რატომ ვეღარ გაიყიდება საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტების უმეტესობა ტრადიციული დასახელებებით: მაწონი, ხაჭო, კარაქი და არაჟანი
2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოეღოთ ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები. მაგალითად, დანიაში ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა უკვე აიკრძალა, ზოგიერთ ქვეყანაში შეიზღუდა – დაშვებულია პროდუქტში მისი 2 ან 8-პროცენტიანი შემცველობა. აშშ-ში კი ამ ინფორმაციის პროდუქტის ეტიკეტზე დატანაა სავალდებულო. ჩვენს ქვეყანაში ტრანსცხიმების რეგულირების მექანიზმი არ არსებობს. არადა, ტრანსცხიმები აქვეითებენ ეგრეთ წოდებული „კარგი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდიან ეგრეთ წოდებული „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას, რასაც შედეგად მოაქვს ათეროსკლეროზი და გულის კორონარული უკმარისობა. საკვებში ტრანსცხიმების შემცველობის 2 პროცენტით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.
ბუნებრივია, იბადება კითხვა: რომელი საკვები შეიცავს ტრანსცხიმებს? ესენია: მარგარინები, სპრედები და მათი გამოყენებით დამზადებული პროდუქტები.
ამიტომაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა რამდენიმე უცხოური და ადგილობრივი სპრედის (აქ კარაქად წოდებულის) ნიმუში შეამოწმა. კერძოდ, ლაბორატორიაში შესამოწმებლად გაიგზავნა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 10 დასახელების მარგარინი და სპრედი: ორი დასახელების „დაჩა“, სპრედი „შატილი“, „სანტეს“ ორი დასახელების სპრედი, ორი სახეობის „ტიფლისის“ სპრედი, ცხიმი „მასლიანა“, „მილკო-ფუდის“ სპრედი „საბუტერბროდე“ და მცენარეული ერბო „ტექსუნი“.
კვლევამ დაადგინა, რომ „დაჩა ზალატაია“ შეიცავდა 0,6 გრამ ტრანსცხიმებს; „დაჩა“ – 0,5 პროცენტს, „მასლიანა“ – 0,1 გრამს, „ტექსუნი“ – 5,8 გრამს, ხოლო ქართულ სპრედებში, რომლებსაც მწარმოებლები ჯიუტად უწოდებენ კარაქს, შემდეგნაირი სავალალო სურათი გამოვლინდა. „სპრედ კარაქ სანტე-ექსტრაში“ ტრანსცხიმების შემცველობა 5, 6 გრამი აღმოჩნდა, „სანტეში“ – 10,6 გრამი; „მილკო-ფუდის“ საბუტერბროდე სპრედში – 23,1 გრამი, „შატილში“ – 20,5 გრამი, სპრედებში „ტიფლისი“ 14,4 და 17,1 გრამი. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ იმ სპრედების მოხმარება, რომლებშიც ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში 10 ან მეტი პროცენტია, შეზღუდოთ დღეში 10-15 გრამამდე. ტრანსცხიმებით დამძიმებულ ჩვენს ყოფაზე კი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა გვესაუბრება.
– რატომ გადაწყვიტეთ, ასე მასობრივად შეგემოწმებინათ ზემოდასახელებული პროდუქტები?
– სინჯების უცხოეთში გაგზავნა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ერთად ვაგზავნით ბევრს. ეს კვლევა 2 000 დოლარი დაჯდა. 1 500 დოლარი – ტრანსპორტირება, 500 ევრომდე – უშუალოდ შემოწმება. ჩვენ ტრანსცხიმები ადრეც, 2011 წელსაც გავზომეთ და არ იყო მაინცდამაინც მაღალი, ამიტომ დიდი ხანია, არ შეგვიმოწმებია.
– რა ინფორმაციას გვაძლევს პროდუქტში ტრანსცხიმების გაზომვა?
