კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ იქნები გულჩვილი

მაკი დიდი ხანია, პოლიციელი იყო და გაქცეული პატიმრის აყვანის ოპერაციაშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. ანუ, ის, რაც იმ დღეს უნდა მომხდარიყო, მისთვის უჩვეულო ან განსაკუთრებული არ გახლდათ, მაგრამ გუნება მაინც მოუშხამა. შობის ღამე იყო და ქუჩაში, მანქანაში ჯდომას, ცოლთან და შვილებთან ყოფნა ერჩივნა... იმ პატიმარს, რომლისთვისაც ჩასაფრება ჰქონდათ მოწყობილი, სამუდამო ჰქონდა მისჯილი. ისიც ადგა და გაიქცა. წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა. ისეთი ციხიდან გაიპარა და იმდენი ბადრაგი გააცურა, ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ასე ადვილად ჩავარდებოდა.

მაკიმ ამოიოხრა და გვერდით მჯდომ ახალგაზრდა, ახალბედა პოლიციელს გადახედა. ფიშმანი საღეჭ რეზინს ღეჭავდა და იღიმებოდა. პირველად იყო ასეთ ოპერაციაზე და მოუთმენლად ელოდებოდა სუბიექტის გამოჩენას. მეორე მანქანა ცოტა მოშორებით იდგა. მასში ლეიტენანტი მორტელი და პირველი კატეგორიის გამომძიებელი ტრაშერი ისხდნენ. მაკის მანქანაში ლეიტენანტი დოდიც იჯდა. სწორედ მაკის მანქანა იდგა ყველაზე ახლოს იმ სახლთან, სადაც დასაკავებელი სუბიექტის გამოჩენას ელოდებოდნენ. საქმე ის იყო, რომ ამ სახლში გაქცეული პატიმრის ცოლი და შვილი ცხოვრობდნენ.

მაკი აწრიალდა და საათს დახედა.

– მგონი, სულ ტყუილად ვართ აქ. თორმეტს უკვე ოცი წუთი აკლია. რატომ გგონიათ, რომ ბოგენი ნორმალური ადამიანივით მოიქცევა. მივა და ცოლ-შვილს საშობაოდ მოინახულებს. ყოფილი პატიმარი, კრიმინალი კი არა, ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს არ უნდა გააკეთოს. თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს, არ მოვა!

– მაკი, შენ ხომ გყავს ცოლი? – მოულოდნელად ჰკითხა დოდიმ. 

მაკი მოიღუშა და თავი დაუქნია.

– მაშინ, ნუ ლაპარაკობ სისულელეს...

– რატომ არის სისულელე? – საუბარში ჩაერთო ფიშმანი, – მეც, მაგალითად, ვფიქრობ, რომ არ მოვა.

დოდიმ ახალბედას ირონიულად გახედა.

– ცოლი რომ გეყოლება, მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი ყურადღებით იყავი.

– ყურადღებით ვარ. სროლის უფლება ხომ გვაქვს?

– თუ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მხოლოდ იმ შემთხვევაში. დასახლებული რაიონია... სროლას უნდა მოვერიდოთ.

– ნუ დარდობ, შეფ... ერთი გასროლის მეტი არ დამჭირდება. ძალიან კარგად ვისვრი. დავუმიზნებ და ბახ! ეგრევე მარცხენა თვალში მოვარტყამ.

მაკიმ თავი ცუდად იგრძნო.

– არ შეიძლებოდა, სადმე სხვაგან აგვეყვანა? რა უბედურებაა, შობის ღამეს შვილისა და ცოლის თვალწინ დავაპატიმროთ... თანაც, ვესროლოთ... – თქვა უხალისოდ.

– მაკი, როგორი სენტიმენტალური გამხდარხარ. ასაკი ხომ არ შემოგეპარა?! გულმოწყალება ასეთ მნიშვნელოვან დროს ცუდი მრჩეველია... მგონი, არც ისეთი კარგი პოლიციელი ხარ, როგორიც საჭიროა. კეთილი ინებე და გაიხსენე იმ ფინანსური კომპანიის მენეჯერი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩება, რასაც ამ ვაჟბატონს უნდა უმადლოდეს? ის არ გეცოდება? იმას არ ჰყავს ცოლი და შვილი?! ხმას ვერ იღებ? მაშინ, ძალიან მადლობელი დაგრჩები, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც უკანასკნელი სულელი...

მთელმა ამ ტირადამ მაკი მიახვედრა, რომ ლეიტენანტი გაქცეული პატიმრის ცოცხლად აყვანას არ აპირებდა. სავარაუდოდ, სახლში შესვლასაც არ დააცდიდნენ... ერთბაშად ძალიან მოუნდა მანქანიდან გადასვლა და გაქცევა, საერთოდ, პოლიციიდან გაქცევა და უკან მოუხედავად... თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ამას არ გააკეთებდა. ვის სჭირდებოდა ყოფილი პოლიციელი? რა უნდა გაეკეთებინა? მის უკან კი ცოლი და ორი შვილი იდგა.

