კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უქცია ნოდარ დუმბაძემ სამ საყვარელ ქალს ცხოვრება დიდ ბედნიერებად და რა პირობა ჩამოართვა მან სიკვდილის წინ უმცროს შვილს

ორი წელია, ნოდარ დუმბაძის უმცროსი ქალიშვილი, ქეთინო  დუმბაძე,  კულტურის სამინისტროში მუშაობს და  ლიტერატურის მიმართულებას კურირებს მინისტრის მრჩევლის რანგში. ძალიან დიდი ხანი ტელევიზიაში გაატარა, სადაც მოიკლა ის ჟინი, რაზეც  ცნობილი მამის გამო თავად თქვა უარი. ამბობს, რომ მისი მთავარი პროფესია ნოდარ დუმბაძის შვილობაა, რასაც აგერ უკვე 30 წელია, ღირსეულად უძღვება. იგი  მზიანი და სიკეთით სავსე კაცის კულტურული მემკვიდრეობის და არქივის მთავარი „მცველია”. ჩვენთან გულწრფელი  და ემოციური რესპონდენტი მამის შესახებ საუბრისას  ემოციებს ვერასდროს მალავს.       

ქეთინო დუმბაძე: ორი წელი გახდება, რაც კულტურის სამინისტროში ვმუშაობ. ჩინოვნიკური სამსახური არასდროს მქონია, არ მიმუშავია ქაღალდებთან და, შესაბამისად, არ ვიცოდი, რა „გზა” უნდა გაევლო  ამ ქაღალდებს ერთი დეპარტამენტიდან მეორეში ხელმოწერების მისაღებად.   თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემს გურულ ხასიათს ვაბრალებდი და დავდევდი ამ ქაღალდებს ოთახიდან ოთახში. მერე აღმოვაჩინე, რომ არსებობს შიდა ქსელი, რომლითაც ეს მარტივად გვარდება.  როცა ედუარდ შევარდნაძის პრეს-სამსახურში ვმუშაობდი, მიკროფონთან, კამერასთან მქონდა კავშირი. მაშინ არც იყო სტრუქტურა  აწყობილი,  სახელმწიფო არ გვქონდა, რომელ  სტრუქტურებზე იყო საუბარი?! ნელ-ნელა შევეჩვიე ჩემს ჩინოვნიკურ პოზიციას,  ახლა მშვიდად ვარ და  კმაყოფილი  იმით, რომ  მომეცა საშუალება, ბევრი საინტერესო და კარგი საქმე გავაკეთო მწერლებისთვის.  

– როდესაც საქმე ლიტერატურას ეხება,  ეს პოზიცია თქვენთვის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილისთვის,  განსაკუთრებულ ემოციებთან და პასუხისმგებლობასთან  უნდა იყოს დაკავშირებული.  

– ასეთ დროს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ასმაგად დიდია, თუმცა, ის „დამღა”, რაც მე გამაჩნია როგორც მამაჩემის შვილს, ძალიან მშველის კიდეც.  მე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ვესაუბრო ამ ადამიანებს: ვიცი მათი ენა, სამყარო,  კარგი გაგებით ამბიციები. მე ვიცი, რა სჭირდება მწერალს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს განცდა – ის საჭიროა მკითხველისთვის. სულ რამდენიმე თვეა, მივხვდი, რომ ეს პოზიცია მეხმარება, მწერლების თანაზიარი ვიყო და მათთვის, ჩემი  თუ სხვისი ინიციატივით, ბევრი კარგი საქმე გავაკეთო, თუნდაც  პროექტი „ცოცხალი წიგნები”.   ისეთი მადლიერები არიან თვითონ  მწერლები და ის საზოგადოება, რომელთანაც ჩვენ ჩავდივართ რეგიონებში, მივხვდი,  რომ ამ  საქმით ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი საქმე გავაკეთე. წარმოიდგენდით, რომ დარბაზი ისმენს მოთხრობას? ეს ხომ ლექსი არაა, ნახევარ წუთში წაიკითხო. უკვე  ნელ-ნელა ივსება ის ნაპრალი, რაც  ბოლო წლებში   ჩნდებოდა მწერალსა და მკითხველს შორის, რაც მე ძალიან მაწუხებდა.  მიხარია, რომ ჩვენ  გვხვდება სავსე დარბაზები; რომ მკითხველთა შორის არიან ბავშვები და  ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც ახსოვთ რეგიონებში მწერლების ჩასვლა და ის ზეიმი, რაც მათ ჰქონდათ, როცა ცოცხალ მწერლებს ხვდებოდნენ.  

