კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარინა ბერიძის რა შეცდომა გამოასწორა მისმა ერთადერთმა შვილმა და ვის ეძებს ის „ოქროს ტალღაში”

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ”  მუსიკალური პროექტი „ოქროს ტალღა” დაიწყო. კონკურსმა  სტარტი წელს მეორედ აიღო და საქართველოში  ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე, ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.  „წლის სიმღერის” კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა”  ფულად პრიზს გადასცემს,  სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება ქანდაკება „ოქროს ტალღის” ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის შექმნა მოქანდაკე ირაკლი წულაძემ. მუსიკალური საზოგადოების ცნობილ სახეებს შორის, ვინც  „ოქროს ტალღის” ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს, არის მარინა ბერიძეც, რომელიც ბოლო ორი წელია, აქტიურ ასპარეზზე აღარ ჩანს.  ვის „ეძებს” მარინა ბერიძე  „ოქროს ტალღაში”  და როგორ ცხოვრობს  ის კადრს მიღმა, ამას თავად გიამბობთ.         

მარინა ბერიძე:  რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” მუსიკალური პროექტი „ოქროს ტალღა” წელს მეორედ ტარდება. გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის არაჩვეულებრივი დუეტი. ძალიან საინტერესო მოვლენაა, როდესაც რადიო თავის თავზე იღებს ასეთი კონკურსის ჩატარებას და გამოავლენს წლის საუკეთესო მუსიკალურ ნომინაციებს. კონკურსი სტიმულს აძლევს ახალგაზრდა შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს; კარგია პრომოუშენისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებით, მით უმეტეს ახლა, როცა, უნდა ვაღიაროთ, რომ  ბევრი  არაფერი ხდება მუსიკალურ სამყაროში, ასეთი კონკურსები კი ძალიან შეუწყობს ხელს ამ მიმართულების განვითარებას.  მე უკვე გავაკეთე კიდეც  ჩემთვის რამდენიმე აღმოჩენა ამ პროექტში  (იცინის). რადიოჰოლდინგი  „ფორტუნა” საკმაოდ მასშტაბური  ჰოლდინგია, რომელიც ოთხი რადიოს ფორმატში მუშაობს ბევრი მიმართულებით; ჰყავს მრავალრიცხოვანი მსმენელი და ასეთი  პოპულარული რადიოს მიერ მუსიკალური კონკურსის  ჩატარებას,  რა თქმა უნდა, მივესალმები.  კონკურსის ფარგლებში შემოსული სიმღერები  რაოდენობრივად საკმაოდ ბევრია და, შესაბამისად, ცოტა რთულია არჩევა.  ეს სიმღერები ტრიალებს რადიოების – „ფორტუნას”, „ფორტუნა პლუსის”, „არ დაიდარდოს” და „ავტორადიოს”  ეთერში, ახლა, როცა მთელ ქალაქში საცობებია და ამის გამო  ავტომანქანებში დიდ დროს  ვატარებთ,  რადიოს  დიდი დატვირთვა აქვს – ამ ბოლო დროს ინფორმაციას  მხოლოდ რადიოს მეშვეობით ვისმენ, „ო, ეს რა სიმღერაა?” – და ახალი სიმღერაც „აღმოჩენილია” საცობში (იცინის).  

– ბოლო ერთი წელია, მხოლოდ ერთი პროექტით ხართ დაკავებული, არადა, მუდმივად რამდენიმე  მიმართულებით  გიწევდათ მუშაობა. ახლა დღის გადაცემის მუსიკალური რუბრიკა  მცირე ასპარეზი არ არის თქვენთვის?     

– ასე ვერ ვიტყვი. ერთ წელიწადში ორი გრანდიოზული პროექტი გავაკეთე:  ნანის კონცერტი  და პაატა ბურჭულაძის იუბილე. ასმაგი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან, ნანიც და პაატაც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები არიან.  ნანიმ იმდენი რამ მასწავლა ცხოვრებაში, ასი ადამიანი რომ ვერ მოგცემს ერთად. მე განებივრებული  ვიყავი იმ ურთიერთობებით, რაც მქონდა მაშინ, როდესაც კლასიკურ მუსიკაში  მიწევდა მუშაობა. ვერ ვიტყვი, რომ საქმე არ მაქვს.  რაც შეეხება „რუსთავი 2-ის” გადაცემას,  მე ახლა ვარ ჩემს სახლში და არ მაქვს არანაირი დისკომფორტი.  „სხვა შუადღეში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ; ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს.  მთელი ცხოვრება ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და ფეხზე დაყენებას მივუძღვენი. ეს გადაცემა, შესაძლოა, ამის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ,  შემიძლია, გარკვეული მიმართულება მივცე ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს და, რაც მთავარია, ვეწევი პროპაგანდას, გაინძრეს ყველა, მათ შორის სახელმწიფო, კლასიკური მუსიკის და ზოგადად მუსიკის განვითარებისთვის.  ახლა ისეთი  განცდა მაქვს,  მოსავალს რომ მოიმკი.  ცხოვრება ხომ უცნაური რამ არის – საოცარია, მაგრამ, ისევ იქ დავბრუნდი, სადაც დავიწყე – კლასიკურ მუსიკას ვგულისხმობ, თუმცა, ეს სულაც არაა ცუდი. როცა გამოცდილებით მიბრუნდები იმ გზაზე, რომელიც ახალბედამ გაიარე, უკვე თამამად შეგიძლია თქვა შენი აზრი. დღეს მე უფრო კლასიკურ და ქართულ მუსიკას ვლობირებ;  პოპში არიან „მეტრები” და მე მათ ვენდობი. ისე  გაახალგაზრდავდა იმ ადამიანთა ასაკი, ვინც ამ შესანიშნავ მეგაპროექტებს აკეთებენ, რომ  მშვიდად მოვირგე კარგი მსმენელის როლი. ახლა  ჩემს კომენტარებს მხოლოდ ჩემთვის, ტელევიზორის ყურებისას ვაკეთებ.  რადიკალურად არის შეცვლილი  ჟიურის დამოკიდებულება კონკურსანტების მიმართ. 

