როგორ დაამახსოვრა სტამბულსა და მოსკოვს თავი მარია მათურელმა და როგორ გადაუღო ფოტოები სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ბორის ბერეზოვსკის
ქართველ დიზაინერს, მარია მათურელს მოსკოვური საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრენდი MATURELLI სულ რამდენიმე წლისაა, მარიას ფერადი, ჰაეროვანი, ქალური და სექსუალური კაბები არცერთ ქალს არ ტოვებს გულგრილს. მარიას ექსკლუზიურ კაბაში ქალი თავს გამორჩეულად, თავდაჯერებულად გრძნობს და ირგვლივ მყოფების მოწონებასაც იმსახურებს. მარია 22 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და პრესტიჟულ ადგილას მორიგ ჩვენებას მართავს. მას საქართველოსთან დაკავშირებითაც არაერთი გეგმა აქვს – ნიჭიერ, წარმატებულ დიზინერს სურს, მისი ულამაზესი კაბები ქართველმა ქალბატონებმაც ჩაიცვან.
მარია მათურელი: გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია სტამბულს ეძღვნება, ჰქვია – Bosforus. პირველი გადაღება სტამბულში გვქონდა. მე ვიყავი მოდელის როლში. მას შემდეგ, რაც დიზაინერი ვარ, ჩემი შემოქმედებითი მხარე წარმატებით მიდის. საზოგადოება, პრესა, მეგობრები – მუდმივად ერთ კითხვას მისვამენ: თავად ატარებ საკუთარ კაბებს? ეს გადაღება იყო ერთგვარი გამოძახილი და პასუხი ამ კითხვაზე: დიახ, მე ვიცვამ ჩემს კაბებს; მე არა მხოლოდ მათი შექმნით ვიღებ სიამოვნებას, არამედ მათი ტარებითაც. გადაღებები გვქონდა სულთან აჰმედთან ახლოს, გარშემო იმდენი ხალხი შეიკრიბა, ყველა ფოტოს იღებდა – მთელი სულთან აჰმედი ჩვენი იყო. გვეკითხებოდნენ: ეს რა ბრენდია, რა ლამაზია. მეც თამამად ვპასუხობდი: მე დიზაინერი ვარ, ეს ბრენდი „მათურელია“. ზოგიერთი ისე აღფრთოვანდა, რომ ამბობდნენ: ოჰ, ამის გამო ღირს სიცოცხლე, ეს სილამაზეა, ეს ხელოვნებაა – ისეთ მაღალ შეფასებას ვიღებდით ტურისტებისგან, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქვე, სალარო იყო, ადამიანები მოწყენილები, დაღლილები იდგნენ რიგში. ვთქვი: მოდი, მე ვიცკევებ მათ წინაშე და ისინი გახალისდებიან. წარმოიდგინეთ: გოგონა გრძელ კაბაში, ტრიალებს და ცეკვავს მათ წინაშე. ძალიან გახალისდნენ. ვფიქრობ, ჩვენ იქ დაგვიმახსოვრეს. გადაღებები მიდიოდა ორი დღის განმავლობაში და მე მივხვდი: შემიძლია, მთელი ცხოვრება ამ კაბებში გადავიღო ფოტო. ამ გრძელი კაბებით შეგიძლია იხტუნაო, იფრინო – ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიგრძენი: რას გრძნობს ადამიანი, როცა ასეთ კაბას იცვამს – კაბას ახალი კოლექციიდან. მე მივხვდი, რომ ჩემი ახალი კოლექცია გარშემო მყოფებს ასაჩუქრებს ღიმილით, სიხარულით – შენ კი თავს გრძნობ ყველაზე სასურველად და ქალურად. ახალი კოლექციის სახეა ცნობილი მსახიობი, მიროსლავა კარპოვიჩი. მე ის იმიტომ არ ამირჩევია, რომ ცნობილი და პოპულარულია. ის არის ძალიან ქალური, ელეგანტური და ჩემს კოლექციასაც ძალიან უხდება. გადაღებები გვქონდა მოსკოვშიც, ამ შემთხვევაში მე ვიყავი ფოტოგრაფის როლში. ეს იყო ნამდვილი შოუ – მიროსლავა, რომელიც უნიკალური გოგონაა, ქუსლებიანი ფეხსაცმლით ავიდა მაღალ გალავანზე და იქიდან პოზირებდა. იყო დიდი ექსტრემი. მიროსლავა ამასაც არ დასჯერდა, მითხრა: გვაქვს კიბე, რომ ავიდეთ სხვენში. ის, ქუსლებით, გრძელი კაბით, თავზე გვირგვინით – ნამდვილი დედოფალი, მე კი – კიბით, ფოტოაპარატით ხელში, მოსკოვის ცენტრალურ ადგილზე საოცრებებს ჩავდიოდით.
– შენი გადაღებები შოუს გარეშე არ ტარდება.
– როდესაც უყურებ ფოტოებს, ეს არ არის ლუქბუქი თეთრ ფონზე. ნებისმიერი კოლექცია წინასწარ არის მოფიქრებული, ნამუშევარი. ეს არის როგორც ზღაპარი, რომელსაც უყურებ და კითხულობ – ისტორია ცოცხლდება შენ წინ.
