ვინ მოკლა აშოტ კურაპალატი საკურთხეველში და როგორ დაიტირა ის გრიგოლ ხანძთელმა
მერვე საუკუნეში კავკასიაში, წინა აზიასა და, საერთოდ, მსოფლიოში ბატონობისათვის, ერთმანეთს ეცილებოდა ორი დიდი სახელმწიფო: ბიზანტიის იმპერია და არაბთა სახალიფო.
ბიზანტია ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც ადრე, არაბების იმპერია კი ჯერ კიდევ აღმავლობის ხანაში იმყოფებოდა.
ამ დროს საქართველო არ იყო ერთიანი, თუმცა არსებობდა პატრიოტული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას, არაბთა ბატონობისგან გათავისუფლებას და მთელი ენერგიით ებრძოდნენ სახალიფოს.
ერთ-ერთი ასეთი დიდი პატრიოტი იყო ქართლის ერისმთავარი აშოტ ადარნასეს ძე ბაგრატიონი. ის დაახლოებით 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი, „მეფეთა ტახტზე მჯდომი“ და ენერგიულად შეუდგა ტფილისის ამირას წინააღმდეგ ბრძოლას. მან არაბები განდევნა ტფილისიდან, შემდეგ ალბანეთის ერთ-ერთი დედაქალაქი ბარდავიც დაიკავა (ახლა ბარდავი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია). მაგრამ რამდენიმე წელიწადში არაბები დიდი ძალით კვლავ შემოესივნენ ჩვენს სამშობლოს და შეძლეს ქართველთა დამარცხება. დაახლოებით 813 წელს აშოტ პირველს მოუწია ქართლის დატოვება და კლარჯეთში გადასვლა, რომელიც ძველად ზემო ქართლად იწოდებოდა.
კლარჯეთში აშოტ დიდმა აღადგინა ვახტანგ გორგასლისეული არტანუჯი და იქ დაიდგა ტახტი. ეს ციხე-ქალაქი და შემოგარენი მურვან ყრუს მიერ იყო აოხრებული. არაბთა ამაოხრებელი შემოსევების გარდა, ამ მხარეს დიდი ზიანი მიაყენა ქოლერის ეპიდემიამაც.
არასდროს შეუწყვეტია აშოტ ბაგრატიონს ქართლის დაბრუნებაზე ფიქრი. ის ისევ აკონტროლებდა შიდა ქართლს და ზოგ ტერიტორიებს.
არაბების წინააღმდეგ საბრძოლველად აშოტ პირველი დაუკავშირდა ბიზანტიის კეისარ ლეონ მეხუთეს. ბიზანტიის კეისარს ძალიან სჭირდებოდა მოკავშირეები, მით უმეტეს კავკასიაში, რომელსაც ესაზღვრებოდა მისი სახელმწიფოს პონტოური პროვინციები. იმპერატორმა მოკავშირედ გამოაცხადა აშოტ ბაგრატიონი და საპატიო ბიზანტიური ტიტული – კურაპალატობა მიანიჭა. აშოტმა თითქმის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე გაავრცელა თავისი ძალაუფლება და კავკასიის უძლიერეს ხელმწიფედ იქცა.
780-იანი წლებიდან კლარჯეთში დამკვიდრდა ქართული ეკლესიის დიდი მნათობი გრიგოლ ხანძთელი თავის მეგობრებთან ერთად და გაშალა დიდი სამონასტრო ცხოვრება.
მამა გრიგოლი და მისი მოწაფეები უდიდეს საქმეებს აკეთებდნენ. მონასტრებში არა მხოლოდ ლოცულობდნენ, იქ იყო განათლების კერები, მიმდინარეობდა ფართო იდეოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა და იდეოლოგიური საფუძველი ეყრებოდა ქვეყნის გაერთიანებასა და გათავისუფლებას.
უზარმაზარი იყო არაბთა სახალიფო, ბიზანტიაც კი ძრწოდა მისი შიშით. ასეთ დროს, მხოლოდ განსაკუთრებულად მადლმოსილ ადამიანებს შეეძლოთ, ეოცნებათ, მით უმეტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. თითქოს უაზრობად ჩანდა ამგვარ ვითარებაში მონასტრების მშენებლობა, რწმენის განმტკიცება, კულტურის აღორძინება, სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა, მეურნეობის აღორძინება, ხალხის დამშვიდება და არმიის შექმნა...
ღმერთმა შეახვედრა ორი უდიდესი პიროვნება ერთმანეთს. ბაგრატიონ ხელმწიფესთან დაახლოებულმა დიდებულმა, გაბრიელ დაფანჩულმა გააცნო ერთმანეთს აშოტ პირველი დიდი და დიდი გრიგოლ ხანძთელი.
კარგა ხანს თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ მამა გრიგოლი და აშოტ კურაპალატი და საფუძველს უყრიდნენ მომავალ დიდ საქართველოს. მამა გრიგოლს დიდი წვლილი მიუძღოდა უფლისწულების, აშოტის ძეების – ადარნასეს, ბაგრატისა და გუარამის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაში ბაგრატიონთა გვარის კიდევ უფრო დაწინაურებასა და განდიდებას შეუწყო ხელი მამა გრიგოლის მიერ აშოტ კურაპალატის ქრისტეს ნათესავად აღიარებამ. როგორც ჩანს, საქართველოში მანამდეც უტყუარ ფაქტად მიაჩნდათ ბაგრატიონების წარმომავლობა ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისგან, ანუ ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობა, რადგან სწორედ დავით მეფსალმუნის შთამომავლების, ყოვლადწმინდა მარიამისა და მართალი იოსების ოჯახში განკაცდა მაცხოვარი. თუმცა, გრიგოლ ხანძთელის მიერ ამ თეორიის გაზიარებამ და მის მიერ, დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის მსგავსად, ამ საგვარეულოსადმი აღვლენილმა ლოცვამ თავისი საქმე გააკეთა როგორც იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული, ისე რწმენის თვალსაზრისითაც. საქართველოში ყველამ იცოდა, უდაბნოს ვარსკვლავი ტყუილად არაფერს ამბობდა და მისი სიტყვები წინასწარმეტყველურად მიაჩნდათ.
