კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ეწყინა ბაქოს თბილისისგან, რატომ დარჩება ოხრად თავისი ნავთობი და გაზი საქართველოს გარეშე და როგორ ცდილობს რუსეთი საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემის დაშლას

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ „სოკარმა“ 700-მილიონიანი პროექტი შეაჩერა, რომელიც საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებდა. აზერბაიჯანული წყარო გვამცნობს, რომ, „სოკარის“ პრეზიდენტის თქმით, პროექტის მშენებლობა დროებით გაიყინა, ვინაიდან ქართული და აზერბაიჯანული მხარეები რაღაც დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციამ ელვასავით გადაუარა ქართველ საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ყოფილი ხელისუფლების მომხრეების რისხვა გამოიწვია, შესაძლოა, იმიტომაც, რომ იმ ადგილას, სადაც ეს ქარხანა უნდა აშენდეს, 2012 წლის სექტემბერში კაფსულა  მოათავსა მიწაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. როგორც უნდა იყოს, რაკი ჩვენთვის უცნობია ხელშეკრულების პირობები, მაგრამ ცნობილია, რომ, მაგალითად, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური ინტერესი არათუ ნული, მინუსებშია, რთული სათქმელია, რა გახდა პროექტის გაყინვის მიზეზი. მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანის ხელისუფლება ფრიად არაკორექტულად მოექცა საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი მიიღო სახელმწიფო დონეზე. რა მოტივი თუ მიზანი უდევს საფუძვლად ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებებს და ვისი ინტერესი შეიძლება, იყოს აზერბაიჯან-საქართველოს ტანდემის დაშლა, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას აკაკი ასათიანისგან შევეცდებით.

– რას გვეუბნება აზერბაიჯანი ამ ჟესტებით?

– ძალიან ჩახლარული ამბავია. დავიწყოთ იმით, რომ ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე შეინიშნა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ერთგვარი, გაცივება თუ არა, გაგრილება მაინც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან, მჭიდროზე მეტიც და ეს უკავშირდებოდა ეკონომიკურ ინტერესებსაც, ზოგი ამბობს, პირად ინტერესებსაცო, მაგრამ, უდავოდ, პოლიტიკურ ინტერესებსაც. რასაც, მოდი, ვაღიაროთ, ჯერ კიდევ მამა ალიევმა და შევარდნაძემ ჩაუყარეს საფუძველი. ეს სწორი ნაბიჯი იყო და ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი პოლიტიკური, ტერიტორიული პრობლემები, სხვადასხვა ტიპისა და მიზეზით, მაგრამ მაინც ერთნაირი, განსაზღვრავდა ამ ურთიერთობის სიმჭიდროვეს. ასეთი პოლიტიკური ტანდემი ხელს აძლევდა დასავლეთს, უპირველეს ყოვლისა, რადგან რუსეთისგან, ჩვენს შემთხვევაში ნაკლებად, აზერბაიჯანის შემთხვევაში –  მეტად, დამოუკიდებელ პოზიციას გულისხმობდა და ქმნიდა ყველასთვის მისაღებ დერეფანს სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჯერ კიდევ თამარისდროინდელი ვითარება, ოღონდ მაშინ ჩვენი ეგიდით ხდებოდა და უფრო მეტიც, ანტიკური წყაროებიც კი აღნიშნავს, რომ იბერიის მეფეებს უპყრიათ ჩრდილოეთის კედელიო. ასე რომ, ჩვენი ეს ფუნქცია შეუმჩნეველი არავის დარჩენია და ყოველგვარი რუკებისა და ხელოვნური თანამგზავრების გარეშეც ადეკვატურად აფასებდნენ. შემდეგ ეს დერეფანი რუსეთისა და საბჭოეთის ხელში აღმოჩნდა. ამჟამად ძალიან სერიოზული, შეფარული და ხანდახან აშკარა დავაა, რადგან, ვინც ამ დერეფანს აკონტროლებს, ის აკონტროლებს აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთს, განსაკუთრებით, ენერგომატარებლების ნაკადებს, და ჩრდილოეთიდან –  სამხრეთს.

