რა ეტაპი აქვთ სოფო ხალვაშსა და მიშა ძოძუაშვილს ცოლქმრულ ურთიერთობაში და რა სიტუაციას მოერგნენ ისინი კარგად
სოფო ხალვაში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო სახეა ქართულ შოუ-ბიზნესში. ის თითქმის ორი წელია, რაც ბათუმში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. შეიძლება ითქვას, რომ სოფომ მომღერლობასთან ერთად ჟურნალისტობაც შეითავსა და აჭარის ტელევიზიაში დილის გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა. უკვე მეცხრე წელია, რაც მომღერალმა ფეხბურთელ მიშა ძოძუაშვილთან ერთად შექმნა ოჯახი და ჰყავთ ორი ქალიშვილი: 7 წლის ქეთო და 2 წლის მარიამი.
– სოფო, როგორ გრძნობ თავს წამყვანის ამპლუაში?
– აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ, შაბათ-კვირას დილის გადაცემა მიმყავს. ჩემთვის ეს ამპლუა პირველი არ ყოფილა, წლების წინ, „რუსთავი 2-ზე” მიმყავდა „ვარსკვლავების აკადემია”, თუმცა მაშინ სცენაზე ვიყავი შოუს წამყვანი, ახლა კი სტუდიაში ვუძღვები გადაცემას. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის, ვინაიდან, სცენაზე ყოველთვის წარმოვიდგენ, რომ ვმღერი (იცინის). მართალია, თავიდან ცოტა გამიჭირდა მუშაობა, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე. ეს უფრო გასართობი გადაცემაა, რომელიც ზრუნავს მაყურებლის დილის განწყობის შექმნაზე. შესაბამისად, არ მოითხოვს დიდ ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს და მეც არ მერთულება. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიას მოვერგე და ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ.
– მსმენელს ხომ არ სთავაზობ რამე სიახლეს?
– დავიწყე ალბომის გაკეთება, მაგრამ, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვან ამ საქმეს, მანამდე არ მინდა საუბარი. რაღაცეებს ვაკეთებ და, ვცდილობ, კარგი ალბომი გამოვუშვა, შეიძლება ითქვას, რომ ახლა მუშაობის პროცესში ვარ. ასევე ბათუმში, უკვე ერთი წელია, გავხსენი „ბასტი-ბუბუს” ფილიალი და ბაგა-ბაღი. ვფიქრობ, ამით ბავშვებისთვის ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
– თბილისთან განშორება არ გაგიჭირდა?
– დაახლოებით ორი წელია, ბათუმში ვცხოვრობ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქედან სადმე არ გავდივარ. როცა საქმეს სჭირდება, თბილისშიც ჩამოვდივარ და, საერთოდაც, ძალიან ხშირი მიმოსვლა მაქვს ბათუმსა და თბილისს შორის. თბილისი ძალიან მიყვარს, თუმცა, არ გამიჭირდა, ვინაიდან, ვიცი, ეს ყოველივე დროებითია. რომ ვიცოდე, ბათუმში საბოლოოდ გადმოვედი საცხოვრებლად, მაშინ გამიჭირდებოდა. ალბათ, ორი წელი ისევ აქ დავრჩებით და შემდეგ თბილისში დავბრუნდებით.
– ბავშვები და მეუღლე როგორ შეეგუენ ბათუმს?
– კარგად შეეგუენ, მიშა – მით უმეტეს; ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავს აქეთ და არ გასჭირვებია. მისი ქალაქი თბილისია და, რა თქმა უნდა, იქ ურჩევნია ყოფნა, თუმცა, მისთვის უცხო არაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. თან, შეიძლება ითქვას, რომ ორივე სულ გზაში ვართ, წინ და უკან დავდივართ. ქეთოს რაც შეეხება, მას აქვს ერთი თვისება: სადაც არ უნდა იყოს, ეჩვევა იმ ადგილს და უჭირს მისი დატოვება, თუმცა, ბათუმი უყვარს და თავსაც კარგად გრძნობს.
– რა რეაქცია აქვთ ბავშვებს, როდესაც დედას ეკრანზე ხედავენ? ხომ არ აპროტესტებენ?
