კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-19(750) 

ჯაბამ ხალათი მოიცვა და კარი გააღო. ზღურბლზე სახეშეშლილი ჯამალი იდგა და ჯაბამ ჰკითხა:

– რა მოხდა, ჯამალ?

– დონ კარლო მოზესი გაქრა.

– როდის? როგორ? შეცბა ჯალალი.

– არაფერი ვიცი. ათი წუთის წინ მისმა ქალიშვილმა მაცნობა ეს ამბავი. წამოდი კარმენთან და გავარკვიოთ, რა მოხდა.

– ახლავე. ჩავიცვამ და მოვალ, – მიუგო ჯაბამ. კარი მიიხურა და საძინებელში დაბრუნდა.

– რა მოხდა? – ჰკითხა ჯაბას ჯინამ.

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა ჯაბამ და ჯინას უთხრა:

– კარლო მოზესი გაქრა.

– როდის და როგორ? – ჰკითხა ჯინამ.

– არაფერი ვიცი. ჯამალი მელოდება და ერთად უნდა გავარკვიოთ კარმენთან.

– უცნაურია. ჩვენებს ის დღეს უნდა აეწიათ ქალაქიდან.

– ვიცი.

– ჯაბა, გათამაშებული ხომ არაა ეს ყველაფერი?

– რას გულისხმობ?

– დონ კარლო თვითონ ხომ არ მიიმალა? ბრაუნის საქმიდან გამომდინარე, იქნებ მიხვდა, რომ მის დაპატიმრებას აპირებდნენ და თავს უშველა. კარმენი კი თვალში ნაცარს გვაყრის.

– გამორიცხული არაა, მაგრამ სასახლიდან შეუმჩნევლად როგორ გავიდოდა? ერთი სიტყვით, ჯერ მის ქალიშვილს უნდა დაველაპარაკო. შენ კი ნუ გამოჩნდები, რა იცი, რა ხდება.

– ჩვენებს უნდა შევატყობინო ეს ამბავი, რომ სასწრაფო ზომები მიიღონ და მოზესი ხელიდან არ წაუვიდეთ, – თქვა ჯინამ და ჩაცმას შეუდგა.

– ჯინა, ჩვენებმა ხომ არ გაიტაცეს ნეტავ, მოზესი?

– ჩვენებმა როგორ?

– იქნებ რაღაც შეიცვალა და ადრე გააკეთეს ეს?

– არ მგონია. მაშინ საქმის კურსში ჩამაყენებდნენ.

– იქნებ ვერ მოასწრეს?

– გამორიცხული არაფერია და ამას მალე გავიგებ.

– ფრთხილად იყავი.

– შენც ფრთხილად იყავი.

– ჩემი დარდი ნუ გექნება. შენ კი ტელეფონი არ გამორთო. თუ დამჭირდი, დაგირეკავ და მეორე შიფრს გამოვიყენებ.

– მასეა საქმე?

– ჯერ, აბა, რა ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩვენს საქმეში არაფერია გამორიცხული. ამიტომ გეუბნები.

– კარგი. გასაგებია. როგორც კი ჩვენებს შევხვდები და გავარკვევ, რა ხდება, დაგირეკავ და მეც მეორე შიფრს გამოვიყენებ, – უთხრა ჯინამ ჯაბას და ოთახიდან გაისტუმრა. შემდეგ თავადაც გამოვიდა და სასახლე დატოვა.

ჯალალი და ჯამალი სასწრაფოდ ეახლნენ კარმენს, რომელიც აპარტამენტებში ბოლთას სცემდა და სიგარას აბოლებდა.

– სენიორიტა კარმენ, რა მოხდა? – ჰკითხა ჯაბამ მოზესის ქალიშვილს და მისგან ორიოდე ნაბიჯში გაჩერდა, თან სიგარეტი გააბოლა.

– მამაჩემი გაუჩინარდა, ჯალალ. ნახევარი საათის წინ სავარძელში გამეღვიძა და დონ კარლო რომ მოვიკითხე, ვერსად აღმოვაჩინე. შემდეგ ეზოში გავედი და ჩვენი დაცვის ბიჭებსაც გამოვკითხე, მაგრამ ასე მითხრეს – არ გამოჩენილაო.

– წუხელ, რომელ საათზე დაიძინეთ?

– არ მახსოვს, ჯალალ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ სავარძელში ჩამძინებია ტანსაცმლიანად და ასევე გამეღვიძა. მამის ლოგინი კი ხელუხლებელია. არც კი გაშლილა და როგორც ეტყობა, ის ჯერ კიდევ წუხელ გაუჩინარდა. კარგად მახსოვს, ბანკეტიდან რომ დავბრუნდი და სავარძელში მოვკალათდი. შემდეგ კი რა მოხდა, არ ვიცი.

– ბოდიშს გიხდით, სენიორიტა, მაგრამ ხომ არ დათვერით გუშინ ბანკეტზე?

– არა, ჯალალ. ერთი ბოკალი შამპანურის მეტი არაფერი დამილევია.

– დონ კარლო სადმე წასვლას ხომ არ აპირებდა?

– ჩემთვის არაფერი უთქვამს. მოულოდნელად რომ გადაეწყვიტა რამე, მაშინ დაცვასაც თან იახლებდა.