– ლეიტენანტო, თქვენ როგორ გგონიათ, ის შეიარაღებულია? – მოუთმენლად იკითხა ახალბედამ. დოდმა სერიოზულად დაუქნია თავი და მსუბუქი ირონიით ჰკითხა:

– ხომ არ გეშინია? იცოდე, ეს შენი ნათლობა იქნება და თავი არ შეირცხვინო. 

– არა. მიმიშვით და ნახავთ, რა შემიძლია.

... ორი ავტობუსი მოვიდა, მაგრამ, ყოფილი პატიმარი არცერთს არ მოჰყოლია. მაკის სულ ცოტა იმედი გაუჩნდა, რომ ის შეიძლებოდა, არც მოსულიყო, მაგრამ, აი, ავტობუსი გაჩერდა და იქიდან „ის“ ჩამოვიდა – გამხდარი და სუფთად გაპარსული.

– მოემზადეთ! – გაისმა პირველი ბრძანება, რასაც მეორე, უკვე ასაყვანი ობიექტის მისამართით გამოთქმული ბრძანება მოჰყვა..

– იარაღი დააგდე და არ გაინძრე, პოლიციაა... არ გაინძრე! ხელები მაღლა ასწიე და შემობრუნდი.

მაკიმ რევოლვერი ქამრიდან ამოიღო და მანქანიდან ნელა დაიწყო გადასვლა. ახალბედამ ყველას დაასწრო, მანქანიდან ისკუპა და პატიმარს ესროლა. ტყვია საცოდავს მართლაც მარცხენა თვალში მოხვდა და მაშინვე სული განუტევა... მაკი ნელი ნაბიჯით დაიძრა ახალბედასკენ, რომელსაც სახე უბრწყინავდა და გამარჯვებულის გამომეტყველება ჰქონდა.

– ეს რა გააკეთე, ბრძანებას რატომ არ დაელოდე? – გამოსცრა მაკიმ, მგონი, არც იყო შეიარაღებული, შენ კი მოკალი.

– ყველაფერი წესრიგშია, ფიშმან, – გაისმა ლეიტენანტ დოდის ხმა, – შენ კი, მაკი... შედი ამის ცოლთან და უთხარი, რაც მოხდა. თან, ამოცნობაზე გამოიყვანე. ცნობისმოყვარეები არ მოუშვათ. სასწრაფოც გამოიძახეთ.

– მაკი გაფითრდა... ყველაფერი ერჩივნა ამ დავალების შესრულებას. სახლისკენ რომ მიდიოდა, გვამთან ახლოს გაიარა და მიწაზე დაგდებულ ყუთსაც მოჰკრა თვალი. შესაფუთი ქაღალდი გახეულიყო და იქიდან სათამაშო დედოფალასა და იაფფასიანი სუნამოს კოლოფები ჩანდა... მაკის შეაჟრჟოლა, მაგრამ გზა მაინც განაგრძო. ზღურბლზე ღარიბულად ჩაცმული ქალი გამოჩნდა, კაბაზე პატარა, სამი წლის გოგონა იყო მობღაუჭებული... მაკიმ მზერა მოარიდა...

– რა მოხდა?

– არაფერი მემ, თქვენს მახლობლად პატარა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. დამნაშავე უკვე დავაკევეთ. მოვედი იმიტომ, რომ გითხრათ, – გარეთ არ გამოხვიდეთ, შეიძლება, თანამზრახველებიც ჰყავდეს.

– ვინ არის? – ქალის ხმაში შეშფოთება გაისმა.

– თვრამეტი-ცხრამეტი წლის ლაწირაკია... დამშვიდდით, – ქალმა ნაძალადევი ღიმილით დაუქნა თავი...

...დოდმა მაკის დამცინავად შეხედა.

– რა ფერი გაქვს, ცოლმა ხომ არ შეგაშინა?

– ცოლმა? შენ თუ ჩვენი გაქცეული პატიმრის ცოლს გულისხმობ, მინდა გითხრა, რომ ეს უბედური ტყუილად გაისარჯა... სახლში არ არიან...

– რაო? ამოცნობაზე არ გამოვა?

– არა. შენ ვერ გაიგონე? სახლი დაკეტილია. ეტყობა, საშობაოდ ნათესავებთან გაემგზავრნენ...

მაკიმ ამოისუნთქა... ხვალ ქალი გაზეთებიდან ყველაფერს შეიტყობდა. მაგრამ დღეს შობაა... სენტიმენტალურ პოლიციელს წამწამებზე ცრემლი მოადგა.

скачать dle 11.3