როგორ ქმნიან ქართველი ქალები ოჯახში საქმიანობით 7,5 მილიარდის პროდუქტს და რატომ იღებენ საქართველოში დასაქმებული ქალები მამაკაცებზე ნაკლებ საშუალო ხელფასს
„იბიარდის“ ფორუმის დასრულების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამ საქმისთვის თანხასაც გამოყოფს. უფრო კონკრეტულად კი ბიზნესსაქმიანობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ქალების ჩასართავად. რა შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს მოქალაქე ქალებს, რატომ აიძულებს დასავლეთი საქართველოს მამაკაცებს, ჩართონ ქალები პოლიტიკასა თუ ბიზნესში, რატომ არ ფასობს ქალის შრომა საქართველოში და არსებობს თუ არა ქვეყანაში განვითარებისა და სოციალური სტატუსის მოპოვების თანაბარი შანსები, სქესის მიუხედავად, – ამ კითხვებზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვიპასუხებს.
– რა პროექტებია ეს და როგორი პრაქტიკა აქვს „იბიარდს“?
– „იბიარდი“ ჩვენთან დიდი ხანია, მუშაობს და სტრატეგიაა კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა, შემდეგ ემატება ენერგეტიკული სექტორის დახმარება და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩართვა გლობალურ ეკონომიკურ პროცესში. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ დაფინანსდეს ეს მიმართულებები. არ ჩანს, კონკრეტულად ვისთან რა ხელშეკრულება აქვთ დადებული. არ ჩანს, მაგრამ ლაპარაკია, უპირველესად, ინფრასტრუქტურა, მომარაგება-ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ ჩამორჩენები გვაქვს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს: ქალების წილი მთლიანი შიგა პროდუქტის შექმნაში 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირში. ჩვენთან არის 16-17 პროცენტი და ევროკავშირში 64-65 პროცენტია. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე ვერ განვვითარდებით და ვერც ხალხს მოვიმადლიერებთ, იმიტომ რომ, მაგალითად, ერთი მილიონის ინვესტიცია თითქმის 2-2,5-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს ქმნის მცირე ბიზნესში მსხვილ ბიზნესთან შედარებით. ამიტომ ეს პერსპექტიულია ხალხის დასაქმების, უმუშევრობის შემცირებისა და კეთილდღეობის შედარებით სწრაფ რეჟიმში ამაღლების კუთხით.
– ქალების მომენტი რატომ გახდა აქტუალური, ეს საკუთრივ „იბიარდის“ ინიციატივაა?
– მახსენდება ერთი პასაჟი ფილმიდან „კავკაზსკაია პლენნიცა“, „კოგდა კოსმიჩესკიე კორაბლი ბოროზდიატ“, ანუ მსოფლიოში ისეთი პროცესებია, როდესაც ქალები აქტიურობენ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებაში… ყველაზე დიდი გავლენის მქონე პირთა მსოფლიო ათეულში ორი ქალბატონია. ერთი – გერმანიის კანცლერი და მეორე – ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი. სულ მსოფლიოში 1 800-მდე მილიარდერია და მათგან 200-მდე ქალია, ანუ ყოველი მეცხრე მილიარდერი მსოფლიოში ქალია. და ერთ ციფრსაც ვიტყვი, მილიარდერთა პირველ ათეულში ორი ქალბატონია და ცალ-ცალკე თითოეულის აქტივების ღირებულება 2,5-ჯერ აღემატება საქართველოს წლიურ მთლიან შიგა პროდუქტს. თითოელ მათგანს 40 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს.
– ამ ქალებმა თავად დააგროვეს ეს ფული, თუ მამამ დაუტოვა, ქმარმა, საყვარელმა აჩუქა?
