რატომ ჰყავდა ნიუ-იორკში ყოველდღე მუცელში პეპლები თინათინ წულაძეს და როგორ შეძლო მან „ბროდვეის ცეკვის აკადემიაში“ ხალხის გაოცება
თინათინ წულაძე ცოტა ხნის წინ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. მან „ბროდვეის ცეკვის აკადემიაში“ ერთწლიანი კურსი გაიარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო როგორც ცხოვრებისეული, ასევე პროფესიული. რაც მთავარია, თინათინის ყველაზე დიდი სურვილია, უკვე მიღებული გამოცდილება და ასევე, ისიც, რასაც მომავალში შეიძენს, საკუთარ ქვეყანას მოახმაროს და იმ სფეროში, სადაც ტრიალებს, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს.
თინათინ წულაძე: მგონია, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, ცოტა ხნით უნდა წავიდეს უცხოეთში და გარემო შეიცვალოს. იქ დიდი დრო გაქვს ფიქრისთვის, არა მხოლოდ პროფესიაზე, არამედ ცხოვრებაზეც. ბევრ რამესთან გიწევს შეჯახება და შენით მოგვარება. ბევრს რომ ფიქრობ, მერე უფრო მეტად მშვიდდები. ადრე ყველაფერი გულთან მიმქონდა, ახლაც ასეა, მაგრამ ბევრად მშვიდი რეაქცია მაქვს. უფრო გაწონასწორებული გავხდი, თუმცა ძალიან ემოციური ვარ. თავიდან ცოტა მიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხთან კონტაქტი არ მიჭირს. ზედმეტად თბილები არიან და ვერ ვხვდებოდი: ეს ყალბი იყო, თუ არა. ამიტომ, ცოტა დავიბენი. მერე ყველაფერს შევეგუე. თანაც, ჩემ გარშემო მართლა ძალიან კარგი, თბილი ხალხი ტრიალებდა: პედაგოგები, ლექტორი. ყველა ორიენტირებული იყო სტუდენტის მომავალზე, ცდილობდნენ, მაქსიმალურად ბევრი გესწავლა და ცოდნით დატვირთული წასულიყავი უკან. ეს არის საოცრება: როდესაც ხედავ, შენ გარშემო ასე მუშაობენ, უკვე არანაირი უფლება არ გაქვს, დაგეზაროს და რამე არ გააკეთო. დილით რომ ვიღვიძებდი და ვიცოდი, უნდა წავსულიყავი, პეპლები მყავდა მუცელში. ვიღაც რომ მოგწონს, მეორე დღეს უნდა შეხვდე, დილა თენდება და მიდიხარ შესახვედრად – აი, ასეთი შეგრძნება მქონდა. მართლაც ჯადოსნური ადგილია მოცეკვავისთვის.
– ამ ხნის განმავლობაში რა იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული?
– შიდა კონცერტები გვქონდა და მე თითების სპექტაკლი გავაკეთე. სანამ წავიდოდი, სტაჟირებას გავდიოდი თითების თეატრში, რომლის ხელმძღვანელი ბესო კუპრეიშვილია. ერთი წელი ვიყავი სტაჟიორად. იქ, დახურულ კონცერტებზე ყველა რაღაც ორიგინალურს აკეთებდა და მეც მინდოდა, რაიმე განსხვავებული მეჩვენებინა. ამიტომ, თითების თეატრიდან გავაკეთე ნაწყვეტი – ეს იყო ცეკვა მიუზიკლიდან „ჩიკაგო“. არ მეგონა, თუ ამაზე ამხელა რეაქცია ექნებოდათ. რეპეტიციაზეც გადაწყვიტეს, რომ კონცერტი მე გამეხსნა. პირველი ნომერი ჩემი იყო – იმდენად კმაყოფილები იყვნენ. მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: შენ მოიფიქრეო. ამერიკაში თუ რამე გაუკვირდებოდათ, არ მეგონა.
– მარტო აკეთებდი?
