კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

„დიმკა“ ბარაკის სახურავზე იწვა. აბოლებდა. ცას შესცქეროდა და თავისუფლებაზე ოცნებობდა. იქამდე კი ძალიან შორს იყო. ოცდაორი წლის ყმაწვილს ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გაუშვებდნენ. თანაც, უკეთეს შემთხვევაში – თუ, რა თქმა უნდა, არაფერს დააშავებდა და „სროკს“ არ დაიმატებდა. ასეთი რამ კი მისი ხასიათისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ამიტომ, ის „ციხის კაცობისთვის“ იყო განწირული. „ციხის კაცებს“ საპყრობილის ხანგრძლივ ან მუდმივ პატიმრებს უწოდებენ. თუმცა, ეს თითქმის ერთი და იგივეა...

ციხე ჯერ გთრგუნავს, შემდეგ ეჩვევი. ხოლო, თუ შეგიყვარდა, ციხის კაცი ხარ და გამოსვლაც აღარ მოგინდება...

დიტო კანდელაკი მესამე „სროკზე” იჯდა და ნელ-ნელა ეჩვეოდა ციხეს. თუმცა, ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ოცნებობდა. გაქცევაც კი უფიქრია. მაგრამ, შვიდშრიანი „ზაპრეტკისთვის“ რომ შეუხედავს, საკუთარ ფიქრებზე გასცინებია. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონია, სადაც დიმკა იჯდა, შუა ტაიგაში მდებარეობდა. ორასი კილომეტრის რადიუსში გაუვალი ტყე იყო. პატიმარს შვიდივე მავთულხლართიც რომ გადაელახა, მას ტაიგა მოკლავდა. ზამთარში იქ მინუს ორმოცამდე ციოდა და ირგვლივ მშიერი მგლები დაძრწოდნენ. ზაფხულში კი სიცხე პლუს ორმოცს სცდებოდა. მილიარდობით უზარმაზარი კოღო მრავლდებოდა და თუკი სადმე არ შეეფარებოდი, ადამიანს დაესეოდნენ და თვალის დახამხამებაში გამოსწოვდნენ მთელ სისხლს. კოლონიებში კოღოების საწინააღმდეგო ხსნარს ასხამდნენ და ასე იცავდნენ თავს მწერებისგან. ტაიგაში კი ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ, ბუნებრივი ბარიერი ხელოვნურზე ბევრად სასტიკი, საშინელი და გადაულახავი გახლდათ. პატიმრებმა ეს იცოდნენ და არც კი ცდილობდნენ ზონის დატოვებას. კოლონიას კი ირონიით „ციმბირულ რივიერას“ უწოდებდნენ.

ციმბირულ რივიერაში დიმკა პირდაპირ თბილისიდან მოხვდა. ის შეიარაღებული ძარცვისთვის გაასამართლეს. როგორც კი მიუსაჯეს, მხოლოდ ორი კვირა გააჩერეს ორთაჭალის ციხეში და პირველივე ეტაპით გააციმბირეს. მანქანაში რომ ავიდნენ, ციხის უფროსმა უთხრა:

– მშვიდობით, კანდელაკო. უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები, ხოლო თუ ჩამოხვალ, ხის კოსტიუმი გეცმევა.

ხის კოსტიუმში ციხის უფროსი კუბოს გულისხმობდა...

დიმკა ბევრს ყელში ჰყავდა გაჩხერილი. ციხის უფროსს კი განსაკუთრებულად სძულდა ის. პირველად მათი გზები ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში გადაიკვეთა. ციხის უფროსი იქ რეჟიმის უფროსად მუშაობდა. როგორც კი დიტო კანდელაკი ზონაში მიიყვანეს, მან ბიჭი თავის კაბინეტში აიყვანა და აქტივისტობა შესთავაზა. თან, დაემუქრა, რომ უარის შემთხვევაში გააქათმებდა, ანუ პატიმრებს გააუპატიურებინებდა... დიმკამ არც აცია, არც აცხელა, პირის ღრუში დამალული ბრიტვის ნახევარი მოიმარჯვა და ისე ღრმად გადაისერა ვენები, ექიმებმა ძლივს გამოგლიჯეს სიკვდილს. ამის გამო რეჟიმის უფროსი დააქვეითეს. დიმკა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც სამი თვე დაჰყო. შემდეგ სრულწლოვანი გახდა და ავჭალაში აღარ დაუბრუნებიათ. ეს შემთხვევა, გულში ბოღმად ედო, ქრთამით კვლავ აღზევებულ, გვანჯი კუტავას და მესამე პატიმრობაში მყოფ დიმკას პირდაპირ ციმბირში უკრა თავი.

