რატომ არ გამოდიოდა ექვსი თვის განმავლობაში სახლიდან სალი ბაგრატიონი და რა შემოთავაზებაზე ეუბნება ის რეჟისორებს უარს
სალი ბაგრატიონი ბაგრატიონ-დავითიშვილების შთამომავალია. მას წლების წინ ძალიან წარმატებული საცეკვაო კარიერა ჰქონდა – ჯგუფ „ვერნისაჟში“ ცეკვავდა. ამ ჯგუფის გარეშე კი იმ პერიოდის შოუ-ბიზნესში არაფერი ხდებოდა. შემდეგ მან საკუთარი ძალები კამერების წინ მოსინჯა: ის ახლა უკვე ჟურნალისტია, „მუზიკ ბოქსზე“ თავისი გადაცემა Fashion Time მიჰყავს. გარდა ამისა, არაერთ სერიალსა და ფილმშია გადაღებული.
სალი ბაგრატიონი: „ვერნისაჟის“ ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი. ვახტანაგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და რა თქმა უნდა, გავყევი ცეკვას. შემდეგ, როდესაც თეატრალურში ვსწავლობდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ, არც ცეკვისკენ გადავიხარე და არც მსახიობობისკენ. თუმცა, ხშირად ვმონაწილეობ სერიალებში და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოურ ბაზარზე გასატან ფილმებშიც, მაგრამ, უფრო მეტად ტელესივრცეში ვარ. მივხვდი: მე კამერები უფრო მიყვარს, ვიდრე თეატრი. ეს შეიძლება, ცუდად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა. მე ვარ მსახიობი, რომელსაც კამერის გარეშე არ შეუძლია.
– „ვერნისაჟის“ დროინდელი რიტმი, ალბათ, შენი დღევანდელი ცხოვრებისეული რიტმისგან ძალიან განსხვავდება?
– მაშინ ძალიან დაკავებულები ვიყავით, ყველა რაღაცას ქმნიდა და ჩვენც ბევრი სამუშაო გვქონდა. იმასთან შედარებით, დღეს პენსიონერივით ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის გრაფიკი შევსებული მაქვს და დატვირთული ვარ. მაშინ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობდით.
– ადრე, მახსოვს, სხვა გვარი გქონდა.
– ეს ერთგვარი პრობლემაა. ბევრს გვარი ბაგრატიონი – ფსევდონიმად აქვს აღებული და ამასთან ყოველთვის მიწევს ბრძოლა. მე ვარ ბაგრატიონ-დავითიშვილი, ქართლის ბაგრატიონების შთამომავალი. ჩემი არჩევანია: შემიძლია დავითიშვილი ავიღო, ან ბაგრატიონი. პასპორტში დავითიშვილი მიწერია, მაგრამ ახლო მომავალში პასპორტს ვცვლი. მას შემდეგ, რაც ბაგრატიონებზე ახალი წიგნი დაიწერა, კონკრეტულად, ბაგრატიონებად ჩავიწერეთ.
– ვფიქრობ, ამ გვარის ტარება საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
– ძალიან დიდი და ხშირად ვამბობ: ხანდახან სისხლი შიგნიდან „ჭყივის”. დღეს, სამწუხაროდ, უცოდინარ ადამიანებს ჰგონიათ, რაღაცას წარმოადგენენ და ფიქრობენ, რომ შენზე მაღლა დგანან. როცა ცდილობენ დაჩაგრონ ვიღაც, მე ამ დროს მებრძოლი ვხდები – ცხენზე ამხედრებული, ხმლით. ცუდი ჩვევაა, მაგრამ არასდროს არაფერს ვთმობ. არ მიყვარს ტყუილი, უსმართლობა და ვიღაცას რომ ჩაგრავენ. ცხენზე ჩემი ამხედრების მიზეზია, როდესაც მე ადამიანი მატყუებს. უცებ, რაღაც იღვიძებს ამ დროს ჩემში. ტყუილის გამო შემიძლია, ადამიანი დავკარგო, თუნდაც ოჯახის წევრი. მე არასდროს არავის ვატყუებ, ვარ ის, რაც ვარ. არ მჭირდება არანაირი თამაში. მე მინდა, მიმიღონ ისეთი, როგორიც ვარ.
– ძველი ტრადიციის თანახმად, დიდგვაროვანს ხომ არ ეძებ?
– მამა და ჩვენი საგვარეულოს სხვა წევრებიც მეუბნეობდნენ, რომ თავადს უნდა გავყოლოდი ცოლად, გვარისთვის მიმექცია ყურადღება. კარგა ხანი მჯეროდა ამის და მეგონა, ასეც მოხდებოდა. მაგრამ, რეალობა სხვანაირადაა: გული საითაც გიბრძანებს, იქით მიდიხარ.
– დღეს რა ხდება შენს ცხოვრებაში, გაჰყევი უკვე შენი გულის ხმას?
– აქამდე პირადზე რომ მესაუბრა, დღეს ჩემი თვალები აღარ იქნებოდა გაბწყინებული, გულახდილი. სამწუხაროდ, ბევრი კარგად თუ ცუდად, ერევა შენს საქმეში. ამიტომ, მირჩევნია, პირადზე არ ვისაუბრო და ჩემი თვალები იყოს გაბრწყინებული.