– ჩემი მეგობარი დამეხმარა, პირს აღებდა ტექსტზე, დანარჩენს მე ვაკეთებდი. ორი გოგოს საცეკვაო პარტია იყო და ორი ხელით ვაკეთებდი. ძალიან გაერთნენ და მეც ისე მსიამოვნებდა. ვიდეოც არის და ისეთი სახე მაქვს, აშკარად მეტყობა, როგორ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი. მიხარია, რომ დააფასეს ადამიანის შესაძლებლობები. იქ ყველაფერს აფასებენ, ყველაფრისგან შეგიძლია, რაღაც შექმნა. წამოსვლამდე მომყვებოდა ემოციები.
– რატომ გადაწყვიტე თავის დროზე თითების თეატრში სტაჟირების გავლა?
– ქასთინგი გამოცხადდა, მე და ჩემი ორი მეგობარი მივედით და გავიარეთ სტაჟირება. ვგიჟდებოდით, ისე გვიყვარდა იქ მისვლა. ერთი ოთახი იყო, იქ შევიკეტებოდით განუსაზღვრელი დროით და აღარასდროს გამოვდიოდით. მერე თოჯინებთანაც გვქონდა მცირედი შეხება. სულ სხვა სამყაროა. იმ პატარა ოთახში თავი უზარმაზარ გალაქტიკაში გვეგონა, საოცრება იყო. მერე ვეღარ შევუთავსე დრო და მომიწია უარის თქმა.
– როგორი იყო შენთვის ამერიკაში გატარებული ყოველი დღე?
– ყოველი დღე იყო განსაკუთრებული. ალბათ, ნახევარ დღეს მეტროში ვატარებდი. ბრუკლინში ვცხოვრობდი და დიდ დროს ვანდომებდი კოლეჯამდე მისვლას. ყოველდღე ადამიანების ყურებით იმდენ ახალ რაღაცას ვიგებდი – განსაკუთრებით, მამა-შვილის ურთიერთობამ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება. შემოდიოდნენ მეტროში მამები სამ-სამი შვილით. დატვირთულები, ველოსიპედაკიდებულები. ერთი ტირის, მეორე – დარბის, მაგრამ, მათ არ ეშლებოდათ ნერვები, ყველაფერს მშვიდად აკეთებდნენ. საერთოდ არ იგრძნობა დაძაბულობა. ზედმეტი ყვირილისა და მოჩეჩვის გარეშე აგვარებდნენ ყველაფერს. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მენატრებოდა ქართული ამბები, ამდენი სიწყნარეც რთული იყო.
– თან, მშობლებიც გენატრებოდა.
– ძალიან. ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს იქ და მეგობრებს რომ აცნობდა ჩემს თავს, ეუბნებოდა: ეს ის არის, უკან რომ უნდა დაბრუნებაო. ეს იმდენად უკვირდა ყველას... არანაირი სურვილი არ მაქვს სხვაგან ვიცხოვრო, თუ ეს რაღაც მომენტში არ დამჭირდა. იმედია, არ დამჭირდება. ვიღაც ხომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და აქ გააკეთოს რაღაც. რაც ვისწავლე, შეიძლება, ის დიდი არაფერია, მაგრამ ამას მაინც გამოვიყენებ, რომ წინ თუნდაც პატარა, ჭიანჭველის ნაბიჯი გადავდგა ჩვენთან ქორეოგრაფიისა თუ სხვა სფეროში. მინდა, აქ იყოს ისეთი პირობები და გარემო, რომ უცხოეთში წასვლა და სწავლა აღარ დაგვჭირდეს.
– რომ იყოს საინტერესო და კარგი შემოთავაზება?