რივიერაში მიყვანილ დიმკას „გალავარეზმა“ პატიმრებმა თავდაპირველად ალმაცერად დაუწყეს ყურება. მაგრამ, დიტო კანდელაკმა თავისი მეობა გაიტანა. მისი „შეჭმა“ ვერ მოახერხეს და პატივისცემით ეპყრობოდნენ. დიმკა განსაკუთრებით ნოდარ მდივანს დაუახლოვდა. პატიმრები მას „ჭაღარას“ ეძახდნენ და მიუხედავად იმისა, რომ გაფლანგვისთვის იხდიდა სასჯელს, ფულიანი იყო, ასეთებს კი შავ სამყაროში „ფაშისტებს“ უწოდებენ და ფულს სძალავენ, მას პატივს სცემდნენ და ზედმეტს ვერაფერს უბედავდნენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავად ჭაღარა იყო ძლიერი პიროვნება, მუშტიც უჭრიდა და სიტყვაც. თავს არავის დააჩაგვრინებდა და თუ საჭირო იყო, მჩაგვრელს შეაკვდებოდა. გარდა ამისა, ჭაღარას ცნობილი რუსი ქურდი „სედოი“ მფარველობდა და სწორედ მისი „ქსივით“ შევიდა ჭაღარა რივიერაში. სედოის სიტყვა კი ქვას ხეთქავდა. კანონის ძალა ჰქონდა და წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ჭაღარა და სედოი, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაძმაკაცდნენ. ნოდარ მდივანს, რუსი ქურდი სიკვდილს ჰყავდა გადარჩენილი და ერთმანეთში ძმობა ჰქონდათ ნათქვამი.

ნოდარ მდივანს გაფლანგვისთვის თხუთმეტწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ციხეში უკვე თორმეტი წელი იჯდა. მძიმე ტუბერკულოზით დაავადდა და გრძნობდა, რომ ცოცხალი ვეღარ  გააღწევდა გარეთ. დიმკას ის შვილივით უყურებდა. სასარგებლო რჩევებს აძლევდა. ამხნევებდა და ეუბნებდა:

– დიმკა, ყველაფერი წინ გაქვს. ახალგაზრდა ხარ და აქედან რომ გახვალ, მშვენიერი ცხოვრება გელოდება, – შემდეგ პაუზას გააკეთებდა, ამოიოხრებდა და განაგრძობდა, – აი, ჩემი დღეები კი დათვლილია. სულ მალე საიქიოში გავემგზავრები...

დიმკა, რა თქმა უნდა, ამხნევებდა თავის უფროს მეგობარს. მაგრამ, კარგად ხედავდა, რომ ის დღითი დღე სანთელივით დნებოდა და აღსასრული უახლოვდებოდა.

– დიმკა, დიმკა, – მოესმა სახურავზე მწოლარე დიტო კანდელაკს ერთ-ერთი პატიმრის ხმა. წამოჯდა და გადმოსძახა:

– რა იყო, რა მოხდა?

– ჩამოდი. ჭაღარა გეძახის. მე მგონი, ცუდადაა და გიხმობს, – მიუგო პატიმარმა.

დიმკამ ქურციკივით ისკუპა სახურავიდან. ბარაკში შევარდა და ნარზე მწოლიარე მიტკალივით გაფითრებულ ჭაღარას მოჰკრა თვალი. ნოდარ მდივანი ერთბაშად მოტეხილიყო. სულს ვერ ითქვამდა და ორმოცდათხუთმეტიოდე წლის კაცი დაძაბუნებულ მოხუცს ჰგავდა. დიტო ჭაღარას მიუახლოვდა. მის სასთუმალთან ჩაიცუცქა და ჰკითხა:

– რა მოგივიდა, ძია ნოდარ?

– ვკვდები, დიმკა. სულს ვღაფავ, – მისუსტებული ხმით მიუგო ჭაღარამ.

– ნუ გეშინია. ახლავე ექიმს დავუძახებ, – თქვა დიმკამ და წამოდგომა დააპირა. ნოდარ მდივანმა კი მას გაყინული ხელი ჩაავლო მაჯაზე და უთხრა:

– აზრი არა აქვს. დროს ნუ დავკარგავთ. შენთან სალაპარაკო მაქვს. მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა.

– ეგ მერე იყოს. ახლა კი ექიმს მოვიყვან.

– არა-მეთქი. შენ აქ დარჩი და მომისმინე. ექიმისთვის კი სევა გაუშვი. რომ მოვკვდები, მაინც დასაძახებელი გახდება. თანაც, არ მინდა, რომ ჩვენი საუბარი ვინმემ მოისმინოს.

სევა ის პატიმარი იყო, ვინც დიმკა ბარაკის სახურავიდან ჩამოიყვანა. ამ სამის გარდა ბარაკში არავინ იყო. მართალია, სევას ქართული არ ესმოდა, მაგრამ ჭაღარას პირისპირ უნდოდა საუბარი და დიმკამ სევას სთხოვა:

– თუ ძმა ხარ, ექიმი მოიყვანე. ჭაღარა ცუდადაა და რამე არ დაემართოს.