– ამ მწერლებიდან, სამწუხაროდ, უკვე  ძალიან ცოტა დარჩა, ვის წრეშიც გაიზარდეთ. ალბათ, ეს ღონისძიებები  თქვენც „გაბრუნებთ“ წარსულში. 

– მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა, დაბრუნდეს ის ემოცია, რაც ჩანს   ცოცხალი მწერლის დანახვით აღფრთოვანებულ თვალებში. სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი დარჩნენ იმ წრიდან, ვის გვერდითაც მე გავიზარდე,  თუმცა ჩვენ, შვილები, ვახერხებთ იმ სიყვარულსა  და ურთიერთობას, რაც ჰქონდათ ჩვენს  მამებს. ახლახან საოცარი რამ მოხდა: იმერეთში ჩავედით შეხვედრაზე,  სადაც ჩვენთან ერთად იყო  დაჩი იოსელიანი. მე მას პირადად არ ვიცნობდი, იმ დღეს პირველად შევხვდი, თუმცა, ეს იყო შეხვედრა ორი ადამიანის, რომლებმაც თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. მან ათასი რამ იცოდა ჩემ შესახებ და ასე ვიყავი მეც. როცა დაჩიმ სტუმრები ოტია იოსელიანის მუზეუმში აგვიყვანა, იმ ეზოში ისე შევედი, როგორც მასპინძელი – ისეთი განცდა მქონდა, რომ იქ ყველაფერი ჩემი იყო. აი, ესაა სიყვარული, რაც ჩვენმა მშობლებმა დაგვიტოვეს. ჩვენთან სურათებსაც კი იღებდნენ – ჩვენი საყვარელი ნაწარმოებების გმირები ხართო. ალბათ, გახსოვთ ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები” და მამაჩემის ლექსები, სადაც მე ხშირად ვყავდი მოხსენიებული (იცინის). ეს იყო საოცარი ხალხი –  ოთარ ჭილაძე, ჭაბუა, ედიშერ ყიფიანი, სარგის ცაიშვილი, გურამ ასათიანი, არჩილ სულაკაური – რომელ ერთი გავიხსენო? ანზორ სალუქვაძე, ჯანსუღი, მათი საოცარი თვისებები, ნიჭიერება, განსაკუთრებულობა.  მე  შემსწრე ვარ მათი ჯანსაღი ურთიერთობების,  ერთმანეთის ნიჭით აღფრთოვანების უნარის. მახსოვს ტელეფონის ზარი, როცა მამა ურეკავდა თავის რომელიმე მეგობარს და ეუბნებოდა: შენ გენაცვალე, ეს რა მაგარი რამე დაწერეო. ასეთივე შინაარსის ზარები იყო მამასთან. საბედნიეროდ, ასეთი ერთეული შემთხვევები დღესაცაა. მე ამ ადამიანების  შვილებთან ერთად ვარ გაზრდილი,  იმიტომ, რომ სულ ერთად იყვნენ ჩვენი მშობლები.  იმ პერიოდში არ იყო მობილური ტელეფონი და სოციალური ქსელი, მაშინ იყო პირადი ურთიერთობები, ერთმანეთის ოჯახებში სტუმრობა, ქალაქგარეთ სიარული, ზაფხულში ერთად დასვენება.  ჩვენ გვქონდა სახლი გულრიფშში, რომელიც მამამ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ჰონორარით იყიდა. მისი პირველი შემოსავლით ნაყიდი სახლი იყო და ძალიან უყვარდა. სიკვდილის წინ მთხოვა: როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, ეს სახლი არ გაყიდოთ, იცოდეთ, რომ ჩემი სული იქ არისო.   ჩვენს სახლში სულ ხმაური და სტუმრიანობა იყო. რია-რია იყო.  დედას მუდმივად  სარეცხი ჰქონდა გაფენილი. ზეწრები, ზეწრები, უთვალავი ზეწრები,  რომლებიც ყოველ ღამეს ახალი სტუმრისთვის უნდა დაგებულიყო. ივლისში მამას დაბადების დღე დაემთხვეოდა ხოლმე ჩვენს იქ ყოფნას და უამრავი სტუმარი იყრიდა თავს. საოცარი დღეები გვქონდა მის დაბადების დღეზე თბილისშიც, წყნეთშიც. მახსოვს, მამა და გურამ ასათიანი ველოსიპედებით რომ დადიოდნენ (იცინის).  მამას ნაკვალევებიდან ყველაზე მეტად გულრიფში მენატრება, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები იქ მაქვს გატარებული. მამას ძალიან უყვარდა მზე და ზღვა. მისი და ზღვის ურთიერთობა იყო ერთი ცალკე ფილოსოფია, ორი ცოცხალი არსების ურთიერთობა და ამით მეც მას ვგავარ. მამა იყო საოცრად ლიბერალი, შვილებს თავისუფლად გვზრდიდა, არჩევნის უფლებას გვიტოვებდა. მე არ მივლია მუსიკალურ სკოლაში, რაც იმ პერიოდში ერთგვარ ეტიკეტად ითვლებოდა. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა ჩემი მეგობარი, რომელსაც ხელებში ურტყამდნენ იმის გამო, რომ გამა სწორად ვერ დაუკრა. ასეთი რამ ჩვენს  ცხოვრებაში არ იყო. მეც და მანანასაც სრული თავისუფლება გვქონდა, მამა არც ჩვენს პირად ცხოვრებაში ერეოდა. 18 წლის ვიყავი,  მოვედი სახლში და ვთქვი, რომ ვიყავი შეყვარებული. მახსოვს, მამას დაურეკა ჯანსუღმა: რას შვრები, ბიჭო, ბაღანას ათხოვებო? რა ვქნა, ჯანუკა, ისეთი ბიჭი მომიყვანა, უარი ვერ ვუთხარიო (იცინის). მამას უამრავი თვისება გვაქვს ჩვენ, შვილებს.  მანანა უფრო გარეგნულად ჰგავს, მე კი უფრო გამომეტყველებით, მანერებით, ჟესტიკულაციით.  ანზორ სალუქვაძე ხელებში მირტყამდა ხოლმე – გაჩერდი, რა, ჟესტიკულაციით ისე ჰგავხარ მამას, არ შემიძლიაო. მანანა ნიჭიერებით დაემსგავსა მამას – კარგად წერს.    

