სად დაიტოვეს გოგოებმა შეკრებაზე მყოფი კალათბურთელი ბიჭები და როგორ აღმოჩნდა კოტე ტუღუში სველი ტანსაცმლით უცნობის ქორწილში
ამ დღეებში, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება. ფინალისტები გახდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი და თბილისის „დინამო.“ მიმდინარე პროცესების, საკუთარ სპორტულ კარიერასა და ოჯახის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის მწვრთნელს, კოტე ტუღუშს ვესაუბრეთ.
კოტე ტუღუში: შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს, როგორც მთლიანად ქართულ კალათბურთს, სეზონის დასაწყისში რთული პერიოდი ჰქონდა. გულშემატკივარს, ალბათ, ახსოვს ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადება იმის შესახებ, რომ კალათბურთის შიდა ჩემპიონატს მიჰქცეოდა ყურადღება. ამის შემდეგ რამდენიმე გუნდი გამოცოცხლდა. მათ შორის – ჩვენიც. ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ბოლოს შეიკრიბა და წლევანდელი სეზონისთვის დაიწყო მზადება, ჩვენ ვიყავით. მე წინა წელს თავდაცვის სამინისტროს გუნდ „არმიაში“ ვმუშაობდი და აქ წელს გადმოვედი. ბევრი სირთულის მიუხედავად, ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილი ავიღეთ. დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს პლეიოფები. გავიარეთ მეოთხედფინალური ძალიან დაძაბული მატჩი სოხუმის გუნდთან და 3:2 მოვუგეთ. გვქონდა ბათუმთან დაპირისპირება, რომელშიც 3:0 გავიმარჯვეთ და ახლა მიმდინარეობს საქართველოს სუპერფინალები, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეა თბილისის „დინამო“, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. წელს „დინამოს“ სამჯერ ვეთამაშეთ და სამივეჯერ გავიმარჯვეთ. გამარჯვების სურვილი და მოლოდინი გვაქვს ახლაც, მაგრამ ეს იოლი ნამდვილად არ იქნება. წელს მაქვს შესაძლებლობა, მწვრთნელის რანგში მეორედ მოვიგო საქართველოს ჩემპიონატი და, იმედია, ასეც იქნება. გუნდი და მათი ოჯახის წევრები ძალიან მოტივირებულები და პროცესში მაქსიმალურად ჩართულები არიან.
– ოჯახის წევრებს არ უჭირთ თქვენს გრაფიკთან შეგუება?
– ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მეუღლისთვის. ზაფხულში, როცა მთელი ოჯახი ერთად უნდა ისვენებდეს, მე ყველაზე მეტად ვარ დაკავებული. სამი შვილი ისე გავზარდეთ, ერთად ნორმალურად არ დაგვისვენია. მთლიანობაში, ორი-სამი თვის განმავლობაში მიწევს ხოლმე საქართველოდან წასვლა, თუმცა ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებიან და მხარს მიჭერენ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– მეუღლე ახლა უკვე შეჩვეული იქნება ამ გრაფიკს, მაგრამ, შეყვარებულობის პერიოდში როგორ ეგუებოდა?
– მოთამაშე ვიყავი და ტრავმა მივიღე – ფეხი მოვიტეხე, რის გამოც ოთხი თვის განმავლობაში მომიწია იძულებით სახლში ყოფნა. ბევრი დრო მქონდა არასაკალათბურთო საქმეებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მაშინ ტრავმას უკვე ვიშუშებდი. გაცნობიდან ოც დღეში მომიწია უცხოეთში ერთი წლით წასვლა. ტელეფონით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მცირე, თუნდაც ერთი ან ორდღიანი შესვენება გამომიჩნდებოდა თუ არა, თბილისში მოვრბოდი, რომ რამდენიმე საათი გამეტარებინა მასთან. დავბრუნდი თუ არა, გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა. შემდეგ ჯერზე უკვე ერთად გავემგზავრეთ.
– სპორტსმენ ბიჭებს რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ და მათ შორის ბევრი გოგოა, ამას როგორ ეგუება მეუღლე?
– თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, მყავდა და დღეს ძალიან ბევრი უკვე ჩემი მეგობარია. ალბათ, ყოველთვის ვიჭერდი საჭირო შუალედს, ეს ზედმეტებში არ გადადიოდა, ზღვარს არ სცდებოდა და ჩემი მეუღლისთვისაც მისაღები იყო, ყოველგვარი ეჭვიანობის გარეშე. უკვე ათი წელია, ერთად ვართ და სამი შვილი გვყავს. უფროსი გოგონები 8 და 7 წლის არიან, უმცროსი ბიჭი კი ორწლინახევრისაა. უფროსი ჩოგბურთზე დადიოდა, თუმცა პატარა ტრავმამ ხელი შეუშალა და, იმედი მაქვს, ისევ გააგრძელებს. არ ვამბობ, რომ პროფესიონალი სპორტსმენი გახდება, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვის კარგია. მათ მომავალში აქტიურად ჩარევას არ ვაპირებ, რასაც თავად გადაწყვეტენ, მე გვერდში დავუდგები.
– რაც შეეხება გუნდს, მისი წევრი ბიჭები არ გამოირჩევიან თაყვანისმცემელი გოგოების სიუხვით?
