სად გადის ზღვარი ბავშვის დასჯასა და მასზე ძალადობას შორის და რატომ არის სახიფათო, როცა ბავშვი დასჯას ეჩვევა
– არის თუ არა დასჯა ბავშვის სწორად აღზრდის აუცილებელი ნაწილი?
– ახალი ადამიანის, ახალი პიროვნების ჩამოყალიბება საკმაოდ რთული პროცესია. ერთია პატარა ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა – კვება, ძილი, ბანაობა, გასეირნება და ასე შემდეგ, მაგრამ, ბევრად უფრო რთულია ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა. ბავშვისთვის გარკვეული აკრძალვების დაწესება აღზრდის პროცესის გარდაუვალი პირობაა, რადგან ეს უზრუნველყოფს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას – პატარას არა აქვს სათანადო ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ ადეკვატურად შეაფასოს რისკები, თუმცა, ძალიან ხშირად, მშობლის მხრიდან ძლიერმა კონტროლმა, შეიძლება, ძალადობრივი ფორმაც კი მიიღოს. ასაკის მიუხედავად, თითოეული ადამიანი უშვებს შეცდომას და, აღმოჩნდება, რომ საპასუხოდ მხოლოდ ბავშვები იღებენ მკაცრ სასჯელს. თავად ბავშვებს უფრო მეტად სჭირდებათ დისციპლინა, შეზღუდვების დაწესება, მოზრდილთა მხრიდან კონტროლი, რადგან ამ ყველაფერს ჯანსაღი გაგებით წესრიგი შემოაქვს ცხოვრებაში და აძლევს შესაძლებლობას, ისწავლოს, მიიღოს სასარგებლო გამოცდილება და, რაც მთავარია, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, ოღონდ, დაწესებული ზღვრები უნდა იყოს გონივრული, ბავშვზე ორიენტირებული და პიროვნულ პატივისცემაზე დაფუძნებული. აღზრდის პროცესში დაწესებული მოთხოვნა არ უნდა იყოს ძალიან ბევრი და აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ასაკობრივ შესაძლებლობებს, ბავშვის პიროვნების ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. აკრძალვის დარღვევა ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია, განსაკუთრებით – ცნობისმოყვარე ბავშვისთვის – ცნობიმოყვარეობა მას მარტივად არღვევინებს აკრძალვებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი რეაქცია მოჰყვება ამ ქმედებას მშობლისგან, რადგან, სწორედ აქ იზრდება შეცდომების დაშვებისა და ძალადობრივი გზების გამოყენების ალბათობა. ხშირად მშობლის რეაქცია გადამეტებულია და არაადეკვატური. მიუხედავად იმისა, რომ ორი ცნება – „აღზრდა” და „ძალადობა” სრულიად განსხვავებული შინაარსის მქონეა და, როგორც პროცესს, განსხვავებული მიზნები აქვთ, არის მათ შორის კავშირი და დიდი ალბათობა, რომ ერთი გადაიზარდოს მეორეში. აღზრდა – ეს არის ქცევის კულტურული ფორმების სწავლების პროცესი. ადამიანი ბუნებით სოციალური არსებაა, ცხოვრობს სხვა ადამიანეთან ერთად და, შესაბამისად, სჭირდება ქცევის გარკვეული ფორმების სწავლება, რომლებიც მიღებულია იმ კონკრეტულ საზოგადოებაში. რამდენადაც აღზრდის პროცესი ყოველთვის გულისხმობს გარკვეული წესების დაწესებას და შემდგომ დაცვას, ხშირად, შესაძლოა, ძალადობრივი ფორმა მიიღოს, რადგან ბავშვისთვის თავისუფლების შეზღუდვა მტკივნეული და ხშირად გაუგებარი პროცესია. მან არ იცის, რისთვის სჭირდება, მოიქცეს ზრდილობიანად, მაგალითად, სტუმრად ყოფნის დროს და რატომ არ უნდა გამოთქვას თავისი აზრები ხმამაღლა, თუკი მას არ მოსწონს იქ ყოფნა. ცხადია, მოზრდილებს აქვთ ბევრად მეტი გამოცდილება და, შესაბამისად, უფრო კარგად იციან ბავშვის საჭიროებების შესახებ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს თავად პატარას მოთხოვნების სრული იგნორირება. აღზრდა ხშირად იღებს ძალადობრივ ფორმებს და იწვევს ტრავმებს, მშობელების მხრიდან გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.