– უცნაურია, – თქვა ჯალალმა. ჩაფიქრდა და ჯამალს ჰკითხა:

– ჰაშეკი სადაა?

– ძალიან მთვრალია და სძინავს. ვერ გააღვიძეს, – მიუგო ჯაბას ჯამალმა.

ჯაბა ჩაფიქრდა და ჯამალს გადახედა. შემდეგ კვლავ კარმენს მიუბრუნდა.

– სენიორიტა კარმენ, აქ იყავით, დაგველოდეთ. მე და ჯამალი მალე დავბრუნდებით.

ჯალალი და ჯამალი აპარტამენტებიდან გავიდნენ და ჯაბამ თავის მეწყვილეს უთხრა:

– დონ კარლო რომ წუხელაა გაუჩინარებული, თითქმის დარწმუნებული ვარ. წყალი არ გაუვა, რომ ის ტუალეტიდან წაიყვანეს.

– ტუალეტის გვირაბი არც გამხსენებია. მართალი ხარ. სხვანაირად შეუმჩნევლად ის ვერ დატოვებდა სასახლეს.

– მოკლედ, აქ ორი ვარიანტია. დონ კარლომ ან თავისი ნებით დატოვა სასახლე ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, ან ის გაიტაცეს. თუ ვინ და რატომ, არაა რთული მისახვედრი და გაირკვევა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გვირაბის არსებობის შესახებ ვიცით მე, შენ და ჰაშეკმა. მე და შენ გამორიცხულები ვართ. ამიტომ, რჩება ჰაშეკი. გამოდის, რომ ჰაშეკი ან თავად დონ კარლოს დაეხმარა მიმალვაში ან მის მტრებს. ამიტომ კლაუს ჰაშეკი უნდა ვნახოთ და დაველაპარაკოთ.

– მართალი ხარ, – დაეთანხმა ჯაბას ჯამალი.

– მოდი, ასე ვქნათ, შენ ახლა წადი, იმ ლოთს დაადექი, დაამუშავე და გაარკვიე ყველაფერი. მაგრამ, არ გადაამეტო და არ შემოგაკვდეს.

– მოსაკლავი არაა, თუ დონ კარლოს გამტაცებლებს შეუწყო ხელი? – თვალები აენთო ჯამალს.

– თუ მასეა – კი. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ  დონ კარლო თავისი ნებით გაუჩინარდა და მაშინ, რას ვერჩით ჰაშეკს. ხომ გახსოვს, გუშინდელ შეკრებაზე დონ კარლომ კარმენი გამოაცხადა თავის მემკვიდრედ. მე კი ეს მან უფრო ადრე გამანდო. ბევრი მტერი ჰყავს და არ გამოვრიცხავ, რომ ეშინია. კარმენს კი კანონთან პრობლემები არ აქვს და ტექნიკურად მოახდინა როტაცია.

– ეგ თუ სიმართლეა, მაშინ კარმენიც საქმის კურსში იქნება და გვატყუებს.

– კი. მაშინ მასე იქნება, – დაუდასტურა ჯალალმა ჯამალს – მე კარმენთან დავბრუნდები და დაველაპარაკები. იქნებ გამოვტეხო ლაპარაკში. შენ კი იმოქმედე და შემოგვიერთდი.

 – წავედი.

– ოღონდ არ შემოგაკვდეს.

– კარგი, კარგი, – თქვა ჯამალმა და წავიდა. ჯაბა კი მოზესის ქალიშვილთან დაბრუნდა. კარმენმა ჯაბას ჰკითხა:

– ჯამალი სადაა?

– რაღაცას გაარკვევს და დაბრუნდება.

– ჯალალ, რაღაც უნდა გკითხოთ და ნუ მიწყენთ.

– ბრძანეთ, სენიორიტა.

– ჯალალ, თქვენს გარემოცვაში ყველას ენდობით?

– ვის გულისხმობთ, სინიორიტა?

– თუნდაც თქვენს საცოლეს.

– ქეითს?

– დიახ.

– რატომ მეკითხებით? 

– ჯალალ, არ მინდა გული გატკინოთ, მაგრამ ქეითი სულაც არაა ქეითი და მას ჯინა ქროსი ჰქვია.

– ჯინა ქროსი? საიდან მოიტანეთ კარმენ?

– მამამ მითხრა.

– დონ კარლომ?

– დიახ.

– კი, მაგრამ, მან ეს საიდან იცის?

– ჯინა მისი ქალიშვილია.

– თქვენი დაა?

– კი. ჩემი დაა.

– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა ჯაბამ.

– აგიხსნით. ჯინა მამაჩემს სხვა ქალისგან ჰყავს და ეს ამბავი მეც ახლა შევიტყვე. თურმე, მას ინკოგნიტოდ პატრონობდა და იმიტომ არ ეცნაურებოდა, რომ მისი შარში გახვევა არ უნდოდა. მაგრამ, აქ რომ ნახა, მითხრა ეს ყველაფერი და ეჭვობდა, რომ ჯინა „ეფბეერის“ შემოგზავნილიაო.

– მერე და რატომ ადრე არ მითხარით ეს ამბავი?