– არა, არ აპროტესტებენ. ჩვეულებრივი რეაქცია აქვთ. ალბათ, მანამდე რომ მხედავდნენ ხოლმე ტელევიზიით, ამანაც იქონია გავლენა – შეჩვეულები არიან ჩემს ამ ამპლუას, თან, ტელევიზია არ მიზღუდავს მათთან ყოფნის დროს. მხოლოდ შაბათ-კვირას მიმყავს გადაცემა, დანარჩენი დრო კი, ვცდილობ, ბავშვებთან ერთად გავატარო. ქეთო მე დამყავს სკოლაშიც და სტუდიაშიც. მიხარია, კარგი ამინდები რომ იწყება, ხშირად ვსეირნობთ ხოლმე და უფრო დიდხანს ვიქნებით გარეთ.
– გოგონები საკუთარ ბავშვობას არ გაგონებენ? ამბობენ, რომ მარიამი ძალიან გგავს...
– მარიამი ვიზუალურადაც ძალიან მგავს. ხმა და სმენაც ჩემნაირი აქვს. მარიამი მართლაც მახსენებს ჩემს თავს. სულ პატარა იყო, როდესაც სიმღერა დაიწყო, რაღაც მჭექარე ხმა და განსხვავებული სმენა აქვს. ორივეს გამოჰყვა მუსიკალური ნიჭი, რაც სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ, ბოლოს შეიძლება არცერთმა არ იმღეროს (იცინის) – ეს მათი გადასაწყვეტია. ქეთომ პირველი კლასი დასრულდა წელს, 7 წლისაა და სასულიერო გიმნაზიაში სწავლობს. მარიამი პატარაა – 2 წლის ხდება ივლისში.
– ბევრი საქმის კეთება გიწევს ერთად. როგორ უთავსებ ოჯახსა და ამდენ რამეს ერთმანეთს?
– ოჯახთან არ მიჭირს სამსახურის შეთავსება, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღე არ მიწევს მუშაობა. ყველაფერი ისე მაქვს გათვლილი, ოჯახთან მიმართებაში ხელი რომ არ შემიშალოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს.
– საოჯახო საქმეებს ასწრებ? ვიცი, რომ გემრიელ კერძებს ამზადებ.
– დიახ, ვასწრებ. ჩემს ოჯახში ყოველთვის არის სადილი, ვახშამი და სხვადასხვა კერძი. აქედან გამომდინარე, ჩემი მეგობრებიც ხშირად მოდიან სტუმრად.
– მშობლებთან ახლოს ხარ. ბავშვების აღზრდაში გეხმარებიან?
– კი, დედა ძალიან მეხმარება. ისიც ხშირად მიდი-მოდის, მაგრამ, როცა ბათუმშია, ხშირადაა ჩვენთან. მყავს ძიძაც, რომელიც სულ ჩვენთან ერთადაა.
– მიშა როგორ შეხვდა შენს წამყვანობას?
– ჩვეულებრივად. ეს არ არის უჩვეულო რამ, სიახლეც არ იყო მისთვის. მომღერალი ვარ, ეკრანზე ხშირად ვჩანვარ და, გასაკვირი არცაა, რომ გადაცემა მიმყავს. ჩემი პროფესია ნაწილობრივ ამასაც მოიცავს.
– ცოლქმრული ურთიერთობის რა ეტაპს გადიხართ ახლა?
– რვა წლის ცოლ-ქმარი რა ეტაპზეც უნდა იყოს, იმ ეტაპზე ვართ ჩვენც (იცინის). მეცხრე წელი იწყება, რაც ერთად ვართ და გვყავს ორი შვილი. როგორც ყველა ოჯახში, ნელ-ნელა ბევრი რამე იცვლება: რაღაცეები მეორეხარისხოვანი ხდება, ახალი წევრები და ურთიერთობები ემატება... ყველა იმ ეტაპს გავდივართ, რასაც ნებისმიერი წყვილი გადის. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების დინებას მივყვებით (იცინის), განსაკუთრებული არაფერი ხდება.
– რა შეგრძნებაა წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება?
– ჩვენი ყოველი ზაფხული ბათუმს უკავშირდებოდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ, მხოლოდ ზაფხულში არ მოგვიწევს აქ ყოფნა (იცინის). ძალიან კარგად ვარ და, რაც მთავარია, აქაც ჩვენი საქმით ვართ დაკავებულები. მალე ჩამოვალთ თბილისში; მერე, თუ მოგვინდება, ისევ ბათუმში დავბრუნდებით და ასე (იცინის).
– თავად სად გირჩევნია ყოფნა?
– ახლა ძალიან მომწონს, აქ რომ ვარ; უბრალოდ, მიჭირს წასვლა-წამოსვლა, რაც ხშირად მიწევს, მაგრამ, ასეა საჭირო. ამ სიტუაციას როგორც მე, ასევე მიშაც, კარგად მოვერგეთ.