რისი დამტკიცება სურდა ინგა ვაჩეიშვილს მსოფლიოსთვის თავისი სამკაულებით და რამდენია მის მიერ შექმნილი უნიკალური ბეჭდების ღირებულება
ახლახან გალერეაში „ვაჩე” ორიგინალური, ულამაზესი და უძვირფასესი, პრემიუმ კლასის ბეჭდების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. მათი შემქმნელი ინგა ვაჩეიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, კომუნისტური კლიშეები დაერღვია და შეექმნა სამკაულები, რომელიც იქნებოდა პასუხი მსოფლიოსთვის, წარმოაჩენდა ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების მაღალ კულტურას და უზადო სინატიფეს. სამკაულების სტილი ავანგარდულია, მასალა – ბუნებრივი და ხედვა – შემოქმედებითი. საიდუმლო კი, მისი ცხოვრების სულის ამოძახილია. სამკაულების ბრენდ „ვაჩეს” თითოეულ ბეჭედს საკუთარი სახელი აქვს. დამზადებულია ძვირფასი ლითონითა და ბუნებრივი ქვით. ინდივიდუალურია და ექსკლუზიური. სწორედ ამ თვისებათა გამო, კოლექციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ინგა ვაჩეიშვილი (გალერეა „ვაჩეს” დირექტორი, სამკაულების ავტორი): გალერეა „ვაჩე” 2005 წელს დაარსდა, მაგრამ ჩემი დამზადებული ბეჭდები, როგორც საიუველირო, ექსკლუზიური ნაწარმი, ახლა პირვლად გამოვფინეთ. ამის გაკეთება შვიდი წლის წინ ჩავიფიქრე. პროფესიით ქვებისა და ლითონების ექსპერტ-შემფასებელი ვარ, თუმცა არსებული სამკაულები არ მაკმაყოფილებდა და მინდოდა, ახალი და სრულიად განსხვავებული შემექმნა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა ნამუშევრებმა გაარღვია ნაკეთობებში შაბლონური მიმდინარეობები. მოხდა კომუნისტური ხედვის აბსოლუტური წაშლა. ყველა სამკაული შემოქმედებითია. არანაირ სტანდარტში არ ჯდება და მსგავსს ვერსად ნახავთ. ბენებრივი ქვები არც მოგცემს სტანდარტულობის საშუალებას. ყველა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს – მაგალითად, „კარდინალე”, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია. ერთადერთი, რაც სხვისი გამოვიყენე, სოლომონ ბრძენის სიტყვებია „და ესეც გაივლის”, ეს აწერია „კარდინალეს”. ჩემი შექმნილი თითოეული ბეჭედი, ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპის გამოხატულებაა. საქართველო არ არის მზად ასეთი სამკაულებისთვის. მაგრამ, ჩემთვის მაინც თქვენი შეფასება იყო მთავარი, ვიდრე სხვა ქვეყნებში ზრდილობიანი თავის დაკვრა. ზუსტად ვიცოდი, ქართველების მოწონება უფრო მეტ სტიმულს მომცემდა. ასეც მოხდა. დიდი ემოციებით და სიხარულით ვარ სავსე, რადგან გამოფენის გახსნაზე ძალიან ბევრი და კარგი შეფასება მივიღე. რამდენიმე ბეჭედი უკვე წლის სამკაულად აღიარეს. საზოგადოებამ ზუსტად გაიგო ჩემი სათქმელი.
– სულ რამდენი ბეჭედი შექმენით პირველი კოლექციისთვის?
– კოლექცია თერთმეტი ბეჭდისგან შედგება. მინდოდა, ერთი ნამუშევარიც მომესწრო – „გრძელი ღამე” და ამით დამესრულებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მას მომდევნო გამოფენისთვის გამოვიყენებ. დიდხანს ვამზადებდი, შვიდი წლის განმავლობაში. მეკითხებიან, რატომ დაგჭირდა ამდენი დროო, მაგრამ ბუნებრივი ქვების მოპოვებას, დამუშავებას, ფინანსებს, იდეის შემუშავებას და მის განხორციელებას – სჭირდება ამდენი დრო. ყველა ბეჭედი განსხვავებული და ექსკლუზიურია.
– როგორც ვიცი, მთლიანად ბუნებრივ მასალას იყენებთ?!
– მასალად ძირითადად: ოქრო, ალმასი, ამეთვისტო, ლალი, ზურმუხტი და სხვა ძვირფასი ქვებია გამოყენებული. ადრე ერთი პატარა ზურმუხტი თუ ჰქონდა სამკაულს, ძალიან ძვირფასი იყო. მე ეს ტენდენცია დავარღვიე. ზურმუხტი და ლალი ფოთლად, ამეთვისტო ყვავილად, ბრილიანტები კი გადავარდნილ ფორმებად გამოვიყენე. ეს უკვე მარტო ბეჭედი აღარაა, ტილოსავითაა. თითოეულს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ავიღოთ „იმედის იალქანი”, რომელიც ლონდონში ნაყიდი ქვით – „შაჰფირუზით” არის დამზადებული. ლეგენდის თანახმად, ეს ქვა ძალიან ჰყვარებია შაჰს და თურმე საყვარელ ქალბატონებს უსახსოვრებდა ხოლმე. ქალი თუ დაავადებულია, მაშინ ფირუზი, რომელსაც ის ატარებს, შავდება. თუ შაჰი დაინახავდა, რომ ქვა გაშავდა, ალბათ ძალიან ცუდად მთავრდებოდა ისტორია. ერთ-ერთი ბეჭედი – „როიალი”, სპეციალურად მაესტროსათვის არის შექმნილი და როიალის ფორმა აქვს. მასალა ინგლისშია შეძენილი. ერთადერთი ნედლეულია, რომელიც საქართველოში დამუშავდა. მუშაობის პროცესში ხშირად ვიკეთებდი თითზე და როიალზე ვუკრავდი, რომ გამეგო, დაკვრისას დისკომფორტს ხომ არ ქმნიდა. 80-კარატიანი ტოპაზია, მაგრამ ძალიან პრაქტიკული. ესეც და სხვა ბეჭდებიც ტექნოლოგიურად ისეა დამზადებული, აბსოლუტურად არ გაწუხებს. არცერთი ბეჭედი არ გადამიკეთებია. თავიდანვე ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და რა ტექნოლოგიით. მსოფლიო საიუველირო კულტურას ძალაინ კარგად ვიცნობ და ასეთი შემოქმედებითი სამკაულები არსადაა. სტილი ავანგარდულია, მასალა ბუნებრივი და ხედვა შემოქმედებითი. საიდუმლო კი ჩემი ცხოვრების სულის ამოძახებაა.
