კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-20(751) 

პოლიციისგან გაქცეული ჯაბა კონსპირაციულ ბინაში მივიდა. ლიადოვს დაურეკა და შეხვედრაზე დაიბარა. პავლე ლიადოვი ნახევარ საათში მივიდა და ჰკითხა:

– რა მოხდა?

ჯაბამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო ლიადოვს და ბოლოს უთხრა:

– ახლა ერთი პატარა შოუ დაგვრჩა და შეგვიძლია, მოსკოვში გავემგზავროთ. ისეთი რამ უნდა ჩავატაროთ, რომ „ეფბეერი“, ავღანელები და მაფიოზები ერთდროულად მოტყუვდნენ. ძებნა აღარ დამიწყონ და ახალი ცხოვრება დავიწყო.

– მოფიქრებული გაქვს რამე?

– დიახ.

– აბა, თქვი.

– ქეითის სახლიდან უცნობებმა უნდა გამიტაცონ. ეს ყველაფერი კი ვიდეოკამერებში უნდა გამოჩნდეს. მაგრამ, გამტაცებლები ისე უნდა იყვნენ შენიღბული, რომ ვერავინ გაშიფროს და კვალს ვერ დაადგნენ. „ეფბეერი“ იფიქრებს, რომ მაფიოზებმა ან ავღანელებმა გამიტაცეს. მაფიოზები და ავღანელები კი „ეფბეერზე“ მიიტანს ეჭვს. მე კი ამ დროს რუსეთში  ვიქნები და ეძიონ ნემსი თივის ზვინში.

– მარტივი და ჭკვიანურია. თუ საბოლოოდ ვერ მოვატყუებთ მათ, დროს მაინც მოვიგებთ. მყავს მე შემსრულებლები და ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდება, – მიუგო ჯაბას ლიადოვმა და თან, ჰკითხა, – შენ ის მითხარი, უმარ ანდიევი შენი ნამუშევარია?

– დიახ.

– რაში დაგჭირდა?

– პანკისში რომ ვიყავი, ასე თქვა – სოხუმში ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთს ვთამაშობდი და თუ დამჭირდა, ასეთ რამეს ისევ ვიზამო. მთელ ერს დაგვცინოდა და უკიდურესი სიტყვებით გვლანძღავდა. მაშინ დავიფიცე, რომ პასუხს ვაგებინებდი და რომ არ შემესრულებინა, არ შემეძლო.

– ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია. ყველა ფიქრობს, რომ ანდიევი კარლო მოზესის ბრძანებით მოკლეს და ჩეჩნები საპასუხო აქციას ამზადებენ.

– ძია პავლე, კარლო მოზესის საქმე როგორაა?

– უკვე მოსკოვშია. სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული და ჩვენ გველოდებიან.

– ერთი სული მაქვს, როდის გავუსწორდები.

– ასეთი ჟინით არა მარტო შენ ხარ შეპყრობილი.

– ვიცი. მაგრამ მამაჩემის მკვლელს მე უნდა გავუსწორდე.

– კარგი, კარგი. ამაზე შემდეგ. ახლა კი ერთი საათი დაისვენე. მანამდე ხალხს გავაფრთხილებ. მოსკოვში გასამგზავრებლად თადარიგს დავიჭერ და წერტილი დავუსვათ ამ მრავალწლიან უბედურებას, – უთხრა ლიადოვმა ჯაბას და წავიდა.

სამიოდე საათის შემდეგ, პრაღის ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე მდებარე ბუტიკის ვიდეოკამერებმა მკაფიოდ დააფიქსირეს აგენტ უშბას გატაცების ეპიზოდი. ორმა ნიღბიანმა მოტოციკლისტმა ქეითის სადარბაზოდან გამოსული უშბა ჯერ პულვერიზატორით მიაძინა და განაიარაღა, შემდეგ კი, „ჯიპში“ შეაგდეს, თვითონ კი უკან გაჰყვნენ. დამწვარი მანქანა და მოტოციკლები პოლიციამ პრაღის ერთ-ერთ გარეუბანში  აღმოაჩინა. ვიდეოფირის გაშიფვრის შედეგად კი, სამი ათლეტი მამაკაცის ძებნას შეუდგნენ, რომლებიც სინამდვილეში ქალები იყვნენ და პავლე ლიადოვის დავალებით მოქმედებდნენ. „გატაცებიდან“ ერთი საათის შემდეგ, პრაღის აეროპორტიდან მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავი აფრინდა და დიპლომატიური ბარგის ერთ-ერთ ყუთში ჯაბა ზვიადაური, იგივე აგენტი უშბა იმალებოდა. პირველი კლასის სალონში კი პავლე ლიადოვი იჯდა და ძვირფას „ბარგთან“ ერთად მოუთმენლად ელოდა რუსეთის დედაქალაქში ჩაფრენას.

