კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეპრანჭებოდნენ ასმათ ტყაბლაძეს ცოლიანი კაცები და როგორი იყო მისი სამი სიყვარული

ასმათ ტყაბლაძის  ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ეტაპი იყო.  ფიქრობს, რომ იღბლიანი ქალია – იმის მიუხედავად, რომ მისი პირადი ცხოვრება ისე ვერ აეწყო, როგორც ფიქრობდა. კარგი მეგობრები, საინტერესო როლები და მძაფრი  ემოციები, რაზეც ნიჭიერი და საყვარელი მსახიობი,  როგორც მას სჩვევია, რესპონდენტის როლშიც გულწრფელად საუბრობს.  

ასმათ ტყაბლაძე: ჩემი ცხოვრების გზაზე ყველაზე დიდი გავლენა ჩემმა ხასიათმა იქონია. ჩემი მთიული ხასიათის წყალობით, ძალიან პირდაპირი  ვიყავი ყოველთვის, მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ, რაც რაღაც თვალსაზრისით, მირთულებდა კიდეც ცხოვრებას.  ამასთან ერთად, შემოქმედებითი ადამიანი ვარ. ეს მხოლოდ ჩემს პროფესიასთან  არ არის დაკავშირებული. მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, მომინდა, კარგი კაბა  მქონოდა, ავდექი და შევიკერე.  პირველი კაბა მაინცდამაინც კარგი არ გამომივიდა, დედა გამიბრაზდა, მაგრამ მეორე ცდაზე გამოვასწორე. როცა ადამიანს აქვს სურვილი, გააკეთოოს რამე, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.   პაპა გიჟდებოდა ჩემზე,  ძალიან ვგავდი დედამისს, რომელიც თურმე  საოცრად კერავდა. ჩემი  დიდი ბებია ჩემს სოფელში ჭრა-კერვას და წერა კითხვას ასწავლიდა ახალგაზრდებს.  კვიცი გვარზე ხტისო და მეც მას დავემსგავსე. ჩემი წინაპარი დედის მხრიდან, სამასი არაგველიდან ერთ-ერთი იყო. მისი სიგელი და ხმალი დღემდე გვაქვს შემონახული – ახლა ასეთი წინაპრის შთამომავალს მებრძოლი ხასიათი არ მექნებოდა? ისე მოხდა, რომ მეც არაერთხელ მომიწია მებრძოლა ცხოვრების რთულ ეტაპებთან, რასაც, ვფიქრობ, ცუდად არ გავართვი თავი (იცინის).  გენეტიკას დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. ისე მოხდა, რომ ყოველთვის ვხვდებოდი  ყურადღების ცენტრში. 

ალბათ იღბალიც  იყო, რომ ასე მაგნიტივით ვიზიდავდი ადამიანებს. მათ ჩემი სიალალე მოსწონდათ.  ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აქტიური ვიყავი კარიერული წინსვლისთვის და  ამან  დამაზარალა ჩემს საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარდა.  ვნანობ, რომ უფრო მეტი არ გავაკეთე თეატრში, მეტად არ ვიბრძოლე ჩემი კარიერისთვის. მაგრამ, ჩემთვის უცხო იყო ხრიკები და ეშმაკობები, რომლის გარეშეც შორს წასვლა ჭირდა.  არ არსებობდა დუბლიორისთვის თამაში არ დამეთმო, ან ეშმაკობა დამეწყო ჩემს კოლეგასთან. პირიქით, მე ვიყავი ხოლმე „დაზარალებული”.  ამის მიუხედავად,  ბოლომდე ვერ დამჩრდილეს, რეჟისორები კარგ როლებს მანდობდნენ.   რატომღაც ისე მოხდა, რომ დამებედა  ცოტა უცნაური, არეულ-დარეული, თუმცა საინტერესო ქალების როლის შესრულება.  საინტერესო ქალები ვითამაშე „მარადისობის კანონში,” „რეფორმატორში”. ბოლოს ვითამაშე რევოლუციონერი ქალი, რომელსაც შეეძლო სიყვარულის გულისთვის ბავშვის მოკვლა. ეს არ იყო იოლი, ამას ნიჭიერება სჭირდება.         

– ალბათ, თქვენი ცხოვრება და  ხასიათიც იყო ამაში გადამწყვეტი. ამბობენ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ იმ წლებში.  

