ვაჟა მანია ცოტა ხნის წინ ბოსტონიდან თბილისში ჩამოვიდა. მან „ბერკლიში“ ერთი სემესტრი კვლავ წარმატებულად დაამთავრა და ახლა თბილისში საშემოდგომო სემესტრისთვის საბუთებს აწესრიგებს. ვიმედოვნებ, რომ მომავალში „ბერკლიში“ სწავლასთან დაკავშირებით მას პრობლემები ა
ვაჟა მანია: გაზაფხულის სემესტრი დამთავრდა და ჩამოვედი თბილისში. საკმაოდ დატვირთული სემესტრი მქონდა და რაც მთავარია, ბევრი მუსიკოსი გავიცანი. ეს კი სწავლასთან, პედაგოგებთან ურთიერთობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. იყო მასტერ-კლასები, რომელშიც ვმონაწილეობდი და საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი.
– ხანგრძლივი პაუზა გქონდა, რამდენიმე სემესტრი გამოტოვე და ბოლოს, როგორც იქნა, გააგრძელე სწავლა „ბერკლიში”.
– აქ ისე ვიქოქები, რომ მერე ამერიკაში სწავლას მოწყურებული მივდივარ. ამერიკელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: როცა მშიერი ხარ, ანუ საქმის კეთება გწყურია, იმ საქმეს უფრო კარგად აკეთებო. ასე დამემართა მეც. ზოგადად, ეს სემესტრი საკმაოდ დატვირთული იყო. „ბერკლიში” იმართება ჯაზური საღამოების სერიები. მონაწილეების შესარჩევად კი, ტარდება კონკურსი. ბევრი სტუდენტი მონაწილეობს კონკურსში, ზოგს – უმართლებს, ზოგს – არა. გამიხარდა, რომ მეორედაც გავიმარჯვე კონკურსში და კონცერტში მონაწილეობა მივიღე, რომელიც „ბერკლის“ ერთ-ერთ ცნობილ დარბაზში იმართება. პატარა სცენაა, მაგრამ ბევრი ცნობილი მუსიკოსი სწორედ ამ დარბაზში ატარებს კონცერტებს. შესაბამისად, საკმაოდ პრესტიჟულია და ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო ამ კონცერტზე სიმღერა. ეს საღამო არის ბერკლის პედაგოგის, მეგი სკოტის – მისი კონცერტია. ხანდაზმული ქალბატონია, ვოკალის პედაგოგიც არის და პიანისტიც. შესაბამისად, მასთან გიწევს გასაუბრება. მე ორი სიმღერა ვიმღერე. ერთი იყო: ჩარლი მინგუსის კომპოზიცია, მეორე – „ესტატე“, იტალიური სიმღერა, თუმცა, ჯაზურ სტანდარტებში შედის. ძალიან კარგი მელოდიაა, ბევრი ჯაზ-შემსრულებელი ასრულებს. მეც ჩემებური ვერსია გავაკეთე. ჩარლი მინგუსის ეს კომპოზიცია ურთულესია და როდესაც მოსმენაზე ვიმღერე, მეგი სკოტმა მითხრა: ეს ჯაზ-სტანდარტი ტოპ-სიმღერებში შედისო.
– დაიმსახურე მისი შექება?
– საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ. ერთი რამ ვიცი: ძალიან მოსწონს, კმაყოფილია. ემოციები მანამადე გამოხატა, კონცერტის მერე უფრო მილოცვა იყო. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ იქ შეგიძლია გააკეთო ის, რაც რთულია, რაც გსიამოვნებს და მას მაყურებელი მიიღებს, მისი ფასი კარგად იცის. საბოლოოდ, კონცერტმა და მასტერ-კლასებმაც კარგად ჩაიარა. იყო კიდევ ერთი ცნობილი კომპოზიტორისა და მომღერლის მასტერ-კლასი – ის „ბერკლიში“ ძალიან უყვართ. მის მასტერ-კლასზე ვიმღერე და პლუს, მისი კონცერტიც იყო. იქ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორ გადმოსცემ სიმღერით ისტორიას, შინაარსს, ანუ როგორ გადმოსცემ სიმღერის ტექსტს, როგორ გაქვს გააზრებული. სახის მიმიკაზეც უნდა გეტყობოდეს ყველაფერი. იმასაც გეკითხებიან: ეს სიმღერა რატომ აირჩიე, უბრალოდ, მომწონს და ვმღერი – არ არის. ტექნიკურ მხარეზეც თუ რამე ხარვეზი გექნება, მოგცემენ შენიშვნას, მაგრამ მაინც უფრო დიდი ყურადღებას შესრულებას, სიმღერის შინაარსის გადმოცემას აქცევენ. „ბერკლიში“ ხშირად დავდივარ კონცერტებზე, როგორც ცნობილი მომღერლების, რომლებიც სპეციალურად კონცერტების ჩასატარებლად ჩამოდიან, ასევე, სტუდენტების. ეს ძალიან საინტერესოა, ბევრ რამეს იგებ, სწავლობ. სტუდენტებს უფრო მეტად აინტერესებთ სიახლეები. თავად წერენ ახალ სიმღერებს, ვიდრე ძველი სიმღერების ქავერები გააკეთონ. წამოსვლამდე კლასი ავიღე – სტუდიაში ჩაწერის პრაქტიკა. ჩვენ მიგვქონდა ნოტები ბენდისთვის, ყველაფერს ჩვენ ვწერდით – ზოგი ძველი სიმღერების ახლებულ ვარიანტებს, ზოგი – ახალს. იქ აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის ძალიან კარგი სიმღერა, ვთხოვე: მომეცი-მეთქი. მივხვდი, ეს ჩემია.