– ხშირად ერევათ მშობლებს ბავშვის დასჯა და ძალადობა ჩვენს რეალობაში?
– საკამოდ ხშირად. დასჯასა და ძალადობას შორის ბეწვის ხიდია. უფრო საგანგაშოა ფაქტი, რომ, ჩვენს რეალობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებულია ძალადობრივი ფორმით ურთიერთობა ერთმანეთთან და, ცხადია, ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ. ბავშვების უფლებები ირღვევა როგორც გადამეტებული შეზღუდვების დაწესებით, ისე მეტისმეტად ბევრი უფლების მინიჭებით, რაც არ არის ადეკვატური მათ ასაკობრივ შესაძლებლობებთან.
– რა შეიძლება ჩაითვალოს დასჯად და რა – ძალადობად?
– ძალადობა – ეს არის სასტიკი მოპყრობა, ქცევის ფორმა, რომელიც აყენებს ზიანს ბავშვს და გულისხმობს მისი სურვილების, ინტერესების, გრძნობების, პიროვნული თავისუფლების უგულებელყოფას. ეს ფორმა მიზნად ისახავს სრულ კონტროლს. არსებობს ძალადობის სხვადასხვა ფორმა: ფიზიკური, ვერბალური (სიტყვიერი), ემოციური ძალადობა; ასევე, გავრცელებული ფორმაა ბავშვების მიმართ ზრუნვის არარსებობა. თავის მხრივ, უფრო დეტალური განხილვისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს ძალადობის ისეთ ფორმებზე, რომელიც ძალიან ხშირია, ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად არის ქცეული და, ჩვეულებრივ, არც კი აღიქმება ძალადობად – ეს არის სიტყვიერი ნეგატიური ზემოქმედება, შეურაცხყოფა, მუდმივი კრიტიკა, შენიშვნები, შერცხვენა, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სხვა ადამიანების თანდასწრებით. ურთიერთობის ეს ფორმები ხშირად გაცილებით სტრესული და შეუქცევადი შედეგების მქონეა, რადგან ქრონიკულ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს ისეთი ძლიერი კომპლექსების ჩამოყალიბებას, რომელიც, შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე ხელისშემშლელი აღმოჩნდეს მისთვის და მთელი ცხოვრება ვერ მოიშოროს. ზოგჯერ მათ ცემა უფრო ადვილად ავიწყდებათ, ვიდრე სიტყვა, რომელმაც გული ატკინა.
– როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა შვილის დასჯის მეთოდი, რომ ეს ძალადობაში არ გადაიზარდოს? როგორ აღვზარდოთ ურჩი ბავშვი დასჯის გარეშე?
– საუკეთესო გზა ამ დროს არის საუბარი, ლაპარაკი, ურთიერთობა. თუმცა საუბრის დროც სწორად უნდა შეარჩიოთ და სიტყვებიც. ხშირად თვითონ ბავშვი არ არის იმ მომენტში საუბრისთვის მზად, არ უნდა მოსმენა, რადგან მისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ასეთ შემთხვევაში, მშობელმა უნდა მისცეს დრო როგორც შვილს, ისე საკუთარ თავს, რადგან მასაც სჭირდება დაფიქრება, ემოციური სტაბილურობა, რომ შემდგომ მაქსიმალურად სწორად მოიქცეს. ყველაზე ნეგატიურ გამოცდილებასაც შეუძლია, სასარგებლო რამ ასწავლოს ადამიანს. შეცდომის დაშვება ბავშვისთვის არ უნდა იქცეს გამოუვალ მდგომარეობად და სწორედ ამაში სჭირდება მას მოზრდილების მხირდან დახმარება; თუ თავად მოზრდილი არ ეძებს გამოსავალს და მხოლოდ დაშვებული შეცდომისთვის პასუხის მოთხოვნაზეა ორიენტირებული, ორივე ექცევა ჩაკეტილ წრეში, სადაც უფრო მეტი შეცდომის დაშვების ალბათობაა. არ არსებობს ერთი უნივერსალური წესი, მაგრამ, არსებობს შესაძლებლობა, რომ პრობლემა მოგვარდეს, გადაილახოს. როდესაც ოჯახი თავად ვერ უმკლავდება შექმნილ სიტუაციას, საუკეთესო გამოსავალი ამ დროს არის ფსიქოლოგთან ვიზიტი – ამას გაცილებით დიდი შედეგი მოაქვს კრიზისულ სიტუაციებში. დასჯის მეთოდი „დანაშაულის” სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ადეკვატური ასაკობრივი და პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, ერთი და იგივე მეთოდი თითოეულთან სხვადასხვა ეფქტის მომტანია. ხშირად, არ ღირს, მცირე ინციდენტიდან გრანდიოზული პრობლემის შექმნა, თუმცა, საუბარი ყოველთვის საჭიროა. არ არის აუცილებელი, ბავშვს თითოეული ნაბიჯისთვის პასუხი მოეთხოვოს. ეს, სხვა ნეგატიურ შედეგებთან ერთად, ზღუდავს მის პიროვნულ დამოუკიდებლობას, რამდენადაც, აღზრდის პროცესი თავად გულისხმობს მისაღები და მიუღებელი ფორმების დაწესებას, შეზღუდვებს, აკრძალვებს, დისციპლინას, ქცევის ჩარჩოებს და ხშირად გარდაუვალი ხდება დასჯის გარკვეული ფორმების გამოყენება. ყველაზე მთავარი კი არის ზომიერება, გონივრული ფარგლები, რადგან, მშობლის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, დასჯამ, შეიძლება, გაცილებით დიდი ზიანი მოუტანოს ბავშვს, ვიდრე იმ შემთხვევამ რისთვისაც ისჯება.
– იწვევს თუ არა სისტემატური დასჯა ბავშვში ფსიქიკურ პრობლემებს?
– თუ სისტემატური ხასიათის და უკონტოროლო დასჯა იქცევა ბავშვის ცხოვრების სტილად, ბავშვი ეჩვევა დასჯას – იცის, რომ დაისჯება, მაგრამ, იმავეს აკეთებს და ეს არის ძალიან სახიფათო; ეს პირველი სიგნალია, რომ მას დახმარება სჭირდება, რადგან, არ იცის, როგორ მიიღოს ის, რაც რეალურად უნდა. ცნობილი ფსიქოლოგის ცნობილი ფრაზა – „თვით ყველაზე დესტრუქციული ქცევის უკან პოზიტიური მიზანი იმალება” – სწორედ ამ საკითხს აშუქებს კარგად: იზრდება დეპრესიული ფონი, ან, პირიქით, ქცევის მანიაკალური ფორმების გამოვლენის ალბათობა; მატულობს შფოთვა, შიში, რომელსაც ახასიათებს გენერალიზება; ყალიბდება კომპლექსების მთელი რიგი; ირღვევა ძილი, კვება; უარესდება აკადემიური მოსწრება, კომუნიკაციები. ხშირად ბავშვი საკუთარ თავზეც კი არ ზრუნავს, რაც გადადის საკუთარი თავის მიუღებლობაში. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, მშობელს ჰმართებს დიდი სიფრთხილე, რომ აღზრდის პროცესში, თუნდაც ბავშვის დასჯისას, სწორი და ადეკვატური ფორმები შეარჩიოს.