რატომ ამბობს უარს ამერიკაში ჩვეულებრივ სიყვარულზე სალომე გასვიანი, ვისთან ერთად ცხოვრობს ის ლოს-ანჯელესში და რატომ გადაწყვიტა მან მთელი ცხოვრება მარხვის დაცვა
დიდი ხანია, მომღერალი სალომე გასვიანი არსად გამოჩენილა. თუმცა, საქართველოში ყველას ახსოვს პატარა, ნიჭიერი, უნიკალური ხმის ტემბრის მქონე გოგონა, რომელსაც დიდ და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. ის, ახლა 25 წლისაა, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და იქ აგრძელებს თავის მუსიკალურ კარიერას – საკუთარი ბენდის სოლისტია. მართალია, სალომე ჟურნალისტებს არ წყალობს და ყოველთვის უარს ამბობს ინტერვიუზე, მაგრამ ამჯერად, ჟურნალ „თბილისელებისთვის” გამონაკლისი დაუშვა და საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მოგვცა.
სალომე გასვიანი: ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ და ვსწავლობ. შარშან დავასრულე მუსიკის ბიზნესის ფაკულტეტი და ახლა, სატელევიზიო ფაკულტეტზე ვსწავლობ. ხუთი წელია, არ ვყოფილვარ საქართველოში და ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა.
– ამერიკაში ვისთან ერთად ცხოვრობ?
– ამერიკაში მარტო, ჩემს პატარა ძაღლთან – ლუნა ლენონთან ერთად ვცხოვრობ. მეზობლები სხვა შტატში გადავიდნენ საცხოვრებლად და ლუნა მე მაჩუქეს. ეს არსება ძალიან მიყვარს, ვგიჟდები, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ბევრს ვთამაშობთ და ვსეირნობთ ერთად. სხვათა შორის, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, მისი გაცნობის მერე ხორცს და რძის პროდუქტებს აღარ ვჭამ. გამოდის რომ, სულ მარხვაზე ვარ. ბევრს ვვარჯიშობ და თან, ჯანსაღად ვიკვებები.
– მრავალშვილიანი ოჯახიდან ხარ. არ გაგიჭირდა დამოუკიდებლად შორეულ ქვეყანაში ცხოვრება?
– თავიდან გამიჭირდა, რთულია შეეგუო ახალ გარემოს და იყო დამოუკიდებელი, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ოჯახის წევრებსაც ხშირად ვეკონტაქტები სოციალური ქსელით. დედა კი, ხშირად ჩამოდის ჩემთან. ასე რომ, მონატრებას ვივსებ. იმედია, მალე ჩამოვალ და ყველას პირადად მოვესიყვარულები.
– თქვი, ამერიკაში დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ვსწავლობო. არადა, ყველას ახსოვს პატარა გოგონა, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭითა და ხმით გამოირჩეოდა და მისი კლიპები ხშირად ჩანდა სატელევიზიო სივრცეში. მუსიკალურ კარიერას არ აგრძელებ?
– როგორ არა. მიუხედავად დატვირთული სასწავლო გრაფიკისა, დრო ყოველთვის მაქვს სიმღერისთვის. საკუთარი მუსიკალური ჯგუფიც მყავს და საკმაოდ გემოვნებიანი მსმენელიც. ჯგუფში ოთხი ამერიკელი ბიჭია და მე ერთი, ქართველი სოლისტი გოგო. თან, გიტარაზეც ვუკრავ. ბენდის ბიჭები, როგორც გოგოს, არც მიყურებენ. ჰგონიათ, მეც მათსავით ბიჭი ვარ და ძმაკაცად აღმიქვამენ (იცინის). ჯაზ-ბენდს ჰქვია: „ჩვენ ერთნი”, და ჩვენი მესიჯია: სიყვარული და პოზიტივი! ერთ ინსტიტუტში დავდიოდით და დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ორი წელია, რაც ბენდი ჩამოვაყალიბეთ და ძალიან მანებივრებენ. თვითონ ამბობენ, ვერ წარმოგვიდგენია, შენ რომანტიკულად როგორ უნდა შემოგხედოთ, ჩვენი ძმაკაცი ხარო (იცინის). ორი თვის წინ კლიპიც გადავიღეთ და ახლა დიდ ტურნეს ვიწყებთ სხვადასხვა შტატში. ძირითადად, კლუბებში გამოვდივართ და უამრავი მსმენელი მოდის, ინტერესდება და მადლობას გვიხდის.
– რომ ამბობენ, ამერიკაში ჩქარი ტემპია და მას ფეხი უნდა აუწყოო, შენ ეს გამოგივიდა?