– მამას იმედი ჰქონდა, რომ ჯინას გადაიბირებდა. ორივე გარეგნობას შეიცვლიდნენ და ინკოგნიტოდ იცხოვრებდნენ. მე კი ბიზნესს დამიტოვებდა. ამიტომაც გამომაცხადა მემკვიდრედ. მე ჯინასთვის ხელის დაფარების წინააღმდეგი ვიყავი. მამასაც ვუთხარი ეს, მაგრამ მან სასტიკად ამიკრძალა იმ ძუკნას გაშიფვრა და დავემორჩილე. ვაღიარებ, რომ შევცდი და ჯინას ამბავი თქვენთვის უნდა გამემხილა.

– გამოდის, რომ დონ კარლოს გაუჩინარება უნდოდა.

– დიახ. მაგრამ ის ამის გაკეთებას სულ სხვაგვარად აპირებდა და არა წუხელ.

– წუხელ ის არც გასულა აქედან, მე და ჯამალმა უკვე ზუსტად ვიცით ეს.

– აბა, სად გაქრა?

– ის ტუალეტიდან გაიტაცეს.

– ტუალეტიდან?

– ჯაბამ კარმენი ტუალეტში შეიყვანა და საიდუმლო გვირაბი აჩვენა. ოთახში რომ დაბრუნდნენ, უთხრა:

– ამის შესახებ ვიცით მე და ჯამალმა და ჰაშეკმა. თუ ჰაშეკი არ დაეხმარა მამათქვენს გაპარვაში, რასაც ახლა ჯამალი არკვევს, მაშინ ჰაშეკმა მოატაცებინა დონ კარლო მის მტრებს. ყველა გზა ჰაშეკთან მიდის და ამას სულ მალე გავიგებთ.

– ჰაშეკს დიდი ხანია, ვიცნობთ და იკისრებდა ასეთ რამეს?

– სენიორიტა, კლაუს ჰაშეკი ჩეხოსლოვაკიის დაზვერვის ყოფილი ოფიცერია. როგორც ვიცი, ის რუსეთის სპეცსამსახურებთანაც ყოფილა დაკავშირებული და ამის შესახებ ჯერ კიდევ აჰმად მანსურმა გაგვაფრთხილა მე და ჯამალი.

– ეგ მამაჩემმაც იცის, – არ გაკვირვებია კარმენს, – მე არ ვამბობ, რომ არ იკადრებდა. უბრალოდ, მას შეეშინდებოდა ასეთ შარში გახვევა.

– იქნებ აიძულეს?

– არაა გამორიცხული. თუ ეს ასეა, მაშინ მამა ამერიკელებმა წაიყვანეს და ჰაშეკი მათ დაეხმარა. შტატებში ამას წინათ ერთი ბობოლა დააპატიმრეს და ის მამასთან იყო დაკავშირებული. მამას სწორედ ამისი ეშინოდა და გაუჩინარებაც ამიტომ გადაწყვიტა. ის შიშობდა, რომ ამერიკელები მის გატაცებას გეგმავდნენ. სხვათა შორის, სავსებით რეალურია, რომ თქვენი საცოლე და ჰაშეკი ერთ თამაშს თამაშობდნენ და სწორედ ჯინა ქროსმა გადაიბირა ჩეხი.

– მალე გავიგებთ სიმართლეს, – თქვა ჯაბამ. ამ დროს აპარტამენტებში აღელვებული ჯამალი შემოვიდა და ჯალალი გარეთ გაიხმო. ჯაბამ კი მას უთხრა:

– მოდი და აქ თქვი. სენიორიტა კარმენმა ყველაფერი იცის.

– ჯალალ, ჰაშეკი მოკვდა.

– მოკვდა?

– ჰო. როგორც ეტყობა, გული გაუსკდა. მე მას სავსე აბაზანაში ვაყვინთავებდი, რომ გამომეტეხა. ის კი ყველაფერს უარყოფდა. ბოლოს კი გაშავდა და მივხვდი, რომ მოკვდა.

– ეჰ, ჯამალ, ჯამალ, ხომ გთხოვე, ფრთხილად იყავი-მეთქი.

– არ მიწამებია. უბრალოდ, წყალში ვაყვინთინებდი, –  თავი იმართლა ჯამალმა, – ჯალალ, რა ვქნათ?

– ჰაშეკის გვამი უნდა გავაქროთ. თორემ შეიძლება, პრობლემებს პრობლემები დაემატოს.

– გაქრობა რად გვინდა. უარესი არაა? უბრალოდ, პოლიცია და ექიმი გამოვიძახოთ. ძალადობის კვალი სხეულზე არ აქვს და იფიქრებენ, ნამთვრალევი ბანაობისას მოკვდაო.

– არა, ჯამალ. ასე იოლად შეიძლება ვერ გამოვძვრეთ, – უთხრა ჯაბამ და კარმენის მონათხრობი უამბო, – ხვდები, ახლა რა შეიძლება მოხდეს?

– წარმოუდგენელია. ქეითი „ეფბეერის“ შემოგზავნილია? – შეცბა ჯამალი.

– კი. როგორც ეტყობა, სიმართლეა, – თქვა ჯალალმა, – ჯინა უნდა გავაქრო.

– ეგ ვინღაა? – ჰკითხა ჯამალმა.

 – ჯინა ქროსი ქეითის ნამდვილი სახელია, – მიუგო ჯალალმა.

