„სად წაიყვან სადაურსა“
ანუ „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, შესაძლოა, შოთა რუსთაველის სახელი დაერქვას. და, თუმცა, როგორც პოეტი ამბობს, საქართველოში მხოლოდ ის ერთი (ანუ შოთა) დგას შურზე მაღლა, იდეას ოპონენტები მაინც გამოუჩნდნენ.
ზოგის მოტივია, რომ სახელის გადარქმევას აჯობებდა, აეროპორტი მფლობელი თურქებისთვის წაგვერთმია; მეორეთა ლოგიკით, რუსთაველის სახელი აეროპორტისთვის დასანანია და მისთანანი (პათოსი, დაახლოებით, ასეთია: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“).
მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ცნობილ ხელოვანთა სახელების დარქმევა მსოფლიოში ფრიად ხშირი მოვლენაა. სახელდობრ, რომის აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა; ვარშავისა, ცხადია, ფრედერიკ შოპენის, ბუდაპეშტის – ფერენც ლისტის, ლიონისა – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერისა.
ამ ლოგიკით, რუსთაველის სახელი თბილისის აეროპორტისთვის მისწრებაა, ბუნებრივია, უპირველესად ჩვენთვის, თორემ, თავად რუსთაველმა ისეთი სახელობის პოემა დაიწერა, რომ, კარგა ხანია, ხელოვნების ცის კაბადონზე კაშკაშა ვარსკვლავად დაივანა. –