რატომ აგროვებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძის მეუღლე, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი „მერსედესებს“
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე 1977 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიიღო; კვალიფიკაციით იურისტია, სპეციალობით – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, 2004-2007 წლებში კი თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა და სამართლის დოქტორის კვალიფიკაციაც მიიღო. მისი სამუშაო გამოცდილება 1998 წელს დაიწყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს სპეციალისტობით; 2001-2003 წლებში კი საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტის იურისტ-ექსპერტი იყო. 2003-2004 წლებში ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტის იურისტ-ექსპერტი. 2004-2005 წლებში ლექტორობას მიჰყო ხელი მშობლიურ უნივერსიტეტში და იმავე პერიოდში „საქართველოს თევზის მეურნეობის სექტორის განვითარების პროექტის” იურისტ-ექსპერტადაც მუშაობდა და პროექტ ,,მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადების“ იურისტ-ექსპერტადაც. იმას გარდა, რომ 2001-2007 წლებში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტიც იყო, 2006-დან 2011 წლამდე ეუთოს პროექტის – ,,ორჰუსის ცენტრის“ იურიდიული კონსულტანტი გახლდათ. 2007 წელს კვლავ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს დაუბრუნდა წამყვან სპეციალისტად. 2011 წლიდან 2014 წლამდე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად იმუშავა, რის შემდეგაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამავდროულად არის: 2012 წლიდან დღემდე – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან დღემდე – კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და, ასევე, 2012 წლიდან დღემდე – საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი.
რაკი სახელმწიფო ჩინიან თანამდებობაზე 2011 წლიდანაა, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2011 წლით თარიღდება, რომელიც მაია ბითაძემ შეავსო, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1977 წელს დაბადებული გიორგი ზაბახიძე და ორი შვილი: 1997 წელს დაბადებული ჯემალი და 2001 წელს დაბადებული გიორგი. უძრავი ქონების გრაფა ცარიელია, თუმცა, სამაგიეროდ, იმხანად გიორგი ზაბახიძეს ჰყავდა სამი ავტომანქანა და სამივე „მერსედესი“, 2002, 2003 და 2005 წლებში გამოშვებული. რაც შეეხება შემოსავლებს: 2010 წლის განმავლობაში, მაია ბითაძემ, როგორც პარლამენტის მთავარმა სპეციალისტმა, 22 979 ლარი აიღო; როგორც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა – 8 100 ლარი, ხოლო გიორგი ზაბახიძემ, როგორც „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მენეჯერმა – 18 000 აშშ დოლარი. მაია ბითაძეს 2010 წელს გასავალიც ჰქონდა შვილების სწავლის საფასურის სახით – 2 505 ლარი.
მან 2012 წელსაც იმავე ამპლუაში შეავსო დეკლარაცია: ოჯახის წევრების რაოდენობა უცვლელი იყო, უძრავ ქონებად კვლავ არაფერი ერციხებოდათ, მოძრავ ქონებას კი ზემოხსენებული სამი „მერსედესი“ შეადგენდა. რაც შეეხება 2011 წლის სახელფასო შემოსავლებს: მაია ბითაძემ, როგორც პარლამენტის მთავარმა სპეციალისტმა, 17 115 ლარი აიღო; როგორც ლექტორმა (ორ უმაღლეს სასწავლებელში) – 12 100 ლარი, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარატმენტის უფროსმა – 8 939 ლარი; ხოლო მისმა მეუღლემ – კვლავ 18 000 აშშ დოლარი. შვილების სწავლის საფასურიც კვლავ 2 505 ლარი დაუჯდათ.
2012 წელს გიორგი ზაბახიძეს უკვე ოთხი „მერსედესი“ ჰყავდა. რაც შეეხება შემოსავლებს: გიორგი ზაბახიძის შემოსავალი უცვლელი იყო, მაია ბითაძემ კი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, 40 490 ლარი აიღო, როგორც ლექტორმა (სამ უმაღლეს სასაწვლებელში) – 18 000 ლარი. შვილების სწავლის საფასური კი 2 505 ლარი და 2 750 ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.
ბოლო დეკლარაცია მაია ბითაძემ 2015 წელს შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ გიორგი ზაბახიძეს სამი „მერსედესი“ ჰყავს, 2005, 2008 და 2009 წლების. 2014 წლის განმავლობაში მაია ბითაძემ, როგორც იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, 48 984 ლარი აიღო; როგორც ლექტორმა (ორ უმაღლეს სასწავლებელში) – 17 000 ლარი; ხოლო გიორგი ზაბახიძემ, რაკი „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა – 45 000 აშშ დოლარი. შვილების სწავლის საფასური კი 5 010 ლარი დაუჯდათ.