ზნედაცემული ანგელოზები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-19(750)
კაცმა მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და ტატას განცვიფრებულმა შეხედა.
– მე იშვიათად ვხუმრობ, ძვირფასო, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ეს კი განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ორი კვირა გაძლებ უჩემოდ?
– ვერა, ვერ გავძლებ, გამორიცხულია.
– ასეთი რადიკალური ნუ იქნები, თორემ ახლავე დავემშვიდობებით ერთმანეთს.
– ეს უკვე ულტიმატუმია, ტატა... მე ასეთი ურთიერთობის მომხრე არა ვარ.
– ანუ, დავემშვიდობოთ ერთმანეთს? – ტატამ კარის სახელურს მოჰკიდა ხელი და გადასასვლელად მოემზადა.
– კარს ხელი გაუშვი, ვერსად წახვალ!
– ნუ მემუქრები, – წარბი შეიკრა ტატამ.
– არ გემუქრები, მინდა, რომ მომისმინო.
– გისმენ.
კაცმა მხარზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა, მერე თავი გადაუწია და ტუჩებში დაუპირა კოცნა. ქალი გაუძალიანდა.
– ჯერ გისმენ! – უთხრა მკაცრად.
– როგორი ჯიუტი ხარ, – ამოიოხრა კაცმა, – ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ.
– რაზე ვილაპარაკეთ, გამახსენე, – თვალები ეშმაკურად მოჭუტა ტატამ და მოშიშვლებული მკერდი კიდევ უფრო მოიღეღა.
– მაგიჟებ. რომ გიყურებ, მაჟრჟოლებს, – დაიგმინა კაცმა და ხელი მოკლე კაბის ქვეშ შეუცურა.
– მაშინ, ლაპარაკში დროს რატომღა ვკარგავთ? წავიდეთ, სადაც მივდიოდით და იმ საქმით დავკავდეთ, რაც კარგად გამოგვდის.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ საუბარი არ გამოგვდის?
– აშკარად არა. შენ ისეთ პირობებს მიყენებ, ვერ შევთანხმდებით. მე თავისუფალი ქალი ვარ, მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი და შენ ვერ შემაცვლევინებ. თუ მანქანა ამ მიზნით მაჩუქე, შეგიძლია, უკანვე წაიყვანო, არ მჭირდება.
– გული გინდა გამიხეთქო? ასე ნუ მელაპარაკები!
– კარგი, არ დაგელაპარაკები. ერთ სიტყვასაც არ გეტყვი, მხოლოდ სიამოვნება... დღეს უფრო გადაგრევ. სიურპრიზი მოგიმზადე, ასეთი რამ არცერთ ქალთან არ გექნება განცდილი.
– დარწმუნებული ვარ. ერთი სული მაქვს, ლოგინში როდის აღმოვჩნდებით.
– მერე, რაღას აყოვნებ, დაქოქე მანქანა. ბევრი დრო მეც არ მაქვს, უნდა მოვემზადო.
– რა გავაკეთო, რომ გამგზავრებაზე უარი თქვა?
– არაფერი... უარს მაინც არ ვიტყვი. ბორა-ბორაზე მეპატიჟება კაცი ათი დღით და ფულსაც მიხდის. თანაც, ჩემი ძველი კლიენტია.
კაცმა სევდიანად შეხედა ტატას:
– ესე იგი, შენთვის არაფერს ვნიშნავ?
– როგორ არა. კარგი სექსი გვაქვს, მომწონს შენთან სექსი... ისედაც კარგი ტიპი ხარ. მაგრამ, შენი ცოლი არ ვარ, რომ ერთგულების ფიცი დავიცვა.
– ჰო, ცოლი არ ხარ...
– არც საყვარელი... – დაუზუსტა ტატამ.
– შენ არ გინდა, თორემ...
– იმ პირობებით, რომელსაც შენ მთავაზობ, არ მინდა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ნამდვილად არ ვარ მზად იმისთვის, რომ სახლში დავჯდე იმის მოლოდინში, როდის გამონახავ დროს ჩემს გასაჟიმავად.
– ზოგჯერ ძალიან მოურიდებელი და ურცხვი ხარ.
