რა აკავშირებდა ერთმანეთთან ქობულეთის ტრაგედიის მსხვერპლ ბავშვებს ცეკვის გარდა და როგორი ბიჭები იყვნენ ისინი
10 მაისს ქობულეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. გამთენიისას სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ცეცხლს სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 10-11 წლის ბიჭები: დავით ზაქრაძე, თორნიკე ხვიჩია და რევაზ დემეტრაშვილი ქობულეთში ცეკვის ანსამბლ „სიხარული 2-თან“ ერთად იყვნენ ჩასულები რუსთავიდან. გამოძიება ხანძრის რეალური მიზეზის დასადგენად მუშაობს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გარდაცვლილი ბავშვების შესახებ მათ ახლობლებს, მასწავლებლებსა და მეზობლებს ვესაუბრეთ.
ნინო გელაშვილი (დათოსა და თორნიკეს კლასის დამრიგებელი): ძალიან მიჭირს ამ ბავშვებზე წარსულში საუბარი, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით. ცოცხალი და ენერგიით სავსე ბავშვები იყვნენ. მასწავლებლებს მათი ერთ ადგილას მშვიდად გაჩერება ძალიან გვიჭირდა. გონიერი ბავშვები იყვნენ და კარგად სწავლობდნენ. შესვენებაზე ყველა ბავშვი დარბის და, რა თქმა უნდა, ისინიც დარბოდნენ, მაგრამ, სირბილის დროს ყოველთვის ცეკვის ილეთებს ურთავდნენ ხოლმე. ამას მექანიკურად, გაუცნობიერებლად აკეთებდნენ. ბოლო დღეებში დათოს ვირუსი შეეყარა. ძალიან ცუდად იყო და ვუთხარი, სახლში დარჩი, ასეთ მდგომარეობაში ნუ დადიხარ-მეთქი. მითხრა: მასწავლებელო, მე ახლა ფესტივალზე მივდივარ, იქ ჩვენ გავიმარჯვებთ და მერე ბულგარეთში უნდა წავიდე. ბევრი გაცდენა მომიწევს და ახლა ამიტომ დავდივარო. დათოს დედა ტიროდა, ცეკვას შეწირულები ხართო და მართლა ასე გამოვიდა. იმ დღეებში ციოდა და დასაძინებლად ცეკვის ტანსაცმლით დაწოლილან. ცეკვის ტანსაცმელში დაიწვნენ ბავშვები. რომ ვუყურებ, როგორ განიცდიან ბავშვები ამ ამბავს, ვხვდები, როგორ ჰყვარებიათ ისინი. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ, რაღაც სიმბოლური ხდება: კლასის დამრიგებელი ვარ და ბავშვების ძალიან ბევრი ფოტო მაქვს. მათი დაღუპვის შემდეგ გადავათვალიერე ჩემი არქივი. ამისთვის მანამდე არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა კადრში დათო და თორნიკე ერთად დგანან. თანაკლასელები არიან და, ბუნებრივია, ერთ წელიწადს დაბადებულები, მაგრამ, ძალიან მომხვდა გულზე ის, რომ დაბადების დღეც ერთ თვეში აქვთ: 19 ივნისს დათოს დაბადების დღეა, 21 ივნისს კი – თორნიკესი. ყოველთვის და ყველაფერში ერთად იყვნენ. ამ ავბედით დღესაც ერთ ოთახში მოხვდნენ და ერთად წავიდნენ იმქვეყნად. ვის გაუკვირდება, რომ ვთქვა, ბავშვები ძალიან განიცდიან ამ ამბავს-მეთქი, მაგრამ, ორშაბათს სკოლაში რომ მოვედი, დათოს და თორნიკეს მერხები დამახვედრეს შეერთებული და წინ დადგმული. სახლებიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე და ეზოებში ყვავილები დაუკრეფიათ და ამ ორ მერხზე დაუყრიათ. მითხრეს: მეთორმეტე კლასამდე ეს მერხები ასე იდგეს და არავინ არ დავსვათ მათ სკამებზეო. ერთ-ერთ მერხს აწერია „დათო“ და ახლა ბავშვები ერთმანეთს უშლიან – ნაწერს ნუ ეხები, დათოს სახელი არ წაიშალოსო. ეს ბავშვებისთვისაც ენით აუწერელი ტრაგედიაა. დათო მათემატიკაში იყო ძლიერი, განსაკუთრებულად სწავლობდა. თორნიკე ცდილობდა, ყველა საგანი ერთნაირად ესწავლა, რადგან, პირობა ჰქონდა წაყენებული, თუ კარგად არ იწავლიდა, ცეკვიდან გამოიყვანდნენ და ამიტომ მთელი მონდომებით ცდილობდა. ბოლოს მართლა ძალიან მოუმატა და გახარებული იყო. მას პატარა და-ძმა ჰყავს, ჩვენთან სწავლობენ: ძმა მესამე კლასშია, და – პირველში. დათოს დიდი დები ჰყავს: უფროსი გათხოვილია და ოჯახი აქვს. მეორე 28 წლისაა და სულ თან დაჰყვებოდა, ახლაც მასთან ერთად იყო ქობულეთში. მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რადგან დედას ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა ოჯახის სარჩენად. ახლა დედამისი ახალი ჩამოსული იყო. ორივე ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, მაგრამ დათოს, მგონი, ამ ბოლოს მოუხსნეს დახმარება, რადგან დედა უცხოეთში დადიოდა და მუშაობდა. თორნიკეს ამ ფესტივალზეც ვერ უშვებდნენ, რადგან შესაბამისი თანხა არ ჰქონდა ოჯახს და ბაბუას დაუფინანსებია პენსიით. თუ არ ვცდები, ბულგარეთში გასამგზავრებლად ნათესავი აფინანსებდა. თორნიკეს დედა უყვარდა განსაკუთრებულად. ძალიან ყურადღებიანი მშობლები ჰყავდა, ხშირად აკითხავდნენ სკოლაში მამაც და დედაც. დაწყებით კლასებში მამა იყო ძალიან აქტიურად ჩართული სასწავლო პროცესში. კრებაზე სულ დედები მოდიოდნენ, ერთი თორნიკეს მამა იჯდა ხოლმე. დედამ შემომტირა, ყველგან თან დავყვებოდი ჩემს შვილს, ნეტავი ახლაც გავყოლოდიო. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, მაგრამ, დედას მუდმივ სატანჯველად ექცა ის, რომ იმ დღეს არ გაჰყვა. თორნიკეს მოუნდომებია ძალიან. დიდი ვარ უკვე, შენ მეტს შვილი არავის ჰყავს?! ამ ერთხელ გამიშვი მარტოო, – უთქვამს. თორნიკე მათი ნანატრი შვილი იყო – შვიდი წელი არ ჰყავდათ და ამდენი წლის შემდეგ შეეძინათ თოკო, მერე კიდევ ორი გაუჩნდათ.