– არ ვიცი, საიდან დაიწყეს, მაგრამ ერთ-ერთმა ბოლო ერთ წელიწადში თავისი აქტივების ღირებულება 13 მილიარდით გაზარდა. შარშან შეფასებული იყო 27-28 მილიარდად და წელს მისი აქტივების ღირებულება 41 მილიარდს გადასცდა. ჩვენ კი, ამ მხრივ, სატრაბახო ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ, საშუალო ხელფასად ჩვენი ქალები საშუალო ეროვნული ხელფასის მხოლოდ 64 პროცენტს იღებენ. უშუალოდ კაცების ხელფასებს რომ შევადაროთ ქალების ხელფასი, იქ უფრო მცირე ციფრი გამოდის: ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 46 პროცენტის დონეზეა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ქალთა რიცხვი მამაკაცებისას სჭარბობს, 15 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში ეკონომიკურად არააქტიურებიდან 69 პროცენტია ქალი. ესე იგი, ქალები შეადგენენ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტს. ისინი, ძირითადად დიასახლისობენ. ერთი მომენტია კიდევ: ჩვენი ქალები სახლში იმდენს შრომობენ, რომ, თუ ამას ფულად ერთეულში გადავიყვანთ, მივიღებთ მთლიანი შიგა პროდუქტის მეოთხედს მაინც – 7,5 მილიარდ ლარს.
– როგორ გადაგყავთ? რის მიხედვით შეაფასეთ ქალის შრომა სახლში?
– შევაფასე შემდეგნაირად: თუ პირობითად ქალთა შრომას სახლში რვასაათიან სამუშაო დღედ ავიღებთ, თუმცა დიასახლისი უფრო მეტს შრომობს, ხოლო ჩავთვლით, რომ დასაქმებული ქალი მხოლოდ 4 საათს უთმობს საშინაო საქმეებს, გამოვა, რომ ჩვენი დიასახლისების სახლებში შრომა ფულად ერთეულში 7,5 მილიარდს შეადგენს. სამწუხაროდ, ეროვნული ანგარიშგების სისტემა არ მოითხოვს მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელში დიასახლისების შრომის შეყვანას. ამიტომ ეს შრომა შეუფასებელი და დაუფასებელი გვრჩება.
– რამდენად რეალურად გეჩვენებათ ქალების ჩართვის ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესში. მოუტანია სხვა ქვეყნებში ასეთ პროექტს შედეგი?
– საერთოდ, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია ქალთა წარმომადგენლობა არა მარტო დასაქმებაში, არამედ ზოგადად ეკონომიკურ საქმიანობაში და მით უფრო მაღალია მათი შრომის ანაზღაურებაც. ჩვენთან მთელი სამუშაო ძალის მხოლოდ 46 პროცენტია ქალი, მაშინ, როდესაც მოსახლეობაში ქალი 53 პროცენტია. ცოტა ქალი გვყავს პარლამენტშიც, აზერბაიჯანიც კი გვისწრებს: თუ ჩვენს პარლამენტში ქალები 12 პროცენტია, აზერბაიჯანში – 16. ყველაზე მეტი ქალი პარლამენტში კი ჰყავს რუანდას. რუანდას, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველაზე მეტი სისხლისღვრით იყო გამორჩეული. ეტყობა, ქალებმა ჩათვალეს, რომ კაცები არ ვარგოდნენ არც პოლიტიკაში, არ გამოსდიოდათ ურთიერთობა და თავიანთ თავზე აიღეს ქვეყნის მართვა. დღეს რუანდის პარლამენტში ქალები შეადგენენ ნახევარზე მეტს, 52 პროცენტს.
– დაამჩნია ამან კვალი ქვეყანას?
– ყოველ შემთხვევაში, ცუდი მაინც აღარ ისმის რუანდაზე. როგორც ჩანს, ქალებმა მშვიდობის მანდილი ჩამოაგდეს. სხვათა შორის, ჩვენთან, გაეროს შეფასებებით, დაბალია მთლიანი ეროვნული პროდუქტის შექმნაში ქალების წილის მაჩვენებელიც. საქართველო, ამ მხრივ, ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ტაჯიკეთიც კი გვისწრებს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი, ანუ ქალების წილი მთლიანი შიგა პროდუქტის შექმნაში მამაკაცების იმავე მაჩვენებლის 43 პროცენტია. და, თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბოლო ადგილი გვიჭირავს, მსოფლიოს 175 ქვეყნიდან მხოლოდ 144-ე ადგილზე ვართ.