– სპრედი არ არის კარაქი, ეს არის მარგარინისგან ხელოვნურად მიღებული პროდუქტი. მას ურევენ თხევად ზეთებს და ქიმიური დამუშავების შედეგად ხდება უფრო მყარი, კარაქის კონსისტენციის მასა. ანუ სპრედი არის მარგარინისა და სხვა ცხიმების ნარევი. მარგარინი კი არის ქიმიურად დამუშავებული მცენარეული ზეთი. დამუშავების მიზანი არის ცხიმის თხევადიდან მყარ ფორმაში გადაყვანა. ამისთვის კი უჯერი ცხიმები ქიმიურად უნდა გარდაიქმნას ნაჯერ ცხიმებად, თუკი ეს პროცესი ბოლომდე და სრულად განხორციელდა, საშიშ ნივთიერებებს არ წარმოქმნის. მაგრამ მხოლოდ ნაჯერი ცხიმებისგან შემდგარი მასა მაგარი და უხეშია, საცხისებურია და იმისთვის, რომ ეს მასა კარაქივით რბილი გამოვიდეს, საჭიროა მასში ზეთის შეზელა. თუმცა უფრო იაფია ჰიდროგენიზაციის პროცესის „შუა გზაზე“ შეჩერება, როდესაც უჯერი ცხიმების მხოლოდ ნაწილია ნაჯერ ფორმაში გადასული, და ცხიმის მასა ჯერ არ გაუხეშებულა. მეწარმეთა უმრავლესობა სწორედ ასეთ, არასრული ჰიდროგენიზაციის პროცესს იყენებს მარგარინის მისაღებად. პრობლემა ისაა, რომ ასეთი პროცესის შედეგად ცხიმის მასაში დარჩენილი უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაწილი „გადაიგრიხება“, ანუ ტრანსცხიმებად იქცევა. ჩვენს შემთხვევაში ყველა სპრედს ეწერა, რომ არის მხოლოდ მცენარეული ცხიმებისგან მიღებული და საშიშროება არის, რომ აი, ასეთი ჰიდროგენიზებული, ანუ ქიმიური დამუშავების შედეგად მიღებულ ცხიმებში იყოს ეგრეთ წოდებული ტრანსცხიმები, რომლებიც ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის, ცხოველებისთვისაც უცხოა. ეს ცხიმები, სამწუხაროდ, ჩაჯდება უჯრედის მემბრანაში და იწვევს უამრავ დაზიანებას. ადამიანს არ გააჩნია ფერმენტები, რომლებიც მას გაანადგურებდა, ანუ ჩვენს ორგანიზმს არ აქვს ამ ტრანსცხიმების თავიდან მოშორების საშუალება. ამდენად, ტრანსცხიმები შესაძლოა, ჩაჯდეს ყველა ორგანოში და გამოიწვიოს სხვადასხვა ცვლილება.
– შესაძლებელია ტრანსცხიმების ნულამდე დაყვანა პროდუქტში?
– ტრანსცხიმების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია. არსებობს შეფასებები, რომ საკვებში ყოველი 2 პროცენტით ტრანსცხიმების გაზრდა თითქმის ორჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის. ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია, რომ ადამიანმა დღეში ორ გრამზე მეტი ტრანსცხიმი არ მიიღოს. ვერ ხერხდება, რომ საერთოდ არ მიიღოს, იმიტომ რომ ასეთი ცხიმები ფორმირდება შეწვის დროსაც, თუ დიდხანს აცხელებენ ზეთს. ამდენად, თუ ნულამდე ვერ დაგვყავს, უნდა ვეცადოთ, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები ტრანსცხიმი მივიღოთ. ამის გაზომვა გვინდოდა და იმიტომ ავიღეთ სინჯები. მას შემდეგ, რაც გაირკვა, თუ რამდენად მავნეა ტრანსცხიმები ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რიგმა მეწარმეებმა შეცვალეს ტექნოლოგია და უსაფრთხო მარგარინების წარმოებაზე გადავიდნენ, თუმცა ასეთი პროცესით მიღებული მარგარინი და სპრედი უფრო ძვირია. იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტში შემავალი ტრანსცხიმების შესახებ ინფორმაციის ეტიკეტზე დატანა სავალდებულო არ არის, როგორც ეს საქართველოშია, ასეთი უვნებელი მარგარინი უფრო იაფიანი პროცესის შედეგად მიღებულ მავნე, ტრანსცხიმების შემცველ მარგარინს კონკურენციას ვერ უწევს, მომხმარებელი უბრალოდ ვერ არჩევს მათ ერთმანეთისგან! გვქონდა შიში, რომ, რადგან ჩვენი მეწარმეები ცდილობენ, იაფი ცხიმები გაყიდონ, შეიძლება, შეიძენენ შედარებით უხეშად დამუშავებულ მარგარინებს, რომ იაფად გაყიდონ. ადრე შევამოწმეთ და როგორც გითხარით, არ აღმოჩნდა ტრანსცხიმების მაინცდამაინც მაღალი შემცველობა, მაგრამ ბევრმა მოგვმართა ამ თხოვნით და განსაკუთრებული ეჭვი იყო უცხოურ ცხიმებზე: „დაჩა“, „ტექსუნი“ და „მასლიანა“. ამიტომ ეს უცხოური ცხიმებიც გავგზავნეთ და ქართული მცენარეული სპრედებიც. ყველაზე კარგი პასუხი უცხოურ ცხიმებში აჩვენა „მასლიანამ“, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ევროკავშირში იწარმოება, სადაც საკმაოდ მკაცრი ნორმებია ცხიმებთან დაკავშირებით და ძალიან ცუდი პასუხები აჩვენა ქართულმა სპრედებმა, სადაც ზოგან 20-23 პროცენტიც კი აღმოჩნდა ტრანსცხიმების შემცველობა. ეს ძალიან საგანგაშოა და მომხმარებლებმა ითხოვეს, რომ შევამოწმოთ ყველა სხვა ცხიმიც. ახლა ჩვენ ვართ ნებართვების აღების პროცესში, იმიტომ რომ ცხოველური ცხიმის გაგზავნა შესამოწმებლად ცოტა უფრო რთულია, ცალკე ნებართვაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უკვე მოვითხოვეთ ნებართვები და გაიგზავნება სინჯები, როგორც კი ნებართვას მივიღებთ და ყველა დანარჩენ სპრედებსა და კარაქებს შევამოწმებთ.
– თქვენ რის მიხედვით შეარჩიეთ მხოლოდ სპრედები და არა ნამდვილად კარაქები?
– შევარჩიეთ შემცველობის მიხედვით. ჩვენ ვიცით, რომ პირველი აგვისტოდან ვეღარ გამოიყენებენ დასახელება კარაქს, თუ პროდუქტი არ არის კარაქი, მაგრამ მანამდე შეუძლიათ. ამიტომ ვუყურებდით შემადგენლობას და არა დასახელებას.
– თქვით, რომ შესაძლოა, ტრანსცხიმები იყოს ცხოველური ცხიმებით დამზადებულ პროდუქტებშიც. ეს რას ნიშნავს, რომ ნამდვილ კარაქშიც არის ტრანსცხიმები?
– ტრანსცხიმების რაღაც რაოდენობა რძეშიც არის. ძროხის რძეში გადამუშავებისას სხვადასხვა ბაქტერია წარმოიქმნება. თუმცა ითვლება, რომ ის სხვა ტრანსცხიმებია და არ არის მავნე, მაგრამ მაინც შევამოწმებთ, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან ბევრ ტრანსცხიმს იღებდეს. მომავალში გვინდა, შევამოწმოთ ის, რაც ამ ჯერზე ვერ შევამოწმეთ, ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევი პროდუქტი.
– ჩვენს პროდუქციაში ხდება ეს შერევა თუ უცხოურსაც გააგზავნით?
– რძეში 5 პროცენტამდე შეიძლება, იყოს სტრანსცხიმი და ეს არ ითვლება მავნედ, მაგრამ გააჩნია რძეს, სანამ არ შევამომწებთ, ამის თქმა წინასწარ ძნელია.
– თუ პროდუქტში ტრანსცხიმია, ის არ ქრება თერმული დამუშავებისას? მაგალითად, მასში შეწვისას?
– არა, არ გარდაიქმნება, ეს მავნე პროდუქტები მათში რჩება.
– სხვა რა ტიპის მავნე ელემენტს შეიძლება, შეიცავდეს რძის სხვა პროდუქტები: ხაჭო, მაწონი, არაჟანი?
– შეიძლება, მათშიც იყოს ტრანსცხიმები, მაგრამ, რადგან ხაჭოსა და არაჟანში ცხიმი ნაკლებია, საერთო ჯამში, პროდუქტში ნაკლები ცხიმები გამოდის. მაგრამ, თუ ბევრს მიიღებთ ამ პროდუქტებს, მაშინ დაგიგროვდებათ ორგანიზმიში. ამიტომ გავზომეთ, რომ განვსაზღვროთ, როგორც უნდა იკვებონ ამ პირობებში ადამიანებმა.
– განსაკუთრებით, ბავშვებმა, რომელთა რაციონში ბევრი რძის პროდუქტია.