– სადაა ახლა ქეითი? – იკითხა ჯამალმა. ამ დროს მობილურმა დარეკა. ჯაბამ დახედა და თქვა:

– აი, ეს ძუკნაც რეკავს, – შემდეგ, ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა:

– გისმენ, ძვირფასო.

– ჯალალ, საყვარელო, სასახლეში ხარ?

 –კი. აქ ვარ. შენ?

– მე – ლექციაზე. მომენატრე.

– მეც მომენატრე. მალე მოხვალ?

– ჯერ სახლში გავივლი. ერთ საათში კი შენთან გავჩნდები.

– მოუთმენლად გელოდები. მალე მოდი, – მიუგო ჯალალმა ქეითს. შემდეგ ტელეფონი გათიშა და ზიზღით თქვა:

– ჩემი ხელით უნდა ავკუწო ეგ ძუკნა და მისი დამპალი ხორცები ვირთხებს ჩავუყარო კანალიზაციაში, – შემდეგ ჯამალს მიუბრუნდა:

– ჯამალ, შენ გარდა ვერავის ვანდობ ამ საქმეს. ერთი სანდო პირი წაიყვანე. ქეითს ბინაში დახვდი. გაიტაცე და კონსპირაციულ ბინაში დააგდე. მერე კი მე ვიცი.

– კარგი. ყველაფერს შევასრულებ. შენ კი დამშვიდდი, – უთხრა ჯამალმა ჯალალს და წავიდა.

„წადი, წადი, უცებ არ მოიხელთო“, – გულში ამბობდა ჯაბა, რადგან დაშიფრულად აცნობა ჯინას, რომ სასწრაფოდ დამალულიყო და მას დალოდებოდა. ჯინამ კი ჯაბას დაშიფრულადვე აცნობა, რომ დონ კარლო „ეფბეერის“ გატაცებული არ იყო და კოლუმბიელ ნარკობარონს უკვე მთელ ევროპაში ეძებდნენ.

ჯამალი რომ წავიდა, ჯაბამ კარმენს უთხრა:

– სენიორიტა, ახლავე გავცემ განკარგულებას, რომ დონ კარლოს ძებნა დაიწყონ და თუ ის ამერიკელების გატაცებული არაა, აუცილებლად იპოვიან. მე კი დროებით უნდა დაგტოვოთ. სანამ ქეითს მოვსპობ, აუცილებლად გავარკვევ მისგან, ურევია თუ არა მისი ხელი დონ კარლოს გატაცებაში.

– ფრთხილად იყავით, ჯალალ.

– ნახვამდის, კარმენ. იმედია, არ დამძრახავთ, რომ თქვენს ნახევარდას უნდა ამოვხადო სული.

– პირიქით. მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.

– ნახვამდის, – ჯაბა ხელზე ეამბორა კარმენს და გავიდა. შემდეგ პავლე ლიადოვს დაურეკა კონსპირაციული ტელეფონით და დაშიფრულად ელაპარაკა. თადარიგის გენერალს ყველაფერი მოუყვა და ჯამალის გატაცება და გადამალვა სთხოვა. თან დაუდასტურა, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ოპერაციიდან გავიდოდა და მოსკოვს ეწვეოდა.

ჯაბა სასახლიდან გავიდა. ჯინას სახლში გაიარა. შემდეგ კონსპირაციულ ბინაშიც შეიარა. ცოტა ხანი ქალაქშიც იარა და კვლავ სასახლეში დაბრუნდა. კარმენს ეახლა და უთხრა:

– სენიორიტა, ახლა კი სრულად დავრწმუნდი თქვენი სიტყვების სისწორეში.

– რას გულისხმობთ, ჯალალ?

– იმას, რომ ქეითი მართლაც თხუნელა ყოფილა.

– თქვენ რა, ეჭვი გეპარებოდათ ამაში?

– სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მჯეროდა.

– აღიარა თავისი თხუნელობა?

– უარესი.

 – უარესი? – გაიმეორა კარმენმა.

– დიახ. სამწუხაროდ, ის გაქრა. როგორც ეტყობა, მიხვდა, რომ გაიშიფრა და გაიქცა.

– გაიქცა? ჯამალი რას ამბობს?

– ჯამალიც არ ჩანს. ნუთუ ისიც ამერიკელებმა გაიტაცეს?

– ჯალალ, ნუ მიწყენთ, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ.

– ბრძანეთ, სენიორიტა.

– ჯალალ, ჯამალს ბოლომდე ენდობით?

– რას ბრძანებთ! რა თქმა უნდა, ჩვენ ძმები ვართ.

– მე კი ვფიქრობ, რომ ის და ჩემი ნახევარდა წყვილში მუშაობდნენ და შემოგზავნილები იყვნენ.

– ეს უკვე მეტისმეტია, სენიორიტა. ჯამალი ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, შაჰ ომარის ვაჟია და ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა მამამისის საქმის გასაგრძელებლად. რას ბრძანებთ, კარმენ, ამას ვერ დავიჯერებ, – თქვა თვალებანთებულმა ჯაბამ, სიგარეტი ნერვიულად გააბოლა და თან ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

– დამშვიდდით, ჯალალ, დამშვიდდით და ყურადღებით მომისმინეთ.

– გისმენთ, სენიორიტა!