– როგორც ვიცი, არაერთ სერიალსა და ფილმში ხარ გადაღებული.
– ჩემთვის ფილმზე მუშაობა ბევრად უფრო სასიამოვნოა – სხვა განცდები და ემოციები იბადება გადაღებებისას. კამერებიც სხვანაირად მუშაობს, კინოსტუდიაში გიწევს ყოფნა, ძველ გარდერობში შეხედვა... შეგიძლია ნახო, ცნობილ მსახიობებს რომელი კოსტიუმები ეცვათ გადაღებისას... მიუხედავად იმისა, რომ ალერგია მაქვს მტვერზე და მერე ვკვდები. ახლა რეზო ესაძის ფილმში უნდა ვითამაშო. ბატონი რეზო რადიკალურად მცვლის: არც ქერა ვარ და არც ცისფერთვალება – ვარ რადიკალურად განსხვავებული პიროვნება. ძალიან ბევრ ქასთინგზე ვყოფილვარ და როდესაც გხედავენ: ქერა, ცისფერთვალება გოგოს, ცოტა რუსული იერიც რომ დაგკრავს, უცბად გთავაზობენ მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს როლს. ამის გამო ბევრ როლზე მითქვამს უარი, როგორც ფილმში, ასევე სერიალში. ალბათ, აქაც პროტესტის გრძნობით გამსჭვალული ცხენზე ამხედრებული სალი გამოდიოდა: არ ვარ „ტუპაია ბლანძინკა“ და ასეთი როლის თამაში არც გამომივა. თუმცა, ასეთ დროს რეჟისორებს აღარც აინტერესებთ, როგორი სამსახიობი ნიჭი გაქვს თუ არ გაქვს. რეჟისორებს ეზარებათ იმუშაონ მსახიობთან. რეზო ესაძეს მსგავს ბუმბერაზ რეჟისორებს კი, პირიქით, უნდათ მსახიობთან მუშაობა, რაღაცას ხედავენ მათში. მეც არ ვიცი, ბატონმა რეზომ რა დაინახა ჩემში, თქვა: ეს ის არის, ოღონდ ექნება მუქი თმა და ყავისფერი თვალები. ამჟამად ბაქოში გადის სერიალი, რომელზეც ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით – საკმაოდ ცნობილი სერიალია. მასზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე, ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა და ხუთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვიყავი გადასაღებ მოედანზე.
– შენი გადაცემა გაქვს, რომელიც „მუზიკ ბოქსზე“ გადის. თუმცა, მახსოვს, მანამდე „იმედის“ დილის ეთერშიც იყავი.
– დილის ეთერში მუშაობა ძალიან რთულია. დილის ეთერის შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ გაქვს შენი ცხოვრება, არც პირადი, არც მეგობრებთან, არც ოჯახთან, სულ გამოუძინებელ მდგომარეობაში ხარ. მივხვდი, აღარ შემეძლო დილით ადგომა და წამოვედი. ექვსი თვის განმავლობაში სახლიდან აღარ გამოვდიოდი, სულ მეძინა, ვისვენებდი. მინდოდა, ენერგია აღმედგინა. ერთ დღესაც დამირეკეს: ქასთინგი გვაქვსო და მივედი. ჩავწერე ერთი გადაცემა. მეორე დღეს დამირეკეს: გადაცემა შენიაო და მეც ვერ მივხვდი, როგორ აღმოვჩნდი იმ გადაცემაში და იმ სამყაროში, რომელიც ჩემია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ბევრ დადებით ემოციას მგვრის. ყველაფერს იმას ვაკეთებ, რაც ქალს უყვარს.
– რამდენჯერმე ახსენე: ცხენზე ამხედრებული მებრძოლი სალი ვხდებიო და ის, ვინც შენს გვერდით იქნება, ისიც ცხენზე ამხედრებული, მებრძოლი უნდა იყოს?
– აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომლის გვერდითაც მე ბავშვად ვიგრძნობ თავს. შეიძლება, გარეგნულად ვჩანდე ნაზი, ღიმილიანი გოგო, ბრჭყვიალები მეყაროს თვალებზე, მაგრამ მთლად მასეც არ არის საქმე. ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს ბევრი მოქმედება სჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად ვიგრძნო. ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ვხედავ, ადამიანი ფიქრობს და ცდილობს იმას, რომ მე ვიყო ბედნიერი, ჩემი ბედნიერებისთვის იღვწის და არა იმიტომ, რომ მოსწონს, ლამაზი გოგონა რომ ჰყავს გვერდით. მეც მაქსიმუმს გავცემ: სითბოს, სიყვარულს, ყურადღებას, გვერდში დგომას – ის, რაც ჩემია. ვცდილობ, ადამიანს თავიდან ბოლომდე დავაკვირდე, გავიგო: რა მოსწონს, რა უყვარს, როგორია და ამის მიხედვით ავეწყო. შესაბამისად, როცა მე ამას ვაკეთებ, იგივეს მოვითხოვ – მე თუ შემიძლია, შენც უნდა შეგეძლოს.