***

მას მერე, რაც ჯაბა და ლიადოვი მოსკოვს გაემგზავრნენ, პავლე ლიადოვის ბრძანებით, დატყვევებული ჯამალ ჯურთი გაუშვეს. უფრო სწორად კი შახ ომარის დაძინებული ვაჟი პრაღის ერთ-ერთ სკვერში სკამზე დატოვეს. ავღანელი თავის საშინელმა ტკივილმა გამოაღვიძა და თავდაპივრელად, ვერც კი მიხვდა, სად იმყოფებოდა. მას მხოლოდ ის ახსოვდა, რომ გაიტაცეს, თანაც ბუნდოვნად. სად და ვისთან იმყოფებოდა თითქმის ორი დღე, ვერაფრით გაიხსენა. ჯამალი ბარბაცით გამოვიდა სკვერიდან. ტაქსი გააჩერა და ჰაშეკის სასახლეში ღამის თერთმეტ საათზე მივიდა. იქაურობა პოლიციელებით, უშიშროების თანამშრომლებითა და „ეფბეერის“ რამდენიმე აგენტით იყო სავსე, რომლებიც სპეციალურად ამერიკიდან ჩაფრინდნენ პრაღაში, ჯონ კეინის ბრძანებით. იქვე იმყოფებოდა კომისარი ნედამანსკიც. მან პირველმა იცნო ჯამალი. თავის ხელქვეითებს მისთვის ხელბორკილების დადება უბრძანა და უთხრა:

– სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, თუ კვლავ უკან დაბრუნდებოდით.

– ვისთან მაქვს ლაპარაკის პატივი? – მშვიდად ჰკითხა ჯამალმა კომისარს.

– პრაღის პოლიციის კომისარი ნედამანსკი, – მიუგო კომისარმა.

– რა გნებავთ, კომისარო, ხელბორკილები რატომ დამადეთ?

– თქვენ დაკავებული ხართ.

– ჩავიდინე რამე?

– ამას სულ მალე გავარკვევთ.

– რაში მადანაშაულებთ?

– თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ჩეხეთის ტერიტორიაზე მაფიოზური, უკანონო და დანაშაულებრივი შეხვედრების ორგანიზებაში. აგრეთვე, კლაუს ჰაშეკის მკვლელობაში.

– რას ბოდავთ, ნედამანსკი, – ჩაეცინა ჯამალს, – მე ბიზნესმენი ვარ. კანონიერად ვიმყოფები აქ. არავინ მომიკლავს და არანაირ მაფიასთან არ მაქვს კავშირი.

– ამას გავარკვევთ.

– მე შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ და მოვითხოვ, სასწრაფოდ მოიწვიოთ აქ ჩემი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელი.

ჯამალის დაკავების შესახებ რომ შეიტყვეს „ეფბეერის“ აგენტებმა, იმ ოთახისკენ გაემართნენ, სადაც ავღანელს ნედამანსკი ელაპარაკებოდა. ოთხი ეფბეერელი სწორედ იმ დროს შევიდა ოთახში, როდესაც ჯამალი ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლის მოყვანას თხოულობდა. უფროსი აგენტი ჯოული უცერემონიოდ დაუდგა წინ ნედამანსკის. კომისარს ზურგი შეაქცია და ჯამალს უთხრა:

– მისტერ ჯურთი, მე გახლავართ ამერიკის საკონსულოს წარმომადგენელი. გისმენთ.

– როგორ მოგმართოთ? – ჰკითხა ჯოულს ჯამალმა, რომელიც მიხვდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე.

– საიმონ ჯოული. გისმენთ, მისტერ ჯურთი, – მიუგო „ეფბეერის“  უფროსმა აგენტმა.

– იქნებ გაარკვიოთ, რაშია საქმე და ეს სულელური ხელბორკილები რატომ დამადეს? – უთხრა ჯამალმა ეფბეერელს.

უფროსმა აგენტმა ჯოულმა, ნედამანსკის წინ ყოვლად უტიფრად მოხსნა ჯამალს ხელბორკილები და იატაკზე დაყარა. შემდეგ მას გაუღიმა და უთხრა:

– არანაირი პრობლემა არაა. აი, ხომ ხედავთ, თუ როგორ გიცავთ თქვენი სახელმწიფო. თქვენგანაც იგივეს ველოდებით.

– გმადლობთ, სერ. გისმენთ. ბრძანეთ, რას მოითხოვთ ჩემგან.

ჯოულმა იკადრა, ნედამანსკისკენ შეტრიალდა და სიმწრისგან გაფითრებულ კომისარს დამცინავი თავაზიანობით უთხრა:

– მისტერ ნედამანსკი, ბატონ ჯურთისთან კონფიდენციალური საუბარი მაქვს და გთხოვთ, დაგვტოვოთ.

– ბატონო ჯოულ, თქვენ, ალბათ, გავიწყდებათ, რომ ჩეხეთის ტერიტორიაზე იმყოფებით და არანაირი კანონიერი უფლება არ გაქვთ, ასე მოიქცეთ. მე კი კანონს წარმოვადგენ, – რაც შეეძლო მტკიცედ უთხრა კომისარმა ეფბეერელს.

ჯოულმა საათს დახედა. შემდეგ ცინიკურად გაეცინა და კომისარს მიუგო:

– კომისარო ნედამანსკი, გარწმუნებთ, რომ ეს უფლებამოსილება უკვე აღარ გაგაჩნიათ. თქვენ სულ მალე გაიგებთ ამას.

ნედამანსკი ვერ ჩასწვდა ეფბეერელის სიტყვების არსს. კომისარმა არ იცოდა, რომ მისი გადაყენებით პირადად „ეფბეერის“ დირექტორი იყო დაინტერესებული და ამერიკელს უპასუხა:

– მე მგონი, რაღაც აგერიათ, ჯოულ და ცდებით.

ნედამანსკის სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მობილურზე დაურეკეს და ისედაც გაფითრებული კომისარი, კიდევ უფრო გაფითრდა. შემდეგ ტელეფონი გათიშა და ჯოულს ზიზღნარევი მზერა ესროლა. ამერიკელს კი ცინიკურად ჩაეცინა და კომისარს უთხრა:

– დარწმუნდით, რომ მართალი ვარ?