– თაყვანისმცემლები მართლაც ბევრი მყავდა. ვერ ვიტყვი, რომ მე განსაკუთრებულად  ვზრუნავდი ამაზე, თავისით ხდებოდა ასე.  მე თვითონ  ვცდილობდი ხოლმე დისტანციის დაცვას. ზოგი ურთიერთობა მეგობრობაში გადამყავდა, ზოგიც თავისით მიდიოდა, ზოგთან კი მე დავასრულებდი ხოლმე ყველაფერს.  როცა რთული პერიოდი მქონდა, უცხოეთში მივდიოდი, და ამით ვცდილობდი ტკივილისთვის თავის დაღწევას. ეს ყველა ქალს გაუვლია. ყველაზე რთულ პერიოდებში მშველის და მშველოდა იუმორი, რომელიც, როცა გტკივა, მაშინ თუ არ მოიშველიე, შეიძლება, სიკვდილამდე მიხვიდე. მე მძაფრი  სიყვარული ვიცოდი, მაგრამ რაც არ უნდა მყვარებოდა, ამას არ გამოვხატავდი. ოო, ძალიან თავმოყვარე ვიყავი. როგორ ვაფიქრებინებდი მამაკაცს, რომ მე ვეძალები ვინმეს? რა მჭირდა სამაგისო? კარგად ვქსოვდი, ვკერავდი, კარგად ვსწავლობდი, კარგი გარეგნობა მქონდა, კარგი მეგობარი და კოლეგა ვიყავი, უფრო კარგი კი შვილი – ასი წელი  და ოთხი თვე ვაცოცხლე ჩემი დედიკო.  იმ განცდებსაც კი არ  ვამხელდი, რაც  სიყვარულს ყოველთვის  ახლავს. აბა, ჯერ მუსიკალური სასწავლებელიო,  მერე კარგი მეგობრებიო. აბა გართობა, წასვლა წამოსვლა და ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მარტო დავრჩი. ყველა ჩემი მეგობარი დაოჯახდა. თავიდან ვფიქრობდი, რა დროს გათხოვებაა-მეთქი და მერე მივხვდი, რომ დრო გამეპარა.  ჩემს თავში ისე ვიყავი დარწმუნებული; ისე მქონდა მორგებული პოზა, რომ ყურადღება არ მაკლდა; ამაზე უფრო ღრმად არ ვიფიქრე.  საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემს შვილს ხელი შევუწყვე, რომ მალე გათხოვილიყო.  ინსტიტუტში სხვა ურთიერთობები იყო – საოცარი მეგობრები მყავდა ბიჭებს შორის, მაგალითად, გია ფერაძე, მათთან  ისე ვმეგობრობდი, ვერც წარმომედგინა სხვანაირად მეფიქრა. უცებ აღმოჩნდა, რომ დავრჩი როგორც ეული. ყველას ცოლი ჰყავდა, ამიტომაც იყო, რომ  დაიწყო  ცოლიანი კაცების „შემოტევა”,  მეპრანჭებოდნენ (იცინის).

– თავად  ბევრჯერ  გიყვარდათ?