– მერე, შენც ხომ ეს მოგწონს? თანაც, ზოგჯერ კი არა, სულ. კეთილშობილ ქალთა პანსიონში არ გავზრდილვარ. იმ მამაკაცებს კი, რომლებთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა, ზუსტად ასეთი ვუნდივარ.
– ჰო, მესმის. მაგრამ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სხვა კაცებთანაც იმავეს აკეთებ, რასაც ჩემთან.
– ნუ წარმოიდგენ და პრობლემაც აღარ იარსებებს, – ტატამ მხრები გულგრილად აიჩეჩა. მერე ხელებით თავის მკერდს მსუბუქად შეეხო და ვნებიანად გაიზმორა, – ოჰ, ეს კაცები... რამდენ დროს კარგავთ ფუჭად... ახლა უკვე საწოლში ვიქნებოდით...
– კარგი, წავიდეთ, მაგრამ ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია...
– ვნახოთ, ჩემთან სექსის შემდეგ კიდევ თუ გექნება ლაპარაკის სურვილი, – ხმამაღლა გაიცინა ტატამ.
კაცმა ხარბად შეხედა და საკეტში გასაღები გადაატრიალა...
***
დოდო დაღლილი სახით გამოვიდა ოთახიდან, სამზარეულოში შევიდა, წყალი დალია და სკამზე ჩამოჯდა. ასე იჯდა, სანამ კაცის ხმამ არ მოუხმო. უხალისოდ ადგა და ყავა მოადუღა. მერე ლანგარზე საფერფლე, ყავის ფინჯანი და ხელსახოცი დააწყო და ოთახში დაბრუნდა... მოგვიანებით, როცა ლალიკო ბინაში დაბრუნდა, სანახევროდ გახდილი დოდოშკა დივანზე იწვა... ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და ჭერს მიშტერებული რაღაცაზე ფიქრობდა.
– რა გჭირს? – ლალიკო მიუახლოვდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი.
დოდოშკა არ განძრეულა, არც მოუხედავს მისკენ.
– ნუ მაშინებ, რა გჭირს-მეთქი.
– არაფერი, რას ჩამაცივდი, – ერთბაშად გაცხარდა დოდოშკა, – დაღლილი ვარ და ვისვენებ. შენ სად იყავი?
– კლიენტთან...
– ვინმე ახალია?
– არა. რატომ მეკითხები?
– რა ვიცი, – დოდოშკამ მხრები აიჩეჩა და გაიცინა, – ახალი სახეები მომენატრა... რა სისულელეს ვამბობ, არა?!
– შენ ძალიან დაღლილი ჩანხარ, ან, რაღაც მოხდა.
– არაფერი მომხდარა ისეთი, რაც არ ხდება ხოლმე. ვერც იმაზე ვიწუწუნებ, რომ ცუდად გადამიხადა, მაგრამ...
– მაგრამ, ისევ შენი ყოფილი ქმრის ზარზე ფიქრობ? გაგიჟდი?
– რატომ გავგიჟდი? შენ და ტატა ისე ლაპარაკობთ, თითქოს ის ჩემი ერთ-ერთი კლიენტთაგანია... ამის დედაც! ოცი წელი იყო ჩემი ქმარი, ოცი წელი!.. ცრამეტი წლისა გავყევი ცოლად და ჩემი პირველი მამაკაცი იყო...
– მერე რა, მთავარია, უკანასკნელი არ ყოფილა – ასე იტყოდა ტატა...
– ჰო, ტატას მაგარი ლოგიკა აქვს... შეიძლება, მართალიც არის. ზოგჯერ ნამდვილად ვერ ვხვდები, რა ჯობია – ოჯახი თუ, აი, ასე, მამაკაცების ფულის წყაროდ გამოყენება.
– მარტო ფულის წყაროდ ხომ არ ვიყენებთ, ზოგჯერ სექსიც მოგვწონს ხოლმე...
– ზოგჯერ... მხოლოდ ზოგჯერ... – ამოიოხრა დოდოშკამ.
– აჰა, მივხვდი... კლიენტი ძალიან არ დაგევასა, ხო? ფული თუ მაინც გადაიხადა იმდენი, რომ კომპენსაცია გაექაჩა?