ნედამანსკის ერთი სული ჰქონდა, ჯოულს ყელში სწვდომოდა და კატასავით მიეხრჩო. მაგრამ, კარგად იცოდა, რომ მინისტრი ასეთ საქციელს არ აპატიებდა. კომისრობიდან გადადგომას არ აკმარებდა და ამერიკელის ხელყოფისთვის შეიძლება, ციხეშიც კი ჩაესვა. ამიტომ, ჯოულის ფიზიკური შეურაცხყოფისგან თავი შეიკავა და უთხრა:

– გინდათ გითხრათ, რატომ გჯობიან რუსები?

– ბრძანეთ, – მიუგო ჯოულმა.

– მათ თქვენ მიერ შექმნილი ჰიტლერი დაამარცხეს და მთელი ევროპა გადაარჩინეს განადგურებას. თქვენ კი ახალ-ახალ საფრთხეებს, ახალ ჰიტლერებსა და ბინ ლადენებს ქმნით და კვლავ ჩვენს დათრგუნვას ცდილობთ.

– ბინ ლადენსაც მოვსპობთ და ყველა სხვა ჩვენს მტერს.

– კი. მოსპობთ, მაგრამ მას შემდეგ, როცა ნახევარ მსოფლიოს ამოწყვეტთ და მიწასთან გაასწორებთ, – უთხრა ჯოულს კომისარმა და ჯამალზე მიუთითა, – აი, ეს და ამნაირები მოგიღებენ თქვენ ბოლოს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და გირჩევთ, გაკოჭოთ. ხელბორკილებს კი სამახსოვროდ გიტოვებთ.

ჯოულს პასუხი აღარ გაუცია კომისრისთვის და ნედამანსკი რომ წავიდა, ჯამალს უთხრა:

– მისტერ ჯურთი, თქვენთან ერთი სარფიანი წინადადება მაქვს და მომისმინეთ.

– ბრძანეთ, მისტერ ჯოულ.

– მისტერ ჯურთი, თქვენ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და თუკი ჩემს წინადადებას არ დათანხმდებით, გარწმუნებთ, რომ ელექტრონული სკამი არ აგცდებათ.

– ელექტრონული სკამი? მაშინებთ?

– სულაც არა.

– მაინც, რის გამო მელოდება ასეთი პატივი?

– ჯურთი! – ხმას აუწია ჯოულმა, – შენ ჯერ კიდევ იმ მომენტიდან გაკონტროლებთ, როდესაც შეერთებული შტატების საზღვარი გადაკვეთე და ჯიჰადისტებთან გაემგზავრე ავღანეთში ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე რომ, სხვა არჩევანი არ გაქვს და თუ გინდა, სიცოცხლე შეინარჩუნო და შემდეგ უზრუნველად და კომფორტულად იცხოვრო, „ეფბეერთან“  უნდა ითანამშრომლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ავღანელი ბოსები გაიგებენ, რომ ჩვენი აგენტი ხარ და ელექტრონული სკამი სანატრელი გაგიხდება. ჩვენ არ დაგიჭერთ, პირიქით, გაგიშვებთ კიდეც. ხვდები, ახლა ჩემი სიტყვების არსს?

ჯოულმა ინსტრუქცია დაარღვია, როდესაც ჯამალის გადაბირება დააპირა. მისი ერთადერთი და მთავარი მიზანი იყო, რომ ჯურთისგან ჯალალის ამბავი შეეტყო. ჯამალმა კი, როდესაც მიხვდა, თუ რა შარში ებმებოდა და მოღალატის სახელი არ ასცდებოდა, გადაწყვეტილება მიიღო. მან ჯოულს პისტოლეტი ამოაცალა ქამრიდან და „ეფბეერის“ უფროსი აგენტი თვალში გასროლით მოკლა. მეორე აგენტი კი მკერდში დაჭრა. თუმცა, მეტი ვერ მოასწრო. დანარჩენმა ორმა აგენტმა პისტოლეტები იშიშვლეს და ჯამალ ჯურთი იქვე ჩაცხრილეს.

– ალაჰ აგბარ! – აღმოხდა ჯამალს და სული განუტევა

სროლის ხმაზე ჩეხი პოლიციელები ოთახში შებრუნდნენ. მათ შორის იყო ნედამანსკიც. ყოფილმა კომისარმა ჯამალს დახედა და უხმოდ გააქნია თავი. შემდეგ ჯოულზე გადაიტანა მზერა და ჩაილაპარაკა: „ხომ ვამბობდი, რომ თქვენი საქციელი თქვენვე შემოგიბრუნდებოდათ“.

– ბატონო კომისარო, ნება მიბოძეთ მოკვლევა დავიწყო, – უთხრა ნედამანსკის ერთ-ერთმა პოლიციელმა. ყოფილმა კომისარმა კი ცივად მიუგო:

– აღარ ვარ კომისარი, მინისტრს დაურეკეთ.

***

– შებრძანდით. დირექტორი გელოდებათ, – უთხრა ჯინა ქროსს ჯონ კეინის თანაშემწემ. მას კარი გაუღო, კაბინეტში შეუშვა და კარი გამოიხურა.

ახალმოსულს ჯერ „ეფბეერის“ დირექტორმა ჩამოართვა ხელი. შემდეგ მისმა მოადგილემ. კეინმა გოგონას სავარძელზე მიუთითა და ჰკითხა:

– თავს როგორ გრძნობთ, ქროს?

– გმადლობთ, სერ. ნორმალურად, – მიუგო კეინს ქროსმა.

– ქროს, აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ პრაღის ამბები პირველი პირიდან შევიტყოთ.