ნინო დარჩია (რეზის კლასის დამრიგებელი): ეს ბავშვი ჩემი თვალის სინათლეა. ყოველთვის პირველ მერხზე იჯდა; არა პირველობისთვის, არამედ ალბათ, იმისთვის, რომ მისი ყოველი მოძრაობა, ღიმილი, სითბო და სიკეთე, რომელსაც ასხივებდა, ღრმად ჩამრჩენოდა სულსა და გულში. საოცრად ნიჭიერი, გულწრფელი, მხიარული, ლაღი, მაგრამ ხშირად ფიქრებში წასული – ასეთი იყო ჩემი რეზი. ცეკვა ძალიან უყვარდა, მაგრამ, ვფიქრობ, ცეკვაზე და ყველა საგანზე მეტად, კითხვა უყვარდა. საგაზაფხულოდ სპექტაკლს ვდგამდით, სახელწოდებით „დროის მანქანა”. ამ მანქანაში ისხდნენ მულტფილმების პერსონაჟები. რეზი ალადინი იყო. არასდროს დამავიწყდება მისი მსახიობური მონდომება, სიხარული, ცეკვა, ლექსების მხატვრული კითხვა, ბედნიერება... ბოლო რეპეტიციის შემდეგ თქვა: „მას, მე დღეს არ მიცელქია”... ჩემო საოცარო ბიჭო, დაგვრჩა შეუმდგარი პრემიერის დღე... და, ბოლო ფრაზა: „მასწ, ბათუმიდან რომ ჩამოვალ, საკონტროლოს მაშინ დავწერ, ოთხშაბათს...” და დაგვრჩა საკონტროლო დაუწერელი, მაგრამ დაწერილი შენი ცხოვრება და „რეცაში” გატარებული ხუთი ულამაზესი წელიწადი, შენი მერხის კუთხეში თეთრი კორექტორით მიწერილი „რეზი”, რომელშიც არის რაღაც იდუმალი და სახსოვარი.
ნონა (რეზის ბიცოლა): მე 6 წლის შვილი მყავს და ის და რეზი ძმებივით იყვნენ. სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. ახლა ამბობს, ჩემი ძმა ცოცხალი აღარ არისო. ყველაფერი იცის და ყველაფერს ხვდება, მაგრამ აქ ვერ მოდის, თავისთვის გლოვობს. როცა მე და ბიძამისი დავქორწინდით, რეზი ძალიან პატრა, სამი წლის იყო. მიუხედავად ასაკისა, ჩვენს ქორწილში ლექსი წაიკითხა – „ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“. ჩოხა-ახალუხში იყო გამოწყობილი და ლამაზადაც იცეკვა. დათოსაც ვიცნობდი, ჩვენ ეზოში იზრდებოდა. ისიც ძალიან კარგი ბავშვი იყო.
თინა (რეზის მეზობელი): საოცარი ბავშვი იყო. უფალს მართლაც რომ განსაკუთრებული ადამიანები მიჰყავს ხოლმე თავისთან. ჩვენს ხელში გაიზარდა. ამ კორპუსის პირველი შვილიშვილი იყო. გამარჯობის თქმას ვერ მოასწრებდი. გაზრდილი კი არა, აღზრდილი შვილი იყო. ოჯახური გარემო გადასარევი ჰქონდა. დათოც ასეთი იყო, მასაც ვიცნობდით, რადგან აქვე ცხოვრობდა – აქ დაიბადა და გაიზარდა. ხშირად ვხედავდით ხოლმე ერთად. დათუნა უფრო სხარტი და მკვირცხლი ბავშვი იყო, რეზი კი თითქოს უფრო სევდიანი. უფრო დაფიქრებული. ცელქიც იყო, მაგრამ თითქოს შინაგანად, ფრთხილობდა. მამიდამისმა მითხრა, ჩემს შვილიშვილს დაბადების დღე აქვს ცოტა ხანში და რეზის ჰკითხა: ხომ მოხვალ ჩემთანო. რეზის უთქვამს: არა, მე შენს დაბადების დღეზე ვერ მოვალო. რატომ, მიზეზი არ უთქვამს. მშობლებს სიყვარულით ჰქონდათ შექმნილი ოჯახი – თანაკლასელები იყვნენ და ერთმანეთი სკოლიდან უყვარდათ. რეზი მათი სიყვარულის პირველი ნაყოფი იყო. ძალიან ახალგაზრდები არიან.