– ჩვენთან ნამდვილად არ არსებობს ქალების განათლების პრობლემა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ქალებს მიზანდასახულად არ აძლევენ სამუშაო ადგილებს. არ არის ასეთი მასობრივი და გამოკვეთილი დისკრიმინაცია. მაშინ რა გვჭირს, რატომ გვაქვს ასეთი არაცივილიზებული მაჩვენებელი?
– სტუდენტთა 57 პროცენტი გოგონაა და 43 პროცენტი ვაჟი, ანუ უფრო მეტი სტუდენტი გოგონაა, მაგრამ კარიერულ სვლასა და სამუშაო ადგილების დაკავებაში ეს ტენდენცია იკარგება. იმიტომ რომ, იმ დარგებში, სადაც მაღალია ხელფასი, ქალების წილი დაბალია. მაგალითად, მშენებლობის სექტორში, სადაც შედარებით მაღალი ანაზღაურებაა, ქალი სულ 7 პროცენტია; მრეწველობაში – 27 პროცენტი, მაგრამ განათლების სექტორში, სადაც დაბალია ანაზღაურება, ქალების წილი 84 პროცენტია და ეს ახდენს გავლენას საშუალო მაჩვენებელზე, რასაც მიხედვა სჭირდება.
– არც ერთი ქართული ბანკი არ აფინანსებს ბიზნესის დაწყებას, არადა „იბიარდი“ სწორედ ბანკების მეშვეობით იწყებს ქალების საშუალო და მცირე ბიზნესში ჩართვას. იგულისხმება, რომ ამ ქალებს აქვთ ბიზნესი და დაეხმარებიან მის გაძლიერებაში თუ წამოაწყებინებენ ბიზნესს?
– გენდერული უთანასწორობის დაძლევა ცალკე ასპექტია და პირდაპირ ბიზნესის წამოწყებას არ უკავშირდება. ისინი ატარებენ ახსნა-განმარტებით სამუშაოებს, ქმნიან სოციალურ ფონს, საინფორმაციო ველს, რომ ადამიანმა არა მარტო ისწავლოს და განათლება მიიღოს უმაღლესში, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაეხმაროს ქალს, რომ შედარებით იოლად შეათავსოს დედისა და სოციალურად აქტიური პიროვნების ფუნქციები. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ქალებმა ბიზნესი წამოიწყონ, რადგან ბიზნესის დასაწყებად თანაბარი პირობები ყველას აქვს, ქალს თუ კაცს, არამედ, იგულისხმება, რომ ყურადღების ცენტრში იყოს ქალთა სოციალური აქტიურობის შენარჩუნება. სხვათა შორის, 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა ქალთა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც რუსუდან კერვალიშვილი იყო.
– და ჩვენი ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები ძალიან უმაყოფილონი იყვნენ ამ საბჭოს მუშაობით.
– ყოველ შემთხვევაში, ეს საბჭო არსებობს პარლამენტში და ის რომ რამდენიმე კვირის წინათ დაიწყეს მუშაობა ქალთა კვოტირებაზე პარლამენტში, იმის მაჩვენებელია, რომ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს, არ არის ნორმალური. რატომ უნდა იყოს რუანდის პარლამენტში ქალთა წილი 52 პროცენტი, კუბაში – 49, შვედეთში – 45, ფინეთში – 43, აზერბაიჯანში – 16 და ჩვენთან – 12 პროცენტი?! ფაქტია, რომ სკანდინავიის ქვეყნები ჩვენთვის სამაგალითოა და იქ სავალდებულოა მამაკაცებისთვის, ისარგებლონ დეკრეტული შვებულების 40 პროცენტით და ბავშვებს მოუარონ. ჩვეთნან ოჯახის სხვა წევრს, მაგალითად, ბებიასაც შეუძლია, გავიდეს შვილის ნაცვლად დეკრეტულ შვებულებაში და მან მოუაროს ბავშვს, მაგრამ ვალდებულება, რომ ორივე მშობელი აუცილებლად უნდა გავიდეს დეკრეტულში, არ არის.