– ვისაც სურს, აკონტროლოს სამხრეთ კავკასია, ან აზერბაიჯანი უნდა აიღოს კონტროლქვეშ, ან საქართველო. თავდაპირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ დასავლეთის ინტერესი იკითხებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციაში, როდესაც იგნორირება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ რუსეთი უფრო მეტად არ არის დაინტერესებული ამ ტანდემის გაწყვეტით? თქვენ რომელი მხარის ინტერესს ხედავთ თუ ორივესას ერთად?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და თქვენ კარგად შენიშნეთ. შევარდნაძეს ძალიან საინტერესო საგარეო პოლიტიკა ჰქონდა: ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა დასავლეთისკენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მოაბა თავი და თვით შევარდნაძემაც კი „მოახერხა“, ორივეს ინტერესები დაემთხვია ერთმანეთისთვის და ორივემ, დასავლეთმაც და რუსეთმაც, ჩათვალა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება მათ ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ბოლოს, გახსოვთ, შევარდნაძე გადაიხარა რუსეთისკენ, აქაოდა, დასავლეთი თუ არ მტოვებს ამ თანამდებობაზეო. ეს პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ პირდაპირ ასე ითქვა ბეიკერთან. სააკაშვილს მარტივი და უკიდურესი არჩევანი ჰქონდა და უმჭიდროესი კავშირი დაამყარა აზერბაიჯანთან, რაც აბსოლუტურად ჯდებოდა დასავლეთის ინტერესში და არანაირად –  რუსეთის. დღეს კი, მართალია, ჩვენს ხელისუფლებას კი ადანაშაულებენ, მაგრამ ისინი არც პრორუსები არიან და არც პროდასავლელები. ვიტყოდი, პროქართველები არიან-მეთქი, თუმცა ვერც ამას ვიტყვი.

– მაგრამ ვიღაცისტები ხომ არიან?

– ეს არის პრობლემა სწორედ. შესაძლოა, დასავლეთის კარნახიც იყოს ან შეიძლება, აზერბაიჯანმაც იგრძნო, რომ ის კეთილი ურთიერთობა აღარ არის მოსალოდნელი, რაც იყო და რუსეთმაც ჩათვალა, შეწუხდეს საქართველოო. ემთხვევა ხოლმე დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები ტაქტიკური მოსაზრებებით.

– „სოკარს“ რამე დაუშავდა, ვეღარ არის მონოპოლისტი საწვავის ბაზარზე? მეორე მხრივ, იმედი მაქვს, დემოკრატია და ადამიანის უფლებები არ დაგვიწუნეს. თუ საქართველო არ მოაწერს ხელს თავისთვის ეკონომიკურად წამგებიან პროექტს და არ იქნება თანახმა, იხეიროს ყველამ მის ხარჯზე, ეს არის შემოწყრომის საფუძველი?

– ისინი თავიანთ ინტერესს უყურებენ. მაგალითად, ყულევამდე 70-კილომეტრიანი რკინიგზის ხაზი საქართველოს თავისი ხარჯით უნდა მიეყვანა. ეს იდო კონტრაქტში, მაგრამ შეჩერდა. ამასაც აქცევენ ყურადღებას და იმასაც, რომ ამ ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღება აღარ ენიჭება. ყველა ყველაფერს უსმენს. მაგალითად, სომხეთში ითქვა, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ სპეცსამსახურები ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციას. გასაგებია, ესეც როგორ იქნებოდა აღქმული. ეს ყველაფერი გროვდება, რაც არ ნიშნავს, რომ გაწყდება ეკონომიკური ურთიერთობები, იმიტომ რომ, აზერბაიჯანს ოხრად დარჩება თავისი ნავთობი, თუ ჩვენ არ გავატარებთ. კასპიის ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებმა არ იციან, სად წაიღონ თავიანთი ნავთობი და საქართველოს გარეშე აზერბაიჯანი მთლიანად უნდა გახდეს დამოკიდებული რუსეთზე ნავთობის ექსპორტისას. რუსეთთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და რომც ჰქონდეს, რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი აზერბაიჯანული ნავთობის გატანა. თან, რუსეთსაც პრობლემები აქვს სანქციების გამო. მოკლედ, ჩვენ და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ბევრი ინტერესი გვაკავშირებს, ამიტომ საქმე გაცივებამდე არ მივა. მაგრამ, მეორე მხრივ, ურთიერთობების გაცივება ხელსაყრელია რუსეთისთვის, რადგან, თუ ეს ტანდემი დაირღვა, ცალ-ცალკე ჩვენი დამორჩილება ძალიან ადვილი იქნება. უფრო ადვილი, ვიდრე ერთად.

– კონკრეტულად რას ნიშნავდა აზერბაიჯანის ეს ჟესტი?

– მე მგონი, ჩვენმა მთავრობამ ძალით გამოიწვია ეს ჟესტი თავისი მიმართვით ძებნილის გადმოცემის შესახებ. თუ იმდენი არ იცის, რომ არავინ გადასცემს სააკაშვილს…

– გადაცემას არ ვგულისხმობდი, პომპეზურ მიღებას. 