– კონკრეტული რამ გაინტერესებთ, სერ?

– რას ფიქრობთ აგენტ უშბას გაუჩინარებაზე. თქვენ მისი პირადი მეკავშირე იყავით და თქვენი მოსაზრება, ჩემის აზრით, მეტ ნათელს მოჰფენს ამ საქმეს.

ჯაბას ხსენებაზე ჯინას გული დაუმძიმდა, მაგრამ საკუთარ თავს სძლია და „ეფბეერის“ დირექტორს უთხრა:

– უშბა რომ გატაცებულია, დადასტურებული ფაქტია. მთავარი იმათზე გასვლაა, ვინც ეს გააკეთა. ეს კი ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება, ექნა. ავღანელებს, კოლუმბიელებს, ჩეჩნებსა და რუსებს ან კიდევ ისეთ ჯგუფს, ვისზეც ნაკლებად თუ მიიტანს ვინმე ეჭვს. საამისო მიზეზიც მრავალი არსებობს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო რუსების საქმეა. მეტიც, კარლო მოზესი და უშბა ერთი და იმავე ჯგუფმა გაიტაცა.... რუსებმა.

– მაინც, რატომ ფიქრობთ ასე? – ჰკითხა კეინმა.

– იმიტომ, სერ, რომ უშბას ძალისხმევით დაუჭირეს მხარი კარლო მოზესს ევროპელმა ნარკობარონებმა და რუსების პოზიციები შეასუსტეს. ასეთ რამეს კი არავინ გაპატიებს და მოსახდენიც მოხდა. კოზლოვის ხალხმა ორივე ძირითადი კონკურენტი გაიტაცეს და... – ჯინა ქროსმა აღარ დაასრულა და გაჩუმდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ უშბა მოკლეს? – დაამატა კეინმა.

– აბა, რა უნდა ვიფიქრო, სერ?

– მოდი, ოპტიმისტები ვიყოთ და ამ მოვლენებს ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ. მით უმეტეს, რომ უშბას არც გვამია ნაპოვნი და მცირედი მინიშნებაც კი არაა იმაზე, რომ ის მოკლეს. მისი მოკვლა რომ სდომოდათ, მაშინ რატომ გაიტაცებდნენ? მას უბრალოდ, ბოლოს მოუღებდნენ.

– აბა, თქვენ რას ფიქრობთ, სერ?

„ეფბეერის“ დირექტორს ჩაეცინა და ჯინას უთხრა:

– ბევრ რამეს. მთავარი კი ისაა, რომ რატომღაც უშბა ცოცხალი მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც და ჩვენი საუკეთესო თანამშრომლები თავდაუზოგავად ცდილობენ, მის კვალზე დადგომას. ამიტომ, გირჩევთ, არ ინერვიულოთ. დაისვენეთ. სადმე გაემგზავრეთ. გაერთეთ და როცა საჭირო იქნება, თვითონ დაგიკავშირდებით.

– თავისუფალი ვარ, სერ? – იკითხა გაკვირვებულმა ჯინამ. რადგან ფიქრობდა, რომ პრაღის ამბებს მას უფრო დაწვრილებით გამოჰკითხავდნენ.

– რა თქმა უნდა, ქროს. ნახვამდის, – „ეფბეერის“ დირექტორმა ხელი ჩამოართვა ჯინას. იგივე გააკეთა პოულმაც და ჯინა რომ წავიდა, პოულმა შეფს ჰკითხა:

– როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, სერ?

– ვფიქრობ, რომ გოგონა გულწრფელია. 

– მეც ასე ვფიქრობ, – თქვა პოულმა, – თუმცა, სულ მალე ზუსტ შედეგებს მოგვიტანენ.

„ეფბეერის“ დირექტორის მოადგილე ზუსტ შედეგებში სიცრუის დეტექტორის მონაცემებს გულისხმობდა. სავარძელი, რომელშიც ჯინა იჯდა, სენსორული მოწყობილობებით იყო აღჭურვილი და სიცრუის დეტექტორს წარმოადგენდა. ჯინას მიწვევის მთავარი მიზეზიც სიმართლის გარკვევა იყო. რადგან, „ეფბეერის“ ერთ-ერთი ვერსიით, აგენტი უშბას გატაცება თავადვე მისი ინსცენირებული და ჯინა ქროსთან შეთანხმებული იყო. სწორედ ამ ვერსიის გადასამოწმებლად მიიწვიეს ჯინა ქროსი „ეფბეერის“ დირექტორთან.

ჯინას წასვლიდან ხუთი წუთის შემდეგ, ჯონ კეინს თანაშემწემ ფურცელი შეუტანა და უთხრა:

– აი, სერ, ტექნიკურმა განყოფილებამ გამოგიგზავნათ.

თანაშემწე რომ გავიდა, „ეფბეერის“ დირექტორმა ფურცელი გადაიკითხა და პოულს უთხრა:

– ჯინა ქროსი სიმართლეს ლაპარაკობდა. მან მართლა არაფერი იცის უშბაზე.

– ეს უფრო ართულებს საქმეს, სერ. ნუთუ უშბა მართლა მოკლეს? – თქვა მარტინ პოულმა და დაამატა, – სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო...

– სამწუხაროზე მეტია, მარტინ. მაგრამ, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ, რას მოიკვლევენ თბილისში გაგზავნილი ჩვენი საიდუმლო აგენტები.