– როგორც ვიცი, უკვე გახსენი ინტერნეტმაღაზია, სადაც ადამიანებს პირდაპირ შეუძლიათ შენი კაბების ნახვა და ყიდვა.
– უკვე გვაქვს ინტერნეტ-მაღაზია: http://maturelli.com/vesna-leto-2015/, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ ახალი კოლექცია. ძველი კოლექციები კი, ანუ ყველაფერი, რაც მანამდე შეიქმნა, საიტზე განთავსდება, როგორც ბრენდის ისტორია. ჩვენი ბრენდი ექსკლუზიურია, ამიტომაც ვთავაზობთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს ახალ კოლექციას. ერთი დაკლიკება და კაბა უკვე მათი იქნება.
– სულ მალე ახალი კოლექციის ჩვენება გაქვს მოსკოვში, რომელიც, ალბათ, შოუსა და სიურპრიზების გარეშე, არც ახლა ჩაივლის.
– ყველა მოუთმენლად ელოდება ახალ კოლექციას. 22 მაისს, მოსკოვის ცენტრში გაიმართება პრეზენტაცია. იქნებიან ცნობილი ადამიანები, ხალხი მოდის ინდუსტრიიდან, პრესა, ბლოგერები, ტელევიზია, რადგან ყველას აინტერესებს, რას შევთავაზებ მათ. მირასლავა გახსნის შოუს, გვაქვს პატარ-პატარა სიურპრიზები. ყოველთვის ვცდილობთ, ისეთი რაღაცეები გავაკეთოთ, რომ საზოგადოება შოკირებული იყოს, რადგან თავადაც ძალიან მიყვარს სიურპრიზები, ფოიერვერკები. ულევი ენერგია მაქვს და მინდა, ხალხს მივცე ბევრი სიხარული, ბედნიერება. ეს არ იქნება მხოლოდ პრეზენტაცია, თითოეული ადამიანი იგრძნობს იმ ენერგიას, რომელიც მე კაბებში ჩავდე. მე და მიროსლავა ძალიან დავმეგობრდით, ერთნაირი ენერგეტიკა გვაქვს, სულ ერთად ვართ. ერთად დავდივართ საღამოებზე, მერე ფოტოებს ვიღებთ, ვაქვეყნებთ საიტებზე. ჟურნალისტები უკვე გველოდებიან ხოლმე – ახლა ისინი მოვლენ, ცეცხლს დაანთებენ, შოუს მოაწყობენ. მეგობარმა მსახიობებმაც ნახეს კოლექცია, მირეკავენ: მარია, ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, ველოდებით კოლექციას და ბოლოს ამთავრებენ: შენ და მიროსლავა როგორ დამეგობრდით, ჩვენ სულ დაგვივიწყე, ვეჭვიანობთ. ჩვენების წინ სპეციალურად ჩამოვედი საქართველოში, ჩემს ქვეყანაში, რომელიც ძალიან მიყვარს და უდიდეს ინსპირაციას მაძლევს. აქაც ძალიან ლამაზ ადგილებში გადავიღე კოლექცია, მოდელი ისევ მე ვიყავი.
– შენ ხარ ფოტოგრაფი, რომელმაც ბერეზოვსკი სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე გადაიღო. მისი ფოტო ვნახე შენს „ინსტაგრამის” გვერდზე.
– მე არა მხოლოდ დიზაინერი ვარ, არამედ ფოტოხელოვანიც. ბევრი ვარსკვლავი მყავს გადაღებული, არა მხოლოდ მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები, პოლიტიკაც მოხვდა ჩემს ობიექტივში. „ინსტაგრამზე“ დავდე ბორის ბერეზოვსკის ფოტო, რომელიც გადავიღე გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე. მისი გარდაცვალების თარიღი იყო და მინდოდა, მის შესახებ რამდენიმე სიტყვა დამეწერა: „кто помнит этого человека? Политика, бизнесмена, противоречивую и скандальную личность - таким его запомнили многие современники. Я, в свою очередь, помню его остроумным, жизнерадостным, с прекрасным чувством юмора. В канун годовщины его смерти, хочу поделиться кадрами из жизни Бориса Абрамовича Березовского, сделанными мной за несколько месяцев до его печальной кончины ...“ ამ ფოტოს გამოქვეყნებისთანავე ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავდა, მიწვევდნენ შოუებში. სკანდალური ისტორიაა და აინტერესებდათ – როგორ, რა სიტუაციაში გადავიღე ეს ფოტო. მე ჩემს „ინსტაგრამზე” დავწერე კომენტარი, ამიტომ ამ საკითხზე მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებ. ეს ფოტო ექსკლუზიურია, შეიძლება ითქვას, მისი ბოლო ფოტოსესიაა და ისტორიას დარჩება. ისევე, როგორც ჩემი გადაღებული ბევრი სხვა ფოტო. ჩემთვის პატივია, რომ ჩემს ობიექტივში მოხვდნენ ადამიანები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს და როგორც ისინი ქმნიდნენ ადამიანებისთვის ისტორიას, ასე შევქმენი მე ჩემს არქივში მათი ისტორია.