როგორ უნდა შეარჩიოთ პარტნიორი ოჯახის შესაქმნელად და რატომ არის გარიგებით ქორწინება უფრო სტაბილური
ოჯახის შექმნა – ორი ადამიანის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელსაც წყვილი ზოგჯერ ხანგრძლივი ურთიერთობის, ზოგჯერ ხანმოკლე, ან, სულაც, ერგეთ წოდებული გარიგებით იღებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის მეტი გზა აღარ არსებობს. გადაწყვეტით ვერავინ გეტყვით, იქნება თუ არა ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული, რადგან, არ არსებობს ამის „რეცეპტი”, თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება, თურმე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა ოჯახის შექმნას დაგეგმილად და გააზრებულად აპირებთ. ექიმ-სექსოლოგ პაატა სოფრომაძისგან შევიტყობთ, თუ როგორ უნდა შეაჩეროთ არჩევანი მომავალ პარტნიორზე და როგორ უნდა დაგეგმოთ მყარი, სტაბილური და ბედნიერი ოჯახი.
პაატა სოფრომაძე: როცა ქალი ან მამაკაცი ოჯახს ქმნის, მან უნდა გაითვალისწინოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ოჯახის სიმტკიცეზე. ამ ფაქტორებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური ფაქტორი – რამდენად შეესაბამება ჩვენი მომავალი პარტნიორი ჩვენს გემოვნებას; მისი გარეგნული პარამეტრები – წონა, სიმაღლე; თქვენ წარმოიდგინეთ, ჩაცმა-დახურვის სტილი და თვალის ფერიც კი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური და სოციალური ფაქტორი, როდესაც ქალი და კაცი არიან შემდგარი ადამიანები, აქვთ თავიანთი სოციალური სტატუსი, ეკონომიკური მდგომარეობა. ოჯახი ნიშნავს პასუხისმგებლობას. საბედნიეროდ, ისე აღარ არის, რომ ქალი გათხოვდება და ქმარმა უნდა არჩინოს. ეს მიდგომა შეიცვალა – ქალიც და მამაკაციც მყარად უნდა იდგნენ თავიანთ პოზიციებზე და ერთად უნდა შეინახონ ოჯახი. ბუნებრივია, აუცილებელი არაა ორივეს ერთნაირი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ ისინი სოციალურად თანაბრად სრულფასოვნები უნდა იყვნენ. თავიდან ბოლომდე ქალის „ჩამოკიდება” მამაკაცზე, ან – პირიქით, რაც უფრო მძიმე შემთხვევაა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, შესაძლოა, საკმაოდ სახიფათოდ დასრულდეს წყვილისთვის. სასურველია, ქალი და მამაკაცი ერთი და იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ეს არაა გადამწყვეტი, მაგრამ ყურადსაღები ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ოჯახის სიმტკიცეზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ქორწინების ვადებმა გადაიწია, ანუ საქართველოში ადრეულ ასაკში ოჯახების შექმნის ტენდენციამ იკლო და გაიზარდა ასაკი, როდესაც წყვილები დაქორწინების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს განპირობებულია ობიექტური მიზეზით: ადამიანები ცდილობენ, დაიმკვიდრონ სოციალური სტატუსი, დაამთავრონ უმაღლესი სასწავლებელი, იშოვონ სამსახური და მხოლოდ საკუთარი ადგილის პოვნის შემდეგ გადაწყვიტონ დაქორწინება.
– კიდევ რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო, როცა წყვილი ოჯახის შექმნას გეგმავს?
– მნიშვნელოვანია ინტელექტუალურ-კულტურული შესაბამისობა. როცა ვამბობთ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები, მეგობრები და მხარდამჭერები არიან, ძალიან ძნელია, ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. მათი კულტურული და ინტელექტუალური ინტერესები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტორი, შესაძლოა, ხელშემშლელად იქცეს ოჯახურ ურთიერთობებში. საინტერესოა წყვილის ფსიქოლოგიური შეთავსებადობა, რაც ყველაზე რთული თემაა. სხვადასხვა ხასიათის, განწყობის შეთავსება იოლი არაა, ამიტომაცაა საჭირო, წყვილს ქორწინებამდე ჰქონდეს ხანგრძლივი ურთიერთობა, რათა მათ ერთმანეთი კარგად გაიცნონ. აქედან გამომდინარე, როცა ოჯახის შექმნას ვგეგმავთ, უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს მომავალ მეუღლეზე. ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური ფაქტორი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მნიშვნელობით. როგორი დამოკიდებულება აქვს წყვილს სექსის მიმართ – ეს ძალიან ბევრ რამეს წყვეტს.
– სექსუალური ასპექტი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სოციუმისთვის ამ მიმართულებით? ქართველი მამაკაცი თავს არიდებს სექსს მომავალ მეუღლესთან ოჯახის შექმნამდე?
– ასე ვერ ვიტყოდი, ეს ცოტა ჩახლართული თემაა. ის, რომ ქალი ქორწინებამდე ქალწული უნდა იყოს, კვლავ არის ჩვენი საზოგადოების შეკვეთა. ბოლო 20-25 წლის პერიოდში, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, რაც იყო კომუნისტური რეჟიმის წყალობით, ჩვენ მეტად მივუბრუნდით რელიგიურ საწყისსა და ღირებულებებს, რომელთა შორის არის ისიც, რომ სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე დასაშვები არ არის. ამის მიუხედავად, მაინც მოხდა სექსუალური მორალის ლიბერალიზაცია – განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, უკვე აღარ არის გადამწყვეტი, რომ საცოლე აუცილებლად ქალწული უნდა იყოს. ვერ გეტყვით, რამდენად ხშირია დღეს ჩვენი სოციუმისთვის სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე – ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, ცხადია, რომ ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო წლების წინ.
– როგორ შევინარჩუნოთ ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობები ხანგრძლივი პერიოდით?
– ოჯახების უმეტესობას ძირითადად ანგრევს იმედგაცრუება, ჩვენი მოლოდინების შეუსაბამობა იმ რეალობასთან, რომელშიც აღმოვჩნდით ქორწინების შემდეგ. ოჯახის შექმნის სამი მთავარი „გზა” არსებობს: ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად გაჩენილი გრძნობით; ხანმოკლე ურთიერთობის შედეგად გაჩენილი გრძნობით ან გარიგებით. ხანმოკლე ურთიერთობის დროს პარტნიორის შესახებ ინფორმაცია მინიმუმია, რაც ზრდის თავსატეხს, რადგან, აღმოჩნდება, რომ პარტნიორი არ ყოფილა ისეთი, როგორც წარმოგვედგინა. ხანგრძლივი ურთიერთობებისას ეს თემები, ასე თუ ისე, მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება გარიგებას, ითვლება, რომ გარიგებით შექმნილი ოჯახები, შედარებით ნაკლები ემოციების მიუხედავად, უფრო სტაბილური და მყარია. გარიგების დროს ორივე მხარე ცდილობს, პარტნიორზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღებას და, შესაბამისად, ნაკლებია მოლოდინი და იმედგაცრუება, რადგან ადამიანები უფრო საღად, ცივი გონებით არჩევენ პარტნიორს. დღევანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, იმის მიუხედავად, რომ ყველა განქორწინება, ისევე, როგორც ქორწინება, არ რეგისტრირდება, 2014 წელს განქორწინებათა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 25 პროცენტს, სოციალური კვლევებით მიღებული შედეგები კი კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს – 33-35 პროცენტს აღწევს. ოჯახის დაშლა ცუდია მეუღლეებისთვის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვისთვის, რომელიც ამ ოჯახში იზრდება – ის კარგავს კონტაქტის საშუალებას რომელიმე მშობელთან, რადგან ქართულ რეალობაში ძალიან ხშირად, განქორწინებული ცოლ-ქმარი ერთმანეთის მტერი ხდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი ტენდენციაა. ოჯახური წყვილის ურთიერთობა იმდენად მრავალმხრივია, რომ პოლიტიკური ორიენტაციაც კი შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი. ცოლ-ქმარი, პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, როგორც წესი, ძირითადად ერთ ბანაკში არიან.
– თუმცა მე ვიცი ამ ნიადაგზე „დაპირისპირებული” მეუღლეები, რომლებიც სხვადასხვა ბანაკში არიან.
– როგორც ჩანს, მათ ურთიერთობას ბევრი სხვა ასპექტი აქვთ კარგად დარეგულირებული. როცა ადამიანებს ერთნაირი შეხედულებები და ღირებულებები აქვთ, ბუნებრივია, ურთიერთობა უკეთესად გამოდის, თუმცა, ცალსახად იმის თქმა, რომ რომელიმე ფაქტორია ხანგრძლივი თანაცხოვრების გარანტია, ძალიან ძნელია. არსებობს სტერეოტიპი, რომ ცოლ-ქმარი ურთიერთობაში კრიზისულ პერიოდს გადის რამდენჯერმე – ქორწინების პირველი წელი, მეექვსე წელი; თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არაერთი წყვილია თუნდაც ჩვენ ირგვლივ, რომლებსაც ოჯახები დაენგრათ ქორწიებიდან 20-25 წლის შემდეგ, როცა უკვე შვილიშვილებიც კი ჰყავდათ. როდესაც შვილები თავის გზას პოულობენ, ცოლი და ქმარი ერთმანეთის პირისპირ მარტონი რჩებიან და, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა აღმოაჩნდეთ, ვიდრე ჰქონდათ წლების წინ. მაგალითად, თუ წლების განმავლობაში ცოლი უფრო მეტად გაიზადა ინტელექტუალურად, ვიდრე ქმარი, ან პირიქით, ეს, შესაძლოა, მომავალში ოჯახის დანგრევის მიზეზიც კი გახდეს. როგორც სპეციალისტი, ვურჩევ ყველა წყვილს, რაც შეიძლება მეტი ყურადღება გამოიჩინონ პარტნიორის მიმართ, მოუსმინოთ ერთმანეთს. ძალიან ხშირად, კონფლიქტისა და პრობლემის მიზეზი ხდება გაუცხოება, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთის ინტერესები ნაკლებად აინტერესებს; როცა ღამით ცოლი ერთ კომპიუტერშია „დაკარგული”, ქმარი – მეორეში (იცინის). როცა კომპიუტერი არ არსებობდა მაშინაც ხდებოდა მსგავსი რამ – ქმარი უყურებდა ფეხბურთს, რაც სულ არ აინტერესებდა ცოლს. აზრების გაზიარება, მხარდაჭერა, თანადგომა და ნდობა არის ოჯახური ჰარმონიის საფუძველი, რაც განაპირობებს ხანგრძლივ ცოლქმრულ ურთიერთობებს.