– რაზეა ბაზარი, ძმაო. ახლავე, – მიუგო სევამ და ბარაკიდან გავარდა. ჭაღარამ კი დიმკას გაუღიმა. ხელზე ხელის გული დაადო და უთხრა:

– რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე. არ შემაწყვეტინო და შემპირდი, რომ ჩემს  თხოვნას შეასრულებ.

– გპირდები, ძია ნოდარ.

– დიმკა, თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, ჩემი დედ-მამის საფლავზე დიდი სიმდიდრე მაქვს დამარხული. ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული კუბო ოქროს მონეტებით, ალმასებითა და ძვირფასი თვლებითაა სავსე. ორი მეტრის სიღრმეში დევს და გჩუქნი. ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროს. საფლავი იქვეა, შესასვლელში. ტანკი რომ დგას, მისგან ხელმარცხნივ. შავ მარმარილოს აწერია: ელენე და ვარლამ მდივნები. დაიმახსოვრე?

დიმკა ლამის შოკში იყო და ხმას ვერ იღებდა.

– დაიმახსოვრე, დიმკა, რაც გითხარი? – გაიმეორა ჭაღარამ.

– დიახ, ძია ნოდარ. კუკიის სასაფლაოს შესასვლელში. ტანკისგან ხელმარცხნივ. შავ მარმარილოს აწერია ელენე და ვარლამ მდივნები.

– სწორია და არ დაგავიწყდეს. ახლა კი მთავარს გეტყვი, – ჭაღარამ პაუზა გააკეთა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო, – დიმკა, შვილო, მთელი ჩემი ცხოვრება ფულის შოვნასა და დროსტარებაში გავლიე. ოჯახს ვერ მოვეკიდე და ეს სიტკბო არ განმიცდია. თუმცა, ისე მოხდა, რომ ერთ ქმრიან ქალს ვუყვარდი და  ჩემგან შვილი შეეძინა. გოგონაა. ნუციკო ჰქვია და თვრამეტი წლის უნდა იყოს. ბოლოს ექვსი წლის იყო, რომ ვნახე. მას მერე კი ციხეში ვზივარ და მის შესახებ არაფერი ვიცი. დედამისი ნატო მიქაძეა. ჩემი ნუციკო კი მგელაძეა გვარად. ისინი ვაკეში, უნივერსიტეტთან ცხოვრობენ. მისი ვითომ მამა – ექიმია, პეტრე ჰქვია და რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა ქირურგად. გთხოვ, იპოვო ჩემი ნუციკო და მოიკითხო. ნუ ეტყვი, რომ მე დაგავალე. უბრალოდ, გაიგე, ხომ არაფერი უჭირს და თუ საჭირო იქნა, დაეხმარე. ოქროს კუბოში იმდენი სიმდიდრეა, რომ ათ ოჯახს ათასი წელი ეყოფა. ახლა სულ სხვა დროა და თუ ჭკუას იხმარ, მეფესავით იცხოვრებ. ყველაფერს რომ შეასრულებ, შეგიძლია, ყალბი საბუთები გააკეთო და შენი სიმდიდრიანად უცხოეთში გაემგზავრო. ერთი საიმედო კაცის მისამართს მოგცემ და ამაში ის დაგეხმარება.

– ძია ნოდარ, აქედან ცხრა წლის მერე გამიშვებენ და შეწყალებაც რომ დავწერო, მესამედსაც კი არავინ დამიკლებს.

– უნდა გაიქცე.

– როგორ? ეს ხომ შეუძლებელია. ზაპრეტკებსაც რომ გავცდე, ტაიგაში ერთ კილომეტრსაც ვერ გავივლი.

– ესეც მოფიქრებული მაქვს, – თქვა ჭაღარამ და ღრმად ამოაბოყინა, რაც ავისმომასწავებელი ნიშანი იყო – შეიძლებოდა ფილტვებიდან სისხლის ფანტანს ამოეხეთქა და სულიც ამოეყოლებინა.

– დალიე, ძია ნოდარ და დაისვენე. დანარჩენი კი მერე მითხარი, – უთხრა დიმკამ ჭაღარას და მარილით გაჯერებული წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, რომელიც დროებით აჩერებდა სისხლის ფანტანს.

ნოდარ მდივანმა სულმოუთქმელად დალია მარილიანი წყალი. ამოისუნთქა და დიტო კანდელაკს უთხრა:

– მერე აღარ დამცალდება. ცოტა დრო გვაქვს და მომისმინე. დიმკა ერთი კვირის მერე დარღვევაზე უნდა წახვიდე და საღამოს რომ სიას ამოიკითხავენ, მორიგე ოფიცერს შეაგინე. შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენე. მართალია, გცემენ და ერთი-ორი დღე კარცერშიც გამოგამწყვდევენ, მაგრამ უნდა გაუძლო. ამის გამო საქმეს შეკერავენ და ძიებისთვის ირკუტსკში, სამხარეო იზოლატორში გადაგიყვანენ. იქ კი ორ-სამ წელს მოგიმატებენ და ¹13 სტროგაჩებში გიკრავენ თავს. გაგონილი გექნება, ედემს რომ ეძახიან, იქ.

