აწესრიგებს თუ არა სპილენძი წნევას, ნერვულ სისტემასა და ძილს და როდის დაიწყეს სამკურნალო დანიშნულებით მისი გამოყენება
რა სასარგებლო თვისებები აქვს სპილენძს, როდიდან დაიწყეს სამკურნალო დანიშნულებით მისი გამოყენება და რა პათოლოგიებს იწვევს ორგანიზმში ამ ნივთიერებების ნაკლებობა თუ მეტობა, ამ საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის მოწვეულ პედაგოგს, კარდიოლოგ მინდია ბუცხრიკიძეს ვესაუბრეთ: ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობაში მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტი შედის. ისინი ჩვენს განუყოფელ ნაწილს შეადგენენ და ქმნიან ადამიანის შინაგან გარემოს. ამ გარემოს მუდმივობას ჰქვია ჰომეოსტაზი. ჰომეოსტაზის დარღვევით ვითარდება პათოლოგიური მდგომარეობა. იმ ნივთიერებებს შორის, რომლებიც ქმნიან ჰომეოსტაზს, ერთ-ერთია სპილენძი (კუპრუმი). შესაბამისად, მისი მატებაც და კლებაც ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის განვითარებას იწვევს.
– რაში ეხმარება სპილენძი ორგანიზმს, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას?
– სპილენძი მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მისი კონცენტრაცია თავის ტვინში, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ სპილენძის შემცველობა დიდ როლს თამაშობს გონებრივ განვითარებასა თუ ჩამორჩენილობაში. არსებობს მოსაზრება, რომ სპილენძი მონაწილეობს სისხლძარღვის კედლის შენებაში. იმისთვის, რომ მოხდეს გულის მიერ გადატყორცნილი სისხლის კარგად მიდინება ნებისმიერ უჯრედამდე და იქიდან უკან წამოსვლა, სისხლძარღვის კედელი უნდა იყოს ელასტიკური. ხოლო იმისთვის, რომ სისხლძარღვის კედელი ელასტიკური იყოს და გაუძლოს იმ წნევას, რომლითაც მასში სისხლი გადის, კედელში ლაგდება კოლაგენის ბოჭკოები. სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს სისხლძარღვების ელასტიკურობას. კოლაგენის ბოჭკოების ერთმანეთთან დაკავშირებაში კი დიდ როლს სწორედ სპილენძი თამაშობს. თუ ეს ბოჭკოები ერთმანეთთან კარგად არ იქნება დაკავშირებული, სისხლძარღვი, რა თქმა უნდა, იარსებებს, მაგრამ, მისი კედელი გახდება ნაკლებ ელასტიკური, რაც სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიწვევს სისხლძარღვის კედლის ხშირ ანევრიზმულ დაზიანებებს, რაც ზრდის სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის, სისხლდენებისა და ინსულტების რისკს. ეს კი განსაკუთრებით საშიშია თავის ტვინში. როგორც აღვნიშნეთ, სისხლძარღვის ელასტიკურობის დაკარგვა ნებისმიერი ორგანოსთვის სისხლის მიწოდების ნაკლებობას იწვევს. სისხლი კი ორგანიზმის ყველა უჯრედს საკვები ნივთიერებებით და, რაც ყველაზე მთავარია, ჟანგბადით ამარაგებს. როგორც ვიცით, სისხლი სწორედ სისხლძარღვის მეშვეობით გადაადგილდება და, შესაბამისად, როცა კედელი დაზიანებულია, ეს უარყოფითად აისახება ნებისმიერ ორგანოზე, განსაკუთრებით კი თავის ტვინზე. ამ დროს მცირდება მისთვის საკვებისა და ჟანგბადის მიწოდება, რაც ჰიპოქსიას, ანუ ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს და ეს, თავის მხრივ, ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. ადრეულ ასაკში სისხლძარღვის კედლის ელასტიკურობის დაკარგვა, ხშირ შემთხვევაში, სპილენძის თანდაყოლილ უკმარისობასთან არის დაკავშირებული.
ასევე დადგენილია, რომ სპილენძს დიდი როლი მიუძღვის ადამინის კანის შეფერილობის განსაზღვრაში. ადამიანის კანის შეფერილობას პიგმენტი მელანინი განსაზღვრავს. ეს პიგმენტი მუდმივად ლაგდება ჩვენს კანში და, კანის შეფერილობა, მისი ღია თუ მუქი ფერი, სწორედ, მასზეა დამოკიდებული. თუ ადამიანის ორგანიმში არის სპილენძის ნაკლებობა, მაშინ კანიც და თმაც შედარებით ღია ფერისაა, თუმცა აქ ალბინოსობა არ იგულისხმება.
– სპილენძის სამკაულები როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე?
– სპილენძის სამკურნალოდ გამოყენება ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს დაიწყეს – ისინი სხეულის დაზიანებული ადგილის აღსადგენად სპილენძის მონეტებს იყენებდნენ. ალბათ, ახლაც გაგვიგია კოპზე დადებული მონეტა. ითვლება, რომ დაზიანებულ ადგილზე სპილენძის დადება უზრუნველყოფს ადგილობრივად მიკროცირკულაციის გაზრდას, ანუ, იზრდება სისხლის მიწოდება იმ კონკრეტულ ადგილას არსებულ ქსოვილებზე, რაც დაზიანებულ ქსოვილზე ძალიან კარგად მოქმედებს. რადიკულიტის დროს სპილენძის ფირფიტებს იდებდნენ. მისი მეშვეობით ხდებოდა ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან აქაც იზრდებოდა მიკროცირკულაცია, სისხლის მიდინება. სისხლს ანთებით კერაში მიაქვს ის ნივთიერებები, რომლებიც ებრძვიან ანთებას და ის ნადგურდება. სპილენძის სამკაულს ხშირ შემთხვევაში ატარებენ წნევიანი, ნევროზული და ძილის პრობლემების მქონე ადამიანები. თანამედროვე მედიცინაში სპილენძის როლზე შეიძლება ვინმეს გაეცინოს და უფრო სანდოდ ჩათვალოს არსებული წამლები. თუმცა, ერთ-ერთი დაუზუსტებელი თეორიის თანახმად, მაჯაზე სპილენძის სამაჯურის გაკეთება ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს. მაჯაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ პულსს ვისინჯავთ, გადის სხივის არტერია, რომელიც ზუსტად ამ ადგილას არის ყველაზე ზედაპირული და სწორედ ამიტომ ვისინჯავთ იქ პულსს. სპილენძის სამაჯური სწორედ ამ ადგილას ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც შემდეგ მთელ ორგანიზმში ვრცელდება და უზრუნველყოფს პერფუზიის გაუმჯობესებას (პერფუზია არის თითოეულ ორგანომდე სისხლის მიწოდება) და, შესაბამისად, თითოეული ორგანო უკეთ იწყებს მუშაობას. ამ ყველაფრის ნორმალიზება განაპირობებს იმას, რომ სისხლძარღვის წნევა დაბლა ჩამოდის. ემოციური ლაბილობისას იგივე მექანიზმი მოქმედებს – თავის ტვინს სისხლი უკეთ მიეწოდება და აგზნებადობა იკლებს. იგივე ხდება მოუწესრიგებელი ძილის შემთხვევაშიც. ამ ყველაფერს, ერთ-ერთი თეორიით, სწორედ სპილენძის სამაჯური აწესრიგებს. თუმცა, მედიცინაში არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ფსიქოლოგიურ მომენტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული; მაგალითად, როცა ადამიანს სჯერა, რომ რომელიღაც მედიკამენტის მიღება მის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ასეთ დროს მას ცარციც რომ დააღეჭინო, დადებით შედეგს მიიღებ. ამას მედიცინაში „პლაცებოს ეფექტი” ჰქვია და იგივე შეიძლება ვიფიქროთ სპილენძის სამკაულთან დაკავშირებითაც.