ძმობილები
„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“
რაკი შეუცნობელია გზანი უფლისანი, ისე მოხდა, რომ თვით თეირანი და თბილისი დაძმობილდნენ. თუმცა, თუ გავისხენებთ, რომ ანკარა და თბილისიც ძმობილობენ და ერთ დროს მოსკოვი და თბილისიც ფრიად დიდ სიამტკბილობაში იყვნენ, ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.
უფრო მეტიც, როგორც თეირანის მერმა, მოჰამად ბაყერ ყალიბაფიმ განაცხდა, შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ-ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.
რაკი თვით შოთა გვასწავლის, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, დამეგობრება მისასალმებელია, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ეს მეგობრობის აქტი ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი პარტნიორის თანხმობის გარეშე ვერ ჩაივლიდა. –
და რომ ვერ ჩაივლიდა, ეს კიდევ უფრო სასიხარულოა: ჯერ ერთი, როგორც ჩანს, დამატებითი ფუნქცია გამოგვეძებნა, შუამავლობა ირანსა და აშშ-ს შორის; მეორე – ჩვენს ძველ ფუნქციას (დერეფნობას) ახალი სიცოცხლის შთაბერვის შესაძლებლობა მიეცა (თუ ირანის ენერგომატარებლებიც დაგვემატება, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს) და მესამე – ჩვენი უსაფრთხოება მით უფრო დაცული იქნება, რაც მეტი მოთამაშე იქნება სამხრეთ კავკასიაში.
სახელდობრ, აქამომდე ობლად ვიყავით და, აი, რატომ: სომხეთსა და რფ-ს, აზერბაიჯანსა და თურქეთს მჭიდრო სამხედრო თანამშრმოლობა აკავშირებთ (პოლიტიკური კი – ამაზე დამჭიდროებული), შესაბამისად, შესაძლოა, ჩვენც ვიპოვეთ მოკავშირე – რა თქმა უნდა, ირანის სახით, რასაც ის ხიბლიც აქვს, რომ ირანი არ გვესაზღვრება და ამიტომაც ტერიტორიული დავა ან ავტონომიებით ომი გამორიცხულია.
რაც მთავარია, სრული დეჟავუა, რადგან, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეა, ვითარება მეთვრამეტე საუკუნისეულია, იმ განსხვავებით, რომ მოყვრების როლში აწ ირანი და თურქეთია. –