– მიღება იმის გამოხატულებაა, რაც მოგახსენეთ, გამგებმა გაიგო, იმდენად აშკარა იყო და დემონსტრაციული და, იმედია, დღეს მაინც ხვდებიან ხელისუფლებაში, რა პრობლემებიცაა.

– მაინც განვმარტოთ, რას ნიშნავდა ეს ჟესტი კონკრეტულად?

–  ძალიან მარტივია: თქვენ ვერ იქცევით ისე, როგორც მე მომეწონებოდა. ამ კაცის პრეზიდენტობის დროს ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა თქვენთან და, სამწუხაროდ, ახლა არ გვაქვს.

– რა იგულისხმება „კარგში“?

– დემონსტრირებას მაინც თანამშრომლობის, ყველა პოზიციაში თანადგომას და ეკონომიკის სფეროში კარტ-ბლანშს აზერბაიჯანისთვის.

– ეს სრულად ემთხვევა საქართველოს ინტერესებს?

– ეს ბოლომდე არ შედის საქართველოს ინტერესებში. ურთიერთობა უნდა იყოს მჭიდრო, პატრნიორობა –  მჭიდროდ კოორდინირებული, მაგრამ ის, რაც აქ ხდებოდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უნდა მოვკითხოთ წინა ხელისუფლებასაც და მგონი, ამასაც, იმიტომ რომ, ამ მხრივ,  ბევრი არაფერი შეცვლილა. უხეშად ვთქვათ, ფულს ისევ იყოფენ, მაგრამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე უარის თქმა, მაგალითად, დასავლეთის მხრიდან ჩაითვალა, რომ ჩვენ რუსეთისკენ გადავიხარეთ.

– მაგრამ ხომ შენდება?

– ნელი ტემპით და ისე, რომ არავინ იცის, მივა თუ არა ბოლომდე. სხვათა შორის, ჩვენ თუ სწორად დავალაგებთ, არც ყარსი გამოიწვევს ეკონომიკურ ზარალს, პირიქით, მომგებიანად შეიძლება, ვაქციოთ. თუ არსებობს გაცნობიერებული სტრატეგია, რაღაც პროგრამა მინიმალური მაინც, ეს შეიძლება, რაღაც კონტექსტში ჩასვა და რაც ვთქვით, იმ ორი მიმართულების სადარაჯოზე ვიდგებოდით, მთლად ჩვენს ხელში არ იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნებოდა ის პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები, რასაც აქედან მივიღებდით. ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ და მგონია, რომ ეს ურთიერთობა, ალბათ, გაცივდება.

– თქვით, რომ რაღაცეები ჩაგვეთვალა რუსეთისკენ გადახრად, მაგრამ იმავე აგვისტოს ომის შემდეგ აზერბაიჯანში ვიზიტად იყო მედვედევი, მაგრამ უკმაყოფილება არ გვიგრძნობინებია აზერბაიჯანისთვის. რომელიც მუდმივად აბალანსებდა თავის ურთიერთობას რუსეთთან, ძალიან ხისტად და ცინიკურად აკრიტიკებდა დასავლეთის დემოკრატიას. ეს ჩვენი ბამბა რატომ ჩხრიალებს მუდმივად?

