კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იტოვებს სულში ემოციებს ნიკა ნიკვაშვილი და რატომ დადის ის 70-იანი წლების ქართული ესტრადის ჩანაწერებით უცხოეთში

ახალგაზრდა, პროფესიონალი მუსიკოსი, ნიკა ნიკვაშვილი, მათ რიცხვშია, ვისაც ღმერთმა, ნიჭთან ერთად, ყველა დადებითი თვისება მიანიჭა, რაც კი ცხოვრებაში წარმატებისთვისაა აუცილებელი. ნიკა მოსკოვში მოღვაწეობს და ხშირად უწევს უცხოეთში გამოსვლა. თუმცა, ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი ერი ვართ. ნიკა ძალიან თბილი და კომუნიკაბელურია და მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. 

ნიკა ნიკვაშვილი: მაქსიმალისტი ვარ და მინდა, ყველაფერი გაცილებით უკეთ იყოს, ვიდრე არის. დიდი სიამოვნებაა, როცა პუბლიკას უყვარხარ, მათთვის უკრავ და ისინიც გრძნობენ, შენ დამოკიდებულებას მათდამი. ახლახან გადავიღეთ კლიპი, სადაც მე ვმღერი. ზოგადად, ეს ჩემი პირველი ნამღერია და ალბათ, უკანასკნელი. ვუკრავ, ვწერ მუსიკას, ვაორკესტრებ – ეს ჩემი საქმეა, მაგრამ იმდენად მომეწონა ჩემი საავტორო  სიმღერა, ვიფიქრე, თავად შევასრულებ-მეთქი და ეს გადაწყვეტილება მივიღე. კლიპის პრეზენტაცია მოსკოვში ჩატარდა, ულამაზეს გარემოში.

– ნიკა, როგორც ვიცი, მოსკოვიდან ევროპაში აპირებ საცხოვრებლად გადასვლას. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღე?

– მეხუთე წელია, რაც მოსკოვში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ბედნიერი ვარ. რუსეთში ჩემი გარკვეული პუბლიკა მყავს. მათგან უდიდეს მხარდაჭერას, სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. მართლა ძალიან რთულია, უცხო ქვეყანაში საკუთარი თავის დამკვიდრება, მოსკოვში კი, მე ჩემი თავი აღმოვაჩინე. აქ არ იშურებენ გამოხატონ მუსიკოსის მიმართ ის, რასაც გრძნობენ – გაჩვენონ სიყვარული და ის, რასაც განიცდიან თბილი სიტყვებით გადმოგცენ. იმდენი ყვავილი მოაქვთ კონცერტზე, მანქანას ვტვირთავ და ახლობლებს ვურიგებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მოსკოვი არის ქალაქი, სადაც ჩემი ოცნებები ახდა. აქ ჩამოსულმა ნულიდან დავიწყე ყველაფრის კეთება და დღეს, ბედნიერი ვარ. რასაკვირველია, თავიდან სირთულეებისა და სიძნელეების გადალახვაც მომიწია, მაგრამ მერე გავიფართოვე საახლობლო წრე და, მათი დახმარებითაც შევძელი მეკეთებინა ის საქმე, რამაც პოპულარობა მომიტანა. ბედისწერაც არსებობს, მაგრამ თუ ბევრი არ იშრომე, მარტო ბედის იმედზე ვერ დარჩები. ხომ არიან ადამიანები, ვისაც უმართლებს? ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის. ბევრი შრომის ფასად მივაღწიე იმას, რითაც დღეს მოვედი. უშრომლად და დიდი ენერგიის ხარჯვის გარეშე, წარმატებას ვერ ვაღწევ. მაგალითად,  თბილისში კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, ბატონი ბიძინა კვერნაძის კლასი და ახლა მჭირდება სტიპენდია, რომ სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელო. არავინ გამოჩნდა, რომ ეს სტიპენდია ჩემთვის გამოეყოთ. თუ ბედი მწყალობს, ხომ დამაფინანსებდნენ? (იცინის). როცა მიწვევა გაქვს, უფრო მეტად დაიხვეწები და განვითარდები. მაგრამ, თუ დაფინანსება არ გაქვს, რთულია, საკუთარი შრომით შეძლო სწავლის უზრუნველყოფა. 

– თქვი, მოსკოვში ნულიდან დავიწყე ცხოვრებაო. ახლა ევროპაში აპირებ საცხოვრებლად გადასვლას, სადაც ისევ ნულიდან მოგიწევს ყველაფრის აწყობა. ამის არ გეშინია?

– არა, არ მეშინია! ახალი სასწავლო წლიდან, სხვა ქვეყანაში რომ მომიწევს ცხოვრება, ეს ფაქტია, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, სად ვუმიზნებ. მოდი, ჯერ ეს საიდუმლოდ დავტოვოთ (იცინის). იმხელა გამოცდილება მივიღე მოსკოვში, ვფიქრობ, ეს ევროპაში გამომადგება. ზოგადად, სიახლეების არ მეშინია და ცხოვრებაში, დროდადრო, ახალი ემოციის, შთაბეჭდილების მიღება აუცილებელიცაა. ახალი ქვეყანა გაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მიიღო და კიდევ მეტი ახალი შექმნა. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, ევროპაში გადავსახლდე მოსკოვიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონცერტებზე არ ჩამოვიდე – ისე წავიდე, რომ  არ დავბრუნდე. დროდადრო აუცილებლად ჩავალ და ჩავატარებ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქში. აი, ოქტომბერში, მოსკოვში სტივ უანდერი ჩამოდის და მეც ვარ მიწვეული. 

