როგორ აღმოჩნდა ხუთი თვის შვილის დედა მამრობითი სქესის და რატომ ვერ ამტკიცებს ხატია ვოლნისტი რეალურ სქესს
20 წლის ხატია ვოლნისტი უკვე ოთხი წელია, იბრძვის იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. პრობლემას ხატიას ანკეტა წარმოადგენს, რომელშიც ახალშობილი მამრობითი სქესის წარმომადგენლად არის დაფიქსირებული. წლების განმავლობაში ამ დოკუმენტის გამოყენების საჭიროება არ ყოფილა და, შესაბამისად, ანკეტაში დაშვებული შეცდომისთვისაც არავის მიუქცევია ყურადღება. 16 წლის ასაკში კი, აღნიშნული შეცდომის გამო, ხატიამ პირადობის მოწმობის აღება ვერ შეძლო და, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სხვის მიერ დაშვებული შეცდომის წყალობით, უამრავი პრობლემა შეექმნა.
ხატია ვოლნისტი: დავიბადე 1995 წელს, ქალაქ ზუგდიდში, სადაც მომცეს დროებითი დაბადების მოწმობა, რადგან გერბიანები არ ჰქონდათ. ამ დაბადების მოწმობაში ჩვეულებრივ ვწერივარ – ხატია ვიტალის ასული ვოლნისტი. ჩემს მშობლებს რატომ უნდა ეფიქრათ, რომ ახალშობილის ანკეტაში ხარვეზი იქნებოდა და, მდედრობითის ნაცვლად, მამრობითად ვიქნებოდი აღნიშნული? სამშობიაროდან უპრობლემოდ გამომიყვანეს და ბაღში და სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი.
– პირველად როდის შეგექმნა პრობლემა ამ შეცდომის გამო?
– ანკეტა, რომელშიც ეს შეცდომაა დაშვებული და მამრობითად ვარ აღნიშნული, 16 წლამდე არ გადამიმოწმებია, რადგან არაფერში დამჭირვებია და, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. 16 წლის რომ გავხდი, იუსტიციის სამინისტროში მივედი პირადობის მოწმობის ასაღებად. ფოტო გადავიღე, ყველაფერი გავაკეთე, უკვე მზად ვიყავი, რომ პირადობის მოწმობა ამეღო და, უცებ, ამოტივტივდა ანკეტაში მითითებული მამრობითი სქესი და პრობლემებიც დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, ოთხი წლის განმავლობაში, ვდილობთ, ეს გაუგებრობა გავარკვიოთ და მოვაგვაროთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. იუსტიციის სამინისტროში უამრავჯერ ვიყავი, ძალიან ბევრი განაცხადი მაქვს გაკეთებული. პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე მომდიოდა – უარი.
– გამოსავალს არ გთავაზობდნენ?
– სასამართლოში გამგზავნეს, მაგრამ მაინც ვერაფერს მივაღწიე. იუსტიციის სამინისტროში ერთს მეუბნებოდნენ, სასამართლოში – მეორეს, აქეთ-იქით მგზავნიდნენ და ასე დაუსრულებლად. ბევრი კრიტიკული კომენტარი წავიკითხე, ამბობენ – შვილო, აქამდე პატრონი არ გყავდაო?! მშობლებიც მყავს, დედ-მამიშვილებიც და ძალიან ბევრი ნათესავიც, მაგრამ, ეს პრობლემა, რეალურად, ვერ გვარდება. თვითონ არ უნდათ მოგვარება და მე რა გავაკეთო? არაფერი შემიძლია. მოკლედ, ძალიან გამაწამეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უამრავი განცხადების შემდეგ, წულუკიანისგან მომივიდა წერილი, რომელშიც ამბობდა: დარჩეს მამრობითად და პირად ნომერს მივანიჭებთო. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი ოდესმე უთქვამთ ჩემთვის. როგორ დავრჩე მამრობითად, როცა გათხოვილი ვარ, მეუღლე და ხუთი თვის ბავშვი მყავს?! ასეთი პასუხი ისეთივე აბსურდია, როგორც მთელი ეს სიტუაცია.
– ამ შეცდომის გამო, ალბათ, უამრავი პრობლემა შეგექმნა.
– დიახ. პირველ ყოვლისა ის, რომ ვერ მივიღე ვერანაირი განათლება, მხოლოდ ათი კლასი დავამთავრე. მაქვს ცხრა კლასის ატესტატი და მეათე კლასის – „მოისმინა”. საშუალო სკოლაც კი ვერ დავამთავრე და უმაღლესზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. გარდა ამისა, არცერთი სადაზღვევო კომპანია მე არ მაფინანსებს, ვერანაირი დაზღვევით ვერ ვსარგებლობ, რადგან სახელმწიფოსთვის არ ვარსებობ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაშინ აღმოვჩნდი, როცა ჩემი შვილი დაიბადა. ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა სამშობიაროდან ბავშვის გამოყვანისას. თანხის გადახდაც მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩემი მშობიარობა ათასი ლარი დაგვიჯდა, მაშინ, როცა ყველა სხვა მშობიარე ქალი მხოლოდ სამას ლარს იხდიდა, რადგან, მათ დაფინანსება ჰქონდათ, ჩემზე კი მსგავსი არაფერი მოქმედებს. რატომ უნდა ვისჯებოდე მე ვიღაცის სისულელისა და შეცდომის გამო?! ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერზე ვწვალობ. კარგად ვცეკვავდი და კარგ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, იმის გამო, რომ პირადი ნომერი არ გამაჩნდა, ვერ გავაგრძელე. საზღვრის გადაკვეთაც რომ მინდოდეს, ვერ შევძლებ. როცა გავთხოვდი, მე და ჩემმა მეუღლემ ოფიციალურად ხელის მოწერა ვერ მოვახერხეთ, მხოლოდ ჯვარი გვაქვს დაწერილი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვიღაცის სისულელის გამო მე დავისაჯე.
– პატარა შვილი გყავს და, ალბათ, მასთან დაკავშირებითაც გექმნება პრობლემები?
– დიახ, ბავშვი აღრიცხვაზე ვერ ამყავს. ცუდად ყოფნისგან ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ, პედიატრთან ყოველი ვიზიტისას თანხის გადახდა მიწევს, როცა ჩვილი ბავშვებისთვის ყველაფერი უფასოა. მე ყოველთვის ყველაფერში ფულს ვიხდი და ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი მიჯდება. ბავშვს ვერც აცრებს ვუკეთებ – უკვე ექვსი თვის ხდება და არცერთი აცრა არ აქვს გაკეთებული. მათი პრობლემა ის არის, რომ შეცდომით მითითებულ სქესს ვერ ასწორებენ – მაგის უფლება ჩვენ არ გვაქვსო. მათ თუ არ აქვთ ამის უფლება, მე საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ფაქტობრივად, არ ვარსებობ. სამშობიაროში რომ მიმიყვანეს, პატრული გამოიძახეს. – იქნებ ის დაგვეხმაროსო, რადგან, პირადი ნომერი არ მქონდა. მონაცემთა ბაზაში შევიდნენ, ჩემი სახელი და გვარი მიუთითეს და ნახეს, რომ, ფაქტობრივად, არ ვარსებობ. პატრულის თანამშრომელი „მეღადავა“ – შენ რომ ბანკი გაიტანო და რამე საშინელება გააკეთო, ვერავინ გიპოვისო.
– იმ სამშობიაროსთან დაკავშირება არ გიცდია, სადაც დაიბადე?
– პირდაპირ იუსტიციის სამინისტროში მივედი, რადგან პირადობაც აქ უნდა ამეღო. თან, მითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ აქ უნდა გამეკეთებინა განაცხადი. შემდეგ დედაჩემი ოთხჯერ გაგზავნეს ზუგდიდში სამშობიაროდან ამონაწერის წამოსაღებად, მაგრამ ის სამშობიარო დამწვარი დახვდა, არქივი განადგურებულია და არანაირი საბუთი აღარ არსებობს. რადგან ასეა, გამოდის, რომ მე არაფერი მეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის სასამართლო და მეც ველოდები მის გადაწყვეტილებას.
ანა ჭაია (ხატია ვოლნისტის უფლებების დამცველი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკის სტუდენტი): ხატიას საქმე სასამართლო წარმოებაში უკვე მიღებულია. იმედი გვაქვს, მოსამართლე გაითვალისწინებს პრობლემის სპეციფიკას და რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდება განხილვა. ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის სასამართლოს გარეშე მოგვარება შეუძლია, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა ის ამას არ აკეთებს და ხარვეზს არ ასწორებს. თუ გაასწორებენ, მაშინ სამართალწარმოება საჭირო აღარ იქნება. ხატიამ საერთოდ რომ არ წარადგინოს მტკიცებულება, ბავშვიც რომ არ ჰყავდეს გაჩენილი, თუ დადგენილია, რომ ადამიანი არის ერთი სქესის და საბუთში უწერია მეორე, ამ შეცდომის გამოსწორება დამატებითი კვლევის გარეშეც შესაძლებელია, მთავარია, დოკუმენტში რეალური ფაქტი იყოს ასახული; ხატია კი, გარდა იმისა, რომ დაბადებიდან მდედრობითი სქესისაა, რამდენიმე თვის წინ ბუნებრივი გზით გახდა დედა, და ლოგიკურია, რომ, ადამიანი, რომელმაც იმშობიარა, კაცი ვერ იქნება. პროცედურულად, დაბადების მოწმობაში იმას არეგისტრირებენ, რასაც აწვდიან სამედიცინო პუნქტიდან. მაგრამ, თუ მოხდა შეცდომა – მარეგისტრირებელმა რეალობასთან შეუფერებელი ინფორმაცია მიიღო და აღარ არსებობს ამ ინფორმაციის გამცემი: სავადმყოფო, არქივი ან ადამიანი, ვინც ეს წერილი გაგზავნა, ერთადერთი, ვისაც შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, თავად მარეგისტირებელია. მარეგისტირებელი კი გვეუბნება, რომ, სანამ არ ექნება სამედიცინო ცნობა, მანამდე ამ ხარვეზს არ გაასწორებს. არადა, ამის გარეშეც ყველაფერი ცხადია, თუმცა, ხატია არაა უარზე, რომ სააგენტომ ჩაატაროს დამატებითი წარმოება – ის უპრობლემოდ მიიღებს ამაში მონაწილეობას, მისთვის მთავარია დროული შედეგი, მაგრამ, ესეც არ გააკეთეს.