– იმიტომ რომ, ჩვენგან მეტს ელიან. საქართველო არ არის აზერბაიჯანი და შენ არ ხარ ნაზარბაევი და ალიევი, ეს ხშირად უთქვამთ შევარდნაძისთვის. ჩვენგან ელიან მეტს. გავიხსენოთ ევროპელი მოგზაურების ჩანაწერები, რომლებიც აღტაცებით წერენ ჩვენს გარეგნობაზე, ნიჭიერებასა და თვისებებზე, მაგრამ საშინელ სურათებს ხატავენ. ისინი მეტს ელიან, მათთვის უფრო ახლობელი ხალხი ხარ და ამიტომ, რასაც პატიობენ სხვებს, არ გვპატიობენ ქართველებს. ეს ჩვენც დავამკვიდრეთ, იმიტომ რომ, ტანზე ვიხევთ, მოვდივართ, თქვენთან ვართ. არადა, ამას არ უნდოდა ტანზე შემოხევა, მშვიდად და წყნარად უნდა გვევლო და თითოეული ჩვენი ნაბიჯისთვის დასავლეთის მიმართულებით ფასი დაგვედო, რადგან ეს ფასი მართლაც არსებობს და ეს ჩვენ ძვირად გვიჯდება. გავიხსენოთ ევროასოცირება: ვინც არ ვთქვით უარი, იმათ მოგვაწერინეს ხელი, თორემ მთელი ჩვენი პროდასავლური მცდელობა იმით დამთავრდა, რომ ბელორუსსაც კი ვერ გავუსწარით, მაგრამ, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რუსეთის ჯინაზე, მაშინ მოგვაწერინეს ხელი. ბევრი მსაყვედურობს, ისტორიას ძალიან დიდი დოზით ნუ ეხებიო, მაგრამ მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, მონღოლები რომ გამოჩნდნენ, ჯვაროსნების ერთი შესანიშნავი ისტორიკოსი გვაქებს, ხოტბას გვასხამს, ლომებსა და ვეფხვებს გვიწოდებს, მაგრამ რომელიღაც აბზაცში უცბად ამბობს, მუსლიმანებს შეეკვრნენ და კიდევაც დაისაჯნენო. არადა, ჯვარსონებისგან ჩვენ გვახსოვს ასი თუ ორასი რაინდი დიდგორის ბრძოლაში, რომლებსაც ბრძოლის ბედი არ გადაუწყვეტიათ. ეს იყო სოლიდარობისა და კავშირის გამოხატულება. ვიცით, რომ დავითი მონაწილეობას იღებდა ჯვაროსან ტყვეთა გამოსყიდვაში და უცბად ასეთი საყვედური. ჯვაროსნების  ისტორიის ყველა ევროპელი მკვლევარი აღნიშნავს, დიდგორი რომ არ ყოფილიყო, სალადინზე 70 წლით ადრე აიღებდნენ მუსლიმანები იერუსალიმსო. დღესაც ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენდამი. ჩვენ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს ინტერესებზეც კი და ამიტომ, თუ ოდნავ რამეში შევიტანეთ ეჭვი, ეს ღალატის ტოლფასად აღიქმება.

– ეს ჩვენ შევაჩვიეთ, ბოლომდე მათი ბრალი არ არის.

– რა თქმა უნდა, რუსიც რომ ველურივით იქცევა, ესეც ჩვენი ბრალია. შეგვეძლო, შეგვერბილებინა მისი გავლენა, მეთოდურად გვეთამაშა, როგორც ეს მოახერხა იმავე აზერბაიჯანმა. მათი ჯარი არ დგას აზერბაიჯანში, ერთი გაბალის რადიოსადგური დაუტოვეს მოსასმენად და პერსონალი 100 კაცი თუ იქნება. ანუ ამით რუსეთს კოჭი გაუგორეს. არც საბაჟო კავშირში შედიან, არც ევრაზიის კავშირში, მაგრამ ამავე დროს შეერთებულ შტატებში ჩადის ალიევი და ამბობს, ირანის წინააღმდეგ ჩვენს ტერიტორიას არ დაგითმობთო. თან, ეს თქვა თეთრ სახლში. ამიტომ მგონია, რომ აზერბაიჯანს მართლაც აქვს თავისი პოლიტიკა, მაგრამ მისი ამ პოლიტიკის განხორციელება შეუძლებელი გახდება ჩვენთან კავშირის გარეშე, ამიტომ რეაგირებს ასე მწვავედ ბაქო. მარტო თუ დარჩა, მოახრჩობენ.

– მეც ამას ვამბობ, ჩვენ გასავლელი მაინც გვრჩება ზღვაზე, მას ხომ უფრო უარესად ექნება საქმე…

– ის მიიჩნევს, რომ ეს ჩვენი მიზეზით ხდება. 

– გასაგებია, მაგრამ, თუ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთან კავშირი და, მისი აზრით, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მან არ უნდა გამოიჩინოს გონიერება? თუ საქართველო გადაიჩეხა, აზერბაიჯანი უბრალოდ ვერ გადარჩება, ისევე, როგორც პირიქით.

– ჩვენი პრობლემაა, რომ ყველაფერს ვუყურებთ ჩვენი გადასახედიდან. აზერბაიჯანი მოქმედებს თავისი ინტერესებით. ის მიიჩნევს, რომ, თუ ჩვენთან ურთიერთობა გაცივდა და ღმერთმა ნუ ქნას, გაფუჭდა, თავად რჩება რუსეთის ხელში. მათ კი არ აქვთ ჩაბარების მგზნებარე სურვილი. მათი გადასახედიდან კი, ასე ჩანს. არადა, ჩვენ ვინ გვიშლიდა, გველაპარაკა მათთან ყარსის რკინიგზისა თუ სხვა საკითხების ეკონომიკურ მხარეზე?! ეს აზერბაიჯანის ბრალია?!

скачать dle 11.3