– პროფესიით ფილოლოგი ხართ, თუმცა ბევრი წელი გაატარეთ ტელევიზიაში. წერა ვერ გაბედეთ? 

– გავბედე წერა პროზაშიც, პოეზიაშიც, თუმცა, მაინც უფრო ტელევიზიისკენ მიწევდა გული.  სხვათა შორის,  ჩემი პროფესიული არჩევანი მამას არჩევანიც იყო, ოღონდ, ძალიან მორიდებით ნათქვამი. მე მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მიყვარდა  ხელოვნების ისტორია  და, ვფიქრობდი,  ხელოვნებათმცოდნე გავმხდარიყავი. ამ სურვილმა  მალე გამიარა და გამიჩნდა რეჟისორობის  ძალიან მძაფრი განცდა. როცა მამას ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მამამ თავისთვის თქვა:  ხო, მაგრამ,  ჩემს არქივს ვინ მიხედავსო?  ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი – წავედი და უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, თუმცა, შემდეგ, ტელევიზიებში მუშაობის დროს, ეს ჟინი  მაინც მოვიკალი:  „პირველი არხი”, „მეცხრე არხი,” „იმედი”, „ინფო 9” – ჩემს ცხოვრებაში საკამოდ დიდხანს იყო სატელევიზიო „ხანა” (იცინის).