– სიმართლე რომ გითხრათ, სერ, მაინცდამაინც დიდი წარმატების იმედი არ მაქვს ამ მისიიდან. თუმცა, რაღაც იმედის მარცვალი მაინც არსებობს. თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა და უშბა მართლა თავისიანებმა გაიტაცეს, მაშინ ადრე თუ გვიან მას აუცილებლად მივაგნებთ. მაგრამ, თუ ეს ასე არაა, მისი პოვნის შანსი თითქმის ნულის ტოლია.

– ნუ გადავიწურავთ იმედს. ორი მყარი არგუმენტი გვაქვს საიმისოდ, რომ უშბა ცოცხალია. პირველი და მთავარია ის, რომ აგენტ უშბას აუცილებლად უნდა შეენახა მამა-შვილ მოზესების ფარული საუბრების ფაილები, ისინი კი არ ჩანს. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ მან ეს არ ჩათვალა საჭიროდ. ანუ, ჩვენ დაგვიმალა. ესე იგი, ისინი ისეთ რამეზე საუბრობდნენ, რაც მის მომავალ გეგმებს ჩაშლიდა. რა საიდუმლო შეიტყო უშბამ მათი საუბრის მოსმენისას? მეორე არგუმენტი კი უშბას მომზადებაა. შენ თვითონ არ ამბობდი, მარტინ, რომ უშბა საუკეთესოდაა მომზადებული და მისი მოხელთება ურთულესიაო? აი, ამიტომ ვეჭვობ, რომ უშბას გატაცება, შეიძლება, ინსცენირებული იყოს.

– ბოდიში, სერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცდებით. არ მგონია, მოზესებსა და უშბას ჩვენგან დამოუკიდებლად რამე საიდუმლო აკავშირებდეთ. რაც შეეხება მის მოუხელთებლობას, ყველაზე მოუხელთებლებიც კი ვარდებიან ადრე თუ გვიან და უშბასაც ასე დაემართა. ჩემი აზრით, ჩვენი აგენტის გატაცება წმინდა კრიმინალთანაა დაკავშირებული და ეს მაფიამ გააკეთა. თუ, რა თქმა უნდა, მას უოლტ-სტრიტის შურისძიების ხელი არ მისწვდა.

– მოდი, ასე გავაკეთოთ, მარტინ. კარმენ მოზესი მოვიხელთოთ და მისი მეშვეობით გადავამოწმოთ ჩემი ვერსია.

– რას გულისხმობთ, სერ?

– საიდუმლო სპეცოპერაციას, მარტინ. კარმენ მოზესის გატაცებასა და მის საიდუმლო დაკითხვას.

– ეს ბრძანებაა, სერ?

– საიდუმლო ბრძანება და ხვალ ამ დროს იმ ქალის სწორი ჩვენებები უნდა მქონდეს.

– გასაგებია, სერ. ნება მიბოძეთ, ვიმოქმედო.

– იმოქმედე.

„ეფბეერის“ დირექტორის კაბინეტიდან გამოსული მარტინ პოული საიდუმლო სპეცოპერაციის განყოფილების უფროსს შეხვდა. კარმენ მოზესის გატაცების ოპერაციის ჩატარება უბრძანა და ბოლოს უთხრა:

– იცოდეთ, სუფთად უნდა იმუშაოთ და მსხვერპლის გარეშე.

– დარდი ნუ გაქვთ, სერ. მოზესების მამულში ისე შევალთ და გამოვალთ,  ეშმაკიც ვერაფერს შეიტყობს.

– კეთილი. იმოქმედეთ. წარმატებას გისურვებთ, – მიუგო პოულმა.

„ეფბეერის“ სპეცჯგუფმა კარმენ მოზესი მართლაც ძალიან სუფთად გაიტაცა და ისე ჩაიყვანეს ამერიკაში, ერთი გასროლაც არ დასჭირვებიათ. მაფიოზი ქალი „ეფბეერის“ საიდუმლო საკანში მოათავსეს და მისი დაკითხვა ოპერაცია „კარტელის“ კურატორს, დენის მორისს დაავალეს. „ეფბეერის“ დირექტორი და მისი მოადგილე კი გამჭვირვალე შუშიდან ადევნებდნენ ამ პროცესს თვალყურს.

მორისი საკანში შევიდა და კარმენ მოზესს უთხრა:

– თავს როგორ გრძნობთ, სენიორა მოზეს?

– ისე, როგორც გატაცებულს შეეფერება, – მიუგო კარმენმა.

– აქედან თავის დაღწევა მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში... – მორისმა სიტყვა აღარ გააგრძელა და მხრები აიჩეჩა.

კარმენს გაეცინა:

– წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, სამუდამოდ გამაქრობთ, ხომ?

– თქვენდა სამწუხაროდ, დიახ.

– რა გაეწყობა, მკითხეთ და შევეცდები, გიპასუხოთ.

– ოღონდ, ამთავითვე უნდა შევთანხმდეთ, რომ არაფერს მომატყუებთ, ყველაფერზე ამომწურავ პასუხს გამცემთ და ჩემს წინადადებას დათანხმდებით, მე კი შევეცდები, რომ დაგეხმაროთ.

– გისმენთ, – კბილებში გამოცრა კარმენმა.

– სენიორა მოზეს, იცით თუ არა, სად იმყოფება ამჟამად მამათქვენი, დონ კარლო მოზესი?

– წარმოდგენაც არ მაქვს და, მიკვირს, რომ ასეთ კითხვას მისვამთ.

– რატომ გიკვირთ?

– იმიტომ, რომ დღემდე ვფიქრობდი, ის თქვენ ანუ „ეფბეერმა“ გაიტაცა. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი.

– სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ ამას ვგეგმავდით და პრაღაში სპეციალური ჯგუფი გვყავდა მივლინებული მამათქვენის წამოსაყვანად.

