როგორ დაატოვებინეს ქართველმა მორაგბეებმა კანადელებს სტადიონი და რის გამო მისცეს ბადრი ალხაზაშვილს რაგბის მსოფლიო „ალაფას” ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო რაგბის „ალაფას” გამარჯვებული გახდა თავის ასაკში. ლისაბონში ქართველმა მორაგბეებმა „ესტადიო უნივერსიტარიოზე“ კანადა ანგარიშით 49:24 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 2016 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე ნაკრების კაპიტანი ბადრი ალხაზაშვილი გვესაუბრა.
ბადრი ალხაზაშვილი: პორტუგალიაში ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ჩავედით. პირველად ურუგვაის ვეთამაშეთ – ეს ნაკრები ტურნირზე ფავორიტად ითვლებოდა. მართალია, მათ კარგი ანგარიშით მოვუგეთ, მაგრამ, ცოტა აგრესიული თამაში იყო. ზედმეტად ემოციებში ვიყავი და სტადიონზე ვიჩხუბე. კონფლიქტი უხეში თამაშის გამო დაიწყო, რომელიც მათგან წამოვიდა: მათი ნაკრების 10 ნომერი კისერზე ჩამომეკიდა, ფეხზე რომ ავდექი, კიდევ არ შემეშვა და მერე მეც მოვკიდე ხელი; ამ დროს ორი კაცი გამოვიდა სტადიონზე დამეჯახა და წამაქცია. მოკლედ, ჩხუბის გამო წითელი ბარათით გამაგდეს და ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. შემდეგი თამაში გვქონდა ფიჯისთან, რომელიც წინა წელს პირველი დონის მსოფლიოზე თამაშობდა და, ყველაზე რთული შეხვედრა, ალბათ, სწორედ ფიჯისთან იყო, თუმცა, ძლიერად ითამაშეს ბიჭებმა და მოვუგეთ, მე არ მქონდა ამ თამაშში მონაწილეობის უფლება, ჩემსავით კიდევ ერთი მოთამაშე იყო. მოკლედ, დავამარცხეთ პორტუგალიაც და გადავედით ფინალში. ეს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, ვინაიდან, ამ ჩემპიონატში არც ერთ ასაკში მსგავსი შედეგი არ გვქონია, მაქსიმუმ, მესამე ადგილზე გავსულიყავით. ძალიან საინტერესო იყო ფინალისთვის მზადება, აღდგენა გვქონდა, ოკეანეზე გავედით, დავისვენეთ და გავერთეთ. კანადას დამაჯერებელი ანგარიშით მოვუგეთ, თან, ისე ლამაზად ვითამაშეთ, ყველა აღფრთოვანებული იყო: დამსწრე საზოგადოება, კომისიები, მწვრთნელები... ულამაზესი ლელოები დავდეთ და, ერთიანობაში, მართლა კარგი თამაში გამოგვივიდა.
– საკმაოდ დიდი ანგარიშით დაამარცხეთ კანადა. ადვილი იყო მათთან თამაში?
– კანადა არ არის მარტივი გუნდი. ისინი ძალიან დალაგებულად თამაშობენ და ძლიერი ბიჭები ჰყავთ. ჩვენ ამ ტურნირზე გვქონდა საუკეთესო შერკინება, ანუ, ცალსახად, როდესაც ჩაგრავ მოწინააღმდეგეს, ნახევარი თამაში მოგებული გაქვს. ისე ვთამაშობდით, ბურთი ძირითადად სულ ჩვენ გვქონდა. მათ დაახლოებით სამჯერ მიეცათ შეტევის გაკეთების საშუალება და აქედან ორი ლელო დაგვიდეს. შესაბამისად, ძლიერი გუნდია, თუმცა, ჩვენ სისწრაფითა და სიძლიერით ვაჯობეთ. როდესაც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ჟურნალისტმა მკითხა კანადის ნაკრების შესახებ, ვუთხარი, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ვიდეოანალიზებს ვაკეთებდით, რათა შეგვესწავლა მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, შემდეგ კი დაგვეკავშირებინა ჩვენს შესაძლებლობებთან. იმავე კითხვაზე კანადის კაპიტნის პასუხი იყო: ჩვენ არ ვიცით, საქართველო ვინ არის და არც გვაინტერესებს, როგორ რაგბის თამაშობენ. ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს რაგბის და ისეთი არ იქნება ეს შეხვედრა, როგორიც მათ ჰგონიათო. მიუხედავად მათი ასეთი განცხადებისა, 49:24 მოვუგეთ და გავაცანით თავი. კანადის ნაკრების ორი მოთამაშე, რომლებიც წინა პოზიციაზე ჰყავდათ, ისე დავჩაგრეთ, თამაშის სურვილი გაუქრათ და სტადიონი დატოვეს. როგორც კი ბურთს აიღებდნენ ჩვენი ბიჭები, მაშინვე აგრესიულად შედიოდნენ შერკინებაში.
– ძალიან ემოციური იყო შენი სიტყვები, როდესაც ბიჭებს ამხნევებდი... ასეთ შედეგს ელოდით?
– ასეთ შედეგს, რომ ამდენი ქულით მოვიგებდით, არ ველოდი. ჩემს გუნდში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ, მაინც ფინალი იყო და, ვერ ვიტყოდი, აუცილებლად გავიმარჯვებთ-მეთქი. ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ფინალში ძალიან მაგრად ითამაშოს და მოგიგოს. დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა, დიდი იმედი მქონდა, გაამართლა კიდეც და მოვიგეთ. თან, გამოცდილებაც გვქონდა – შარშან მე-5 ადგილზე გავედით. ეს ტურნირი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ტარდება. ბიჭების გამხნევება კაპიტანს ევალება, მაგრამ, მსგავსი ემოციური ლაპარაკი ყოველი თამაშის წინ შედეგის მომტანი არაა. სერიოზული თამაშების დროს ვცდილობ მათი მოტივაციის ამაღლებას და ეს საჭიროცაა, რათა ბიჭები არ მოდუნდნენ და მეტი შემართებით განაგრძონ თამაში. თან, როდესაც იცი, რომ მსოფლიოზე ან ევროპაზე გადიხარ, მთელი საქართველო გიყურებს და შენი იმედი აქვს, ისეთი ემოცია მოდის, აუცილებლად უნდა გამოხატო.