– ცხოვრებას როგორც აუწყობ ფეხს, ისე გაჰყვები, როგორი თვალითაც შეხედავ, ისე შემოგხედავს და გაგიმართლებს. ჩემთვის ამერიკულ სწრაფ ტემპზე გადმოწყობა რთული არ იყო, თუმცა მის გასწრებასაც არ ვგეგმავ (იცინის). ყველაფერს თავის დრო აქვს. ამ ქვეყანამ მასწავლა, რომ უფრო მიზანდასახული, თვითდაჯერებული, თავმდაბალი და დამოუკიდებელი უნდა ვიყო. ასევე, შეგიძლია, ადამიანმა ყველაფერი თავიდან დაიწყო და იყო წარმატებული. აქ მეტი გასაქანია, რომ განვითარდე, ჩამოყალიბდე და ისწავლო. ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ, როგორი ოჯახის წარმომაგენელი – მაღალი წრის თუ დაბალი. აქ ყველა ერთია. ამ ქვეყანაში ყველა გაღიმებული დადის და მეც ვისწავლე, რომ მუდამ უნდა ვიღიმებოდე, არ მერიდებოდეს მადლობის და ბოდიშის თქმა და სულ პოზიტიური განწყობა მქონდეს. ქართული ხასიათი და გენეტიკაც მშველის, რომ სამშობლოდან შორს არ დავკარგო თავი და სწორ გზაზე ვიარო.
– სალომე, ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი, ვინ არის?
– ყველაზე მეტად დედას ვენდობი და ვხუმრობ ხოლმე, ალბათ, 80 წლის რომ ვიქნები, ისევ დედას დავეკითხები ჭკუას-მეთქი (იცინის). დედა ჩემთვის ქალღმერთი და ქალის იდეალია. ვცდილობ, დედას ვგავდე. ოთხი დედმამიშვილი მყავს და ყველას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა, შეყვარებული არ მყავს და არც პაემნებზე დავდივარ. ვცდილობ, სახლში ვიყო და წიგნები ვიკითხო, ან ბენდის ბიჭებთან რეპეტიცია გავიარო. ამერიკაში ბიჭის და გოგოს შეხვედრები და გაცნობები, ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ, მე ჩვეულებრივი სიყვარული არ მინდა.
– აბა, არაჩვეულებრივი სიყვარული როგორია?
– სიყვარულისთვის ვცხოვრობ თავიდან ბოლომდე, მაგრამ რომანტიკული ვარ და ასეთი რომანტიკული სიყვარულის მოლოდინში ვარ. ჩემი ოთახის კედლები რომ ნახოთ, მიხვდებით, როგორი რომანტიკოსი ვარ – გაკრული მაქვს ლექსები, ნახატები, ჩემი თაყვანისმცემელი მსმენელების ნაჩუქარი პლაკატები, ამოჭრილი, ლამაზი, წითელი გულები. ამ ეტაპზე, არ არის ჩემ გარშემო ისეთი ბიჭი, რომ შემიყვარდეს. ძალიან რომანტიკული ბუნების გოგო ვარ. ერთხელ ვცხოვრობ და რატომ დავნებდე ჩვეულებრივ სიყვარულს, როცა შეიძლება, ზღაპრული სიყვარული მქონდეს? (იცინის). თუმცა, თაყვანისმცემლები კი მეპრანჭებიან. ხშირად მანქანაზე მხვდება წარწერები, მაგრამ არ ვიცი, ვინ წერს. ამას წინათ კი, წიგნის მაღაზიიდან დაბრუნებულმა, ჩანთაში ვიპოვე ბიჭის წერილი. სიყვარულს მიხსნიდა, თანაც ძალიან რომანტიკულად, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ არის (იცინის). ბევრჯერ ყვავილებიც მოურთმევიათ. სხვათა შორის, საჩუქრებით მანებივრებენ ისინი, ვინც ჩვენი ბენდის მოყვარულია და ხშირად დადის ჩვენს მოსასმენად. ამას წინათ ერთმა მსმენელმა მაისური მაჩუქა – ძალიან ლამაზია და მოვირგე. მიხარია, როცა ქუჩაში მცნობენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან. ახლა ბინა შევიცვალე და მისამართს არავის ვეუბნები. არ მინდა, თაყვანისმცემლებმა შემაწუხონ. არ გეგონოთ, ამაყი ვარ და თავი მომწონს. მე უბრალო გოგო ვარ, თავმდაბალი. არ მიყვარს მარიაჟობა. ამერიკაში არავინ აქცევს ყურადღებას რა გაცვია, ვისი ბრენდია, ძვირი ღირს თუ არა. რაც უფრო უბრალო, ხარ, მით მეტი დაფასება გაქვს. ამას წინათ, კაფეში ყავას ვსვამდი, უცებ ვიღაც გოგონა მომიახლოვდა და მითხრა, ძალიან მიყვარხართ, თქვენს მოსასმენად ხშირად დავდივარ კლუბშიო და ჩამკოცნა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, რომ უფრო მეტი ვიმუშაო და ახალი სიმღერები შევქმნა. „ინსტაგრამზე” ისეთი თბილი წერილები მხვდება, მათი წაკითხვა არასდროს მბეზრდება. ქართველები ძალიან ნიჭიერები და კარგები ვართ და სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენს ნიჭიერებას ყველა აფასებს. სხვათა შორის, ყველას ამერიკელი ვგონივარ. მე კი ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი ვარ! ძალიან ბედნიერი ვარ, ვაკეთებ რაც მომწონს, ვცხოვრობ ულამაზეს, სიმწვანეში ჩაფლულ ქალაქში, მყავს უნიჭიერესი ბენდის ბიჭები. მიუხედავად სიშორისა, ჩემი ოჯახიც გვერდით მიდგას, მამხნევებს და სუნთქვის საშუალებას მაძლევს – მე ამით ვარსებობ!