– გამოდის, რომ ვიღაცამ დაგასწროთ. თუ, რა თქმა უნდა, მამაჩემმა მეც არ მომატყუა. ყველაფერი არ გაითამაშა და იმ ძუკნასთან ერთად არ მიიმალა, – ზიზღით თქვა კარმენმა. პაუზა გააკეთა და მორისს ჰკითხა: – მოწევა მინდა. სიგარეტი ხომ არ გაქვთ?

მორისი მიხვდა, რომ მოზესების საქმეში ახალი ფიგურა გამოჩნდა, მაგრამ არ შეიმჩნია. კარმენს კი უთხრა:

– ახლავე მოგიტანთ სიგარეტს.

დაკითხვიდან გასულ მორისს დერეფანში კეინი და პოული დახვდნენ. პოულმა მას უხმოდ მისცა სიგარეტის კოლოფი და სანთებელა, კეინმა კი უთხრა:

– მიდი, დენის. დაკითხვა საინტერესო მიმართულებას იძენს და გაარკვიე, ვინაა ის ძუკნა.

საკანში დაბრუნებულმა მორისმა კარმენს სიგარეტი და სანთებელა მისცა და ჰკითხა:

– ვინ ძუკნას გულისხმობთ, სენიორიტა?

– ჩემს დას.

– ვინ თქვენს დას?

კარმენმა სიგარეტი მოქაჩა. კვამლი გამოუშვა, გაეცინა და მორისს მიუგო:

– თქვენი აგენტი ქეით როისი, სინამდვილეში კი ჯინა ქროსი, ჩემი ნახევარდაა.

ძალიან ეცადა მორისი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ, მაინც ვერ მოთოკა თავი და წამოიძახა:

– კი მაგრამ, როგორ?

კარმენს გაეცინა:

– შოკირებული ხართ, ხომ?

– სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო.

– კარგად მომისმინეთ, რასაც ახლა მოგიყვებით, დასკვნები კი თქვენ გამოიტანეთ, – უთხრა მორისს კარმენმა, შემდეგ ოცი წუთის განმავლობაში უყვებოდა მამის მიერ მონათხრობ ისტორიას და ბოლოს უთხრა: – ახლა ხვდებით თუ ვისთან გაქვთ საქმე და თივაში ნემსს რომ  ეძებთ?

მორისის პეიჯერი აციმციმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას კეინი და პოული იხმობდნენ, ამიტომ მან დაკითხვა შეწყვიტა. საკნიდან გავიდა და უფროსებს ეახლა.

– დენ, შეწყვიტე დაკითხვა. მოზესთან მუშაობას უკვე სხვა ჯგუფი გააგრძელებს, შენ კი ქროსის ადგილსამყოფელი გაარკვიე და განკარგულება გაეცი, მასზე ფარული თვალთვალი დააწესონ; ხოლო, თუ ის საზღვრის გადაკვეთას დააპირებს, დააკავონ, – უბრძანა მორისს კეინმა და პოულთან ერთად თავის კაბინეტში დაბრუნდა.

– რას ფიქრობთ, სერ? – ჰკითხა პოულმა კეინს, როდესაც ისინი „ეფბეერის“ დირექტორის კაბინეტში დაბრუნდნენ.

– ყველაფერი ნათელია ამ საქმეში, ერთის  გარდა: უშბამ კარლო მოზესი ვიღაცას მოატაცებინა, რომ შური იძიოს მასზე, რადგან დარწმუნებული ვარ, სწორედ კარლო მოზესია მამამისის მკვლელი. ჩვენ მხოლოდ გამტაცებლების ვინაობა და კარლო მოზესის ადგილსამყოფელი არ ვიცით. ვფიქრობ, უშბა თავისი თანამემამულეების დახმარებით მოქმედებდა. ამიტომ, თბილისში გაგზავნილ ჯგუფს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეთ და გადაეცით, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, – უთხრა კეინმა პოულს.

– უშბას აღმოჩენის შემთხვევაში რა მოიმოქმედონ, სერ?

– ჩამოიყვანონ. მან საკმაოდ ბევრი რამ იცის და მისი უკონტროლოდ დატოვება დაუშვებელია. როდესაც აქ გვეყოლება, მერე გადავწყვიტოთ მისი ბედი, – უთხრა კეინმა პოულს და ჩიბუხი გააბოლა.

***

დონ კარლო მოზესი ბნელ, უფანჯრებო ოთახში იყო გამომწყვდეული და ვერაფრით გაერკვია, სად იმყოფებოდა. მას ეგონა, რომ „ეფბეერმა“ გაიტაცა და წინასწარ ემზადებოდა მათთან შესახვედრად. „ბიუროს თანამშრომლობაზე დავთანხმდები და მათ სხვადასხვა კავშირზე გავიყვან. ხოლო, თუ გამათავისუფლეს, გავიქცევი, გარეგნობას შევიცვლი და მივიმალები“, – ფიქრობდა დონ კარლო და თავის დაძვრენის იმედი ჰქონდა. ამ დროს სარდაფში შუქი აინთო. რკინის მძიმე კარი გაიღო და ჯაბა შემოვიდა. ტუსაღმა ახალმოსული რომ დაინახა, ძალიან გაუკვირდა და უთხრა:

– ჯალალ, ეს თქვენ ხართ?

– დიახ, მე გახლავართ, – მიუგო ჯაბამ.

– რას ნიშნავს ეს ყოველივე?

– იმას, რომ სულ მალე საკადრის სასჯელს მიიღებთ.

– რას გულისხმობთ, ჯალალ, დაგიშავეთ რამე?

– თქვენი დანაშაულების ნუსხას ათტომეულები არ ეყოფა.

– ჯალალ, გამაგებინეთ, სად ვიმყოფები და რაში მდებთ ბრალს?

– იმყოფებით იქ, სადაც თქვენი სიცოცხლე დასრულდება. ბრალმდებლები კი მალე მოვლენ.

– ვინ ხართ, ჯალალ, ასე რომ მელაპარაკებით?

– „ეფბეერის“ აგენტი,  – მშვიდად მიუგო ჯაბამ.

– ასეც ვიცოდი. სამწუხაროა, რომ ამას დროზე ვერ მივხვდი, თორემ, ასეთ ხაფანგში არ გავებმეოდი, – მწარედ ჩაეცინა მოზესს და დაამატა: – გასაგებია, რატომაც გამიტაცეთ, მაგრამ, თანამშრომლობას გთავაზობთ და, ვფიქრობ, რომ დიდ სარგებელს მოგიტანთ.

– თანამშრომლობას? – გაეცინა ჯაბას.

– დიახ და, გარწმუნებთ, ჯალალ, რომ ჩემზე ფასეული აგენტი არ გეყოლებათ.

– არ გამოვა, – თავი გააქნია ჯაბამ.

– აბა, რას მიპირებთ?

– დასჯას. თქვენ უნდა მოკვდეთ.

– განადგურებას მიპირებთ? ლინჩის წესით გასამართლებას? მე სამართლიან სასამართლოს მოვითხოვ! – ისტერიკულად გაჰკიოდა კარლო მოზესი.

– სასამართლო შედგება და, თანაც, ძალიან მალე. განაჩენსაც საკადრისს მიიღებთ. ჯალათის როლს კი მე შევასრულებ.

– ჯალათის? კი მაგრამ, რატომ? რა დაგიშავეთ?

– აბა, კარგად გაიხსენე შენი ცოდვები და მიხვდები, – ჯაბამ მოზესს ქართულად უთხრა ბოლო ფრაზა და მგლური მზერა ესროლა თავისი მამის მკვლელს.

ქართულად ამეტყველებულ ჯალალს მოზესმა უცნაურად შეხედა და იფიქრა, მეჩვენებაო. მაგრამ, როდესაც სარდაფში გამრეკელი, ზვიადაური და ლიადოვი შემოვიდნენ, ყველაფერს მიხვდა. გაფითრდა და ერთბაშად მოტყდა, უძლურად ჩაღუნა თავი და ამოიხვნეშა.

– გვიცანი, ნესტორ? – ჰკითხა მოზესს მერაბ გამრეკელმა და სარდაფის შუაგულში შეჩერდა. ზვიადაური და ლიადოვი კი მას გვერდებიდან ამოუდგნენ.

– შენ და ზვიადაური გიცანით, ამ რუსსაც ვიცნობ; აი, ამ ბიჭს კი – ვერა, – თქვა ნესტორ პესკასელმა, რომელიც რკინის საწოლზე იყო ჩამომჯდარი და სულს ძლივს ითქვამდა, რადგან მის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.

– ჯაბა ჯაფარიძეა, გივი ჯაფარიძის ვაჟი. გაგახსენდა? – კბილებში გამოცრა ვაჟა ზვიადაურმა, გამრეკელმა კი დაამატა:

– გახსოვს, პატარა ბავშვს მკვლელები რომ მიუგზავნე და, რომ არა ის მოხუცი, სამი წლის ბავშვს იმეტებდი სასიკვდილოდ?

– მახსოვს, – თავაუწევლად ამოილუღლუღა პესკასელმა.

– მამა-შვილი შამბები, გულბათი... რომელი ერთი ჩამოგითვალო, – ზიზღით თქვა გამრეკელმა და დაამატა: – შენს ფეხმძიმე ცოლს რაღას ერჩოდი?

– გამშიფრა და სხვა გზა არ მქონდა, – თქვა პესკასელმა.

– ტიტე კალანდიას? იმან რაღა დაგიშავა?

– სულელი იყო. ტარკილს უთქვამს მისთვის, ნესტორ პესკასელი ძალიან საშიში კაცია, ბოროტმოქმედებთანაა შეკრულიო. ტიტემ ეს რომ მითხრა, სხვა არაფერი დამრჩენოდა და მოვკალი, – თქვა პესკასელმა, შემდეგ თავი ასწია, ზვიადაურისა და გამრეკელისკენ გაიშვირა თითი და დაამატა: – მარტო თქვენ ვერ მოგწვდით, თქვენ და, ცოტაც რომ გამმართლებოდა, თქვენც ბოლოს მოგიღებდით, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი და დღეს აქ არ ვიქნებოდი.

– არ გაგიმართლა და არც შენს შვილს გაუმართლა, – უთხრა პესკასელს ჯაბამ.

– კარმენზე „ეფბეერს“ არანაირი კომპრომატი არ აქვს და ფეხებს ვერ მოსჭამენ! – ხმას აუწია პესკასელმა, – მძულხართ, ყველანი მძულხართ! თქვენ მოკალით მამაჩემი რობერტ მანძულია და ვამეხ მანძულია ვარ მე!

– წყეულიმც იყავ, შე რჯულძაღლო! – დაუღრიალა პესკასელს გამრეკელმა და დააპირა ყელში სწვდომოდა მას, მაგრამ ის ჯაბამ შეაჩერა და პესკასელს უთხრა:

– კარმენი თქვენსავით ნაძირალაა, მაგრამ, მას არ ვგულისხმობ.