– ჯერჯერობით, ალბათ, დიდი ხნით ან სამუდამოდ არ წავიდოდი, ერთი წლით – შეიძლება. როცა ასეთ კოლეჯში სწავლობ, პედაგოგებთან ახლო ურთიერთობა გაქვს, შეგიძლია, რჩევა ჰკითხო. შესაბამისად, შემიძლია, მათ ნებისმიერ მომენტში დავეკონტაქტო. ახლა ვფიქრობ თებერვალში, სამი თვით წავიდე, რომ ყველაფერი შევაჯამო. დავფიქრდები, დავლაგდები, მერე ისევ წავალ. ზოგადად, მგონია, რომ არასდროს არ არის სწავლა საკმარისი. ყოველთვის წინ და წინ უნდა იარო. ბალეტის პედაგოგი მყავდა, ფრანგი ქალი, დაახლოებით 60 წლის, საოცარ ფორმაშია, დღესაც ძალიან კარგად ცეკვავს. მიუხედავად ამისა, სხვა პედაგოგების ბალეტის გაკვეთილებს იღებდა, პილატესს ვარჯიშობდა, არ ჩერდებოდა. ამას რომ ხედავ, კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს: უფრო მეტი უნდა ვიმუშაო, ვისწავლო, გავაკეთო... ერთი ავსტრიელი პედაგოგი მყავდა – სლემი, საოცარი სული ჰქონდა. ისე ცეკვავდა, ისეთ კომბინაციებს გვაკეთებინებდა, გულს სწვდებოდა – ისე, გემრიელად რომ აკეთებ ყველაფერს და შენს სათქმელში დარწმუნებული ხარ. ჩემი მენტორი იყო, ვგიჟდებოდი მასზე. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. გახურების დროს მუსიკა ხომ იყო ჩართული და რითმში საუბრობდა – ასევე ხსნიდა მუსიკის თანხლებით და შენიშვნებსაც რითმში გვაძლევდა.
– ხომ არ დადგი ქართული ცეკვა?
– მინდოდა ძალიან, მაგრამ ბიჭების პრობლემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ცეკვავდნენ, კარგი მოცეკვავეები არიან, ქართული ცეკვა არ გამოსდიოდათ. ცუდის გაკეთებას, მერჩივნა, არ გამეკეთებინა.
– ბროდვეიზე სპექტაკლებზე, ალბათ, დადიოდი.
– ხშირად დავდიოდი სპექტაკლებზე, მიუზიკლებზე და კიდევ, ქართველ მეგობრებთან ვიყავი ხშირად. ქართულ რესტორანში დავდიოდი, რადგან ქართული ცეკვა მენატრებოდა ძალიან. „ქართული სახლია“ რესტორანი, ქართველი მუსიკოსები უკრავენ და რომ მივდიოდი, სულ ვცეკვავდი, უკვე ვეღარ მიტანდნენ. ყველაზე მეტად რისი ნახვაც მინდოდა, ჯერ კიდევ საქართველოდან წასვლამდე, ეს არის კომპანია „ფუერცა ბრუტა“ – მათი წარმოდგენები საოცარია, დაფრინავენ, საოცრებებს აკეთებენ მსახიობები. ალბათ, ასჯერ ვიყავი, არასდროს მბეზრდებოდა. ასეთ რაღაცეებს როგორ აკეთებდნენ, არ ვიცი. ფიზიკის ყველა კანონს სცილდებოდა მათი ცეკვა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კიდევ ვაშინგტონში ვიყავი და ძალიან მომეწონა. თეთრ სახლთან რომ მივედი, მეგონა, შემეშალა – რაღაცა დიდს, შთამბეჭდავს ველოდებოდი და აღმოჩნდა თეთრი, უბრალო სასახლე – შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.
– როგორ აპირებ შენი პროფესიის გამოყენებას?
– ჯერჯერობით ფიქრის პროცესში ვარ: როგორ გავაკეთო, რა გავაკეთო. მშობლები მეხმარებიან, მარტო გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია. დაბნეული ვარ, ყველაფერი ერთად მინდა, მაინტერესებს. თან, ვერ ვხვდები, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რომ ვაკეთო მთელი ცხოვრება. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ვნახოთ, რა იქნება. ახლა „სუხიშვილებს” დავუბრუნდი და ძალიან მიხარია, რომ დამიბრუნეს.