რა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა ქუჩის მუსიკოსმა კოსტა კარანაძემ და როგორ გახდა ის ქველმოქმედი
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ნიჭთა შორის, რითაც ადამიანი უფალმა დააჯილდოვა და რაც, როგორც გონიერ არსებას, ცხოველთა სამყაროსგან ასხვავებს, შებრალება, თანადგომა და ქველმოქმედებაა. ასეთი ადამიანები ერიდებიან ზედმეტად თავის წარმოჩენას, იშვიათად ჩნდებიან საჯაროდ. ჩვენი შემთხვევაც ასეთია: 15 წლის ნიჭიერ ახალგაზრდას მიხეილ სხვიტარიძეს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მას უანგაროდ გვერდში დაუდგნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი, ჟურნალისტი თამთა ღლონტი და ქუჩის მუსიკოსები. მათგან ერთ-ერთთან, კოსტა კარანაძესთან, საინტერესოდ მივიჩნიეთ გასაუბრება.
კოსტა კარანაძე: ვფიქრობ, ჩვენი მსმენელთა რიცხვი გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე სხვა, ნებისმიერი, შემდგარი მუსიკოსის. იქ, სადაც ჩვენ ვმღერით, ყოველთვის ხალხმრავლობაა. ჩვენი მუსიკა არა მხოლოდ ბავშვებს და მოზარდებს მოსწონთ, არამედ ყველა სეგმენტის ადამიანს. ვმღერით და ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენა არ გვაქვს. ვფიქრობ, ახალგაზრდები ჯობია, მუსიკით დაკავდნენ, ვიდრე სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლს ან ნარკოტიკს მიეძალონ.
– მოგვიყევი, როდის დაიწყე სიმღერა?
– ბავშვობიდან ვმღერი და ვფიქრობ, ეს გენეტიკურად გადმომეცა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო დედა, რომელიც ხიდია ჩემსა და მუსიკალურ სამყაროს შორის. თუმცა, ხანდახან ვსაყვედურობ, როცა ჩემით მიწევს ფორტეპიანოსთან ურთიერთობა. შეეძლო, მეტი ესწავლებინა, თუმცა ყველაფერი წინაა. ბებია დისციპლინის საკითხებს კურირებს – განსაკუთრებით დილით დროზე გაღვიძებას, დროზე დაძინებას და ასე შემდეგ (იცინის). თავიდან ჩემმა ძმამ დაიწყო გიტარაზე დაკვრა და მეც დავინტერესდი. საერთოდ, სიმებიანი საკრავი მერჩივნა კლავიშებიანს და შედარებით, მარტივად ავითვისე. გიტარით ყოველდღე ახალ-ახალ სიმღერას ვმღეროდი, იქამდე, სანამ მეზობელი არ დამიკაკუნებდა, შუაღამეა დაგვაძინეო (იცინის). ამ ბოლო დროს გავაანალიზე, რომ შეიძლებოდა, მუსიკა შემოსავლის წყაროდაც მექცია. ახლა კი მის გარეშე, ერთ დღესაც ვერ ვძლებ.
– რაც შეეხება ქუჩის მუსიკოსობას. როდის გადაწყვიტე ქუჩაში დაგეწყო სიმღერა?
– სრულიად შემთხვევით, ჩემმა მეგობარმა, თემო ანდრიაძემ შემომთავაზა, რომ მასთან ერთად მემღერა. ერთხელ მეც წავყევი. ვიფიქრე, ამით არაფერი დაშავდებოდა, თან დროც მქონდა და დაახლოებით, ნახევარი საათი ვიმღერე. ხალხის დადებითმა ემოციამ და თბილმა სიტყვებმა სტიმული მომცა, რომ კიდევ ერთხელ მემღერა მათთვის. როცა სახლში ვბრუნდებოდი, ვგრძნობდი, როგორ მაკლდა და მენატრებოდა იმ ადამიანების რეაქცია, რომელთაც ჩემი მოსმენა ძალიან სიამოვნებდათ.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
– სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ. მაგალითად, დედამ და მამამ იციან, რომ „ბითლზებიდან” დაწყებული, თითქმის ყველა ცნობილი ჯგუფითა და მომღერლით დამთავრებული, ყველას მუსიკალური პირველი ორი ნაბიჯი მიწისქვეშა გადასასვლელში (ანდერგრაუნდში), ან ქუჩაში აქვთ გადადგმული. თუმცა, რა თქმა უნდა, ბებია და ბაბუა დიდად არ მოხიბლულან ამ ფაქტით (იცინის).
– რეპერტუარს რის მიხედვით არჩევ?
– ვმღერი თითქმის ყველა ჟანრს საკუთარი ინტერპრეტაციით. თავიდან დავიწყე ქართული სიმღერით, მინდოდა, ბებიას გული გამეხარებინა. ძალიან მიყვარს როკი. „სლეშის” გამო დავიწყე გიტარაზე დაკვრა და „პლანტის” გამო – სიმღერა. რაც შეეხება ჩემს რეპერტუარს, ანდერგრაუნდში დაკვრის დროს, ძალიან მრავალფეროვანია. ყველა ასაკის მსმენელზეა მორგებული. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა მოხუცებულმა ქალბატონმა გამოიარა, მამუკა ჩარკვიანის სიმღერა „სულ ზევით ზევით” ვუმღერე და თვალზე ცრემლიც კი მოადგა. ძირითადად, უცხოურ სიმღერებს ვმღერი, რადგან მსმენელთა უმრავლესობა თინეიჯერია და რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს.