– ფულის პრობლემა არ ყოფილა...
– გეუბნები, რა... დაგირეკა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. კაცები მაინც ახდენენ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე... დაიკიდე, რა!
– ვიკიდებ, ხომ მიყურებ.
– გიყურებ და არ მომწონხარ... კიდევ დაგირეკა?
– არა. იმ საღამოს მერე, რეკვით რომ ამიკლო, აღარ დაურეკავს. მესიჯი მომწერა რეგვენმა, ერთუჯრედიანი...
– რაო? – დაინტერესდა ლალიკო.
დოდოშკამ საყვედურით შეხედა:
– ძალიან გაინტერესებს?
– ჰო.
– როგორი მართალი ვიყავი, შვილთან ურთიერთობა რომ აგიკრძალე. იმაზე უარესი კახპა ხარ, ვიდრე მეგონაო...
– აუჰ, მე კარგი ტიპი ვარო?!
– რა მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, ეგ როგორი ტიპია. ფაქტია, რომ მომენტი გავუშვი ხელიდან, – ამოიოხრა დოდოშკამ.
– რა მომენტი?
– ჩემს შვილს ვგულისხმობ. მგონი, შევცდი, თანაც ძალიან.
– ჰმ, შენ არ მეუბნებოდი, ჩემს შვილს ასეთ ჯვარს ვერ ავკიდებო?
– ეგეც მართალია, მაგრამ ახლა ძალიან მტკივა.
– მოდი, ჩაიცვი, სადმე წავიდეთ, – შესთავაზა ლალიმ.
– სად წავიდეთ?
– რესტორანში, სადმე ქალაქგარეთ და გავატრაკოთ ჩვენს ნებაზე.
– გეყოფა ჩემი შეცოდება. ვერ ვიტან, როცა მიცოდებენ.
– არ გიცოდებ, ქალო, რესტორანში გეპატიჟები.
– მარტო ჩვენ ორნი წავიდეთ? ტატაშკას არ დავურეკოთ?
ლალიკომ მხრები აიჩეჩა:
– თუ შენ გინდა, დაურეკე. რა ვიცი. მე ძალიან გაბრაზებული ვარ მაგაზე. რატომ თქვა, რომ ჩვენ მისი მეგობრები არ ვართ?
– დაიკიდე. ხომ იცი, ასე არ ფიქრობს.
– ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობს, – ერთბაშად გაცხარდა ლალიკო და ისე გაწითლდა, დოდოც კი გააოცა.
– რა გჭირს, ქალო... განა მტრები ვართ? მართლა გგონია, რომ კაცის გულისთვის ერთმანეთს დავჭამთ?
– არა მგონია, მაგრამ, ტატაშკაზე მაინც ძალიან გაბრაზებული ვარ. იცი, მაგით რა თქვა? – რომ ჩვენზე უკეთესია და ნებისმიერ კაცს აგვახევს, თუკი მოუნდება.
– არც ეგ არის პრობლემა, ჩემს ქმართან იწვა და ის მოვინელე. ასე რომ, ლაითად შეხედე ამ ყველაფერს.
– კარგი, შევხედავ... ანუ მოდიხარ?
– ჰო. მაინც არ მითხარი, ტატას უნდა დავურეკოთ თუ არა, – შეახსენა დოდოშკამ.
– დაურეკე. აშკარად გინდა. მე მანამდე გამოვიცვლი და შენც ჩაიცვი.
– როგორ გინდა, რომ ჩავიცვა... იქ გვექნება ვინმეს აგდების პონტი? – ჰკითხა დოდოშკამ.
– რა ვიცი, ეგეც შენზეა დამოკიდებული... პრინციპში, არაფერია გამორიცხული... ჩვენ ჯარისკაცებივით სულ მზად უნდა ვიყოთ, – შუბლი გახსნა ლალიკომ და დოდოშკას მობილურზე ანიშნა, – აღარ ურეკავ?
– არა. ჩვენ წავიდეთ. იქნებ რა პონტი იჩითება და მართლა არ აგვახიოს კაცი...
***
ტატა საწოლზე ფეხმორთხმით დაჯდა და ვნებიანად გაიზმორა...