– ერთხელ თქვით, რომ მამის  დაკუჭულ ნაწერებს აუთოებდით და ინახავდით. როგორც ჩანს, ამის გამო გადაწყვიტა არქივის თქვენთვის ჩაბარება. 

– მაშინ პატარა ვიყავი და ამას ვაკეთებდი მამისგან ჩუმად – ნაგვიდან ხშირად ამომიღია დაკუჭული ფურცელი და დამიუთოებია.  მაშინ ხომ არ იყო კომპიუტერი. დარწმუნებული ვარ, რომც ყოფილიყო, დიდად ვერ დაუმეგობრდებოდა, არ იყო მამა ტექნიკის დიდოსტატი. ის წერდა ფურცლებზე, მწვანე ფლომასტერით, ხელით და, როცა რაღაც არ მოეწონებოდა, დაკუჭავდა და ყრიდა.  იყო ფურცლები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელი იყო, ისე იყო დანაკუწებული, მე დახეული ფურცლებიც  მაქვს შენახული და ისეთიც, დაკუჭული რომ გავაუთოე.  დღეს ძალიან მწყდება ამაზე გული. გული მწყდება იმაზეც, რომ ჩვენ გურიაში არ გვაქვს სახლი და იქ  არ დავდიოდი; ალბათ, ბევრად უფრო კარგი ადამიანი ვიქნებოდი, გურიაში რომ მევლო, ისეთ სიყვარულსა და ემოციებს ვგრძნობ იმ კუთხეში.  როგორც კი ჩოხატაურის გზას გადავუხვევ, ვგრძნობ, რა არის სისხლის ყივილი.  მე ისეთ სიყვარულში ვარ გაზრდილი,  ხანდახან ვერც კი ვხვდები, როცა ვიღაც ცდილობს, საყრდენი გამომაცალოს, როცა ვიღაც ბოღმით მეტყვის რამეს. ჩემთვის ნოდარ დუმბაძის შვილობა არის მთავარი პროფესია – არ მაქვს უფლება ვიყო ცუდი, პირიქით, უნდა ვიყო ძალიან კარგი. ვაი იმას, ვისაც თავისი მშობლის შვილობა ერიდება, ვისაც მამაზე ცუდი ესმის. მამას გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ ტაქსის მძღოლით დაწყებული და პარიკმახერით დამთავრებული, ვინც იგებს, ვისი შვილი ვარ, გამორიცხულია, თვალზე ცრემლი არ მოადგეს და არ ჩამეხუტოს. 

– მამას არ ჰყავდა გვარის გამგრძელებელი.   