– როდის დაიწყე რაგბის თამაში?
– რაგბიზე დაახლოებით 8 წლის წინ შევედი. ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი და ბევრ სპორტზე დავდიოდი, მათ შორის კარატეზე, ფეხბურთზე, კალათბურთზე; თუმცა, ჩემი სიმსუქნისა და სიზარმაცის გამო, არცერთი არ გამომდიოდა. 2007 წელს ვუყურე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს და მომეწონა. მამას ვუთხარი, ამ ერთხელაც შევეყვანე სპორტზე. თავიდან კლუბ „აკადემიაში“ ვიყავი, მწრთვნელი ლევან გოგოლაძე იყო. ამ ადამიანის დამსახურებაა, ჩემი კარიერა კარგად რომ აეწყო, დიდ ყურადღებას მაქცევდა. თავიდან დიდებში, 17 წლამდე ასაკის ნაკრებში მოვხვდი. როდესაც ჩემს ასაკში გადავედი, თავიდანვე კაპიტანი გავხდი. კაპიტნობა მარტო სახელი არ არის, ძალიან დიდი პასუხსმგებლობაცაა. ბევრი შეცდომა დამიშვია როგორც სტადიონზე, ასევე მის გარეთ, მაგრამ, ვსწავლობ ყველაფერს და ნელ-ნელა ვიხვეწები. კაპიტნობა მხოლოდ რაგბით არ შემოიფარგლება, რაღაც კუთხით გცვლის ადამიანს. ადრე ზედმეტად ცანცარა ვიყავი; მერე, როცა მივხვდი, რომ კაპიტანი მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვებისთვის, სერიოზულად მივუდექი საკუთარ თავს. პიროვნულადაც შემცვალა ამ ყოველივემ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭებიც მეხმარებოდნენ. მათ გარეშე, არა მგონია, რამე გამომსვლოდა.
– ვიდრე წარმატებული მოთამაშე გახდებოდი, ოჯახის წევრებს მოსწონდათ შენი გადაწყვეტილება?
– მამაჩემის ძალიან დიდი სურვილი იყო, მორაგბე რომ ვყოფილიყავი. თავიდან რაგბიც მეზარებოდა, ვარჯიშებს ვაცდენდი და ინტერნეტ-კაფეში დავდიოდი (იცინის). ერთხელ მამამ ფაქტზე დამიჭირა და, ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, თვითონ მივყავდი ვარჯიშებზე. მერე მეც შემიყვარდა. ხრეშიან სტადიონზე რომ ვითამაშე, მეტკინა, სხვასაც ვატკინე და ვიგრძენი ემოცია, რაც იყო რაგბი, შეიძლება ითქვას, „მოვიწამლე“ ამ სპორტით. დედას არ მოსწონდა, ვინაიდან, სულ რაღაც მჭირდა – ხან ტვინის შერყევა, ხან მოტეხილობა... ცხვირი, ალბათ ცხრაჯერ მაქვს გატეხილი. თუმცა, როცა ნაკრებში მოვხვდი, მერე ამაყობდა ჩემით. ჩემი და გიჟდება, ისე მოსწონს, მორაგბე ძმა რომ ჰყავს (იცინის). ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, სწორედ ეს ადამიანები არიან. რაც არ უნდა ცუდად ვითამაშო, სახლში რომ მივდივარ, მაინც მეუბნებიან, რომ ყველაზე მაგრად ვითამაშე, მამხნევებენ.
– ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავდათ თითოეულ თამაშზე უცხოეთში, განსაკუთრებით – ფინალში.
– ძალიან ბევრი ქართველი იყო მოსული, მაგრად გვგულშემატკივრობდნენ; რომ დავიღლებოდით, გვეძახდნენ – მიდით, ბიჭებოო, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში. ფინალი რომ დამთავრდა, სტადიონზე შემოცვივდნენ და ერთს მაისური ვაჩუქე – მთხოვა და მივეცი, არადა, ფინალის მაისური, წესით, უნდა შეინახო, თუმცა, მაშინ არ ვფიქრობდი ამაზე (იცინის).
– თაყვანისმცემლების რიცხვმა მოიმატა?
– „ფეისბუქზე“ მეგობრობის შემოთავაზებებმა მოიმატა. ქუჩაში რომ გავდივარ, ზოგი მცნობს. 26 მაისს რუსთაველზე მივდიოდით ნაკრების ბიჭები და ხალხი სახელებით მოგვმართავდა, ჩვენთან ერთად ფოტოებს იღებდა. საქართველოში ძალიან მარტივია პოპულარობა, ხოლო, როდესაც კარგი გზით ხდები ცნობადი, ეს განსაკუთრებით სასიხარულოა.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა, არ ვარ შეყვარებული. ბევრ გოგონასთან მიცდია ურთიერთობის დაწყება, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. ისე ვარ ჩემი საქმით „მოწამლული“, ალბათ, დრო არ მრჩება. სერიოზული ტურნირი რომ დაიწყება, სხვა ვინმეზე ან რამეზე ფიქრის თავი არ მაქვს. ისე, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის და ახლო მომავალში არც ვაპირებ შეყვარებას, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე სასწაული არ გამოჩნდება (იცინის).