როგორ შეიქმნა ვაჟა-ფშაველას პორტრეტი ობობის ქსელით და როდის მიხვდა მაია გუდაძე, რომ განსხვავებული ნიჭი ჰქონდა
სულხან-საბას განმარტებით, ნიჭი არის „უფალთა მიერ საბოძვარი.” ალბათ, დამეთანხმებით, რომ თითოეულ ჩვენგანს უფლისგან ნაბოძები ნიჭი გვეძლევა, თუმცა მისი გამოყენება უკვე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ზოგს შეუძლია სიმღერა, ხატვა, ცეკვა და ასე შემდეგ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ყველასგან განსხვავებული ნიჭით რომ არიან დაჯილდოებულნი. სწორედ ასეთია, ქალბატონი მაია გუდაძე, რომელიც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ობობას ქსელით ხატავს. ვინც მის ნამუშევრებს ნახავს, გაოცებას ნამდვილად ვერ დამალავს.
მაია გუდაძე: ხარაგაულის რაიონის სოფელ წიფაში დავიბადე, ბავშვობა იქ გავატარე, შემდეგ ხაშურში შევქმენი ოჯახი და საცხოვრებლადაც აქ გადმოვედი. ამჟამად, ხაშურის მახლობლად, სოფელ ცხრამუხაში ვცხოვრობ. ორი შვილი მყავს და მათთან გათანაბრებული 500-მდე მოსწავლე. მე-8 საჯარო სკოლაში ვასწავლი ხელოვნებას, შესაბამისად, ვცხოვრობ ისე, როგორც მასწავლებელს შეეფერება – ძალიან მოკრძალებულად. ჩემს პროფესიაში ვცდილობ, აქტიური ვიყო და არაფერი მოვაკლო ბავშვებს. კასპის ხელოვნების ცენტრ „გარიყულაში” მოსწავლეებიც კი დამყავს ლექციების მოსასმენად. ასევე, არაერთ ფესტივალში მიგვიღია მონაწილეობა და გამარჯვებაც ბევრჯერ გვიზეიმია. ყველა ჩემი მოსწავლე ხატავს და მუშაობს თექაზე. იმის გამო, რომ ბავშვებს მინანქარი აინტერესებდათ, სპეციალურად თბილისში გავიარე კურსები. ვოცნებობ მინანქრის სახელოსნოზე, მის შესაძენად არც სკოლას აქვს ფინანსები და არც მე, მადლიანი ადამიანიც არ გამოგვიჩნდა, რომ გვიყიდოს. მინდა, კარგი მასწავლებელი ვიყო. ამის სტიმულს ჩემი დირექტორი, ქალბატონი მანანა ხიჩაკაძე და თანამშრომლები მაძლევენ.
– ხატვას რომ თავისებური ნიჭი სჭირდება ვიცით, მაგრამ თვითნასწავლი ხართ თუ ამ კუთხითაც გაქვთ განათლება მიღებული?
– ზოგადად, ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე. სულ ვხატავდი, მაგრამ ისე, რომ საჯაროდ გამომეტანა ჩემი ნამუშევრები, არა. ჩემს საქმიანობას სერიოზულად არ ვუყურებდი. საჩუქრების გაკეთების მიზნით უფრო დავინტერესდი სხვადასხვა შემოქმედებით. მოსწავლეები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ, დაბადების დღეებზე ვაჩუქებდი ხოლმე ჩემს ნამუშევრებს. ფერმწერი არ ვარ, მაგრამ ვმუშაობ თექაზეც. რამდენად დაიჯერებთ, არ ვიცი, მაგრამ დიდად არ მიყვარს ჩემი ნახატები. ამიტომ, ძალიან მარტივად გავაჩუქებ ხოლმე. შეიძლება ერთ ღამეში 5 ჩარჩო დავამთავრო, მეორე დღეს კი ქუჩაში დავარიგო ბედნიერად. არასოდეს შემიხედავს სერიოზული თვალით ჩემი შემოქმედებისთვის. ადრე, ლიტვის საელჩოსთან მქონდა პროექტი, ბავშვებს ვასწავლიდით თექაზე მუშაობას. იქ უცხო თვალი რომ ხედავდა ჩემს ნამუშევარს და მოსწონდათ, მეც მიხაროდა და ყველას ვჩუქნიდი. რამოდენიმეჯერ „არტ-გენზეც” მივიღე მონაწილეობა, ჩემი ნამუშევრების გაყიდვა ზუმბას დახმარებით დავიწყე, თუმცა ეს ძალიან მოკლე პერიოდს უკავშირდება. იყო პერიოდი, როდესაც გამუდმებით ვმუშაობდი და ვხატავდი, რათა გამეყიდა ნამუშევრები. ოჯახში ფული მჭირდებოდა და ღამეებსაც ვათენებდი ამისთვის.
– ობობის ქსელით ხატვა როდის დაიწყეთ?