– აბა, ვის? – თვალები გადმოკარკლა პესკასელმა.

 – იმას, ვინც მართლა წესიერი გინდოდათ გყოლოდათ და უფრთხილდებოდით – ჯინა ქროსს, – თქვა ჯაბამ.

– ჯინა... ჯინა... რა დაემართა ჯინას? – აყმუვლდა ნესტორ პესკასელი. ჯერ გაწითლდა, შემდეგ ფეხზე წამოხტა და სახეზე ძარღვები დაებერა, ბოლოს კი ერთბაშად გაშავდა და ბეტონის იატაკზე გულგახეთქილი დაეცა.

– ჩაძაღლდა, – თქვა ჯაბამ და დაამატა: – მე იმას ვგულისხმობდი, რომ ჯინას ნაძირალა მამა ჰყავდა და ამიტომ არ გაუმართლა.

– კარგია, რომ თვითონ ჩაძაღლდა და ჯალათების როლი აგვარიდა თავიდან, – ერთდროულად თქვეს გამრეკელმა და ზვიადაურმა; ლიადოვმა კი დაამატა:

– დროა, ამ უწმინდურ ლეშს შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ, შემდეგ კი საქმეს მივხედოთ. მაცნობეს, რომ „ეფბეერი“ ჩვენს ბიჭს გამწარებული ეძებს და საიმედოდ უნდა გადავმალოთ.

ლიადოვმა ნესტორ პესკასელის გვამი სარდაფში მდებარე საკანალიზაციო ლუკთან მიათრია და უზარმაზარ ვირთხებს ჩაუგდო, რომლებმაც ის თვალის დახამხამებაში ნაკუწებად აქციეს.

***

თეთრი სახლიდან დაბრუნებული „ეფბეერის“ დირექტორი ჯონ კეინი სავარძელში ჩაეშვა. ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა.

– სერ, მისტერ პოული გელოდებათ, – მოისმა სელექტორში თანაშემწის ხმა.

– შემოვიდეს, – მიუგო კეინმა და კარისკენ გაიხედა.

– შეიძლება, სერ? – იკითხა ზღურბლზე მდგომმა პოულმა, რომელმაც პირველად ნახა თავისი შეფი მაგიდაზე ფეხებშეწყობილი.

– შემოდი და მოხერხებულად მოკალათდი. თუ გინდა, შენც ფეხები შემოაწყვე. ძალიან დავიღალე და ვისვენებ, – მხიარულად უთხრა კეინმა პოულს, – შეგიძლია, გააბოლო.

პოული სავარძელში ჩაჯდა და კეინს უთხრა:

– თბილისიდან შეტყობინება მოვიდა.

– გისმენ, თქვი.

– სერ, როგორც ჩვენი აგენტები იტყობინებიან, ჯაბა ზვიადაურის მამა და თადარიგის გენერალი მერაბ გამრეკელი მოსკოვში ყოფილან ასევე თადარიგის გენერალთან, პავლე ლიადოვთან ერთად. უშბას კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს, თუმცა, ეჭვი აქვთ, რომ აგენტი უშბას პრაღიდან გამოყვანა სწორედ ლიადოვის მეშვეობით განხორციელდა და რომ უშბაზე გასასვლელად ლიადოვის თვალყურის დევნებაა საჭირო, ეს კი ბევრად უფრო რთული მისიაა. ლიადოვი მოსკოვშია და, რუსეთში მსგავსი მისია რომ შევასრულოთ, თქვენი სპეციალური განკარგულებაა საჭირო – სწორედ ამას ითხოვენ ჩვენი აგენტები.

– გასაგებია, – თქვა კეინმა.

– რას იზამთ, სერ, რა გადავცეთ?

– სასწრაფოდ გამოიძახეთ უკან. უშბას საქმე დახურულია და ეს ჩემი ბოლო განკარგულებაა, – თქვა კეინმა.

– ეს როგორ გავიგო, სერ?

– მარტინ, ერთი საათის წინ პრეზიდენტთან ვიყავი და მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. პირველმა მკაფიოდ გამაგებინა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს, რომ უოლტსტრიტი ხელშეუხებელია და ჩვენი ანალიტიკური მოხსენება ერთ ადგილზე ჰკიდია. ამიტომ, მე გადავდექი.

 – გადადექით?

– გადავდექი. უშბამ კი იცოცხლოს – მან ეს დაიმსახურა და ღმერთმა ხელი მოუმართოს, – თქვა „ეფბეერის“ დირექტორმა და სავარძელში გაიზმორა...

***

ჯონ კეინის გადადგომიდან ექვსი თვის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, ჯაფარიძეების საგვარეულო სასაფლაოზე ოცდახუთიოდე წლის შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი მივიდა. ორმოცდაათი მეტრი რომ გაიარა, გივი და თეა ჯაფარიძეების საფლავთან შეჩერდა და სურნელოვანი ვარდების უზარმაზარი თაიგულით შეამკო, შემდეგ კი სანთელი საანთო. ორიოდე წუთი ჩუმად იდგა და კვლავ უკან გამობრუნდა. დაღმართზე დაეშვა, შავი ფერის „ჯიპში“ ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:

– წავედით, მამი.

ვაჟა ზვიადაურმა მანქანა ადგილიდან დაძრა და ახალგაზრდას უთხრა:

– უზადო ნამუშევარია. ისე შეუცვლია იმ ქირურგს შენი გარეგნობა, რომ ათასი წელი ვერავინ გიცნობს, მაინტერესებს, დედაშენი რას იტყვის...

დასასრული

скачать dle 11.3