როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ტიკურიშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი ტიკარა. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი ტიკთან უნდა იყოს დაკავშირებული, ანუ ტიკის გამომყვანი, გამკეთებელი, ესე იგი, ხელობა-საქმიანობის გვარი უნდა იყოს. ამავე ფუძითაა წარმოქმნილი ტიკარაძე, ტიკარიძე, ტიკაძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი.
ტიკურაშვილები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩანან დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ გოლთეთში. 1873 წლის აღწერით, მებატონე ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან ანდრე, ზურაბ და გაბრიელ ტიკურიშვილები. გოლთეთში მოსვლისას ტიკურიშვილებს გვარი შეუცვლიათ. აქ მოსვლამდე მათი ადრინდელი გვარი ძერყორაშვილი ყოფილა. ძერ-ყორა-შვილები ახალგორის მხარიდან გადმოსულან.
ძერყორაშვილ-ტიკურიშვილებიდან გაჩენილი გვარებია: ბეკარიშვილი, მახარაშვილი, ხრიკული. მახარაშვილი არის დამოუკიდებლად გაჩენილი გვარიც.
სულაკაური-სულაკაძე
გვარში ფუძედ წარმოდგენილია საკუთარი სახელი სულა. სულას მოფერებითი ფორმაა სულაკა, სულაქა. საქართველოს მთიანეთში სუფიქსი ურ-ით ბევრი გვარია ნაწარმოები.
ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარი სულაკაძე იმერეთში.
სულაკაურთა გვარის გამხმიანებლად და გამაძლიერებლად ბატონი არჩილ სულაკაური, ბატონი ვალერიან (ვალიკო) და მისი ვაჟიშვილებიც კმარა. თუმცა, ამ მცირერიცხოვან გვარს სხვა ბევრი სასახელო წარმომადგენელიც ჰყავს.
საქართველოში 45 სულაკაური ცხოვრობს: თბილისში – 26, ახმეტაში – 13, თელავში – 3. არიან სხვაგანაც.
მაცაბერიძე
გვარის ფუძეა რთულად შედგენილი საკუთარი სახელი მაცაბერი. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი – მაცი. ამ სახელისგან ნაწარმოები გვარებია: მაციშვილი, მაცაკიძე, მაციაშვილი, მაცუკიშვილი.
„ძლიერ ძველად ჩანან მაცაბერიძე, მაციშვილი და მისთანანი, რომელშიც მაც ძირია საგულვებელი.”
1941 წელს მაცაბერიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად და იქ დაფუძნებულან.
საქართველოში 797 მაცაბერიძე ცხოვრობს: თბილისში – 352, ამბროლაურში – 77, ზესტაფონში – 60. არიან სხვაგანაც.
მურუსიძე
გვარის ფუძეა სიტყვა მურუსი. მუ იგივეა, რაც სვანური თავსართი მგ, რომელიც სადაურობის აღმნიშვნელია. სიტყვა „მურუსი“ ნიშნავს „რუსს“. მურუსიძე მნიშვნელობით იგივეა, რაც რუსიშვილი.
1941 წელს მურუსიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად.
საქართველოში 895 მურუსიძე ცხოვრობს: თბილისში – 233, ამბროლაურში – 197, ქუთაისში – 154. არიან სხვაგანაც.
ჯანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანიკო. ჯანოს მოფერებითი ფორმებია: ჯანა, ჯანია.
1569 წელს ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს, მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიუცია, მოიხსენიება ჯანა ღანუკელი.
1601 წელს, ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც ალექსანდრე მეფეს მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიეცა, მოიხსენიება ჯანა ჯამიათელი.
ელიზბარ ჯანიაშვილი 1695 წელს მეჯვრისხევში მოიხსენიება ბატონყმობის წიგნში.
1843 წლის აღწერით, სოფელ წვერში ცხოვრობდა გლახა ჯანიაშვილი.
ასევე, გვაქვს მეგრული გვარი ჯანია.
საქართველოში 2 610 ჯანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 739, სიღნაღში – 512, გურჯაანში – 175. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით