ინგლისური და ერთიც ბელორუსული, რომელიც ორკესტრთან ერთად უნდა შევასრულო. ქართული სიმღერაც ისეთი შევარჩიე, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ძალიან ცნობილია, უყვართ.
– როდის გადაწყვიტე, ამ კონკურსში მონაწილეობა?
– ერთი წელია, რაც ვგეგმავ. თუმცა, როცა ამერიკიდან ჩამოვედი, მერე გადავაგზავნე ჩემი მონაცემები. მარტში მომივიდა უკვე მიწვევა. ზოგადად, მე ერთი რამ მახასიათებს: სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან, მანამდე არ ვლაპარაკობ. „X ფაქტორზეც“ ასე იყო – არავინ იცოდა, მათ შორის არც მამაჩემმა. ახლა მართვის მოწმობა ავიღე. ესეც არავინ იცოდა. მარტო ჩავედი რუსთავში, ავიღე და მერე დავურეკე დედას. ასე ვაკეთებ რაღაცეებს. ჯობია, გააკეთო და მერე ილაპარაკო. ზოგჯერ გადაწყვეტილიც რომ გაქვს და ლაპარაკს იწყებ, მერე აღარ გამოდის. ამიტომ, წინასწარ თქმისგან თავს ვიკავებ.
– როგორც მივხვდი, დედის გარდა მამაც ძალიან გიდგას გვერდში.
– კი. მამა ბელორუსში, კონკურსის, „სლავიანსკი ბაზრის“ წრეებში ძალიან ცნობილია. ის იყო დედაჩემის პროდიუსერი და ქართველი მომღერლებიც მას მიჰყავდა ხოლმე – მათი წარმომადგენელი იყო საქართველოში. უბრალოდ, რამდენიმე წელია, აღარავინ წაუყვანია, დაანება ამ ყველაფერს თავი. ახლა ისევ მოუწია ჩართვა. თავიდან თვითონ შემომთავაზა: უკვე შეგვიძლია, გავაგზავნოთ მონაცემებიო... ასაკი უკვე მიწყობს ხელს. მეც დავთანხმდი, რადგან ძალიან მინდოდა მონაწილეობა. ბავშვობაში ამ სცენაზე ვიდექი კიდეც და მიმღერია. გოგონებთან ერთად ვიყავი წასული, მაგრამ მარტო არ გამოვსულვარ ისე, რომ თან შოუ გამეკეთებინა. ძალიან კარგი ამფითეატრია და იქ ტარდება კონკურსი. მამას იქ ყველა კარგად იცნობს, კონკურსის პრეზიდენტი, ორგანიზატორები, მომღერლები... ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი შეიცვალა და მამა ამბობდა: არ ვიცნობო. მაგრამ, რომ დარეკა, ისიც იცნო: იქ კარგად ახსოვთ. საქართველოში არ იცნობენ, თორემ უცხოეთში ძალიან აფასებენ მამაჩემს. ძალიან ბევრ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებთან აქვს ურთიერთობა. მას მიჰყავდა საქართველოდან ბევრი კონკურსანტი. დღემდე ყველასთან აქვს კონტაქტი. ჩემი წასვლა ძალიან უხარია და უნდა, კარგი საპრიზო ადგილი ავიღო. მეც ყველანაირად ვეცდები. სხვათა შორის, ნინი ბადურაშვილი და დათო ფორჩხიძე დამიკავშირდნენ და „ახალ ტალღაზე“ გამოსვლა შემომთავაზეს. რამდენიმე მომღერლიდან, მე ამარჩიეს. მოსკოვში უნდა წავსულიყავი ქასთინგზე, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი, რადგან კონტრაქტში პირდაპირ წერია: თუ „სლავიანსკი ბაზარზე“ გადიხარ, იმ წელს „ახალ ტალღაზე“ გასვლა არ შეგიძლია. თან, სოჭში ტარდება წელს და გული დამწყდა: მინდოდა წასვლა. სოჭი ჩვენი მიწაა, არ ვარ ნამყოფი. ვნახოთ, მომავალში. წელს კონკურსების ბუმი კი მაქვს.
– ამერიკაში, ალბათ, ისევ აპირებ წასვლას.
– კი, ეს დაგეგმილია. უბრალოდ, ტრანსფერის პერიოდია და ველოდები: საბუთების გადაგზავნას, იქიდან პასუხის გამოგზავნას დიდი დრო სჭირდება. სხვათა შორის, ახალი წლის მერე იოგათი დავინტერესდი. აქტიურად დავდივარ, ჩამითრია. ჰაერში აწეული ფოტოები მიდევს სოციალურ ქსელში – საკუთარ თავს ვწევ უკვე ხელებით, თავზეც ვდგები. ნელ-ნელა ვაკეთებ ყველაფერს, დიდი სიამოვნებით დავდივარ, ამდენი არსად მივლია. „ბოქსზეც” დავდიოდი და ერთ თვეში გამოვედი, ათას რამეს ვედები ხოლმე მცირე ხნით. მაგრამ, იოგამ ძალიან ჩამითრია. გარდა ამისა, სპორტდარბაზშიც დავდივარ. აქტიურად ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები.
– პირადში რა ხდება?
– როგორც ყოველთვის, ახლაც არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, ვიღაცეები არიან, მეგობრები მყავს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს. არც იმ ასაკში ვარ, რომ ურთიერთობა გავასერიოზულო. არც მე მცალია და ალბათ, არც მას, თორემ „პაკლონიკები“ არ მაკლია. ვიღაცეებს ყვავილები მოაქვთ. „X ფაქტორის“ პერიოდში ვიღაცამ სახლის კართან კალათა დამიტოვა, ყვავილები, სუნამო, „რაფაელო” იდო. არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ, ალბათ, მეზობელია, რადგან ჩემი სახლის მისამართი ბევრმა არ იცის. ზაფხულშიც დამიტოვა ვიღაცამ ყვავილები, ვერ მოვასწარი მენახა, ვინ იყო. ეს გარკვეულწილად დამაინტრიგებელია, დამაინტერესა, რადგან ორიგინალობით გამოირჩევა. ზოგადად, მიყვარს, როცა ადამიანი ორიგინალური იდეებით გამოირჩევა, ბანალურობა არ უყვარს. მაგრამ, ისეთი სასაცილოა ეს ყველაფერი, სერიოზულად არ ვუდგები. რა თქმა უნდა, ყურადღება ყველას სიამოვნებს, მაგრამ თუ პიროვნების მიმართ რაღაც გრძნობა, ინტერესი არ გაქვს, ოქროს კოშკებიც, რომ აგიგოს, ალბათ, არ ექნება მნიშვნელობა. ეს ყველაფერი მისგან გსიამოვნებს, ვის მიამრთაც ინტერესი გაქვს.