კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებდნენ საწოლის ქვეშ ლევან მამალაძეს და როგორ შეეწირნენ მის ამბავს მამა და ბიძა

2006 წელს სასამართლომ მას ბრალი დაუსწრებლად, ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით წაუყენა და 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ აქ არ ვაპირებთ  სასამართლოს გამართვას – რაშია ის რეალურად მტყუანი და რაში – არა. ერთი კი ცხადია, რომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა სერიოზული ზეწოლა განიცადეს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ისევე როგორც ბევრმა მაღალჩინოსანმა მაშინ. ამ ამბავს მისი მამა და ბიძა შეეწირნენ, დაზარალდნენ მისი ახლობელი ადამიანები. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულთან ქვემო ქართლში, წითელი ცირკულარით ძებნილ ლევან მამალაძესთან, რომელთანაც ყოფით თემაზე ვისაუბრეთ. თუმცა, წლების წინ მომხდარსა და პოლიტიკას, გვერდი ვერცერთმა ავუარეთ.  

– ალბათ, ყოველთვის ცუდ მოგონებად დაგრჩებათ ის, რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში. გაიხსენეთ ის დღე, როცა ტოვებდით ქვეყანას. 

– 2003 წლის 23 ნოემბერს, როცა სააკაშვილი პარლამენტში შემოიჭრა და შევარდნაძის ჩაი მოწრუპა, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ  თბილისში განუკითხაობა დაიწყებოდა. გემახსოვრებათ, რამდენჯერ  გამექცა  „იმედის”, „ტვ 9”-სა და „მზის” პირდაპირი ეთერიდან.  მაშინ სამართალდამცავები დაშინებულნი იყვნენ და მიშას არ ეკარებოდნენ,  ამიტომ ამიგორა ათასი ჭორი.  მოსყიდული პრესითა და ტელევიზიით  გაავრცელა ზოდები, რაშები, ნიანგი და ბეჰემოთები. ეს იმიტომ, რომ ჩემგან მონსტრი შეექმნა. სააკაშვილი მე კონკურენტად აღმიქვამდა და ჩემი განადგურება უნდოდა. მერე, ხელისუფლება ხელში რომ ჩაიგდო, შეუდგა ჩემს მოსპობას. მე ეს ვიცოდი და გაცლა ვამჯობინე. 

– და სად იმყოფებოდით?    

– მოსკოვში წავედი და იურიდიული აკადემიის ასპირანტურაში ჩავირიცხე დისერტაციის დასაცავად.  ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ რასაც თვითონ აკეთებს, იმ ქმედებას ელოდება სხვისგანაც.  მიშასეულ რეპრესიებს მამაჩემისა და  ბიძაჩემის სიცოცხლე შეეწირა. მე კიდევ,  12 წელია, დევნილობაში ვარ.  

– პირველად, როცა გამოჩნდით, ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, თქვით, რომ მეტროთი გადაადგილდებოდით. მაშინ საზოგადოება თქვენს ამ ნათქვამს ცინიკურად შეხვდა, იმიტომ რომ, თქვენ იყავით შევარდნაძის ხელისუფლების ის მაღალჩინოსანი, რომელმაც როგორც ამბობდნენ, დიდძალი  ქონება დააგროვა და საქართველოდან დიდი ფულითა და ოქროთი გაიქცა.       

– მტკიცებულება როგორც ასეთი, არცერთი ფაქტი, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის ან ვინმეს წინაშე, ეს ყბადარებული ოქრო, რანჩოები, ნიანგები და ასე შემდეგ, არ არსებობს! ეს იყო სააკაშვილის დადგმული შოუ. რაც შეეხება მეტროთი სიარულს, იურიდიული აკადემიის ასპირანტურაში სააკაშვილმა  „რუსთავი 2” დამადევნა. მათ შევხვდი, ინტერვიუ  აიღეს. მერე მკითხეს – რით გადადგილდებითო.  მოსკოვში მეტროთი მოძრაობა ჩვეულებრივი მოვლენაა, არაფერია გასაკვირი ამაში. მერე ყველაფერი უკუღმა  გაუშვეს. აჩვენეს, როგორ ჩავდივარ მეტროში, ცინიკურად, საქართველოში ფონად ვიღაცეების სახლები დაადეს, რომ მამალაძეს რაშები და ოქროთი დატვირთული წყალქვეშა ნავები ჰყავს და მეტროთი როგორ ივლისო. მოკლედ, საზოგადოებაში ჩემზე მხოლოდ ცუდი ვრცელდებოდა. მიშა და სანდრა წინასაარჩევნოდ თბილისის მეტროში რომ დასეირნობდნენ, ხალხს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილს უჭირს და ბაბუის ნაყიდი ოცლარიანი ჰალსტუხი უკეთიაო. ეს, ის ჰალსტუხი ნამდვილად არ არის... ჟურნალისტებმა კარგად იცით, როგორ კეთდება  პიარ-ტექნოლოგია. მამალაძე უნდა ყოფილიყო ცუდი, სააკაშვილი – გადამრჩენელი. 

– ფსიქოლოგიურად რამდენად მძიმე იყო თქვენთვის საქართველოდან შორს ყოფნა, როგორც დევნილისთვის და როგორ ცხოვრობდა აქ დარჩენილი თქვენი ოჯახი?                                 

–  რა თქმა უნდა, სამშობლოსგან განშორება ძალიან მძიმეა. მიშა ისე გამწარებით მეძებდა, რომ კონსპირაციას ყოველ ნაბიჯზე ვითვალისწინებდი. რუსეთი ამ მხრივ სანდო არ იყო და უკრაინაში წავედი, იქ ნაცნობები დამეხმარნენ. ამ დროს ჩემი ოჯახი თბილისში საშინელ რეპრესიებს განიცდიდა. იყო ყოველდღიური დაკითხვები. აიძულებდნენ, ჩემზე რაღაც ეთქვათ.  ამ დაკითხვას ემსხვერპლა სწორედ ბიძაჩემის  სიცოცხლე.  2004 წლის 24 ივნისის თბილისის პროკურატურაში ასეთი დაკითხვის დროს ბიძაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამ ფაქტზე პროკურატურაში საქმე შეგნებულად არ აღიძრა და არც არავინ დაკითხეს. ზუსტად ერთი წლის თავზე, მამაჩემმა ვერ გაუძლო „მასკიანების” მივარდნებს და ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტით გარდაიცვალა.  ყველამ იცოდა, რომ წასული ვიყავი და მაინც, ყოველ  დილის 6 საათზე,  მიდიოდნენ ჩემთან სახლში და  საწოლის  ქვეშ მეძებდნენ. ბავშვები დაწიოკებილები  ჰყავდათ. ჩემი მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ბავშვით,  ტყით გადავიდა სომხეთში და მერე ახლობლების დახმარებით გადმოხიზნეს ჩემთან. 2004 წლის სექტემბერში ანამარია და ნიკა სკოლაში რომ მივიდნენ,  მე-2-მე-3 კლასში იყვნენ.  ზაფხული სად გაატარეს,  იმას ხატავდნენ ბავშვები და მათ დედა, ბებია და ბაბუა დახატეს – ყველას ხელი  ჰქონდა აწეული. თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ ჩემი ახლობლები.  

– თქვენ როგორ ცხოვრობდით ამ დროს?    

– 11 წელი დონბასში ვიცხოვრეთ. მე  იქ კარგი  ნაცნობობა მყავს. ვეხმარებოდი მათ ბიზნესგეგმების შემუშავებაში და სტრატეგიული პროცესის გამართვაში. ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო აკადემიებისა და უნივერსიტეტების აღიარება მოვიპოვე. ანტიკრიზისული მართვის, სოციალური ფსიქოლოგიისა და პოლიტტექნოლოგიის  დარგში.

–  როგორ ახერხებდით ოჯახთან ურთიერთობას?  

– 2012 წლამდე ურთიერთობა ხშირი  არ  გვქონდა. სირთულეები არის დღესაც.  მე ყველას მადლობა მინდა, ვუთხრა, ვინც გაჭირვებისა და განსაცდელის ჟამს გვერდში დაგვიდგა. სიმართლე გითხრათ, ბევრი  სოროში შეძვრა, ეშინოდათ, მაგრამ რა გაემტყუნებათ… 

– როდესაც დაბრუნდებით საქართველოში, ისევ პოლიტიკაში იქნებით? სხვაგან  სად წარმოგიდგენიათ  თავი? 

–  მე ორი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული.  საფინანსო და  საერთაშორისო  იურისპრუდენციაში სამეცნიერო ხარისხი მაქვს. მეცხოველეობის დარგში დისერტაცია დავიცავი მშენებლობა-გენეტიკის განხრით. ვარ დოცენტი და ვკითხულობდი ლექციებს. როგორც გითხარით, 11 წლის განმავლობაში მიღწევები მაქვს სტრატეგიული დაგეგმარების, ანტიკრიზისული მართვის, სოციალური ფსიქოლოგიისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების განხრით.  იმედი მაქვს, საქართველოს გარკვეულ სარგებელს მოვუტან.  რაც შეეხება პოლიტიკას, სტუდენტობის პერიოდიდან, 1987 წლიდან  ვარ ჩათული და პოლიტიკური საქმიანობა არასდროს მიმიტოვებია. 

– ფინანსური თვალსაზრისით როგორ ცხოვრობდით? მეუღლესა და შვილებზეც ვისაუბროთ.  

– როგორც კრიზის მენეჯერსა და პოლიტ-ტექნოლოგს, იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ თავი შევინახო. ანამარია და ნიკა უკვე სტუდენტები არიან. ანამარია სწავლობს საერთაშორისო და პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ნიკა – საერთაშორისო ფინანსებსა და საბირჟო საქმეზე, ლეგა ჯერ სკოლაში სწავლობს მე-8 კლასშია. ჩემი მეუღლე მარიკა ქავთარაძე არის ხელოვნებათმცოდნე, აკეთებს კომპლექსურ დიზაინს, ექსკლუზიურ თოჯინებს და თექით ქმნის ნახატებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს. ძალიან მინდა, დედაჩემს ჩავეხუტო და ჩემი ახლობლების საფლავები მოვინახულო.  

скачать dle 11.3