მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მყავს რამდენიმე ნათლული, შემომთავაზეს მათი მონათვლა და უარი ვერ ვთქვი. რა პასუხისმგებლობა მეკისრება მათ წინაშე?
პასუხი: ნათლია ღვთის წინაშე აგებს პასუხს ნათლულის სულიერ აღზრდაზე. მან ყველაფერი უნდა ასწავლოს ნათლულს, რაც სულის ცხონებისთვისაა აუცილებელი: თვალყური უნდა ადევნოს მის ქრისტიანულ ცხოვრებას, ასწავლოს წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვების შენახვა და ლოცვების წაკითხვის წესები. ასევე უნდა დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში. ნათლული კი ვალდებულია, დაუჯეროს ნათლიას.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ცოლად შევირთო ჩემზე თორმეტი წლით უმცროსი ქალიშვილი, რაიმე ეკლესიური წინააღმდეგობა ხომ არ შემიშლის ხელს?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, დაქორწინდეთ 12 წლით უმცროს ქალზე. სარწმუნოებრივ-მართლმადიდებლური დოგმატური წეს-ჩვეულებანი ხელს არ შეგიშლით ამაში, თუ სხვა რაიმე – ყოფითი მიზეზი არ გზღუდავთ.
კითხვა: მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი დავიწერეთ მას შემდეგ, რაც შვილი შეგვეძინა. ცოდვიანად ხომ არ ჩაითვლება ასეთი ბავშვი?
პასუხი: ბავშვი, რა თქმა უნდა, ცოდვიანად არ ჩაითვლება. თუმცა, მამაკაცმა და ქალმა, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, აუცილებლად უნდა დაიწერონ ჯვარი, რათა მათი ერთობა უფლისგან იყოს კურთხეული.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ქუჩაში უცნობი მღვდელმსახური გვხვდება?
პასუხი: როდესაც მღვდელმსახურს ვხვდებით, უნდა მოვეახლოთ მას და დალოცვა ან კურთხევა ვთხოვოთ.