ხვაშიადგამჟღავნებულები
„იმუშავეთ, ვირებო“
მართალია, NDI-ს დირექტორმა ქალბატონმა დაგვამშვიდა, ევრაზიული კავშირის ჩვენ მიერ გამოვლენილ 31-პროცენტიან მხარდაჭერას მთლადაც ნუ ენდობითო, ვინაიდან, შესაძლოა, გამოკითხულთა ნაწილს ევრაზიული კავშირი ევროკავშირი ჰგონებოდაო, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ პრორუსი ძალები გააქტიურდნენ.
ვერ ვიტყვით დაბეჯითებით, რომ მათი რაოდენობა გაიზარდა, რადგან არც ისაა გამორიცხული, რაკი ციხეებში სიცოცხლის გამოსალმების საფრთხე აღარ არის, რუსეთის ჩვენებურ მოტრფიალეებს ხვაშიადი თამამად გაემჟღავნებინათ.
მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი არჩილ ჭყოიძეა (და, ვაი მას, ვინც მისი პოლტიკური ალღო-ავტორიტეტის იმედადაა), რომლის საიმიჯო კამპანიაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი კოლეგებიც იღებენ მონაწილეობას (არადა, მოდი და, ნუ მიიღებ, ისეთებს უბნობს?!).
მოკლედ, როგორც უნდა იყოს, ბ-ნმა ჭყოიძემ (სსრკ-ის უპირატესობებზე მსჯელობისას) ბრძანა, რომ საქართველო საბჭოთა დროს უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე ახლა, დამოუკიდებლობის ჟამს (ანუ ახლა ქართველი ადამიანი დაკნინებულიაო!), რის დასტურადაც ის დაასახელა, რომ საბჭოთა საქართველოში ქართველი ოფიციანტი ბუნებაში არ არსებობდა.
ჯერ ერთი, არსებობდა და, მეორეც, ესე იგი, ბ-ნი ჭყოიძის აზრით, დამოუკიდებელ საქართველოში ქართველები მხოლოდ „ბრიგადირულ“ პოზიციაში უნდა იდგნენ?!