– თქვენ არც ჯინას თხუნელობის გჯეროდათ, მაგრამ, ხომ მართალი აღმოვჩნდი?

– დიახ, მაგრამ, ჯინა სხვაა, ჯამალი კი კარგადაა შემოწმებული და შეცდომა აქ გამორიცხულია. არა, არა, ეს წარმოუდგენელია და ვერ დავიჯერებ, – ჯაბამ თავი გააქნია და დაამატა, – ბოდიშს გიხდით, სენიორიტა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯერად ცდებით. ჯამალი ალაჰის ნამდვილი მებრძოლია და ის რჯულს არ უღალატებდა.

კარმენ მოზესმა მოთმინებით მოისმინა ჯაბას მხურვალე მონოლოგი და უთხრა:

– რომელ რჯულს, ჯალალ? ამერიკელების მიერ თავსმოხვეულ იდეოლოგიას ხომ არა?

– ისლამს, სენიორიტა კარმენ, – მტკიცედ მიუგო თვალებანთებულმა ჯალალმა.

– მასე ხომ, თქვენი საცოლე და ჩემი ძუკნა ნახევარდაც მართლმორწმუნე მუსლიმანი იყო?  ჩაეცინა კარმენს და დაამატა: – მაგრამ, რა გამოვიდა აქედან, თქვენ თვითონ ნახეთ.

– არა, არა, ჯინა სხვაა, ჯამალი კი – სულ სხვა.

– სწორედაც, სწორედაც რომ სხვაა, ჯამალ და ამიტომაც გაიქცა. ეგ შაჰ ომარის ვაჟი, როგორც ადრე თავად თქვით, ხომ ამერიკაში ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში და ამერიკელებმა ის სიყმაწვილეშივე გაიტაცეს?

– დიახ.

– ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ისინი მას არ გადაიბირებდნენ და თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყნებდნენ?

– ჯამალი გვიყვებოდა, რომ ამერიკელებმა ეს სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჯამალმა შტატებიდან გამოღწევა მოახერხა და სამშობლოში დაბრუნდა.

– არ დაიჯეროთ, ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია. ამერიკული სპეცსამსახურის ნების გარეშე ჭიანჭველაც კი ვერ გადაკვეთს მათ საზღვარს ვერც იქით და ვერც აქეთ, მით უმეტეს, ისეთი პიროვნება, როგორიც ჯამალია. ის ჯერ გადაიბირეს, შემდეგ საფუძვლიანად მოამზადეს, თქვენთან შემოაგზავნეს და, როცა გაიშიფრა, უკანვე წაიყვანეს თავის მეწყვილესთან ერთად – აი, ასეთია ამ ამბის სქემა და, მერწმუნეთ, ტყუილად დებთ მისთვის თავს.

– ბოდიშს გიხდით, კარმენ, მაგრამ მე მტკიცებულებები მჭირდება, ეს კი ჩვენ არ გაგვაჩნია. ხომ შეიძლება, რომ ჯამალი უბრალოდ გაიტაცეს? ჯინამ, იმ ძუკნამ, თავის მეგობრებს გაატაცებინა და ამერიკაში წაიყვანეს. რა, პატარა საქმეა ამერიკისთვის ისეთი მტრის შეპყრობა, როგორიც ჯამალია? არა, არა, მტკიცებულების გარეშე ამას ვერ დავიჯერებ.

– ჯალალ, ის კაცი თუ ნახეთ და ელაპარაკეთ, ვინც ჯამალმა ჯინას მოსატაცებლად თან გაიყოლა?

– მძღოლი? ის მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა და ჯამალს შესახვევში ელოდებოდა მანქანით.

– მერე, რა გითხრა იმ მძღოლმა?

– რა და, ნახევარი საათი ელოდა და, რომ არ გამოჩნდა, ჯერ ტელეფონზე დაურეკა ჯამალს, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. შემდეგ კიდევ ათი წუთი ელოდა და უკან დაბრუნდა. მძღოლმა ჯინას სახლის მისამართი არ იცოდა, რომ  მისულიყო და სიტუაცია დაეზვერა, – მიუგო ჯაბამ.

– მერედა, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა? – ჩაეცინა კარმენს, – ჯამალი გაიპარა. ტელეფონი გამორთო. მძღოლს კი შეგნებულად არ უთხრა მისამართი, რათა გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარიყო და ამერიკელების აგენტს შემთხვევით თავზე არავინ წამოდგომოდა.

– უკაცრავად, კარმენ, მაგრამ, ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია და არა მტკიცებულება.

– ჰაშეკი, ჯალალ?

– რას გულისხმობთ?

– თქვენ ფიქრობთ, რომ ჯამალს ჰაშეკი  მართლა შემთხვევით შემოაკვდა?

– აბა რა?

– რა და, მამაჩემის გატაცებაში ჰაშეკის უდანაშაულობა რომ არ გამჟღავნებულიყო, კლაუსი მან მოკლა და თავიდან მოიშორა. დანაშაული მას გადააბრალა და თვითონ გამოძრომა სცადა. მაგრამ, როდესაც ჯინას გაშიფვრის შესახებ შეიტყო, მიხვდა, რომ თავადაც გაიშიფრებოდა და თავის მეწყვილესთან ერთად თამაშიდან გავიდა. ვნანობ, რომ ჯინას ამბავი ვთქვი. ცოტა უნდა მომეცადა და უფრო ეშმაკურად მემოქმედა, მაშინ ორივე ამერიკელი აგენტი ხელში გვეყოლებოდა და ბევრ საიდუმლოს დავაფქვევინებდით. კვლავ არ გჯერათ ჩემი?

ჯალალმა არაფერი უპასუხა ქალს და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან, სიგარეტს აბოლებდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ თითქოს რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა. შემდეგ კარმენის წინ შეჩერდა და უთხრა:

– მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიტყვები ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, მე მაინც მიჭირს მათი დაჯერება. ყველაფერი ჩემს ბოსებს უნდა შევატყობინო და, როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე უნდა ვიმოქმედო. თქვენ კი, სენიორიტა, მოისვენეთ და დამელოდეთ. ორიოდე საათში გეახლებით და, იმედია, სასიამოვნო ინფორმაციებს გეტყვით.

– მამაჩემს გულისხმობთ?

– იმედი ვიქონიოთ, რომ დონ კარლოც გამოჩნდება და სხვა მხრივაც ყველაფერი კარგად იქნება.

– ვეჭვრობ, რომ ოდესმე კიდევ შევხვდე მამას, – ჩაეცინა კარმენს და დაამატა: – სხვისა კი რა მოგახსენოთ. ამაღამაც აქ დავრჩები და ხვალ სამშობლოში დავბრუნდები.

ჯაბა ოთახიდან გასვლას აპირებდა, რომ აპარტამენტების კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ავტომატებით შეიარაღებული, ჩეხეთის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის ნიღბიანი მებრძოლები შემოცვივდნენ. ისინი პერიმეტრზე განლაგდნენ. სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი კი წინ გამოვიდა, წყვილი ყურადღებით შეათვალიერა და ჯაბას უთხრა:

– თუ არ ვცდები, თქვენ ჯალალ ჯეინადინი ბრძანდებით, ხომ?

– დიახ, მე გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ? – უთხრა ჯაბამ.

– მე კარელ ნედამანსკი ვარ, პრაღის პოლიციის კომისარი, – გაეცნო ჯაბას სამოქალაქო სამოსიანი მამაკაცი.

– გისმენთ, ბატონო ნედამანსკი. რისთვის შეწუხებულხართ, ასე ძალით რომ შემოგვიცვივდით კერძო სამფლობელოში? – მშვიდად ჰკითხა ჯაბამ.

– აი, პროკურორის სანქცია ჩხრეკაზე. ასე რომ, ყველაფერი კანონიერადაა, – ნედამანსკიმ ჯაბას ფურცელი აუფრიალა თვალწინ.

– რას ეძებთ აქ, ბატონო კომისარო?

– უფრო სწორი იქნებოდა, გეკითხათ, ვის ვეძებ, – მიუგო ნედამანსკიმ.

– ვის ეძებთ?

– კოლუმბიური მაფიის ბოსს, დონ კარლო მოზესს, – მიუგო ჯაბას კომისარმა. კარმენისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი კარმენ მოზესია.

– არ ცდებით, – უთხრა კომისარს კარმენმა და სიგარა გააბოლა.

– სადაა მამათქვენი?

– მას მეც ვეძებ, კომისარო. მაგრამ, ჯერჯერობით უშედეგოდ, – მიუგო კარმენმა.

– განა ის აქ არ არის?

– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა.

– აბა, სადაა?

– არ ვიცი. ამ დილით გაუჩინარდა.

– ეგ არაფერია, ვიპოვით. თქვენ ორივე კი პოლიციაში უნდა წამობრძანდეთ, – თქვა კომისარმა და კარმენისა და ჯაბასკენ გაიშვირა ხელი.

– რა უფლებით? ჩვენ უცხოელი მოქალაქეები ვართ და არაფერი დაგვიშავებია, – უთხრა ჯაბამ კომისარს.

– დაკითხვებს თქვენი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები დაესწრებიან და ამ მხრივ კანონი დაცული იქნება.

– სხვა მხრივ, ბატონო კომისარო? რა უფლება გქონდათ აქ ძალით შემოჭრილიყავით, თუნდაც სანქციით? შეგეძლოთ, დაკითხვაზე ცივილიზებულად გამოგეძახეთ.

– მერე რომ მიმალულიყავით, არა, ბატონო ჯეინადინ? – ჩაეცინა კომისარს.

– მისამალი რა მჭირს?

– ამ ქალბატონს დავკითხავთ და გავუშვებთ, – ნედამანსკიმ კარმენისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – აი, რაც შეგეხებათ თქვენ, მინიმუმ ორმოცდარვა საათი მოგიწევთ ჩვენთან გაჩერება და იმედი მაქვს, რომ ციხეც არ აგცდებათ.

– ციხე? ალბათ, ხუმრობთ, ხომ?

– სულაც არა. თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ჩეხეთის ტერიტორიაზე არასანქცირებული მაფიოზური შეკრებების მოწყობაში. გვაქვს სხვა ინფორმაციებიც და, ვიმედოვნებ, რომ უახლოესი ორმოცდარვა საათის განმავლობაში მყარ მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ.

