ჭეშმარიტი სარწმუნოება
არ არსებობს ღვთის გულმოწყალებაზე უმეტესი ცოდვა
წმიდა მიღვდელმთავარი ნიფონტ კვიპრელი ყრმობაში მშობლებმა ერთ მთავარსარდალს მიაბარეს. მან ბიჭი სასწავლებლად კონსტანტინეპოლში გაგზავნა და მისი პატრონობა მეუღლეს დაავალა.
ყმაწვილი ცუდ წრეში მოხვდა. მიბაძა მათ და გარდაამეტა კიდეც: ლოთობდა, მრუშობდა, ხშირად ჩხუბობდა, ქურდობასაც კი მიეჩვია. „ვაი შენ, ნიფონტ, რომ ხორცით ცოცხალი, სულით უკვე მკვდარი ხარ და შენი აჩრდილიღა დადის კაცთა შორის!“ – ეუბნებოდა ერთი ნაცნობი, მაგრამ ყმაწვილი ყურადღებას არ აქცევდა და უფრო და უფრო იძირებოდა ცოდვის მორევში. დროდადრო სასოწარკვეთილი იტყოდა: უკვე დაღუპული ვარ, სინანული რაღას მიშველის, მაშ, ამქვეყნიური სიკეთით მაინც დავტკბეო. მრავალგზის შეაგონა დედობილმა. ეუბნებოდა, არ არსებობს ღვთის გულმოწყალებაზე უმეტესი ცოდვა, ოღონდ კი კაცმა შეინანოსო, მაგრამ ამაოდ.
ერთხელ ნიფონტი მეგობართან მივიდა. შეხედა ნიკოდიმოსმა და შეძრწუნებულმა პირი მიიქცია. ასე რატომ მიცქერიო? – ჰკითხა ნიფონტმა. არასდროს მინახავხარ ასეთი, – უპასუხა მეგობარმა, – სახე ეთიოპს მიგიგავს, შავი გაქვს და საზარელიო. ნიფონტი შეძრწუნდა, სირცხვილისგან სახეზე ხელები აიფარა და დამწუხრებული გაბრუნდა უკან. გზად საკუთარ თავს ეუბნებოდა: „ვაი მე ცოდვილს! ნუთუ ამ ქვეყანაზე სულით და ხორცით შავი ვარ, როგორიღა წარვდგები ღვთის სამსჯავროზე?! ნუთუ ჩემთვისაც შეიძლება სინანული? როგორ შევბედო ღმერთს, შემიწყალე-მეთქი?“ ეშმაკი, რომელსაც ნიფონტის მოქცევა არ სურდა, ათას ამაო ფიქრს ჰგვრიდა, მაგრამ ვაჟმა მაინც სძლია ბოროტს. ასე შეცვალა ერთმა სიტყვამ, ღვთის მადლით სავსემ, ნიფონტის ცხოვრება. თავისი ღვაწლითა და ღვთის მოწყალებით, მან სასწაულთმოქმედების ნიჭი შეიძინა, ბოლოს კი სახიერმა უფალმა თავისი სამწყსოც ჩააბარა. მცირე ხანს კვიპროსის ქალაქ კონსტანცის ეპისკოპოსი იყო, მერე კი წარსდგა ღვთის წინაშე.