– თქვენს ცხოვრებაზეც მიამბეთ. რა მოხდა ისეთი, ამხელა ემოციები რომ გამოიწვია, და ასე გრანდიოზულად გადაწყვიტეთ მისი დაფიქსირება?
– ხანდახან, შეიძლება, შენი ვერ გაიგონ. ერთადერთი, დედა იყო, რომლსაც ჩემი ახირების ესმოდა. ეს მართლა ახირებაა. მისი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე, უკან აღარ დამეხია და საქმე ბოლომდე მიმეყვანა. დედა ლონდონში ცხოვრობდა და მეხმარებოდა ამ ყველაფერში, თუნდაც ფინანსებით. მერე, მოულოდნელად, გარდაიცვალა. თუმცა იცოდა, რომ ვერდიქტი გამოტანილი ჰქონდა და ჩანაწერი გააკეთა ჩემთვის. ის მე მოგვიანებით ვნახე, როცა ინგლისიდან გამოგზავნილი მისი ნივთები დამახვედრეს სახლში. ამ დროს ხელოსნები უკვე გაშვებული მყავდა და აღარაფრის გაკეთებას აღარ ვაპირებდი. დედის წერილში წაკითხულმა ოთხმა სიტყვამ: „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი”, ყველაფერი შეცვალა. ვიფიქრე, რომ მან ყველაფერი მასწავლა, ყველაფერი გამიკეთა და მე ეს უნდა დამესრულებინა. ბევრი წინააღმდეგობა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოცდა ჩავაბარე. მინდოდა, გალერეა მქონოდა, ჩემი ბრენდი და სამკაულების საკუთარი ხაზი. თუმცა, ეს არ იყო ამბიცია, ეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა იყო და დედამ ეს გამიგო.
– სამომავლოდ, საზღვრებს გარეთ გასვლას არ აპირებთ?
– ჩაკეტილი სივრცე არ არსებობს და შენი ძალები სხვაგანაც უნდა მოსინჯო. კრიტიკისთვისაც მზად ვარ. თუმცა, ტექნიკასთან დაკავშირებულ კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან მე ზუსტად ვიცი, როგორ გავაკეთო. თუმცა, შეიძლება მათი გემოვნება გავითვალისწინო. როცა ნამუშევრები პირველად განათავსეს სოციალურ ქსელში, მე წინააღმდეგი ვიყავი. ამ ყველაფერზე შვიდი წელი ვმუშაობდი და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, საზოგადოების შეფასების შემეშინდა. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ. რამდენიმე დღე არ შევსულვარ და არ მინახავს გამოხმაურება. მერე წავიკითხე და იმდენად კარგი შეფასებები იყო, თავი უბედნიერესად ვიგრძენი. წერდნენ: არავინ არის, რომ მაჩუქოს? უამრავი გაზიარება და მოწონება ჰქონდა. ვფიქრობ, მიხვდნენ, რომ ეს შემოქმედებითი სამკაულია და არა – შაბლონური. ჩემი მთავარი მიზანი იყო მსოფლიოსთვის პასუხი. უცხოეთში სერიოზული კულტურაა, მაგრამ საქართველოშიც არანაკლებია. მსოფლიო საიუველირო კულტურას რომ გადახედოთ, ვერ იტყვით, რომ ეს რამით ჩამოუვარდება.
– ეს არ არის მხოლოდ გამოფენა, გაყიდვაცაა. როგორია ფასები?
– ეს არის გამოფენა-გაყიდვა, რომლიდან შემოსული თანხითაც, გვინდა მახინჯაურის მარტოხელა დედებს დავეხმაროთ. ფასები 2 400 ლარიდან 5 500 ლარამდე მერყეობს. მეუბნებიან, როგორ უნდა შეელიოო და მართლა ძალიან გამიჭირდება მათი დათმობა. თითოეულში სული და გული მაქვს ჩადებული.
– ახლო მომავალში, ახალ კოლექციას კიდევ თუ გეგმავთ?
– ახალი კოლექციის გაკეთება ძალიან სწრაფად მინდა. მასალა უკვე შეძენილი მაქვს. მას უფრო გრანდიოზული შოუს სახით გავაკეთებ. ეს იქნება პირველი სამკაულების ჩვენება, სადაც იქნება არა მხოლოდ ბეჭდების, არამედ გულსაკიდებსა და სამაჯურებსაც გამოვიტანთ. მასალად ისევ და ისევ ბუნებრივ ქვებს გამოვიყენებ.