– მყავს პირუტყვი. ერთ დღესაც ძროხას უნდა გაეჩინა შვილი. ამ დროს ცხოველი მარტო არ უნდა დატოვო და მეც მასთან ვიყავი. დეკემბერი იყო, როგორც მახსოვს, ძალიან ციოდა და ჩემი მეუღლის ქურთუკი მოვიცვი. შემთხვევით ობაბა ჩამომაცურდა მხარზე და ქსელი დატოვა. მეც, გართობის მიზნით, ხელით გავწიე და გამოვწიე ქსელი. ბოლოს, დავინახე, რომ ძალიან ლამაზი პეპელა გამოვიდა. დილით სახლში რომ დავბრუნდი, ამოვჭერი ეს პეპელა და შევინახე. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, კიდევ დამეხატა ობობის ქსელით. დღეისთვის, დაახლოებით, 200 ნამუშევარი მაინც მექნება შექმნილი, თუმცა უმრავლესობა გაჩუქებული მაქვს.
– ასე ადვილად როგორ თმობთ ნამუშევრებს?
– რაც შვილებისთვის მაქვს გაკეთებული, იმას ვერავის ვაჩუქებ და დანარჩენების გაჩუქება არ მიძნელდება. სახლში ბუხარი მქონდა გასაკეთებლი, წავედი მდინარის პირას და ლამაზი ქვები მოვაგროვე. ჩემით მოვაპირკეთე ბუხარი. შემდეგ გადავწყვიტე, ქართული, ლამაზი პორტრეტი გამეკეთებინა და ბუხრის თავზე დამეკიდებინა. მატყლისა და სხვადასხვა ნივთისგან დავხატე გამოსახულება, რომელსაც ვაჟა დაარქვეს. თუმცა, საერთოდ არ მიფიქრია, რომ ეს ვაჟა შეიძლებოდა, ყოფილიყო.
– ობობას ქსელით ქსოვილზე ხატავთ?
– დიახ, ძირითადად შალის ნაჭერზე. ქსელს არაფრით ვამაგრებ, არც წებოს და არც სხვა საშუალებას არ ვიყენებ. თითებით ვაძლევ ფორმას და თითებითვე ვამაგრებ. თუ დეკორაცია მოითხოვს, ტყავს ან სხვა რამეს ვაყოლებ. მე არ ვარ პირველი, ვინც ამით ხატავს. ერთხელ ერთი ქალბატონი შემოვიდა ჩემს ეზოში, მანქანა გაუფუჭდათ და დახმარება უნდოდათ. ჩემი ნამუშევრები რომ დაათვალიერა, მითხრა, რომ ზუგდიდში მისი ახლობელიც აკეთებდა ანალოგიურს.
– ალბათ, ბევრ ქსელს მოითხოვს ერთი ნახატის შექმნა.
– არა, ძალიან ცოტა ქსელია საჭირო. ფურცლით ვიღებ რამდენიმე ხაზს და საკმარისია ჩარჩოს დასასრულებლად. ქსელი ძალიან წელვადია, არ წყდება და თითებს მიჰყვება, ისეთ ფორმას იღებს, როგორიც გსურს. ამიტომ, მარტივია მასზე მუშაობა. არც მისი მოპოვებაა რთული, ყველა სარდაფში წააწყდებით. მე მეგობრებიც მიგროვებენ.
– მოსწავლეებს თუ ასწავლით ამ საქმიანობას?
– არავის გამოუვიდა. ძალიან უნდოდათ ესწავლათ, მაგრამ ვერ შეძლეს. მეგობრებმაც სცადეს, თუმცა არც იმათ გამოუვიდათ. რთული არაა ქსელით მუშაობა, უბრალოდ, ძალიან უნდა გინდოდეს, ვინმე გაახარო შენი საჩუქრით. იმათ კიდევ შენახვა უნდათ და მაგიტომ არ გამოსდით (იცინის). ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს, ცოტათი თუ გამოვარჩევ შვილებისაგან. „ფეისბუქი” იმიტომ გავაუქმე, რომ თუ ვინმემ წერა იცოდა, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, ყველა მწერდა (იცინის).
– სურვილი არ გქონიათ, თქვენი ნამუშევრების გამოფენა მოგეწყოთ?
– ფართო მასშტაბებზე რომ გამოვსულიყავი და გამოფენა გამეკეთებინა, არ მინდოდა, რადგან სერიოზულად არ ვუყურებდი არასოდეს ამ საქმეს. ძალიან ბევრი ნამუშევარი უცხოეთშიც გამიყიდია, ჩემი კოლეგების, მოსწავლეებისა და ახლობლების დახმარებით. ერთხელ ბორჯომში მოვაწყვე გამოფენა და არაფერი გაიყიდა, ერთ რეჟისორს მოეწონა ერთ– ერთი ნამუშევარი და მკითხა, რამდენად ყიდიო. საერთოდ არ გამოვართვი ამ კაცს თანხა, მოვუწერე ხელი ნამუშევარზე და ვაჩუქე.
– მეუღლე როგორ უყურებს თქვენს საქმიანობას?
– ჩემი მეუღლე, ზაზა გოგნიაშვილია, 24-ე წელია, რაც ოჯახი შევქმენით. როცა შენს საქმიანობას თავად არ აფასებ, სხვას რა დამოკიდებულება უნდა მოსთხოვო. მოსწონს ჩემი ნამუშევრები. როცა სტუმარი გვყავს, ამბობს ხოლმე, ეს ჩემი ცოლის დახატული და გაკეთებულიაო. განსაკუთრებით ბუხრისკენ მიუთითებს (იცინის).