– ალბათ, უკვე თაყვანისმცემლების დიდი არმიაც გყავს.
– ამ ბოლო დროს ჩემი თაყვანისმცემლების რიცხვი მართლაც გაიზარდა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თქვენ აშკარად, შეყვარებული მყავს თუ არა, ის გაინტერესებთ, არა? (იცინის).
– კი, ნამდვილად საინტერესო იქნება ამის გაგება შენი თაყვანისმცემელი გოგონებისთვის.
– ძალიან მიყვარს სიყვარული (იცინის), თუმცა ამ ეტაპზე ჩემნაირი „გიჟი” ჯერ ვერ ვიპოვე (იცინის).
– რომელიმე ცნობილ მომღერალს თუ შეუფასებია შენი სიმღერა და ხომ არ მიგიღია რაიმე სერიოზული შემოთავაზება?
– კი, ყოფილა შემთხვევები, როცა კომპლიმენტები უთქვამს თემურ ყვითელაშვილს, თიკა ფაცაციას, ზაზა ხუციშვილს, მაგდა ვასაძეს და სხვა არაერთ ცნობილ მუსიკოსს. თუმცა, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სალომე ქათამაძესთან ერთად, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში სიმღერა. 28 მაისს საქველმოქმედო კონცერტზე, სადაც მე ვმღეროდი, ზაზა ხუციშვილს ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და მირჩია, რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. კიდევ იყო არაერთი შემოთავაზება. რაც მთავარია, ნებისმიერი ასეთი მომენტი მე უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო და განვავითარო ჩემი მუსიკალური კარიერა. რაც შეეხება შემოთავაზებებს, მე ეს ტელევიზიაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მქონდა შემოთავაზება ბარებიდან, დაახლოებით ოთხი ბარიდან და ასევე, რამდენიმე უცხოელმა მიმიწვია კორპორატიულ საღამოზე, რათა ეს წვეულება მუსიკალურად გამეფორმებინა. არც ერთ შემოთავაზებას არ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნდა, რომ საკმარისად არ ვიყავი მომზადებული. ახლა კი ყოველდღე ვმუშაობ ჩემს თავზე, რათა მზად დავხვდე ასეთ გამოწვევებს.
– სიმღერის გარდა, კიდევ რით ხარ გატაცებული?
– ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი. ვთამაშობ ჭადრაკსა და ჩოგბურთს, მაგრამ ჩემი დროის უდიდეს ნაწილს შიდა ტურებისთვის მზადებას ვუთმობ, მინდა გავხდე მსახიობი და ცოტა დრო დარჩა გამოცდებამდე. მე კი ჯერ არაფერში მოვმზადებულვარ (იცინის). ნეტა, რა მაცინებს... თუ თეატრალურში ვერ მოვხვდი, სხვაგან სწავლას მირჩევნია, ჯარში წავიდე (იცინის).
– შენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი.
– უპირველესად, ვაპირებ, გამოცდების ჩაბარებას. შემდეგ მინდა, წავიდე ბათუმში, ქობულეთსა და თურქეთში კომბით და მიკროფონით. გარკვეული თანხა უნდა მოვაგროვო, რომ ვიყიდო „საუნდ-კარტა”, კონდენსატორული მიკროფონი და „მიქშერი”. ეს ყველაფერი მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი სიმღერა მეტ ხალხს მოვასმენინო და „ქავერები” „იუთუბზე” დავდო. ასევე, მინდა, შევქმნა ბენდი და დავწერო ახალი სიმღერები. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდში მიდგას
გურამ ადამაშვილი: ორგანიზაცია „პოზიცია” ექვსი თვეა, რაც დაარსდა. მას აქვს სხვადასხვა მიზანი, მაგრამ ჩვენი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. სურვილი გვქონდა, გაგვეკეთებინა საქველმოქმედო საღამო და მას აუცილებლად ექნება მრავალჯერადი სახე. საღამოები ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება ქუჩის მუსიკოსების მონაწილეობით. ვფიქრობ, ამით ორი კარგი საქმე გაკეთდება. ერთია – ქუჩის მუსიკოსების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია, მეორე – ქველმოქმედება.
თამთა ღლონტი: „პოზიციასთან” ვთანამშრომლობ საქველმოქმედო პროექტების თვალსაზრისით. გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა პროექტი – „ქუჩის მუსიკოსები სხვების დასახმარებლად”. ერთი მხრივ, გულწრფელად გვინდა, დავეხმაროთ ქუჩის მუსიკოსებს რეალიზებაში, რადგან ვფიქრობ, ქართულ შოუ-ბიზნესს სჭირდება ახალი, ნიჭიერი სახეები. მეორე მხრივ, რაც ყველაზე მთავარია და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს არის ამ პროექტის საქველმოქმედო მიმართულება.
დაბოლოს, შემთხვევითი არაა, რომ კოსტა უსიტყვოდ დასთანხმდა გურამისა და თამთას ქველმოქმედებას, რადგან თვითონ, პირადად გადაიტანა უმძიმესი ტრავმა, ჯერ სიკვდილს ჩახედა თვალებში, შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძოლა და რეანიმაციის განყოფილებაში, მხოლოდ მეშვიდე დღეს შეიტყო, რომ ღვთის, ექიმებისა და ნათესავების თანადგომის წყალობით, გადარჩა. მაშინ ის ცხრა წლის იყო.