– ბატონო კომისარო, ბატონი ჯალალი და ბატონი ჯამალი ჩვენი მასპინძლები არიან, ჩვენ კი – მათი სტუმრები. თუ თქვენს ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისთვის უდანაშაულო ხალხს აპატიმრებენ, ალბათ, ბატონი ჯამალი უკვე საკანში გყავთ გამომწყვდეული... – უთხრა კარმენმა ნედამანსკის. გაუღიმა და სიგარა გააბოლა.

პოლიციის კომისარმა ნედამანსკიმ მაფიოზური შეკრების შესახებ ინფორმაცია სასახლეში მისვლამდე სულ რაღაც სამიოდე საათით ადრე შეიტყო და, სპეცოპერაცია ასე სასწრაფოდ იმიტომ ჩაატარა, რომ, იმედი ჰქონდა, მსხვილ „ღლავს“ მოაყოლებდა ბადეში. ჯალალსა და ჯამალზე ნედამანსკი ორი თვის განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციებს. მაგრამ, ჯალალისგან განსხვავებით, რომელიც ავღანეთის მოქალაქე იყო, ამერიკის მოქალაქე ჯამალ ჯურთის დაპატიმრებას არ აპირებდა. კომისარმა კარგად უწყოდა, რომ ჩეხებსა და ამერიკელებს შორის არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ამერიკის მოქალაქეებს ხელს არ ახლებდნენ მთავრობასთან შეთანხების გარეშე. ამიტომ პოლიციის კომისარი ჯამალზე კომპრომატების შეგროვებასა და მათი ამერიკელებისთვის გადაცემას გეგმავდა. „მე ამერიკელებს მყარ მტკიცებულებებს მივაწვდი მათი მოქალაქეების დანაშაულებრივ საქმიანობაზე. მერე კი თავი იტეხონ და კისერი იმტვრიონ“, – ასე ფიქრობდა ნედამანსკი და პრაღის პროკურორს სწორედ ამიტომ არ მოსთხოვა ჯამალის დაკავების სანქცია. კარმენის სიტყვებმა პოლიციის კომისარი ოდნავ დააბნია. ნედამანსკიმ ქალს შეხედა და მიუგო:

– ვინც დანაშაულში იქნება მხილებული, ყველას დავსჯით, მათ შორის ბატონ ჯამალ ჯურთისაც.

კარმენს გაეცინა და ჯაბას ესპანურად უთხრა:

– ხომ გაიგონე, რა თქვა, არც ახლა გჯერათ ჩემი სიტყვების?

– ახლა მჯერა, – ესპანურადვე მიუგო ჯაბამ კარმენს.

– დროს ნუ ვკარგავთ. პოლიციაში წამობრძანდით, – თქვა კომისარმა და კარმენსა და ჯაბას ანიშნა, წამომყევითო.

ჯაბა მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა. კომისარს პოლიციაში რომ წაჰყოლოდა, მას დააკავებდნენ. მართალია, შემდეგ საქმეში „ეფბეერი“ ჩაერთვებოდა და ჯაბას გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ეს მას არ აწყობდა, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში „ეფბეერის“ საგანგებო გეგმა ამოქმედდებოდა, მას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანდნენ და მოსკოვში გამგზავრებასა და ფანტომ-კალმარზე შურისძიებას ვეღარ შეძლებდა. გარდა ამისა, მისი აგენტობა გაიშიფრებოდა და არც ეს უნდოდა. ამიტომ ჯაბამ გაქცევა გადაწყვიტა. მან კომისარს უთხრა:

– რა გაეწყობა, ბატონო კომისარო, წავიდეთ პოლიციაში. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ იმაზე ადრე გამომიშვებთ, ვიდრე ეს თქვენ გგონიათ.

– წამობრძანდით და იქ ვილაპარაკოთ, – გაეცინა კომისარს.

– სანამ წამოვიდოდე, ნება მიბოძეთ, ტუალეტით ვისარგებლო. არ მგონია, რომ პოლიციაში ისეთი კეთილმოწყობილი ტუალეტი გქონდეთ, როგორიც აქაა, – უთხრა ჯაბამ ნედამანსკის.

ტუალეტის ხსენებაზე კარმენი ჯაბას ჩანაფიქრს მიუხვდა, შეხედა და გაუღიმა. კომისარმა კი ჯაბას უთხრა:

– ისარგებლეთ, მაგრამ დროზე დაბრუნდით.

ჯაბა ტუალეტში შევიდა და კარი მიიხურა. შემდეგ უხმაუროდ გააღო სარკე, საიდუმლო გვირაბში შეძვრა და გაუჩინარდა...

***

„ეფბეერის“ დირექტორი ჩაფიქრებული იჯდა საკუთარ კაბინეტში. ჩიბუხს აბოლებდა და მარტინ პოულს ელოდა, რომელსაც უახლესი ინფორმაცია უნდა მოეტანა პრაღიდან. პოული რომ მოვიდა, კეინმა მას სავარძელზე მიუთითა და ჰკითხა:

– აბა, ჩქარა თქვი, რა ხდება პრაღაში.

– სრული გაურკვევლობაა, სერ. მეტიც – ქაოსია.

– კონკრეტულად რა ხდება, მარტინ?