– სულ სამჯერ მიყვარდა ცხოვრებაში,  მეტი არ მყვარებია. გართობით, ფლირტით, რა კარგი ბიჭია – ითქვა და გაიარა, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ  იყო. მაგრამ, ნამდვილი დიდი სიყვარული სამჯერ მქონდა. ალბათ, ჯობია, თუ გაგიმართლა ერთხელ გიყვარდეს და ბოლომდე, მაგრამ ეს იშვაითად ხდება.  ჩემი  ერთი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ორი – ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე: ერთი,  როცა შეხვედრები დავიწყეთ, ცოლს იყო გაცილებული და მას დაუბრუნდა, ასევე იყო ბოლოც – ისიც ცოლიანი იყო და ისე დავუსვი წერტილი ამ ურთიერთობას, უკან არ მიმიხედავს.  არ მინდოდა, მის ოჯახს პრობლემები შექმნოდა. არ ვიყავი ის ქალი, რომელიც დათანხმდებოდა, რომ მამაკაცი ოჯახიდან წამოსულიყო  და შვილისთვის ტრავმა მიმეყენებინა. ხომ არიან ქალები, რომლებიც მერე ამბობენ:  რა ვქნა, შევუყვარდი  მე უფრო მეტად, ვიდრე ის და სახლიდან ამიტომ წამოვიდაო. ეს თვითონ გაარკვიონ, ვინ მეტად უყვარდათ და ვინ - არა. მე მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, როცა ჩემი საკუთარი დავშალე და სხვას ხელი არ შევუშალე. ამიტომაც ვიყავი თამამად და არ მეშინოდა, რომ ვინმე რამეს წამომაძახებდა. არ ჩამიდენია ისეთი დანაშაული, ვინმეს ამაზე რამე მოეხალა ჩემთვის.  ვერავინ დამაყვედრებს თავს. მარტომ  ისე გავზარდე ჩემი შვილი, ათი მამა რომ ჰყოლოდა, ისე ვერ გაიზრდებოდა.  ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, ყველაზე დიდი სიყვარული.  არაფერი აკლდა ჩემს გოგოს. ოთხი ენა ვასწავლე, კარგი ადამიანი  გავზარდე. მე ისეთი ძლიერი ქალი ვიყავი, ვერც კი წარმომედგინა სუსტი მამაკაცის გვერდით ცხოვრება. ახლა რომ წარმოვიდგინო, ვინმე ბებერი დაჩლახუნობდეს ჩემ გვერდით, ჭკუიდან გადავალ (იცინის).     

– თქვენი ცხოვრების რთული პერიოდებიდან დღეს ყველაზე მეტად რა გახსოვთ?

–  იმის მიუხედავად, რომ ქალისთვის პირადი ცხოვრება და ემოციები  ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მაინც თეატრიდან წამოსვლა იყო. არც კი  ვიცოდი, რით გამოვსულიყავი.   ოო, მაშინ ძალიან გამიჭირდა.  როცა საყვარელ პროფესიაში იმას ვერ იღებ, რაც უნდა მიიღო, ეს ყველაზე რთულია. სიყვარულის ტკივილი ნელდება, ეს ტკივილი კი სხვანაირია. თეატრის მერე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ფარ-ხმალს ვერ დავყრიდი - 86 წლის დედა, და, შვილი მყავდა  სახლში, მიხედვა, პატრონობა სჭირდებოდათ.  ამ მხრივ  მქონდა გამოცდილება. სტუდენტობის დროსაც და თეატრშიც, ყოველთვის მქონდა პერიოდი, როცა  ვკერავდი, ვქსოვდი და ამით დამატებით შემოსავალს ვიღებდი. მერე, როცა ყველაფერი გაქრა და თეატრში ჩემი ხელფასი შვიდი ლარი იყო, რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა? ავდექი და წავედი უცხოეთში, როგორც სხვებმა იყიდეს, ისე ვიყიდე მეც, ჩამოვიტანე, ჩავაბარე და ფული დამრჩა. მახსოვს,  გასტროლებზე ვიყავით იაპონიაში, მანქანები ვიყიდეთ იაფად, ჩამოვიტანეთ, გავყიდეთ. ზოგიერთი მალავდა ამას, რცხვენოდათ,  მე არასდროს დამიმალავს. სირცხვილი ისაა, როცა ადამიანს უმტრობ, მოპარავ, ცუდად მოექცევი. რომ იყიდი და გაყიდი, სირცხვილი არაა. არასდროს შემშინებია ცხოვრების, არც მაშინ, როცა მარტო დავრჩი  უამრავი პრობლემის წინაშე. მერე  ნატაშა ჩხიკვაძემ გაგვიხსნა გზა პაკისტანისკენ, ჩინეთისკენ. საოცარი ქალი იყო ნატაშა. ნელ-ნელა გამიჩნდა კონტაქტები, რამაც მომცა საშუალება, გამეზარდა ბიზნესი.  მერე გავაკეთე ბარი, რომელიც დღეს თბილისში ერთ-ერთი პოპულარულია. როცა ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ვფიქრობდი, რა გამოვიდოდა, მაგრამ გაამართლა. ცხოვრებაშიც ასეა – უნდა გაბედო, იმოქმედო, ოღონდ ისე, რომ სხვას არაფერი  გაუფუჭო. ამ „გზით” ყველაფერი გამოდის და ცხოვრებაც ბევრად უფრო საინტერესო ხდება.       

скачать dle 11.3