რა შესთავაზეს სტალინს ქურდებმა ქუთაისსა და ციმბირში და რა უპასუხა მათ მომავალმა ბელადმა
მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინის დაუძინებელი მტერი ლევ ტროცკი ყოვლად შეუსაბამო და ფანტასტიკურ ინფორმაციებს ავრცელებდა მის შესახებ და ყოველმხრივ ცდილობდა სტალინის დაკნინებასა და შეურაცხყოფას, ლევ დავიდოვიჩი თავის ორტომიანი ნაშრომის – „სტალინის“ ერთ-ერთ გვერდზე წერს: „სტალინის გაცურება წარმოუდგენელი საქმე იყო და ლენინი იმიტომ ანდობდა ხოლმე მას ყველაზე საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ის სხვადასხვა ჯურის ცბიერ პარლამენტარებთან და დიპლომატებთან ისე ლავირებდა ხოლმე, რომ, საბოლოო ჯამში, ხახამშრალს ტოვებდა. სტალინისთვის უცხო იყო ცდუნება, სენტიმენტალიზმი და ყველა ის თვისება, რასაც მისი დაბნევა შეეძლო. ის ყოველთვის ცივი გონებით წყვეტდა საკითხებს და მის ამ თვისებას ყველაზე მეტად ილიჩი აფასებდა. ამაში კი იოსებ ჯუღაშვილის დემონური, ადამიანისთვის უცხო, ფოლადისებური სიმტკიცე და ნებისყოფა უწყობდა ხელს. ძველი გვარდიის ყველა ბოლშევიკი განსაკუთრებული ნებისყოფით გამოირჩეოდა, მაგრამ ამ თვისებით სტალინი ათი თავით ყველაზე მაღლა იდგა პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენში“.
ძველი ბოლშევიკი, სტალინის მეგობარი და თანამებრძოლი პრეობრაჟენსკი ასე იხსენებს 1905 წლის იანვარს: „მე და კობა შორეული ირკუტსკის გუბერნიის მიყრუებულ სოფელ კედროვკაში ვიყავით გადასახლებულები და უმკაცრესი ზედამხედველობა გვქონდა დაწესებული. კედროვკა ტაიგის თითქმის შუაგულში მდებარეობს და ჩვეულებრივი ციხის ღობის მაგივრობას 400 კილომეტრის რადიუსში გადაჭიმული ტყე, მძვინვარე ვეფხვები და მგლები გვიწევდნენ, რომლებიც იქ მრავლად იყვნენ. პატიმრებს განსაზღვრული ტერიტორია გვქონდა, რომლის გადაბიჯების უფლებას არც ბადრაგი მოგვცემდა და ამას არც პატიმრები გაბედავდნენ, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ზონის იქით საშინელი სიკვდილი იყო ჩასაფრებული. ამის დასტური კი ის იყო, რომ ტაიგიდან ხშირად გვესმოდა მშიერი ვეფხვების ღრიალი და მგლების ყმუილი. კარაბინებით შეიარაღებული ბადრაგი კი იმით ერთობოდა, რომ თავიანთი კოშკურიდან ხან ვეფხვს კლავდნენ, ხან მგელს – ერთმანეთს სროლაში ეჯიბრებოდნენ. აი, ასეთი სიტუაცია იყო კედროვკაში. ერთი მხრივ, ბადრაგის, მეორე მხრივ, მშიერი მტაცებლის შიშით, ტაიგისკენ გახედვსაც კი ვერავინ გაბედავდა.
კობა 1904 წლის 20 დეკემბერს მოიყვანეს ჩვენთან. ის თეთრ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ძალიან თბილი ჩექმები ეცვა და თბილი ქუდი ეხურა, რამაც კედროვკელი ქურდები გააღიზიანა. კედროვკაში რუსეთის იმპერიის ყველაზე საშიში ბოროტმოქმედები იყვნენ გადასახლებულები და მათ ვინმე სერგეი როგოვი, მეტსახელად „კროტი“ (თხუნელა) წინამძღოლობდა. კროტი „მედვეჟატნიკი“ იყო, რაც ქურდულ ენაზე სეიფების მძარცველს ნიშნავს. რუსეთში არ იყო ციხე, საიდანაც ის არ გაქცეულიყო. სწორედ ამიტომ მოიყვანეს კედროვკაში და უთხრეს: თუ ბიჭი ხარ, ახლა გათხარე და გაიქეციო. ერთი სიტყვით, კროტს თავიდანვე თვალში არ მოუვიდა ეს 25 წლის ყმაწვილი და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურები და ქურდები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში ვიყავით, კროტმა სტალინის „გაფარჩაკება“, ანუ მისი დამცირება მოინდომა – მან სტალინისთვის ჩექმებისა და ქუდის წართმევა სცადა, თუმცა, ვერ შეძლო. კობამ ქურდულ ბარაკში ისეთი საუბარი გააბა მრავლისმნახველ და გამოცდილ რუს ქურდებთან, რომ კროტმა მას თავისი ხელით გაკეთებული ჯვარი აჩუქა და უთხრა: შენ, ყმაწვილო, ისეთი ქცევები და ლაპარაკი გაქვს, რომ თავისუფლად შეგიძლია ჩვენი საქმის წევრი გახდე და სულ მალე ჩემი ადგილიც კი დაიკავოო, რაზეც კობამ მიუგო: ჯერ ერთი, ამაში ასაკი არ მიწყობს ხელს (იმ პერიოდში რუსეთის იმპერიაში ქურდი მხოლოდ 30 წლის შესრულების შემდეგ შეიძლებოდა გამხდარიყო ადამიანი); მეორეც – მე პროფესიონალი რევოლუციონერი ვარ და ხალხის ბედნიერებისთვის ვიბრძვი. თანაც, მსგავსი წინადადებით უკვე მომმართეს ქუთაისის ციხეში და უარი ვთქვიო (ცნობილი ფაქტია, რომ ქუთაისის ციხეში ქურდებმა სტალინს ქურდობა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს).