– იოგას კლასიც გქონდა აღებული.
– იოგაც კავშირშია მუსიკასთან. სწორად სუნთქვაში, სხეულის თავისუფლად დაჭერასა და დგომაში გეხმარება. ბევრჯერ მოუციათ შენიშვნა: სცენაზე სიმღერის დროს მხრებში გაიშალეო. იოგაზე იმდენი ვიწელე, მგონი, აღარ მოვიხრები მხრებში. კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო კლასი გვქონდა: სპონტანური იმპროვიზაცია. ათი ბავშვი ინსტრუმენტების გარეშე ვდგებოდით და ვმღეროდით. ოღონდ იცი, როგორ? – ბუმ და დავიწყეთ. წინასწარ არაფერზე ვთანხმდებოდით – არც მელოდიაზე, არც ტონალობაზე, არც შინაარსზე. ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა. წრეზე ვდგებოდით, თვალებს ვხუჭავდით, 10 წამი ვსუნთქავდით და მერე უცებ ვიღაც იწყებდა სიმღერას, სხვებიც ავყვებოდით და ათივე რომ შეიკვრებოდა, იქ ხდებოდა სასწაული. გარდა ამისა, კანონივით გვქონდა: სკეტზე უნდა გვემღერა: დუბა, დუბა, დუბა და შენს ენაზე, ოღონდ ქართულსა ან ინგლისურზე კი არა, უცნაურ ენაზე. მესამე ვარიანტი იყო უკვე სიტყვებზე, ოღონდ ინგლისურ ენაზე სიმღერა ისეთი საინტერესო გამოდიოდა, უცნაურ რაღაცაში გადავვარდებოდით ხოლმე. მერე ვფიქრობდით: ეს როგორ, რატომ, რა ხდება?!
– როგორ ვიცი, საშემოდგომოდ რომ ჩახვალ „ბერკლიში“ შენს სოლო კონცერტს გააკეთებ.
– მეოთხე სემესტრის შემდეგ „ბერკლი“ სოლო კონცერტისთვის გითმობს დარბაზს. მეც ვგეგმავ ორმოცწუთიან სოლო კონცერტს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული: ორგანიზება, მუსიკოსების, სიმღერების არჩევა. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა. ზაფხულს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არანჟირებები გავაკეთო და ყველაფერი გამზადებული ჩავიტანო ბოსტონში. ბენდის წევრებსაც ავარჩევ. დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები საკითხს და ვნახოთ, როგორი გამოვა.
– რა თვისებები შეგძინა ამერიკაში ცხოვრებამ?
– უპირველეს ყოვლისა, თავდაჯერებულობა. უკვე ვიცი: რა შემიძლია და რა – არა. სტუდენტებს რომ უყურებ, ვინც „ბერკლი” დაამთავრა და ახლა კონცერტები აქვთ ამერიკაში, ევროპაში, ხვდები, რომ შენც მათგან არაფრით განსხვავდები. ორივე ერთად სწავლობთ, ორივე ერთ პროგრამას გადიხართ, ერთნაირი კომფორტი გაქვთ სწავლის მხრივ. შესაბამისად, შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუმცა, გამართლებაც საჭიროა, მაგრამ მე ყოველთვის მჯერა, რომ შრომა იქ აუცილებლად დაგიფასდება. მჯერა, რომ თუ დავამთავრებ „ბერკლის“ და იქ ვიქნები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მივაღწევ იმას, რაც მიზნად მაქვს დასახული, რისთვისაც ვარ წასული. ახლა, ზაფხულში მოვაგვარებ საბუთების ამბავს და იმედი მაქვს, შემოდგომიდან სწავლას გავაგრძელებ. შედეგს აუცილებლად ნახავს ყველა. იქ სწავლის გარდა, სხვა საქმე არც მაქვს. სულ ვმეცადინეობ, სიახლეებს ვითვისებ. როცა ცოტათი ვიღლები, მერე განტვირთვასაც ვუთმობ გარკვეულ დროს. საკუთარ თავს რომ ვაკვირდები და იმასაც, რა შენიშვნებს მაძლევდნენ პირველ სემესტრში პედაგოგები და ახლა როგორ მიიღეს საქმე, დიდ განსხვავებას ვხედავ. ახლა მისმენენ, არც მაჩერებენ და ბოლოს მეტყვიან რამეს. ადრე, გითხარი კიდეც: ერთი „კუპლეტი” ვერ ვიმღერე, სულ მაჩერებდა პედაგოგი-მეთქი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვითვალისწინებ რჩევებს. სხვანაირად, შედეგს, პროგერესს ვერ მივაღწევ.
– თბილისში ჩამოიპარე, არავინ იცოდა შენი ჩამოსვლის შესახებ. რა გეგმები გაქვს?
– კი, ჩამოვიპარე. ბევრმა არც იცის, აქ რომ ვარ. რაღაც შემოთავაზებები არის და ვნახოთ. ჩემს საქმესაც მივხედავ, კონცერტისთვის გავაკეთებ სიმღერებს.