მკაცრი რეჟიმის ¹13 შრომა-გასწორების კოლონია ირკუტსკის მახლობლად მდებარეობდა და ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. რივიერა, ედემთან შედარებით, მართლაც სამოთხე იყო და გაუსაძლისი რეჟიმის გამო იქ ხშირად ხდებოდა სუიციდის შემთხვევები. ედემს ყველაზე თავზეხელაღებული ბოროტმოქმედებიც კი უფრთხოდნენ. ეს კარგად იცოდა დიმკამაც და ჭაღარას უთხრა:

– ედემში, ძია ნოდარ?

– ჰო, ედემში. მაგრამ, ნუ გეშინია. იქ ჩემი ძმაკაცი სედოი ზის და რომ ეტყვი, ჩემგან ხარ, გაქცევაში დაგეხმარება.

– ედემიდან გაქცევა შესაძლებელია?

– შესაძლებელია. მაგრამ, არა ყველასთვის. ჭაღარამ დიმკას ოქროს ბეჭედი მისცა, რომელზეც ჯვარზე გაკრული ქრისტე იყო ამოტვიფრული და უთხრა, – ეს ბეჭედი სედოიმ მაჩუქა. რომ ნახავს, დაგიჯერებს და ყველაფერში დაგეხმარება. ცელოფანში შეახვიე და გადაყლაპე. სხვაგვარად მას აქედან ვერ გაიტან. შემდეგ კი ამოაღებინებ. გასაგებია?

– გასაგებია, ძია ნოდარ, – დიმკამ ბეჭედი ჯიბეში შეინახა და ჭაღარას გაუღიმა, რომელიც ჯერ გაფითრდა და ამოაბოყინა. შემდეგ გაშავდა. 

– ნუციკოს, ჩემს ნუციკოს... – თქვა ნოდარ მდივანმა და საშინელი ხველა აუტყდა. თან, ღრმად აბოყინებდა და მისი პირიდან შედედებულმა სისხლმა ამოხეთქა. დიმკამ შუბლი დაუჭირა, თუმცა სისხლი ჩანჩქერივით მოედინებოდა მომაკვდავის პირიდან და სამიოდე წუთში სულიც დალია.

***

ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჭაღარა ვარაუდობდა. რეჟიმის განაწესის ოფიცრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დიმკა ჯერ მაგრად სცემეს ნადზორებმა. შემდეგ კი, სამი დღით გააკარცერეს. ეტაპით ირკუტსკში გადაიყვანეს და საოლქო იზოლატორში გამოამწყვდიეს. ჭაღარას გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ კი, სამწელიწადდამატებული დიტო კანდელაკი ¹13 კოლონიაში, ეგრეთ წოდებულ ედემში წაიყვანეს. საბადრაგო მანქანამ ორი უზარმაზარი ფოლადის კარი გაიარა და გაჩერდა. დიმკა გადმოიყვანეს და ჯერ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ვახტზე, შემდეგ ფუქსში გამოკეტეს და სანამ საბუთები გააფორმეს, ერთი საათი აყურყუტეს იქ. ბოლოს კი კოლონიაში შეიყვანეს და მორიგე ზედამხედველმა პატიმრებს, რომლებიც ბარაკების წინ „კოდლა-კოდლა” იყვნენ შეჯგუფებულები, გასძახა.

– ახალი პასაჟირი მიიღეთ „რივიერადან“.

დიმკა ერთხანს გაუნძრევლად იდგა. ბარაკებისკენ იყურებოდა და პატიმრებს აკვირდებოდა, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ. შემდეგ მათკენ დაიძრა. ერთ-ერთ ბარაკთან შეჩერდა. მიესალმა და იკითხა:

– სად შეიძლება სედოის ნახვა?

კოდლას ოცდაათიოდე წლის წითური ზეკი გამოეყო. დიმკას ორიოდე მეტრით მიუახლოვდა და ჰკითხა:

– სედოის რატომ კითხულობ?

– საქმე მაქვს, – მოკლედ მოუჭრა დიმკამ.

– საქმე აქვს, – გაიმეორა წითურმა და ბარაკთან მდგომ პატიმრებს გახედა. შემდეგ ისევ დიმკას მიუბრუნდა და უთხრა, – ჩვენ, ყველას საქმე გვაქვს მასთან. შეხვედრაზე უნდა ჩაეწერო და რიგში ჩადგე.

– ურიგოდ არ იქნება?

– ურიგოდ აქ მხოლოდ საიქიოში მიდიან, – მიუგო წითურმა. გაეცინა და პატიმრებს გახედა, რომლებიც, აგრეთვე, იცინოდნენ.

დიმკასაც გაეცინა და წითურს უთხრა:

– ქსივა მაქვს სედოისთან და სასწრაფოდ უნდა გადავცე.

– ქსივიანებს ურიგოდ ეკუთვნით. დამელოდე, ძმობილო. რა ვუთხრა, ვისი ქსივააო?

– ჭაღარასგან, – მიუგო დიმკამ და პრიმა გააბოლა.

წითური ბარაკში შევიდა. ორიოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა და დიმკა ხელებით შეიპატიჟა, თან უთხრა:

– შედი. სედოი გელოდება.

დიმკამ უფილტრო სიგარეტი ჩააქრო და ნამწვავი გულის ჯიბეში შეინახა. შემდეგ ადგილიდან ნელა დაიძრა და დინჯად შევიდა ბარაკში. ათიოდე ნაბიჯი გაიარა და გამხდარი, საშუალო სიმაღლის სამოციოდე წლის მამაკაცის წინ შეჩერდა. ის დოინჯშემოყრილი იდგა და ახალმოსულს ყურადღებით ათვალიერებდა.

– გამარჯობა, – მიესალმა დიმკა მასპინძელს და ჰკითხა, – სედოი თქვენ ხართ?

– გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს. კი, მე ვარ სედოი. აბა, რა ქსივა გაქვს ჩემთან და ვისგან?

– ჭაღარამ გამომიშვა თქვენთან „რივიერადან“. თვითონ კი ორი კვირის წინ გარდაიცვალა, – უთხრა დიმკამ სედოის.

– რომ გარდაიცვალა, ვიცი და ძალიან მეწყინა, აბა, ერთი ქსივა მაჩვენე.

– სიტყვიერად უნდა გადმოგცეთ.

– სიტყვიერად? – თავი გააქნია სედოიმ, – რა ვიცი, იქნებ ტყუილს ამბობ.

– დაგიმტკიცებთ.

– მიდი.

– ახლავე, – თქვა დიმკამ და პირსაბანთან მივიდა. შემდეგ ცელოფნიანი ბეჭედი ამოაღებინა და გახსნა. ხელები დაიბანა. ბეჭედი გარეცხა. სედოის მიუტანა. გაუწოდა და უთხრა:

– ეს ბეჭედი ნოდარ მდივანმა გამომატანა თქვენთან. ასე მითხრა, – სედოიმ მაჩუქაო.

სედოიმ ბეჭედი შეათვალიერა. დიმკას დაუბრუნა და უთხრა:

– მართალი ყოფილხარ. მე ვაჩუქე ეს ბეჭედი ჭაღარას. შეინახე. ჩამოვსხდეთ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.

სედოი და დიმკა სედოის საწოლზე ჩამოსხდნენ. ბიჭმა ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ქურდს. მხოლოდ ოქროს კუბო არ უხსენებია და ბოლოს უთხრა:

– ერთი სიტყვით, გაქცევა უნდა მომიწყოთ და დამეხმარებით?

– პრინციპში, შეიძლება. გვაქვს ჩვენ აქ ერთი დაზაგაჟნიკებული ხვრელი, რომელსაც უკიდურესი შემთხვევისთვის ვინახავთ. მაგრამ, ორიოდე თვე მოცდა მოგიწევს. კიდევ ერთ პასაჟირს ველოდები და ერთად გახვალთ. მარტო რომ გაგიშვა, დავიწვებით. ხვრელს აღმოაჩენენ და მეორე პაბეგი აღარ გამოვა. ამიტომ, ცოტა ხნით აქ უნდა დარჩე.

– გასაგებია. დაველოდები და ერთად გავალთ, – მიუგო სედოის დიმკამ.

– პაბეგში ცხოვრებას როგორ აპირებ? რომ გაიქცევი, შენზე საკავშირო ძებნას გამოაცხადებენ და მთელი მილიცია ფეხზე დადგება, – უთხრა დიმკას სედოიმ.

ბიჭი ამ კითხვისთვის წინასწარ იყო მზად. 

– ერთი საქმიდან პატარა ქეში დამრჩა და დავაზაგაჟნიკე. საბჭოთა კავშირიდან  წასვლას ვაპირებ. ერთი საიმედო კაცი მყავს, რომელიც საბუთებს გამიკეთებს და საზღვარზე გადამიყვანს.

– იქ რას აპირებ?

– ჩალიჩს. სხვა მე არაფერი მეხერხება. მშობლები მე არ მყავს და ახლო ნათესავი. ამქვეყნად სულ მარტო ვარ. ჩემგან არც მუშა გამოვა და არც პროფესორი. ჩალიჩის მეტი რა დამრჩენია და სად მოვკვდები, სულ არ მადარდებს.

