როგორ გახდა ერთადერთი მაშველი–დამჭერი მოდელი სოფო ცისკარიშვილი, სად იპოვა მან სიმშვიდე და რა ასწავლა ცხოვრებაში იმედგაცრუებებმა
იშვიათად მინახავს ისეთი მიზანდასახული, შრომისმოყვარე, მოსიყვარულე, ლამაზი და იმავდროულად, დამოუკიდებელი ადამიანი, როგორიც 23 წლის სოფო ცისკარიშვილია. ის ერთადერთი მოდელი-მაშველი გოგონაა, რომელიც ცხოველების უფლებებს იცავს და თავის საქმეს, მიუხედავად დიდი რისკისა, პროფესიონალურად ასრულებს.
სოფო ცისკარიშვილი: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები. ადრე, კრასნოდარში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი და მამამ მომიყვანა სიამის კატა და დოგი. საქართველოში რომ წამოვედით, ისინი იქ დავტოვეთ. გავაჩუქეთ და ახლაც მათზე ვდარდობ. უფროსი და-ძმა მყავს და არ უყვარდათ ცხოველები. იმდენი გავაკეთე, დღეს, ვერც კი წარმოუდგენიათ მათ გარეშე ცხოვრება (იცინის). ოთხი დედმამიშვილი ვართ – ორი და მყავს და ერთი ძმა. ყველაზე პატარა მე ვარ. ბავშვობიდან, ძალიან მიზანდასახული ვიყავი, „რქებით ვაწვებოდი” ცხოვრებას. მორიდებული არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, სხვის ხარჯზე, არასდროს მიფიქრია, ჩემი ცხოვრების აწყობა. მიყვარს და მომწონს დამოუკიდებლობა. 16 წლიდან ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო და ჯერჯერობით, მგონი, გამომდის. არ დამავიწყდება, ჩემი პირველი სამუშაო იყო ქუჩაში მობილურის ნომრების გაყიდვა. პირველი ხელფასი – 60 ლარი რომ ავიღე, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის). ის განცდა, რომ ჩემი ფული მაქვს, ძალიან მაგარია. 18 წლისამ, პიცერიაში დავიწყე მუშაობა მიმტანად. ერთ მშვენიერ დღეს, შეფ-მზარეული წავიდა და მისი მოვალეობაც ჩემს თავზე ავიღე. თანაც – შეკვეთებს ვიღებდი, თან მიმტანი ვიყავი და თან მენეჯერი. ასე რომ, თუ მოინდომე, ყველაფერს მოახერხებ და მოასწრებ. მიყვარს, როცა ვიხარჯები, დამოუკიდებლად ვასრულებ სამუშაოს და ხელფასს ჩემს ჭკუაზე ვხარჯავ. ძალიან აქტიური ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები.
– რა პროფესიის ხარ?
– პროფესიული განათლება მაქვს – საბანკო საქმის სპეციალისტი. წელს გავდივარ ეროვნულ გამოცდებზე. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ოცნება ჯერ ვერ ავიხდინე. ახლა ფსიქოლოგიურზე ვაბარებ. სხვათა შორის, კარგად ვუკრავ. მუსიკალური შვიდწლედიც მაქვს დამთავრებული და მინდოდა, კონსერვატორიის სტუდენტი გავმხდარიყავი, მაგრამ ნოტების ცნობა დღემდე მიჭირს (იცინის).
– სოფო, მოდელობაც ხომ სცადე? რატომ დაანებე თავი ამ საქმეს?
– 19 წლის რომ ვიყავი, დედამ დაიჟინა, გარეგნობა გიწყობს ხელს და იქნებ მოდელობა გეცადაო. ამ საქმეში ჩემი დიდი ინტერესი არ იყო. მოხდა ისე, რომ სატელევიზიო პროექტ „ტოპ-გოგოში” მოვხვდი. სამ თვეში გამომიშვეს და მიმაჩნია, რომ დაუმსახურებლად. კი მენატრება პოდიუმზე დგომა, მაგრამ მივხვდი, მოდელობა ჩემი საქმე არ არის. მიფიქრია კიდეც უცხოეთში მოდელობაზე, მაგრამ ახლა ჩემი საყვარელი საქმე ვიპოვე, ვმუშაობ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.
– როგორ მოხვდი მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო სამსახურში? როგორც ვიცი, იქ ერთადერთი მაშველი გოგონა ხარ.
– მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მერიის სამსახურში გამოცხადებული იყო ვაკანსია – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, დამჭერი-მაშველის სპეციალისტზე. სივი შევავსე და გავაგზავნე. იმედი არ მქონდა, მაგრამ დამირეკეს და დადებითი პასუხი მითხრეს. რომ მივედი, სულ ბიჭები დამხვდნენ. მითხრეს კიდეც, მხოლოდ შენ ხარ გოგო და ამაზე რას იტყვიო. რასაკვირველია, ამაზე გამეღიმა. ბავშვობიდან იმას ვამტკიცებ, რომ ქალი ძლიერია და იგივე საქმე, რასაც მამაკაცი აკეთებს, ქალსაც ძალიან კარგად გამოსდის-მეთქი. მოკლედ, ორი კვირა საცდელი ვადით ამიყვანეს და თავი გავართვი სამუშაოს. ჩემს მორიგეობაში, ორი არაჩვეულებრივი ბიჭია, ხელის გულზე მატარებენ.
– ალბათ, ძალიან რთულია, ოპერატიულობასთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის გარისკვა ამის ფასად, რომ ცხოველი გადაარჩინო. არ მეთანხმები?
– ძალიან რთულია, მაგრამ, როცა ცხოველები გიყვარს, გასული ხარ მის დასახმარებლად, არ ფიქრობ საკუთარ თავზე. იმაზე ხარ ორიენტირებული, გაჭირვებაში მყოფის სიცოცხლე გადაარჩინო. არ დამავიწყდება, შეტყობინება შემოვიდა, რომ მეთექვსმეტე და მეთხუთმეტე სართულების ჩაშენებას შორის, ფისო იყო ჩავარდნილი. რომ მივედით, განწირულად კნაოდა, გული დამეწყვა. ის ფისო ამოვიყვანეთ და გადავარჩინეთ. იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი. ეს ჩემი პირველი სამაშველო ოპერაცია გახლდათ. ამას წინათ კი, საჰაერო მილში გაჭედილი ფისო გადავარჩინეთ. სასაცილო ის იყო, რომ საკმაოდ წვრილ შესასვლელში მხოლოდ მე შევეტიე (იცინის). ის ფისო კი, ისე მომეწონა, არ დავთმე და სახლში წამოვიყვანე. ჟანა დავარქვი. ძაღლიც მყავს, რომელსაც ალბი ერქვა, მაგრამ ბებიას წავუყვანე და ლუსი დაარქვა. სულ ვამბობ, ნება რომ მომცენ, რაც კი თავშესაფარში ცხოველებია, ყველას სახლში წამოვიყვანდი-მეთქი. დამიჯერეთ, არ დამენანება საკუთარი სიცოცხლის გარისკვა, გაჭირვებაში ჩავარდნილი ცხოველის გადასარჩენად. ბევრი ძაღლიც გადაგვირჩენია და ჩვენს თავშესაფარში წაგვიყვანია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ზარი შემოდის სამაშველო სამსახურში და ჩვენც მზად ვართ ოპერატიულად მოვახდინოთ მათზე რეაგირება. ზოგადად, მოსახლეობას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს ცხოველებისადმი და ეს მწყინს. ჰგონიათ, რადგან ძაღლი ქუჩაშია, ის აუცილებლად აგრესიულია და მათ რამეს დაუშავებს. პანიკაში ჩავარდნილები რეკავენ, გვიშველეთო. არადა, თუ მაწანწალა ძაღლს ადამიანურად, ჰუმანურად მიუდგები, ის საფრთხეს არ შეგიქმნის. ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ზოგადად, ცხოველების მიმართ კი არა, მეზობელს, მეზობლის მიმართაც ცუდი დამოკიდებულება აქვს. რაც ამ სამსახურში დავიწყე მუშაობა, ახლა უფრო მივხვდი, რომ ცხოველები ადამიანებზე მეტად მიყვარს. არავის გაკვირვებია ჩემი მაშველობა, რადგან იციან, ეს ის საქმეა, სადაც სიმშვიდე ვიპოვე.
– წარმოშობით თუში ხარ და ვფიქრობ, ცხენზე ჯდომაც გეცოდინება. ასეა?
– დიახ, ცხენებიც ძალიან მიყვარს და აღარც კი მახსოვს, როდის ვისწავლე ცხენით ჯირითი. ეს გენში მაქვს. პირველად ცხენზე რომ დავჯექი, 11 წლის ვიყავი. ერთხელ, ზაფხულში ჩვენება ტარდებოდა თუშეთში. მეც გამოვდიოდი. დავინახე ცხენი, ვიფიქრე, ვიჯირითებ-მეთქი, შემოვახტი და გავაჭენე. თავი ვერ შევიკავე, გადმოვვარდი, მაგრამ ხელი არ გავუშვი და მათრია. კიდევ კარგი, ცხენი თვითონ გაჩერდა. მეც მშვიდად წამოვდექი, პანიკის გარეშე, მტვერი ჩამოვიბერტყე და ჩვენებაზე გამოვედი (იცინის). ალბათ, თუშური წარმოშობის ბრალია, ჩემი ასეთი დამოუკიდებლობა, თავისუფალი ხასიათი, ბუნებისა და ცხოველების სიყვარული. სხვათა შორის, თუშები დინჯი ხალხია, მაგრამ ეს თვისება ჩემში არ ზის.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ჯერ სიყვარულის დრო არ მაქვს. თუმცა, ადამიანი რომელიც მეყვარება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებლად უნდა უყვარდეს ცხოველები, იყოს დამოუკიდებელი, თავმდაბალი და შრომისმოყვარე. „მამიკოს ბიჭები” არასდროს მომეწონება. ბევრჯერ მქონია იმედგაცრუება ცხოვრებაში და ეს იყო მოტივაცია, რომ მიზნად დამესახა, ჩემი ძალებით ბევრი რამისთვის მიმეღწია. დამიჯერეთ, როცა ფიზიკურად კარგი ხარ, უფრო მეტი წინაღობა გხვდება. ზოგადად, თუ პირად ცხოვრებას გამოვრიცხავთ, იღბლიანი ვარ. ბევრი მეგობარი მყავს, სამსახურში მაფასებენ, ნელ-ნელა, ჩემი შრომით წინ მივიწევ და ვფიქრობ, ყველაფერი წინ მაქვს. ერთბაშად, არ მინდა ცხოვრება ავიწყო. მირჩევნია, ბარიერები გადავლახო, სიმშვიდე შევინარჩუნო და ყველაფერი გამომივა.