– სპრედები ბავშვებს უნდა მოვარიდოთ.
– აგვისტოდან რძის პროდუქტებზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. რას ითვალისწინებს ისინი, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ?
– პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ტექნიკური რეგულაცია, რის მიხედვითაც, რძისა და რძის პროდუქტების დასახელება ვერ გამოიყენება იმ პროდუქტებზე, თუ ისინი შეიცავს მცენარეულ ცხიმს ან მცენარეულ ცილას. ასეთი პროდუქტები ამ ძველი, ტრადიციული დასახელებებით, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ვერ გაიყიდება.
– იმ პროდუქტების შემოწმების საშუალება თუ იარსებებს თუ მეწარმეებს სიტყვაზე, ანუ წარწერაზე უნდა ვენდოთ?
– ჩვენ ვამოწმებთ ხოლმე რძის ცხიმის შემცველობას ამ პროდუქტებში და ბევრჯერაც გამოვაქვეყნეთ, რომ ზოგიერთი დასახელების ხაჭო, მაწონი თუ არაჟანი არ არის ხაჭო, არაჟანი თუ მაწონი. ჯერჯერობით ეს არ არის აკრძალული, მაგრამ პირველი აგვისტოდან მათი ამ დასახელებებით გაყიდვა აიკრძალება.
– აკრძალვა რას ნიშნავს, საჯარიმო სანქციები დაწესდება?
– დიახ, ჯარიმა დაწესდება, როგორც ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, პირველ ჯერზე ეს ჯარიმა იქნება 400 ლარი, განმეორების შემთხვევებში – 1 200 ლარი.
– როგორც მივხდი, ადგილობრივი კარაქის წარმოება ეს არის უცხოურ მარგარინებში შერეული მცენარეული ცხიმი?
– დიახ, ჩვენთან არც მარგარინებს არ აწარმოებენ, კარაქიც და მარგარინიც შემოტანილია. ჩვენ არ გვაქვს იმდენი რძე, რომ თავად ვაწარმოოთ კარაქი. არც ზეთის მარგარინად გადამუშავების საწარმოები გვაქვს. ასე რომ, მგონი, შემოტანილ სპრედებსა და მარგარინებს ურევენ ერთმანეთში. ქართული წარმოება არის უცხოური პროდუქციის შერევა და შემდეგ შეფუთვა. ჯერჯერობით საქართველოში მეტი ვერაფერი კეთდება სპრედების მიმართულებით, თორემ ზეთს აწარმოებენ საქართველოში.
– დარღვევები ძველებურია? იმატა თუ შემცირდა?
– ამ ბოლო დროს დარღვევები ძალიან ცოტა იყო, ანუ გამოსწორების გზაზე იდგა პროცესი და გაგვიკვირდა, რომ ამხელა დარღვევა აღმოვაჩინეთ. ფაქტობრივად, იმისი იმედი აქვთ მეწარმეებს, რომ, რადგან საქართველოში არ მოწმდება პროდუქტი, არავინ შეამოწმებს.
– ერთია, რომ იმედი აქვთ, არ შეგვამოწმებენო, მაგრამ მეორეა ის, იციან კი, რომ ეს დარღვევაა?
– საქმეც ეს არის, საქართველოში არ არის აკრძალული ტრანსცხიმების გამოყენება, ამიტომ არც იზომება მათი რაოდენობა პროდუქტში. მეორე მხრივ, არ კრძალავენ იმიტომ, რომ არ ზომავენ და არ იციან, რომ გადამეტებულია. ტრანსცხიმების შეზღუდვა არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ტრანსცხიმი უნდა მიიღოს ადამიანმა, რათა ჯანმრთელი იყოს. დღეს საქართველოში მოქმედებს გასული საუკუნის 70-ან წლებში მიღებული ნორმები და ვერა და ვერ გადავედით ახალ ნორმებზე.
– და მაშინ, რა შედეგი მოჰყვება იმას, რომ აღმოაჩინეთ ეს ტრანსცხიმები ზემოჩამოთვლილ პროდუქტებში?
– არანაირი, უბრალოდ მომხმარებელს მივაწოდეთ ინფორმაცია, თორემ სანამ ახალი ნომრები არ შეიქმნება, ამ პროდუქტების გაყიდვა გაგრძელდება, სახელმწიფო ამას ვერ აკრძალავს.