– კი და საქართველოში შეკრებაზე გუნდის წაყვანა საკმაოდ სახიფათოა. არის ხოლმე გოგოების ინტერესი, მით უმეტეს, საკმაოდ წარმატებული კალათბურთელები გვყავს. თუმცა, მთავარია, სპორტული რეჟიმი არ დაირღვეს და ისე, თავისუფალ დროს, ვისაც რა უნდა, ის ქნას, მით უმეტეს – უცოლოებს (იცინის). მოთამაშეებსაც სჭირდებათ გულშემატკივრის ყურადღება, ოღონდ, ზომიერების ფარგლებში. წელს, ძველით ახალ წელს, შეკრებაზე ბაკურიანში ვიყავით. სერიოზული ტურნირისთვის ვემზადებოდით, რომელშიც გავიმარჯვეთ კიდეც. 13-ში 12 საათზე ყველა ერთად შევხვდით, მერე კი უნდა დავშლილიყავით, ოთახებში დაგვესვენა და მეორე დღეს ვარჯიში ჩაგვეტარებინა. მე წამოვედი, მაგრამ მეორე დილით გავიგე, რომ ბიჭებს წამოსვლის საშუალება თაყვანისმცემლებმა არ მისცეს. იქვე რესტორანი იყო, სადაც დილამდე ჩემი რამდენიმე მოთამაშე გოგოებმა დაიტოვეს – ცეკვავდნენ და ერთობოდნენ, შესაბამისად, მეორე დღეს ჩაუვარდათ ვარჯიში. მეც მითამაშია კალათბურთი და ეს მომენტი მეც ვიცი, ამიტომ ამას რადიკალური ზომები არ მოჰყოლია. მთავარია, მერე მაინც მივაღწიეთ წარმატებას. წინა წლებში უცხოელები გვყავდა და, როგორც წესი, მათ უფრო მეტი პრობლემები ექმნებათ ხოლმე თაყვანისმცემლებისგან (იცინის). ერთი ფერადკანიანი მეგობარი მყავს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და დარჩა. შეიძლება ითქვას, ყველა ქალაქში ოჯახი აქვს (იცინის) სიმართლეს ვამბობ: რუსთავში ვიყავი ჩასული, მოვიდა და მეგობარი გოგონა გამაცნო, შავი პატარა ბავშვით (იცინის); მერე ქუთაისში სულ სხვა გოგოსთან ერთად მოვიდა და იმასაც ფერადკანიანი ბავშვი ეჭირა ხელში. ასე რომ, უცხოელი, წარმატებული და კარგი გარეგნობის ბიჭების მიმართ გოგოების ინტერესი არის.
– მოგზაურობის შედეგადაც, ალბათ, ბევრი თავგადასავალი დაგიგროვდათ?!
– საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ამ ზაფხულს ერთ-ერთ შესარჩევ თამაშზე მივდიოდით და სტამბულში გადაჯდომისას თვითმფრინავში, აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე სპორტსმენი გვაკლდა – აეროპორტში დასძინებიათ. მერე დიდი კონტაქტების გამოყენება დაგვჭირდა, დროულად რომ ჩამოფრენილიყვნენ დანიშნულების ადგილას. ერთხელ ირანში ვითამაშეთ. იცით, რომ იქ რთული სიტუაციაა. ცუდი ხალხი ნამდვილად არ არის, ბევრი ირანელი მეგობარი მყავს, მაგრამ, ერთ-ერთი ძალიან დაძაბული მატჩის დროს, ბოლო წამებში, გამარჯვების ბურთი ჩავაგდე, გავიხედე სკამებისკენ, სადაც ჩემი თანაგუნდელები იყვნენ, რომ გამარჯვება ერთად აღგვენიშნა და, რას ვხედავ – ყველა სადღაც გარბის. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. უკან მივიხედე და, თურმე, მთელი ტრიბუნა გადმოსულია და ჩვენკენ მორბის – სავარაუდოდ, ჩვენი ცემა უნდოდათ. დავეწიე კი არა, გავასწარი თანაგუნდელებს (იცინის). წინასწარ ჰქონიათ მომზადებული ბუნკერი, სადაც თამაშის დასრულების შემდეგ სტუმარი გუნდი უნდა გაიყვანონ. არ ვიცი, რატომ არ გამაფრთხილეს, მაგრამ ბეწვზე კი ჩავასწარი (იცინის). საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ბუნკერში ყოფნა და, მერე, რომ დაიშალნენ, პოლიციის დახმარებით გამოვედით. ერთხელ, საბერძნეთში ყოფნისას, საუკეთესო სასტუმროში დავბინავდით. ვიცელქეთ და ტანსაცმლიანად ჩავხტით აუზში. დიდი აუზი იყო, გადავწყვიტეთ, მეორე ბოლოდან ამოვსულიყავით და სასტუმროს უკანა კარიდან შევსულიყავით, ხალხი რომ არ შეგვეწუხებინა. გვგონია, რომ უკანა შესასვლელიდან ჩუმად შევდივართ და, უცებ, ქორწილში არ აღმოვჩნდით?! ეს ორმეტრიანი ხალხი სველი ტანსაცმლით რომ დაგვინახეს, გაოცებულები გვიყურებდნენ. თუმცა, არ დავიბენით: ისინი „სირტაკს“ ცეკვავდნენ, ჩვენც ავყევით და, ასე ცეკვა-ცეკვით ავედით ლიფტამდე.
– სხვა ქვეყნებში გულშემატკივრების ნაკლებობას არ განიცდით?
– სხვათა შორის, ბევრ შორეულ ქვეყანაში ჩავსულვართ და ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი მოსულა; არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან ხოლმე. შარშან პორტუგალიაში რომ ვიყავით, ჯერ თამაშზე გვიგულშემატკივრეს, საღამოს კი სასტუმროში მოვიდნენ თავიათი გამომცხვარი ხაჭაპურებით, მწვადებითა და ტყემლით. ჩვენთვისაც და მათთვისაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო.