როგორ შეძლო მსოფლიოს რამდენჯერმე გაოცება ქართველმა ასტრონომმა კილაძემ და რომელი ქართველი მეცნიერის სახელია უკვდავყოფილი მთვარეზე
ვარსკვლავების სახელწოდებები ჩვენთვის სიკაშკაშესთან, გამორჩეულობასა და ბრწყინვალებასთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ ამ თვისებებისკენ ძალიან ბევრი მიისწრაფის, ვარსკვლავებს შორის საკმაოდ ხშირად ვხვდებით ადამიანთა სახელებს. თუმცა, ვფიქრობ, საინტერესოა, ვინ და რის მიხედვით არქმევს სახელს თავად ვარსკვლავებს და არსებობს თუ არა ვარსკვლავები ქართული წარმოშობის სახელებით. ამ თემაზე სასაუბროდ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, ასტრონომ გიორგი რამიშვილს მივმართეთ.
– საიდან მომდინარეობს ვარსკვლავთა სახელები?
– სახელები, თანავარსკვლავედებს და ვარსკვლავებს შესაბამისი მითოლოგიის მიხედვით ერქმეოდა, რა კულტურის შვილებიც იყვნენ თვითონ ასტრონომები. ძირითად თანავარსკვლავედთა სახელწოდებები ბერძნულიდან მომდინარეობს. ამაზე თავად სახელებიც მიგვითითებს. მაგალითად, „ანდრომედა“, აშკარად ბერძნული სახელია. ეს არის ის კულტურა, რომელზეც აშენდა დასავლური ცივილიზაცია, ის ბერძნების დაპყრობის შემდეგ ჯერ ალექსანდრე მაკედონელმა და შემდეგ რომმა გაავრცელა მთელ მსოფლიოში. მაგრამ, შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში ყველა ცივილიზაციის კერა გაჩერდა, არაბულ ქვეყნებში ვითარდებოდა ასტრონომია ძალიან ძლიერად. მეთხუთმეტე საუკუნემდე შუალედი შევსებული აქვთ სწორედ არაბებს. ვარსკვლავთა სახელები, რომლებშიც წინსართი „ალ“ ურევია, არაბული წარმოშობისაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ბერძნული და არაბული ცივილიზაციის ნაზავი. ვარსკვლავთა სახელწოდებებზე, პირდაპირი გაგებით, ქართული გავლენები არ არის. ზოგიერთ ქართულ გადმოცემაში ვარსკვლავებს ჰქონდათ ქართული სახელწოდებები, მაგრამ ეს პარალელური სახელებია. რომელიც პლანეტებს დარჩა. ვთქვათ, „ცისკრის ვარსკვლავი“, იგივე „მწუხრის ვარსკვლავი“, არის პლანეტა ვენერა, რომელიც ჩანს მზის ჩასვლისას მალევე, ან მზის ამოსვლის წინ. ასეთი სახელწოდებები ხალხის მეხსიერებაში შენარჩუნდა. ბერძნული ცივილიზაცია კი, თავის მხრივ, ეგვიპტურს ეყრდნობა. როგორც გითხარით, პირდაპირი გაგებით, ქართული სახელები არ გვაქვს. ვარსკვლავების არსებული ძველქართული სახელწოდებები სპარსული წარმოშობისაა. ამიტომ, მათ ჩამოთვლას აზრი არ აქვს.
– ვარსკვლავებისთვის სახელების დარქმევა რა პრინციპით ხდება?
– თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ალფა ერქმევა. შემდეგს ბეტა. ასე ჩაივლის მთლიანად ბერძნულ ანბანს და მერე გადადის ნომრებზე. მათ შერეული, საერთაშორისოდ აღიარებული სახელწოდებები აქვთ. სახელდარქმეული ვარსკვლავები გამორჩეულად კაშკაშაა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნულ-არაბულია ეს სახელწოდებები. მაგრამ, აქ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ასტრონომიაში გაწეული დამსახურებისთვის, ქართულ სახელს მიანიჭებენ აღმოჩენილ სხეულს. ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი. აი, ვთქვათ, მარსსა და იუპიტერს შორის, სადაც თავმოყრილია ნახევარ მილიონზე მეტი ასტეროიდი. სწორედ იქაა ჩვენთვის ძალიან საინტერესო სახელები. მაგალითად, 1 390-ე ასტეროიდს ჰქვია აბასთუმანი. 1935 წელს უკრაინელი ასტრონომი შაინი, აკვირდებოდა მას. ის თანამშრომლობდა აბასთუმნის ობსერვატორიასთან, რომელიც მაშინ სამი წლის ჩამოყალიბებული იყო. მის პატივსაცემად კი ასტეროიდს დაარქვა „აბასთუმანი“. შემდგომი, ასეთი აღმოჩენილი პლანეტა-ასტეროიდია „მცხეთა“, ასევე, „ხარაძე“ და „აფხაზეთი“. „მცხეთა“ და „ხარაძე“ აღმოაჩინა ერთი და იგივე კაცმა. ასევე – „ყაზბეგიც“. ეს არის გერმანელი ასტრონომი რიჰარდ ვესტი, რომელმაც სამეცნიერო დისერტაცია აბასთუმნის ობსერვატორიაში გააკეთა. ხარაძის ასპირანტი იყო. ერთი პერიოდი კილაძესთანაც მუშაობდა. მან სამხრეთის ობსერვატორიაში, ჩილეში დიდი ტელესკოპებით დაკვირვებებისას, სამი ასტეროიდი იპოვა და ქართული სახელები დაარქვა. ამით თავის მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ: 1976 წელს – „მცხეთით“ და „ხარაძით“, 1979-ში კი – „ყაზბეგით“. მათ ქართული სახელები ჰქვიათ და შესაბამისად, ქართული ტოპონიმიკა მუდმივად მზის გარშემო ტრიალებს. ხარაძე, რომლის სახელობის ასტეროიდიც გვაქვს, იყო უდიდესი ორგანიზატორი. მან შექმნა ობსერვატორია. აკადემიის შექმნის საქმეშიც ერთ-ერთი მთავარი გახლდათ. იყო საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მე მოვესწარი იმ მომენტს, როცა მას პრეზიდენტობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. ასაკი მიშლის ხელსო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობიდანაც საკუთარი ნებით გადადგა. რაც შეეხება „აფხაზეთსა“ და „კილაძეს“, ისინი რუსი მეცნიერის, ჩერნიხის მიერაა აღმოჩენილი. კილაძე ძალიან დიდი მეცნიერი იყო და რუსები კარგად იცნობდნენ, მსოფლიომ ცოტა გვიან გაიგო მის შესახებ. იცოდნენ მისი არსებობა, მაგრამ თუ ასეთი დონის მეცნიერი იყო, ეს მოგვიანებით გაიგეს. მას უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენა აქვს. კილაძე იყო ის, ვინც პლანეტა სატურნის რგოლის სისქე პრინციპულად შეცვალა. სამი საუკუნის განმავლობაში მისი სისქე 3 000 კილომეტრი ეგონათ. 1965 წლის დაკვირვებებით, კილაძემ დაამტკიცა, რომ მისი სისქე არ აღემატება სამ კილომეტრს. ანუ ათასჯერ შეამცირა მონაცემები. ეს სრული გადატრიალება იყო. ისეთი არეულობა მოჰყვა ამ ამბავს, რომ აღარავინ იჯერებდა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, იგივე დაადასტურა ფრანგმა მეცნიერმა დოლფიუსმა, რომელსაც დიდი წონა ჰქონდა. მან თქვა, რომ ეს სწორია. კილაძე ამაზე არ გაჩერდა. 30 წლის შემდეგ, როცა სატურნი ზუსტად იგივე ფორმით დგება დედამიწის მიმართ, მაშინ კილაძემ კვლავ გააკეთა ანალოგიური დაკვირვებები და დაამტკიცა, რომ სატურნის რგოლის სისქე კილომეტრ-ნახევარს არ აღემატება. ანუ, კიდევ ორჯერ შეამცირა სისქე. ამჯერად ხმა ვეღარავინ ამოიღო და ყველა დაეთანხმა. როცა ახლოს მივიდნენ და გაზომეს, სისქე სადღაც ერთ კილომეტრზე დაიყვანეს. ამას გარდა, კილაძეს აქვს უდიდესი აღმოჩენა. ეს არის პლანეტა პლუტონის პირველი თანამგზავრის, ქარონის პოვნა. მან დაამტკიცა, რომ პლუტონს ჰყავს თანამგზავრი და მიუთითა მისი ზომა და წონა, რომ ის მხოლოდ ოთხჯერ ნაკლებია დედა პლანეტაზე. ეს ისეთი გასაოცარი იყო, არავის არ უნდოდა დაჯერება. მოგვიანებით, როცა ამერიკელებმა გამოსცეს წიგნი პლანეტა პლუტონზე, მასში პირდაპირ ეწერა, რომ კილაძემ გააკეთა ეს საქმე. მას კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა ეკუთვნის, რომელიც, სხვათა შორის, ყველაზე მეტად მოსწონდა თვითონ. ეს არის გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის განტოლებების ზუსტი ამოხსნა (გეოსტაციონარული თანამგზავრი გადის ორბიტაზე და დედამიწის მიმართ რაღაც წერტილში ჩერდება. მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით როგორ ინფორმაციასაც გინდა გადასცემთ და გადააცემინებთ სხვაგან), რაც ძალიან რთულია. მან მიახლოებით კი არ გამოთვალა, ზუსტი მათემატიკური ფორმულა დაწერა და 2001 წელს გამოაქვეყნა. ბოლო ასეთი განტოლება მეცხრამეტე საუკენეშია ამოხსნილი. მეოცეში არცერთი არ გაკეთებულა და ოცდამეერთეს დასაწყისში, კილაძემ გააკეთა. ეს უდიდესი ნახტომია, რომელმაც ათჯერ გააუმჯობესა ამ თანამგზავრების გაგზავნის საკითხი. ეს კაცი გენიოსი გახლდათ. „ნასაში“ აღმოაჩინეს, რომ რუსები უკეთესად ითვლიან წინასწარ ამ მონაცემებს, ეს კი ზუსტად კილაძის აღმოჩენის შედეგია. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ჩერნიხმა მისი სახელი უკვდავყო და ასტეროიდს უწოდა. როცა კოსმოსში რაკეტას უშვებ, მას ატან საწვავს. სადაც უშვებ, ზუსტად იმ ტერიტორიაზე არ მიდის, ოდნავ გადახრით მიდის. მერე უბრძანებ რაციით, რომ მოტრიალდეს, დაწვას ეს საწვავი და ნამდვილ ტრაექტორიაზე წავიდეს. რაც უფრო გვიან უბრძანებ, უფრო მეტი საწვავი უნდა დაწვას. ამას ორდღიანი დაკვირვება მაინც სჭირდებოდა. კილაძემ კი მოიფიქრა უფრო მარტივი გზა და ამ გზის საშუალებით, ნახევარ საათამდე დაიყვანა ეს დრო. ამით საწვავიც დაიზოგა, მილიარდობით თანხის ეკონომიაც გაკეთდა და ეკოსისტემაც მნიშვნელოვან დაზიანებას გადაურჩა. მოგება მილიარდობით იყო. თითქოს ელემენტარული რაღაც გააკეთა, მაგრამ მაშინ ამას სხვა ვერავინ მიხვდა.