– შენი საქმე შენ იცი. გაქცევაში დაგეხმარები. მანამდე კი აი, იქ მოთავსდი, – მიუთითა სედოიმ მოპირდაპირე საწოლზე, – მიდი, ჰაერზე გაისეირნე. ბიჭები გაიცანი. „კიჭას“ კი უთხარი, ჩემთან შემოვიდეს. კიჭა ის წითურია, შენ რომ გამოგეცნაურა.

დიმკას არ გასჭირვებია ედემის რეჟიმთან შეგუება და არც პატიმრებთან შექმნია პრობლემები. მშვიდად ცხოვრობდა ზონაში და იმ დღეს ელოდა, როდესაც სამუდამოდ დააღწევდა თავს ამ ჯოჯოხეთს. მერე ოქროს კუბოს იპოვიდა და ახალ, საინტერესო და უზრუნველყოფილ ცხოვრებას დაიწყებდა. მეოცნებე დიმკა საწოლზე წამოწვებოდა, თვალებს დახუჭავდა და თვალნათლივ წარმოიდგენდა ხოლმე, თუ როგორ დასრიალებდა ოკეანის ტალღებზე საკუთარი მდიდრული იახტით. გვერდით კი ტანწერწეტა, ქერათმიანი გოგონა ეჯდა. გოგონას დიდი, ლურჯი თვალები ჰქონდა და ისე მომხიბვლელად იღიმებოდა, მის შემხედვარე დიმკას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ამ სიზმარს ედემის პატიმარი ყოველდღე ხედავდა და ისეთი ნეტარებით ეღიმებოდა ძილში, რომ მის შემხედვარე თანაბარაკელებს უკვირდათ. კიჭა შედგებოდა, მომღიმარ დიმკას მიაჩერდებოდა და იტყოდა:

– ნეტავ, რა ესიზმრება, ასე ნეტარებით რომ იცინის?

– თავისუფლება ესიზმრება, თავისუფლება, – ეტყოდნენ კიჭას ზეკები და ამოიოხრებდნენ, – გამოდი, კიჭა, ნუ მისჩერებიხარ, თვალი არ ეცესო.

ასეთ ოცნებებსა და ფერად-ფერად სიზმრებში ორი თვე გავიდა. პატიმარი კი, ვისთან ერთადაც დიმკა უნდა გაქცეულიყო, ჯერ არსად ჩანდა. სედოიც არაფერს ამბობდა. არც დიტო კანდელაკი ეკითხებოდა მას და გაქცევას მოთმინებით ელოდა. ერთ საღამოს სედოიმ დიმკა იხმო და უთხრა:

– მოგბეზრდა ხომ, მოლოდინი და ერთი სული გაქვს, აქედან როდის გახვალ?

– მოთმინებითა შენითაო... ხომ გაგიგონიათ, – მიუგო დიმკამ.

– მართალი ხარ. ვინც მოითმენს, ის მოიგებს. უკვე დროა. რამდენიმე საათში თავისუფალი იქნები.

– კაცს რომ ელოდებოდით?

– არაა კაცი. ზონაში შუმოკის დროს მოკლეს.

– მარტო მივდივარ?

– რატომ მარტო? მე, შენ, კიჭა და მარსი.

– ოთხნი?

– რა, არ გაწყობს?

– არა, როგორ არა. რას ამბობთ? – მიუგო დიმკამ. თუმცა, ეს ამბავი არ ესიამოვნა და არასასიამოვნო წინათგრძნობა დაეუფლა.

– ოთხნი მივდივართ. შუაღამე რომ შესრულდება, პრომზონაში შევიკრიბებით. გვირაბი იქაა და სამკერვალო ცეხიდან გავალთ. დილამდე ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ხოლო განგაში რომ ატყდება, ჩვენ უკვე საიმედო ადგილზე ვიქნებით. ვერავინ მოგვაგნებს და დანარჩენზე იქ ვიბაზროთ. ასე რომ, მოემზადე. დრო რომ მოვა, ცინკს მოგცემ.

– კარგი. გასაგებია, – მიუგო დიმკამ. თან, გულში ფიქრობდა, რას ნიშნავდა „დანარჩენზე იქ ვიბაზროთ“.

ზონა, ნელ-ნელა დაწყნარდა. შუაღამეს კი ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდა კაცი. სედოიმ დიმკას ნიშანი მისცა და ბარაკიდან ერთად ფრთხილად გავიდნენ. ცეხში რომ მივიდნენ, კიჭა და მარსი იქ დახვდათ. პატიმრებმა უზარმაზარი სამკერვალო ფეხაკრეფით გაიარეს. კუთხეში გაჩერდნენ და საკერავი მანქანა, რომელზეც ბუშლატებს კერავდნენ, გვერდით გადასწიეს. შემდეგ ფილები ამოიღეს. კიჭამ ფანარი აანთო. გვირაბის ხვრელი გაანათა და სედოის უთხრა:

– წავედით?