– როგორც მივხვდი, „იბიარდის“ მცირე და საშულო ბიზნესში ქალთა ჩართულობის პროგრამა მხოლოდ საზოგადოებაში ამ განწყობის გაჩენას ემსახურება და არა თანხის გამოყოფას ქალებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის წამოწყება?
– საქართველოში გენდერული უთანასწორობა ყურადღების ცენტრში იმიტომ მოექცა, რომ თვითონ საქართველოშია, ამ მხრივ, მდგომარეობა არცთუ სახარბიელო. თუ მივდივართ დემოკრატიული განვითარების გზით, მაშინ უნდა დავძლიოთ ეგრეთ წოდებული გენდერული უთანასწორობის ინდექსი, რომელიც ცალკეული ეკონომიკური და სოციალური პარამეტრების მიხედვით გვიჩვენებს მამაკაცთა და ქალთა რეალურ უთანასწორობას.
– თქვენ რით ხსნით ამ უთანასწორობას, რატომ არ აღიარებენ ქალებს, ხელოვნურად ცდილობენ პატრიარქალური მიდგომების შენარჩუნებას?
– ბევრი მომენტის თანხვედრაა, მაგრამ ძირითადს გეტყვით: როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიშალა სამეურნეო კავშირები და მაშინდელი მყარი, ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა დაინგრა, ამან, უპირველესად, დაარტყა იმ დარგებს, სადაც ქალთა დასაქმების წილი შედარებით მაღალი იყო და ასიმეტრიული უმუშევრობა წარმოიშვა. მაგრამ ქალებმა უფრო იოლად მოახერხეს ადაპტაცია: ზოგი უცხოეთში წავიდა, ზოგმა შინა მეურნეობას მიჰყო ხელი და ფაქტობრივად, მამაკაცებმა დაიტოვეს უფრო ნომენკლატურული და მაღალი თანამდებობები, სადაც ანაზღაურებაც უფრო მაღალი იყო. ასე რომ, იმდენად არა სოციალური დისკრიმინაციის შედეგია ეს, არამედ შედარებით მაღალი თანამდებობების გამო იღებენ მამაკაცები უფრო მეტს, ვიდრე ქალები. თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია, რა არის ქალთა წილი უცხოეთიდან გამოგზავნილ თანხაში. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნიდან წასულთა შორის ქალები ჭარბობენ, მათი ფულადი გზავნილების მოცულობაც, გონივრული ეჭვია, უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა, ოღონდ ძნელი სათქმელია, რამდენით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რამდენ პროდუქტს ქმნიან მამაკაცები ქვეყნის შიგნით: მთლიანი შიგა პროდუქტის ორი მესამედი კაცების შექმნილია და მხოლოდ ერთი მესამედი მოდის ქალებზე. ამაში არ შედის ის 7,5 მილიარდი, რომელიც ქალების ოჯახში შრომას ასახავს. მართალია, ჩვენი მონაცემებით, უცხოური ტრანზაქციების რაოდენობა მილიარდ 300 მილიონია, მაგრამ, მსოფლიო ბანკის მონაცემით, ჩვენი თანამემამულეების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 2 მილიარდამდეა. სხვათა შორის, თურქეთში ტრანზაქციების მოცულობა მილიარდ 100 მილიონია, მაშინ, როცა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ის-ის იყო პირველი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, თურქეთი ფულადი გზავნილების სახით 4 მილიარდს იღებდა; დღეს ჩვენ ვიღებთ თითქმის ორ მილიარდს.