ქართულ ასტრონომიაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სახელია – ვაშაკიძე. ის იმდენად დიდი მეცნიერი იყო, რომ მეოცე საუკუნის უდიდეს ასტრონომებთან ერთად მოიხსენიება. ვარსკვლავთა სივრცული განაწილების სიმკვრივის შესწავლა ხდება ვაშაკიძე-ოორტის ფორმულებით. ოორტი მეოცე საუკუნის ასტრონომების საუკეთესო ხუთეულში შედის. ძველი თაობის ქართველი ასტრონომებიდან – ათიდან ცხრას დისერტაცია ვაშაკიძის მითითებით აქვთ დაცული. პირდაპირ ქუჩაში არიგებდა თემებს და გამოსდიოდათ კიდეც. მას დაფასებაც შესაბამისი აქვს. ვაშაკიძის სახელობის კრატერი არის მთვარის უკანა მხარეს. მთვარის უკანა მხარეს სახელების დარქმევის უფლება მხოლოდ საბჭოთა კავშირს და ამერიკას ჰქონდათ, რადგან იქ კვლევებს მარტო ისინი აწარმოებდნენ. ვაშაკიძის სახელი მთვარეზე არსებულ კრატერს ჰქვია, ამერიკელი ასტრონომების წარდგინებით. საბჭოთა კავშირში არც მოსვლიათ მსგავსი რამ აზრად. ვაშაკიძე იმდენად მაღალი დონის მეცნიერი იყო, მის სახელს მთვარზე არსებული კრატერი ატარებს. ეს უდიდესი მიღწევაა.
– პირიქითაც ხომ არის, როცა ადამიანები ატარებენ ვარსკვლავთა სახელებს?!
– კი. მაგალითად ვენერა ბევრ ქალს ჰქვია. მარსის სახელი სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება, მაგალითად, მარეხი. ქართულში გვაქვს მზე-მზისა. მთვარე-მთვარისა. ასეთი სახელები არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ენებშიც გვხვდება. მათ თავისებური დატვირთვა აქვთ. ადამიანებისთვის ეს სახელები, იმ ვარსკვლავებთან ასოცირდება და მათსავით ძვირფასი და ნათელია.
– ვთქვათ, გადავწყვიტე, ჩემი სახელობის ვარსკვლავის ყიდვა. ვის უნდა მივმართო ან საერთოდ, თუა ეს შესაძლებელი?
– მე ვარსკვლავთა გაყიდვის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, მსოფლიოში ასეთი რამ ხდება და ეს კომერციული საშუალებაა. ისინი ჰაერს, სიცარიელეს ყიდიან. პასუხს ვერავის მოსთხოვ. უახლოეს ვარსკვლავამდე მანძილი არის საოცრად დიდი – ოთხი სინათლის წელი. სინათლის სხივი ოთხ წელიწადში მივა იქამდე. 300 000 კილომეტრ-წამში სიჩქარით რომ მოძრაობს, ოთხი წელი უნდება იქ მისვლას, როცა სინათლის სხივი მზიდან ჩვენამდე სულ რაღაც რვა-ნახევარ წუთში მოდის. რვა-ნახევარი წუთი ოთხ წელიწადთან წარმოიდგინეთ, რამდენად მცირეა, იმდენჯერ უფრო შორსაა ის ვარსკვლავი ჩვენგან მზესთან შედარებით. ის უახლოესი ვარსკვლავიც რომ მოგვყიდოს ვინმემ, მე და კიდევ ორმოცდაათ კაცს, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ერთმანეთის შესახებ. ეს არის გამიზნული აფერა, რომელიც კანონით არ ისჯება. ინტერნეტში რომ მოძებნოთ, იპოვით რამდენიმე კომპანიას, რომლებიც „კაი ფულსაც“ გამოგართმევენ ამ საქმეში. ეს თქვენი საქმეა, თავს გაიბრიყვებთ თუ არა. მთვარეს რაც შეეხება, უკვე ძალიან კარგად არის ათვისებული. დაკავებულია ყველა ადგილი. ის იმდენად ძვირფასია, შეიძლება ითქვას, ჩვენი „გარეუბანია“. იქ ამგვარი საქმისთვის ცხვირს არავის ჩააყოფინებენ. ასეთ პირობებში, იქ რომ ქართველი მეცნიერის სახელი მოხვდა, ეს უდიდესი წარმატებაა.