– ამბობენ, მუსიკის საშუალებით, ადვილია ადამიანი მოაჯადოო, სხვა სამყაროში გადაიყვანო და ის გრძნობა გააღვიძო მასში, რაც მიძინებულიაო. ამ აზრს ეთანხმები?

– მუსიკის საშუალებით კი არ არის ადამიანის მოჯადოება ადვილი, უბრალოდ, მუსიკა ამაში გეხმარება. მე მუსიკით შემიძლია, ადამიანს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. უსიტყვოდ ავუხსნა სიყვარული და გამოვხატო ის გრძნობები, რასაც მის მიმართ განვიცდი. საფრანგეთში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ამაზე მეტი საშუალება, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და უსიტყვოდ დავეხმაროთ ჩვენი შემოქმედებით, მე მგონი, არ არსებობს? 

– როდესაც სცენაზე ხარ, შეგიძლია აკონტროლო ემოციები, თუ როგორც ამბობენ, სხვა განზნომილებაში ხვდები და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ?

– სცენაზე, ყოველთვის ვაკონტროლებ ემოციებს, არასდროს გადავდივარ სხვა განზომილებაში, თუმცა შთაბეჭილების ქვეშ ვარ. რასაც ვუკრავ და ვასრულებ სცენაზე, აბსოლუტურად მოკლებულია სიყალბეს და მოდის გულიდან. ჩემს შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა აქვს აუდიტორიას. თუ ის ინერტულია, შეიძლება, შენი შესალებლობების მაქსიმუმი ვერ გამოაჩინო, მაგრამ თუ მაყურებლისგან სითბო მოდის, ის შენს ენერგეტიკაზეც დადებითად მოქმედებს. პეტერბურგში მქონდა კონცერტი. სცენაზე რომ ავედი, ჯერ აკორდი არ მქონდა აღებული და ისეთი სითბო ვიგრძენი დარბაზიდან, მივხვდი, მათთვის ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავი. როცა მართალი ხარ იმაში, რასაც აკეთებ, ამას მსმენელი ყოველთვის იგებს. მაყურებლის აურა და ენერგეტიკა, ჩემთვის მთავარია. შემოქმედმა სულში ემოცია არ უნდა დაიტოვო, მთლიანად უნდა გასცე, ბოლომდე დაიხარჯო და იგივეს მიიღებ ხალხისგან. გამორიცხულია, მათ არ უყვარდე. ხალხი ბრძენია და ზუსტად ხვდება ცუდსა და კარგს შორის განსხვავებას. მაგრამ რა ქნან, როცა თავს ახვევენ ამდენ უგემოვნებას და საშინელებას. უფროს თაობას რა უჭირს, მაგრამ ახალი თაობა, რომელიც ამდენ უნიჭო, ვითომ ხელოვანს უყურებს ყოველდღე ტელევიზიით და მათ შემოქმედებაზე იზრდება? საქართველო უნიჭიერესი ქვეყანაა და რომ ჩართავ ტელევიზორს, გამოდის მომღერალი და კაცმა არ იცის რას მღერის, ეს საშინელებაა. სცენაზე ტაშ-ფანდური აიტანეს, სცენიდან ხინკლის სუნი მოდის და ეს ჩვენი ერის სირცხვილია. უცხოეთში, ყველას ვუხსნი, ჩვენ ასეთები კი არ ვართ, იცით, როგორი მომღერლები და კომპოზიტორები გვყავდნენ-მეთქი, ანუ თავის მართლება მიწევს. ჩანაწერებით დავდივარ და 70-იანი წლების ქართულ ესტრადას ვასმენინებ. საქართველოში ესტრადამ დეგრადაცია განიცადა, იმის მაგივრად, რომ უკეთესობისკენ წასულიყო. ქართველს ამერიკულ სტილში მღერა არ უხდება. მერაია ქერი გადასარევად მღერის და მისი მიბაძვითა და კოპირებით თავის წარმოჩენა, სასაცილო ხდება. უცხოელი მომღერლის კოპირებით, ვერცერთი ქართველი მომღერალი უცხო ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ამას პირდაპირ ვამბობ. უცხოეთში იმდენი მერაია ქერი ჰყავთ, რომ არ სჭირდებათ ჩვენი დამატება. ამას ჯობია, აჩვენო უცხოელ მაყურებელს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა გემოვნება გაქვს და რა – მდიდარი გენეტიკა. ამ წელს მინიმუმ ას დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვედი და არსად დამიკრავს უცხო ავტორის მუსიკა. იმიტომ კი არა, რომ პროტესტი მაქვს, უბრალოდ, გამოვდივარ და ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებს ვუკრავ. სადაც იგრძნობა ჩემი გენეტიკა და ჯიში, იმას გაცილებით უკეთ იღებს უცხოელი მსმენელი. თუმცა, გააჩნია როგორ მიაწვდი, თუ უგემოვნოდ არ გადააკეთებ და დაამახინჯებ. უნდა ვეცადოთ, ჩვენი ქვეყნისა და მუსიკის პოპულარიზაცია მოვახდინოთ და არა უცხოელების მიბაძვით ვეცადოთ, თავის დამკვიდრებას. ასე მოქცევა, ღრმა პროვინციალიზმს უფრო ჰგავს და გული მწყდება. ვგიჟდები ჩემს ქვეყანასა და ხალხზე და გული მტკივა, ამდენი შური, ბოღმა და დაცინვა რომ ტრიალებს ირგვლივ. მინდა უფრო უკეთესები ვიყოთ. 

скачать dle 11.3