ხელები შორს ვენესუელისგან!..
ანუ ვისი დამოუკიდებლობა არ ეპიტნავებათ
თუმცა ვერც მანამდე დავწამებდით არაიმპერიულ აზროვნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიმიტრი როგოზინი რფ-ის ვიცე-პრემიერად დაინიშნა, მისი განცხადებები მით უფრო ეგზოტიკური გახდა (თვით მთვარის ათვისებით დაწყებული).
გამონაკლისი არც გასული კვირა ყოფილა. ასე მაგალითად, ბრძანა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ვენესუელის დამოუკიდებელ პოლიტიკას და დასძინა: „რფ არ ეთანხმება (განა შექსპირს?!) რიგ სახელმწიფოთა პოზიციას, რომლებიც საკუთარ გამორჩეულობაზე აკეთებენ აქცენტს საერთაშორისო ასპარეზზე“.
ჰოდა, რაკი არ ეთანხმება, ამიტომაც რფ არც ვენესუელის საშინაო საქმეებში სხვათა ჩარევას დაუშვებსო!
მოვიხმობ ციტატას ბ-ნი როგოზინის გამოსვლიდან რუსეთ-ვენესუელის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაზე: „ჩვენ სოლიდარულები ვართ ვენესუელის მთავრობისა და მოსახლეობის და მათი მისწრაფებისა, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი!“
ეს მხარდაჭერა მთლად ბრმა და უანგაროც არ არის, ვინაიდან, ბ-ნმა როგოზინმა იქვე შენიშნა, რომ მოსკოვი ფრიად მადლიერია კარაკასისა უკრაინის კრიზისში მხარდაჭერისთვის და ამისკენ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მოწოდებისთვის!
თუ გავიხსენებთ, რომ რფ ასეთივე დაჟინებით უჭერს მხარს ჩვენი თუ სხვისი სეპარატისტების დამოუკიდებლობას, ისმის კითხვა: კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, ამ ჩვენმა დამოუკიდებლობამ რა დაუშავა?!