– სამაგიეროდ,  მე და ჩემს დას გვყავს სამი ბიჭი, შვილიშვილები.  ჩვენს ოჯახში დუმბაძის გვარი რომ ვერ გაგრძელდებოდა, ამაზე ტაბუ იყო  დადებული. ზაზას გარდაცვალება მისთვის დიდი ტრაგედია იყო.  ჩვენს ოჯახში ეს იყო ჩუმი ტკივილი. მე ზაზას არ მოვსწრებივარ, თუმცა, მქონდა განცდა, რომ მეც მომიკვდა ზაზა. იმის მიუხედავად, რომ  სახლში სამ ოთახში ზაზას სურათი ეკიდა, მამასთან გლოვაც კი ტაბუდადებული იყო.  მამა იყო საოცრად მზრუნველი ადამიანი; მან შეძლო და, სამ ქალს – მე, მანანას და დედას სრული ბედნიერება მოგვანიჭა. იმის მიუხედავად, რომ მამა სულ სადღაც იყო წასული, შვილები, დედა, ჩვენ, მთელი ოჯახი, სულ მასზე ვიყავით ჩამოკონწიალებული. მე, როგორც ნაბოლარასა და ტკივილის შემდეგ გაჩენილ შვილს, ძალიან მანებივრებდა, ჩემს პერიოდში ის უკვე პოპულარული იყო. მაშინ კი, როცა მანანა დაიბადა – მშიერი, შარვალდაშტოპკილი სტუდენტი და, შესაბამისად, მანანას უფრო „მწარე” ბავშვობა ჰქონდა.  მამას თურმე ისე ერიდებოდა, ეკითხა ჯიხურში, გამოვიდა თუ არა გაზეთი, სადაც მისი ლექსი იყო დაბეჭდილი, რომ მანანას გზავნიდა ხოლმე, რომელიც ჯიხურს ვერც კი სწვდებოდა. ცალკე ისტორიაა დედას და მამას ურთიერთობა.  დედა დღემდე ამბობს, რომ, მამის  გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც  კი, მკვდარი ნოდარი უფრო უყვარს, ვიდრე – ჩვენ. მას 15 წელი ეჭირა მამას მაჯა. ხანდახან ეხვეწებოდა მამა, თავი დამანებე, დამაძინეო. ცნობილი ისტორიაა: გურულები ჩამოვიდნენ მამას მოსაკითხავად. დედას უთქვამს, რა უჭირს, კარგად არისო. ჩასულან გურიაში და უთქვამთ: ვაი ნანულიას, ის კაცი თუ კარგად არის, მკვდარს რას ეძახის ნეტავო? დედა დღემდე ინახავს მამაჩემის კუთვნილ ნივთებს, პერანგებს, ჩანაწერებზე აღარ მაქვს საუბარი. შეყვარებულობის პერიოდის მიმოწერაც კი შენახული აქვს. რაც შეეხება გვარის გაგრძელების თემას, ერთ ისტორიას გავიხსენებ: სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე (მამა უკვე ავად იყო), დამსვა და მითხრა, მე მალე მოვკვდებიო და დარიგება დამიწყო, როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე. სიტყვა არ მახსოვს მისი საუბრიდან, თუმცა მე ვუთხარი: მამა, რას ამბობ, ახლა ბიჭი უნდა გავაჩინო და ის გვარად დუმბაძე უნდა იყოს-მეთქი. არ ვიცი, ეს ფრაზა რამ მათქმევინა. ერთ თვეში მართლაც დავფეხმძიმდი. ის თვეები მამა ყველა მეგობარს ეუბნებოდა: ქეთინო ბიჭს მიჩენს, ნოდარ დუმბაძე გაჩნდებაო, ისე ამაყობდა ამ ამბით. სექტემბერში ზღვაზე ვიყავით, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მამა ცუდად იყო. მაშინვე ჩამოვედით  თბილისში, მამა მუცელზე მომეხვია და მითხრა: ხომ იცი, ეს თვეები შენ მაცოცხლე. ერთ რამეს  გთხოვ, ამაზე ბევრი ვიფიქრე და, არ შეიძლება ამის გაკეთებაო. გავოცდი. არ მისცე ამ ბავშვს დუმბაძის გვარი. დიდ ნოდარიკოს (უფროსი შვილიშვილი – ავტორი) მამა არ ჰყავს და, ეს რომ ნოდარ დუმბაძე იქნება, დამეჩაგრებაო. ასე ჩამომართვა სიკვდილის წინ პირობა, რომ ჩემი შვილი დუმბაძე არ უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რამდენ რამეზე იფიქრა. მახსოვს მერე, როცა მის ორმოცზე  ამ  ისტორიის შესახებ  ჭაბუამ გაიგო,  მითხრა, როგორი ადამიანი იყო, ამაზე უარი როგორ თქვაო?! ასეთი კაცი იყო – ყველაზე, ყველაფერზე მოფიქრალი. იმ დღიდან ორ კვირაში გარდაიცვალა. მახსოვს,  მითხრა: გადი, მამა, ოთახიდან, ახლა უნდა მოვკვდე და არ მიყუროო. მერე იყო ჩვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდი, როცა მეგონა, რომ არასდროს აღარ გავიღიმებდი. მიჭირდა შეხება მის შემოქმედებასთან, მის კადრებთან. მერე შევეჩვიეთ მამას გარეშე ცხოვრებას, თუმცა,  ახლაც კი, როცა რთული პერიოდი მაქვს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევს, მივდივარ მამას საფლავთან, ვუყვები, ვესაუბრები და ვთხოვ, რომ დამეხმაროს და, ზუსტად ვიცი, რომ მამა დღესაც მეხმარება.  

скачать dle 11.3