„უფლის მიერ ცხებული დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობა და მისი სათნოებანი დაგიმკვიდრა ქრისტემ, რისთვისაც მოგახსენებ – არ მოაკლდება მთავრობა შენს შთამომავლობას ამ ქვეყანაში, უკანასკნელ ჟამამდე. არამედ იქნებიან ისინი კლდეებსა და მთებზე მყარად და დიდებულ იქნებიან უკუნისამდე“, – ასე დალოცა ქართული ეკლესიის ერთ-ერთმა უდიდესმა ავტორიტეტმა აშოტ ბაგრატიონი; ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა მან აშოტის შთამომავლებზე.
გავიდა ხანი. აშოტ კურაპალატს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამხრეთი რეგიონების ხელახლა ათვისებაში, ეკლესიებისა და ქალაქების მშენებლობაში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ზრუნვაში. არც ქართლსა და აღმოსავლეთ საქართველოს თმობდა.
818 წელს აშოტმა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფე თეოდოსი მეორესთან ერთად, დაამარცხა გრიგოლ კახთა მთავარი და მისი მოკავშირე ტფილისის ამირა, რის შედეგადაც დაიბრუნა ქსნის ხეობა და ქართლის დიდ ნაწილზე კვლავ გაავრცელა თავისი გავლენა.
აშოტ პირველი და მისი შვილები დიდად ეხმარებოდნენ გრიგოლ ხანძთელს ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში.
აშოტ კურაპალატს დიდი სამსახური გაუწია გრიგოლ ხანძთელმა, „ზეცისა კაცმა და ქუეყანისა ანგელოზმა“, როდესაც ქორწინების გარეშე სიყვარულიდან კვლავ ოჯახისკენ და სახელმწიფოს მმართველობისკენ მოაბრუნა – ამგვარად ააცდინა იგი ცოდვასა და საქმისგან გაუცხოებას.
ამ პერიოდში კავკასიაში კვლავ შემოიჭრნენ არაბები ურიცხვი ჯარით და დაიპყრეს სომხეთი, ქართლი და ჰერეთი...
აშოტ დიდი დიდი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ ქვეშევრდომთა შორის მოღალატენი აღმოჩნდნენ, რომლებიც მიემხრნენ სამხრეთ საქართველოში შეჭრილ არაბებს. ესენი ყოფილან ვინმე ოროზ-მოროზის ძენი, რომელთაც მოულოდნელად შეუტიეს ხელმწიფეს. მარტოდ დარჩენილმა მეფემ სოფელ დოლისყანის ძველ ტაძარს შეაფარა თავი, მაგრამ მოღალატეებმა არ დაინდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ბაგრატიონი და საკურთხეველში მოკლეს.
ეს მოხდა 826 წლის 29 იანვარს.
ვერ გაასწრეს მოღალატეებმა შურისძიებას – ხალხმა დახოცა წმიდა აშოტ მეფის მკვლელები.
იმ ხანებში მამა გრიგოლ ხანძთელი, რამდენიმე მოწაფესთან ერთად, რაღაც საქმეების გამო, კონსტანტინოპოლში იყო წასული. როცა ბრუნდებოდა და შემოვიდა საქართველოში, კერძოდ – ტაოში, ქართული ეკლესიის მნათობმა შეიტყო, რომ ხელმწიფე აშოტ კურაპალატი მოეკლათ. ამან ძალიან დაამწუხრა ის და მისი მხლებლები და გულსტკივილით აატირა.
უდაბნოს ვარსკვლავს ყველა ადამიანი უყვარდა, განსაკუთრებით კი – ქვეყნისთვის თავდადებული მსახურები, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნებოდა ხელმწიფე აშოტი, მისი თანამოაზრე და მეგობარი.
ცრემლით ილოცა ღვთისმსახური ხელმწიფის სულის საცხონებლად, ჰმადლობდა ღმერთს, ყოვლის გამრიგეს და თან გლოვობდა:
„ჰოი, მეფეო ჩემო ძლიერო და დიდებულო, ეკლესიათა სიმტკიცეო და ქრისტიანთა ზღუდეო! აწი საიდან გელოდო – აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან... შენ ხომ ამ მხარეთა ხალხების მფლობელი იყავი და ხელმწიფეებს იმორჩილებდი სამხედრო ხელოვნებით, საკვირველო დიდებულო, ღვთისმსახურო ხელმწიფეო.
როგორც უფალი გაიწირა მოსაკლავად იუდას მიერ, ისევე გასწირეს მოღალატეებმა დიდი ხელმწიფე ურჯულოთათვის გადასაცემად“.
შემდეგ მამა გრიგოლმა ილოცა აშოტ კურაპალატის დიდებული შვილების – ადარნასეს, ბაგრატისა და გუარამისთვის, რათა უფალს დაეცვა დიდებით და მიეცა მათთვის დღეგრძელი კეთილმსახურება.
ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა წამებული დიდი ხელმწიფე აშოტ კურაპალატი და მისი ხსენების დღედ დადგინდა 29 იანვარი (ახალი სტილით 11 თებერვალი).