– მიდი. შენ მარსი და დიმკა მოგყვებიან. შემდეგ კი – მე.

პატიმრები გვირაბში ჩაძვრნენ და ასმეტრიანი ხვრელი, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ეტეოდა, ფორთხვით გაიარეს. გარეთ რომ გავიდნენ, შეჩერდნენ. მარსმა მიმოიხედა და თქვა:

– მარცხნივ უნდა წავიდეთ. მდინარეს ჩავუყვეთ და ნახევარ კილომეტრში დაგვხვდებიან.

თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, გაქცეული პატიმრები უკვე ნავში ისხდნენ და მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდნენ. მათ მეგზურს იქ ავტომობილი „ნივა“ ჰყავდა გაჩერებული და იმით განაგრძეს გზა. ნახევარი საათი მანქანით იმგზავრეს და რკინიგზის ჩიხში მივიდნენ.

– აი, იმ ვაგონში შედით, – უთხრა მეგზურმა გაქცეულებს და ცარიელი სატვირთო ვაგონისკენ გაიშვირა ხელი. შემდეგ კი მარსს პატარა ზურგჩანთა გადასცა, – აქ პური, სალა და წყალია. ეს ფოსფორიანი საათი კი მაჯაზე გაიკეთე და იცოდე, არ ჩაგეძინოთ. სანამ შემადგენლობა სატვირთო ჩიხში შევა, მანამდე უნდა ჩახტეთ, შლაგბაუმთან. არ შეგეშალოთ, იცოდე. იქ კი სატვირთო მანქანა დაგხვდებათ და ადგილზე მიგიყვანთ. რვა საათში ჩახვალთ. აბა, ღმერთი გფარავდეთ.

დილის ცხრა საათზე გაქცეული პატიმრები უკვე ქალაქ სვერდლოვსკში იმყოფებოდნენ და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინას შეაფარეს თავი, სადაც ისინი სატვირთო მანქანის მძღოლმა მიიყვანა. თვითონ კი უკან გაბრუნდა. წასვლის წინ მან გაქცეულებს უთხრა:

– საღამოს მოვალ და შმოტკებსა და მატარებლის ბილეთებს მოვიტან. თქვენ კი თავი მოიწესრიგეთ. ჭამეთ და დაისვენეთ.

მასპინძელი რომ წავიდა, სედოიმ დანარჩენებს უთხრა:

– როგორია, ძმებო, ხომ კარგად გამოვიდა ყველაფერი? კიდევ ცოტაც და მეფეებივით ვიცხოვრებთ, – შემდეგ დიმკას მიუბრუნდა და ჰკითხა:

– როგორ გრძნობ თავს?

– თავისუფლად, – მიუგო დიმკამ.

– აი, სულ მალე დიდ მაყუთს გავჭრით. ყველა თავის წილს მიიღებს და შეგიძლია, შენი ოცნებაც აისრულო. გინდა იქით წადი, გინდა უფრო შორს. მთავარია, ყველაფერი ზუსტად შევასრულოთ. რას იტყვი, დიმკა, რომ შენდა წილად ორმოცდაათი ნაჭერი შეგხვდეს?

– ორმოცდაათი ათასი მანეთი? – გაოცებით იკითხა დიტომ. გულში კი გაიფიქრა: „ესღა მაკლდა. რაღაც დიდ შარში მაყოფინებენ თავს“.

– ეგ, როგორც მინიმუმ. შეიძლება, ბევრად მეტიც კი შეგხვდეს, – მიუგო სედოიმ.

– ვატყობ, რაღაც დიდ საქმეს აპირებთ, რადგან ასეთ კუშზე ლაპარაკობთ.

– ინკასაცია უნდა დავაყენოთ. რას იტყვი, არ წამოხვალ? – ჰკითხა სედოიმ.

– რაზეა ბაზარი, როგორ არ წამოვალ. თუმცა, სიმართლე უნდა გითხრათ, ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია, – მიუგო დიმკამ. თან, გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, რადგან ძვირფასი განძი ერთი ხელის გაწვდენაზე ჰქონდა და დიდ შარში გაბმა სულაც არ შედიოდა მის გეგმებში.

– ეგ არაფერი. მთავარია, გული გულობდეს და ყველაფერი გამოგივა. თანაც, ჩვენ გვერდით იქნები. მე და კიჭას ჭიპი გვაქვს მოჭრილი ასეთ საქმეებში, – უთხრა მარსმა, კიჭამ კი დაამატა:

– დიდ მაყუთს მოხსნი, ძამიკო და რაც გესიზმრებოდა, იმას ცხადად აისრულებ.