– ალბათ, ეს იმ ცნობილ ბრალდებებს გახსენებთ, რომლებიც სულ ისმოდა  თქვენი მისამართით. 

– მე რისკიანი ვარ; არ შემიძლია, არ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ახლაც რომ ვიყო  ჟიურის წევრი, არც ახლა შევიკავებდი თავს. შენიშვნები თავისით მიფრინდება პირიდან, მაგრამ, ამ გადასახედიდან, არასდროს არავინ გამილანძღავს ისე, რომ  ახლა ვნანობდე.  არ დაგიმალავთ, რომ მაქვს უკმარისობის განცდა და მზად ვარ ახალი პროექტის გასაკეთებლად, რაც, პირველ ყოვლისა, ბავშვებს უკავშირდება. ფიზიკოსი მე ვერ გავხდები და, მით უფრო – პოლიტიკოსი. ნიჭიერი ახალი თაობის გასაზრდელად  მათ პატარა ასაკიდან უნდა მიეცეთ სწორი მიმართულება. ბევრი  იდეა მაქვს შემოდებული თაროზე, რომელთა „ჩამოლაგების” დრო ცოტა გადამივადდა იმ სტაგნაციის გამო, რაც ჩვენ ირგვლივ არის.  მე მიყვარს, როცა მცემს პროგრესის სუნი, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვგრძნობ და, შესაბამისად, იწყება დეპრესიული მომენტი: ეს ვის სჭირდება?! რაც ვაკეთე, რა? – უფრო მეტად გავილანძღე, ვიდრე მადლობა მივიღე, რაც ხინჯად სულ მაქვს.  ყველას აინტერესებს, როდის დავბრუნდები ჟიურიში, მაგრამ, არ დავბრუნდები! ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საბავშვო კონკურსების ჟიური – ვხვდები, რომ ეს კომპლექსია.

– თქვენ და კომპლექსი?!

– დიახ, მე თითქმის არ  მაქვს კომპლექსები, მაგრამ ეს ასეა.  ჟიური ისე გაახალგაზრდავდა, ახლა ჩემი იქ ყოფნა გამორიცხულია. სულ ვამბობ, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ერთ-ერთ წელიწადს „ჯეოსტარის” ჟიურიში მე, ნანი და ჭოლა ვისხედით, თუმცა ეს ნანისაც არ უყვარს და ძლივს დავიყოლიე.      

– რაც აქტიური სივრციდან გახვედით, მშვიდი ცხოვრება გექნებათ.

– ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე იყო ადრე. პასიურ რეჟიმს თავისი ხეირიც აქვს – უფრო მეტად მცალია საყვარელი ადამიანებისთვის.  იმ  წრეს, რომელიც ჩემ ირგვლივ იყო და რჩება, დაემატნენ ახალი და ნიჭიერი ადამიანები  – ანიტა რაჭველიშვილი და ნატალია ქუთათელაძე, რომელთაც მუდმივად  სჭირდებათ „სხვა” ყური, ემოციური მსმენელი.  ამ ბუდეში ღამღამობით კვლავ  ხშირად იკრიბებიან ჩემი მეგობრები – დოი, ნიკა რაჭველი. ყველაზე მთავარი სიახლე კი, ის არის ჩემს ცხოვრებაში, რომ მეოთხე შვილიშვილი შემეძინა და უკვე მრავალშვილიშვილიანი ბებია ვარ, ძალიან საყვარელი პატარა ანიტა გვყავს (იცინის).  

– ალბათ, უკვე კლასიკური გაგებით  ბებია ხართ. 

– პლედიანი? რომელიც ქსოვს? არა!  განსაკუთრებული მეოჯახეობა ვერ გამომდის, სახლში საჭმელსაც კი არ ვაკეთებ, რასაც  ჩემი  მეგობრები აპროტესტებენ.  მიკროღუმელს „დავუმეგობრდი”.  სახლის ტექნიკურ საქმეებში მარცხიანი ვარ – ორი მარცხენა ხელი მაქვს და ამ მხრივ მარტო ვარ, უსუსური. ნათურა რომ გადაიწვება ან რამე გაფუჭდება, ვინმეს ვეძებ. ახლა მეტად მცალია ჩემი შვილიშვილებისთვის, რომლებიც ჩემ გვერდით ცხოვრობენ და სულ მათთან გავრბივარ. უფროსი შვილიშვილები კონცერტებზე დამყავს და მათ შემოქმედებით განათლებაზე უფრო ვზრუნავ. ახლა ეს პატარა გოგო! კარგია სახლში პატარა; კარგია ისიც, რომ  ჩემმა შვილმა გამოასწორა ჩემი შეცდომა და ოთხი შვილი გააჩინა – ეს, ალბათ, მისი პროტესტიც იყო. მე, სამწუხაროდ, ვერ მოვიცალე მეორე შვილისთვის – ალბათ, უფრო სხვაგან, საქმეში ვეძებდი ადრენალინს, თუმცა, დავრწმუნდი, რომ  ყველაზე მთავარი მაინც ის არის, როგორ გაზრდი შვილს. როგორი კარიერაც არ უნდა გაიკეთო, რასაც არ უნდა მიაღწიო, აბსოლუტურად შეუმდგარი ხარ, თუ ვერ გაზარდე კარგი შვილი. მე მგონი, რომ ეს გამომივიდა – ასე ამბობენ (იცინის).      

скачать dle 11.3