TEDxTbilisi ბრუნდება
კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით
„იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ – სწორედ ასე ჟღერს ორგანიზაციის სლოგანი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო იდეას უყრის თავს და მისი მისიაა ამ იდეების საზოგადოებისთვის გაზიარება. ყველასათვის ცნობილია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკი – „საქართველოს ბანკი,“ ბევრი საინტერესო პროექტისა და წამოწყების ინიციატორია. ის ყოველთვის უჭერს მხარს ნიჭიერ ადამიანებსა და პროგრესულ იდეებს. TED არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიებით ბრუნდება. მესამე ყოველწლიური ღონისძიებაც სწორედ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართება 2015 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე, „თავისუფალ უნივერსიტეტში“ (კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი. აღმაშენებლის ხეივანი #240).
TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. თვრამეტწუთიან ან უფრო მოკლე გამოსვლებში თანამედროვეობის წამყვანი მოაზროვნეები და მოღვაწეები შთამბეჭდავი სიტყვებით წარდგებიან მსმენელთა წინაშე. ამ გამოსვლების დიდი ნაწილი წარმოდგენილია TED-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე ვანკუვერში; ასევე, ხელმისაწვდომია TED.com-ზე. აღსანიშნავია, რომ TED სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან: ბილ გეიტსი, ჯეინ გუდოლი, ელიზაბეტ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ნანდან ნილეკანი, ფილიპ სტარკი, დენიელ კეინმენი და სხვები. საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს TEDx-ის ყოველწლიურ მილიონდოლარიან პრიზს – TED Prize-ს, რომელიც მხარს უჭერს განსაკუთრებული ხედვისა და იდეის მქონე ადამიანებსა და ათასობით ჯგუფს, მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმონ ღონისძიებები და შეცვალონ სამყარო. ეს არაკომერციული ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან არჩევს საუკეთესო და ყველაზე შთამბეჭდავ პროექტებს. წლევანდელი ღონისძიების სპიკერებს შორის არის მრავალი პროფესიული ჯილდოს მფლობელი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა, რომელიც BBC-სთვის მუშაობს. სპიკერებს შორის ასევე იქნებიან: ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია ღვინიაშვილი და ბევრი სხვა საინტერესო ადამიანი.
სოფიო ბალავაძე („საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი): მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს საინტერესო, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია, როცა პროექტი „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით წარიმართება. ეს ღონისძიება იქნება საუკეთესო საშუალება, რომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა, განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანმა გაუზიაროს სხვას იდეები და ახლებურად დაანახვოს თუნდაც ყველასთვის ნაცნობი თემები სხვა კუთხით და სხვა რაკურსით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გასულ წლებში TEDxმა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა. მესამე წელია, სწორედ „საქართველოს ბანკი“ უჭერს მხარს ამ ღონისძიების გამართვას. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ პროგრამის ფარგლებში მონაწილე ყველა ადამიანს.
მერი გაბაშვილი (TEDxTbilisi-ს დირექტორი): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ TEDx საუკეთესო გზაა საქართველოს უნიკალურობის ხაზგასასმელად, შთაგონებისთვის და იმის შესახსენებლად, რომ ნებისმიერი სფეროსა თუ პროფესიის წარმომადგენელ ადამიანს შეუძლია, გაგვიზიაროს თავისი იდეა და ნებისმიერ აქტუალურ თემაზე ვიმსჯელოთ. TEDxTbilisi არის ინგლისურენოვანი ღონისძიება, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეუძლია. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 2015 წლის 30 მაისს, დილის 8 საათიდან დაიწყო. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: WWW. tedxtbilisi. com.