– კარლო მოზესი, ჯამალი და უშბა უკვალოდ გაქრნენ. პრაღის პოლიციის კომისარი კი, ვინმე კარელ ნედამანსკი, სრული კრეტინია და ყველაფერი აურია, – უთხრა პოულმა კეინს, მერე ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს დაამატა, – დაკარგულებს მთელ ევროპაში ვეძებთ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

– უშბას რა დაემართა ნეტავ? წესით, ის კავშირზე უნდა გამოსულიყო.

– ჯერჯერობით არ გამოდის.

– ნეტავ რატომ? ცუდი ხომ არაფერი მოხდა? ან, რატომ გაიქცა, ჩვენ ხომ მას უპრობლემოდ გამოვიყვანდით და საგანგებო პროგრამასაც ავამოქმედებდით?

 ამას ერთადერთი ახსნა აქვს, სერ.

– რა ახსნა, მარტინ?

– უშბა ჯინას გამო გაიქცა.

– ჯინას გამო?

– დიახ, სერ. ჯინა ქროსი კარმენ მოზესმა გაშიფრა. როგორ, არ ვიცი, მაგრამ ეს ასეა. ჯამალი მის მოსატაცებლად გაემართა, მაგრამ უშბამ დროულად გააფრთხილა ჯინა და ის ახლა უსაფრთხო ადგილზეა. ვფიქრობ, უშბა იმიტომ გაიქცა, რომ ჯინას არაფერი შემთხვეოდა და თავადაც გაუჩინარდა.

– ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა.

– ვფიქრობ, რომ ჯამალმა, უბრალოდ, თავს უშველა, რადგან მიხვდა, რომ კუდზე ვასხედით.

– ეგ გასაგებია, მაგრამ უშბა?

– ვეძებთ, სერ. თავდაუზოგავად ეძებენ უშბას.

– რას ფიქრობ, მარტინ, რა უნდა შემთხვეოდა?

– არ ვიცი, სერ, ვარაუდებისგან თავს შევიკავებ.

ჯონ კეინი წამოდგა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყა. თან ჩიბუხს აბოლებდა. ბოლოს შეჩერდა და პოულს უთხრა:

– ნუთუ მას მაინც მისწვდნენ და შური იძიეს?

„ეფბეერის“ დირექტორი შურისმაძიებლებში უოლტ-სტრიტის იმ ჯგუფს გულისხმობდა, ვისი შეკვეთითაც თომას ბრაუნი მოკლეს. იმავეს ფიქრობდა მარტინ პოულიც, მაგრამ არცერთს თავში აზრადაც არ მოსდიოდა, რა მოხდა სინამდვილეში და ვერ წარმოედგინათ, რომ მათი ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი უშბა ასე ოსტატურად გამოვიდა თამაშიდან.

 – მართალია, ეს ნაკლებადაა შესაძლებელი, მაგრამ კიდევ ერთი ვარიანტია, სერ, – უთხრა პოულმა კეინს.

– რას გულისხმობ?

 – იმას, სერ, რომ ჯაბა კვლავ ავღანეთში დაბრუნდა.

– ვითომ?

– ამის მცირე შანსია, მაგრამ იმედს ნუ დავკარგავთ, – უთხრა პოულმა კეინს, რომელსაც თავისი სიტყვების არ სჯეროდა.

– კარმენ მოზესი სადაა? – ჰკითხა კეინმა პოულს.

– სახლში დაბრუნდა. პოლიციამ ის ნახევარ საათში გაათავისუფლა.

– რა გვარია ის კრეტინი პოლიციის კომისარი?

– ნედამანსკი, სერ.

– იმ კრეტინს ხვალვე გააპანღურებენ და ამაზე პირადად ვიზრუნებ, – კბილებში გამოცრა კეინმა და დაამატა: – უშბას ძებნა გააძლიერონ, მე კი ბრაუნის საქმის ირგვლივ დაწვრილებითი ანალიზი მომიმზადე. მასში ჩართე ყველაფერი, ისე, რომ უოლტსტრიტი პირდაპირ არ იყოს ნახსენები, მაგრამ ვინც მას წაიკითხავს, მიხვდეს, ვისკენაა მიმართული ისარი. პრეზიდენტს უნდა ვეახლო და ყველაფერი წინ დავუდო, შემდეგ კი მან გადაწყვიტოს, უფრო მეტ ლაფში ჩავეფლოთ თუ ტალახიდან ამოვიდეთ.

მარტინ პოული ისე გაახარა შეფის სიტყვებმა, რომ გაეცინა და კეინს უთხრა:

– არის, სერ! ორიოდე საათში სრული ანალიზი თქვენს მაგიდაზე იდება!

– კარგი. შეგიძლია, წახვიდე. გელოდები, – უთხრა კეინმა პოულს და კაბინეტიდან გაისტუმრა. შემდეგ სპეცკავშირის ტელეფონს დასწვდა, დაელოდა და თქვა:

– გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო.

– გამარჯობა, ჯონ, გისმენ.

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან შეხვედრა მინდა. საღამოს გეცლებათ?

– მოხდა რამე?

– სერ, თუ გეცლებათ, სამიოდე საათის შემდეგ ყველაფერს პირადად მოგახსენებთ.

– კეთილი. ათ საათზე ოვალურში გელოდები.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3