– რაზეა ბაზარი. რასაც დამავალებთ, იმას გავაკეთებ, – თქვა დიმკამ. თან, გაიფიქრა: „რომ მოვტყდე, ტეხავს. საქმე რომ არ გამოვიდეს და დავიწვათ, ან, შემდეგ რომ აგვყარონ, ციხიდან ცხვირს არ გამომაყოფინებენ და იახტა და ქერა გოგო კი არა, ხმელი პურის ნამცეცი მომენატრება“.

– დიმკა, ძმაო, თუ არ გინდა, არავინ გაძალებს. სხვა პაძელნიკს ვიპოვით. შენ კი შეგიძლია შენს გზაზე წახვიდე, არ დაგაკავებთ, – უთხრა დიტოს სედოიმ.

– არა. რას ამბობთ. თანახმა ვარ. თქვენთან ერთად მოვდივარ, – მტკიცედ მიუგო დიმკამ, რომელსაც უარის თქმის შერცხვა. თან, გაიფიქრა: ხომ არ მცდიან, რომ გამომტეხონ და გამაგორონო.

– ნამდვილად? – ჩაეკითხა სედოი.

– რაზეა ბაზარი, კი. ნამდვილად სედოი, – მიუგო დიტომ ქურდს, რომელსაც შენობით პირველად მიმართა ცხოვრებაში.

– შევთანხმდით. ახლა კი იბანავეთ. წვერი გაიპარსეთ. ცოტა წავიხემსოთ და დავისვენოთ. საღამოს კი ბილეთები იქნება და მოსკოვში გავემგზავრებით, – თქვა სედოიმ და გააბოლა.

გაქცეულ პატიმრებს ნასაუზმევს დაეძინათ. მხოლოდ დიმკას არ ეკარებოდა ძილი და იმ ხათაბალაზე ფიქრობდა, რომელშიც შეიძლება, გაბმულიყო. მიუხედავად მყარი პირობისა, რომელიც მან სედოის მისცა, ბიჭი მაინც ყოყმანობდა და ვერ გადაეწყვიტა, წაყოლოდა, თუ გაპარულიყო. ერთის მხრივ, მას მდიდრული და ლაღი ცხოვრების პერსპექტივა ხიბლავდა უცხოეთში, მეორეს მხრივ კი, საკუთარი სილაჩრის რცხვენოდა. დიმკა გაორებული იყო და გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ბოლოს მეორე გრძნობამ გადასძალა. გადაწყვიტა, საქმეზე წასულიყო და სანამ ჩაეძინებოდა, გულში თქვა: „ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. წავალ საქმეზე. იქ კი ღმერთი გადაწყვეტს ჩემს ბედს...“

მძინარე გაქცეულები მასპინძელმა გააღვიძა. მათ ტანსაცმელი მისცა. მაგიდაზე ფული და მოსკოვის მატარებლის ბილეთები დააწყო და თქვა:

– სხვადასხვა ადგილას აგიღეთ, რომ ერთად მგზავრობამ ვინმე არ დააეჭვოს. აქ კი ორი ათასი მანეთია.

კარგად ჩაცმული და გაპარსულ-დაბანილი გაქცეულები სათითაოდ გაემგზავრნენ რკინიგზის სადგურზე. სხვადასხვა ვაგონში ავიდნენ და თავ-თავიანთ ადგილებზე მოთავსდნენ. მანამდე კი შეთანხმდნენ, რომ მგზავრობის დროს ერთმანეთს არ დაკონტაქტებოდნენ. მოსკოვში კი შეხვედრის ადგილი დათქვეს, საიდანაც კონსპირაციულ ბინაში გაემართებოდნენ.

***

მრავალსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მატარებელი მოსკოვში ჩავიდა. გაქცეულებმა მშვიდობიანად ჩააღწიეს საბჭოეთის დედაქალაქში და ერთმანეთს თამბაქოს ჯიხურთან შეხვდნენ.

სედოი, მარსი და კიჭა, რომლებიც ჯერ კიდევ „პერესტროიკამდე“ დიდი ხნით ადრე ჩასხდნენ ციხეში, გაოცებას ვერ მალავდნენ მომხდარი ცვლილებებით. პირველად ისინი თამბაქოს ჯიხურის ასორტიმენტის მრავალფეროვნებამ გააოცათ.

– „მარლბორო“, „ქემელი“, „ვინსტონი“... უყურე შენ?! ყველაფერი საბჭოთა მანეთებზე იყიდება. ადრე კი მხოლოდ ვალუტით თუ შეიძენდი, ხოლო ვალუტით რომ დაეჭირე, კომიტეტჩიკები აგაგდებდნენ, – თქვა მარსმა. კიჭამ კი დააყოლა:

– ბურჟუაზია დაბრუნდა. ნეპია, რაღა...

– ნეპი ოციანებში იყო. ეს კი რაღაც გაუგებარი ჰიბრიდია, – თქვა სედოიმ.

– „პერესტროიკაა“. გორბაჩოვი ახალ ქვეყანას აშენებს, – გაეცინა დიმკას, – რაც გინდა, ის აკეთე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3