კროტს მეტი არაფერი უთქვამს სტალინისთვის და ჩვენ მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში კროტი ყოველდღე მოდიოდა ჩვენს ბარაკში და, მიუხედავად იმისა, რომ სტალინზე 15 წლით უფროსი იყო, ყურადღებით უსმენდა მის ლაპარაკს და ეტყობოდა, რომ მის ყველა სიტყვას გონებაში ღრმად იბეჭდავდა. 19 იანვარს კობამ დრო იხელთა, მარტო დამიგულა და მითხრა: უნდა გავიქცე, წამოხვალო?
მე ჯერ ხუმრობა მეგონა კობას სიტყვები, მაგრამ ხუმრობის არაფერი ეტყობოდა და ვუთხარი: რას ამბობ, კობა, აქედან ირკუტსკამდე ხომ 400 კილომეტრია, თანაც, ყოველ ნაბიჯზე ისეთი ხიფათია ჩასაფრებული, ორმოცდაათ მეტრსაც კი ვერ გავივლით-მეთქი.
– ირკუტსკამდე 436 კილომეტრია, – შემისწორა კობამ, – თანაც, სულ რაღაც 50 კილომეტრი უნდა ვიაროთ, მერე კი დანიშნულების ადგილზე მარხილი მიგვიყვანს.
– კი მაგრამ, იმ 50 კილომეტრს ვეფხვებითა და მგლებით სავსე ტაიგაში გავლა ხომ უნდა?! თანაც, არც საკვებია და არც იარაღი, – ვუთხარი მე.
– საჭმლის რა მოგახსენო, მაგრამ, კარაბინი ჩემზე იყოს. მე უკვე შევიმუშავე გეგმა და, თუ თანახმა ხარ, 29 იანვარს აქედან „ავიწევით“; თუ არ გინდა, მარტო წავალ, – მიპასუხა კობამ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1905 წლის 29 იანვარს, ღამის 2 საათზე, მე და კობა ზონას გავცდით და ბნელ ტაიგას შევუყევით. თან გვქონდა მგლის ქონისგან გაკეთებული 4 ცალი ჩირაღდანი, 2 კოლოფი ასანთი და კარაბინი. ის კობამ ერთ-ერთ ბადრაგს აართვა, რომელიც ზედ კოშკურაზე გაკოჭა და მიაბა.
– 3-4 საათის განმავლობაში შეგვიძლია, მშვიდად ვიაროთ. მერე კი ჩვენი გაქცევის ამბავს გაიგებენ და დაგვედევნებიან, – მითხრა სტალინმა, როდესაც ტაიგაში შევედით. მაგრამ, 50 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, როცა კროტი წამოგვეწია და კობას უთხრა: მეც წამიყვანეთ. აქ სიკვდილს გაქცევა მირჩევნია და, თუ სიცოცხლე არ მიწერია, თავისუფლებაზე მაინც ამომხდეს სულიო.
ერთი სიტყვით, კობა, მე და კროტი ტაიგას შევუყევით. გზას კობა იკვლევდა, რომელსაც კომპასი ჰქონდა, თან კარაბინს არ უშვებდა ხელიდან და მზად იყო, ყოველ წამს გაესროლა. გათენებამდე სტალინმა ოთხი მგელი მოკლა და სწორედ ამან გვიხსნა, რადგან, მშიერი მგლები თავის მკვდარ თანამოძმეებს დაესივნენ, ჩვენ კი წინ მივიწევდით. 50 კილომეტრის გავლას თითქმის 3 დღე მოვუნდით და, სიმართლე გითხრათ, რომ არა კობას ნებისყოფა და გამამხნევებელი შეძახილები, მე და კროტი სამუდამოდ ტაიგაში დავრჩებოდით. როგორც იქნა, დანიშნულ ადგილამდე მივაღწიეთ, სადაც ფელიქს ძერჟინსკი გველოდა მარხილით. მან და კობამ მე და დაუძლურებული კროტი მარხილებზე დაგვსხეს და ირკუტსკისკენ აიღეს გეზი.
ციმბირის დედაქალაქამდე ერთი კვირის განმავლობაში მივდიოდით. მართალია, საკმარისი სურსათ-სანოვაგე გვქონდა, კობა მხოლოდ ეწეოდა, დილა-საღამოს 100 გრამ არაყს სვამდა და რაღაც 12 საათი თუ ეძინა მთელი მგზავრობის განმავლობაში. მე ვუყურებდი მას და არ მჯეროდა, რომ ჩემ გვერდით იყო ასეთი ფოლადისებური ნებისყოფის ადამიანი. სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ სულ მალე რუსეთის იმპერიას ახალი პატრონი მოევლინებოდა და ეს იქნებოდა იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი“.