– როგორი იყოო, არ მკითხო... ჯერ კიდევ შოკში ვარ, – კაცი ტატასკენ გადაბრუნდა და თავი შიშველ მუხლზე დაადო... – კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ საოცრება ხარ.
– მეც კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ჯერ ყველაფერი არ გინახავს...
– მართლა? – კაცმა მუხლზე ტუჩები დაადო და ზემოთ აუყვა.
ტატაშკამ ცოტა ადროვა, მერე მისი სახე ხელის გულებში მოიქცა და თვალებში ჩააშტერდა:
– მოგენატრები?
კაცი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა და ტატაშკას მოშორდა, მისგან ოდნავ ზურგშექცევით დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
– ნერვებს მიშლი, თანაც მაგრად, – გამოსცრა ბრაზით.
– ჰო?! მე ხომ ცოლი არა ვარ, რომ შენი ნერვების სიმშვიდეზე ვიფიქრო.
– ასე ნუ მელაპარაკები... შენ ხომ არ გაქვს ცოლობაზე პრეტენზია, რაღას მეკაიფები?
– არ გეკაიფები, ვხუმრობ.
– აბა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვხუმრობო?!
– განსაკუთრებული შემთხვევაა. ორი კვირა ვეღარ მნახავ, – გაიღიმა ტატამ და კაცს შიშველ ზურგზე ათრთოლებული თითები ფრთხილად ჩამოუსვა.
– არ წახვიდე იმ ვიღაცასთან, დარჩი, – უკანმოუხედავად სთხოვა კაცმა.
– არ გამოვა, ბორა-ბორაზე მინდა.
– ტატა, მომისმინე, აუცილებლად წავალთ მე და შენ ბორა-ბორაზე, მაგრამ ახლა არა, ახლა არ შემიძლია.
– მე ახლა მინდა...
– არ შემიძლია-მეთქი. არ დაიცდი ცოტას?
ტატამ გაიცინა:
– პატარა ბავშვივით მეხვეწები. რა გინდა, შენ ხომ არ გთხოვ, წამიყვანე-მეთქი? წავალ და ჩამოვალ.
– არ მინდა, რომ წახვიდე, არ მინდა!.. გავგიჟდები, ჭკუიდან გადავალ ეჭვიანობისგან.
– მე თავიდანვე გაფრთხილებდი, რომ ჩემი შეყვარება საჭირო არ იყო.
– არ მიყვარხარ, არა... სიყვარული კიდევ სხვაა. მე შენზე დამოკიდებული გავხდი, როგორც წამალზე, როგორც სასმელზე... არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ ჰაერივით მჭირდები.
– მეტისმეტი არ მოგივიდეს, – დასცინა ტატამ და მოულოდნელად ზურგში მსუბუქად უბიძგა, – კომპენსაციის მიზნით, დღეს უფასოდ მოგემსახურე.
კაცი შემობრუნდა. თვალებში უცნაური სევდა ჰქონდა:
– შენ, უბრალოდ, არ გინდა, გამიგო. თითქოს მსჯი.
– გსჯი? რისთვის? – თვალები ფართოდ გაახილა ტატამ და კაცს მიამიტი ბავშვივით შესცინა. იმანაც ვეღარ მოითმინა. ორივე ხელი წელზე შემოხვია ქალს და მკერდზე გახელებით დაუწყო კოცნა. ტატაშკამ თავი გადასწია და ყელიც შეუშვირა საკოცნელად, თვალები მინაბა და სიამოვნებას მიეცა, თან კატასავით კრუტუნებდა. კაცს უფრო მოეძალა ვნება, მისი ალერსი სულ უფრო თამამი და მომთხოვნი გახდა. გამეტებით ქშინავდა და ქალის დაუფლებას აგრესიულად ცდილობდა. ტატას წინააღმდეგობა არ გაუწევია. თითქოს ზუსტად გრძნობდა, რას ითხოვდა კაცი და ბოლომდე დაჰყვა მის სურვილს. ბოლოს, როცა პარტნიორი ღონემიხდილი, მაგრამ ბედნიერი ღიმილით ლოგინზე გულაღმა დაეცა, გვერდით მიუწვა და მის გახურებულ სხეულს მთელი ტანით მიეკრო...
– არ გაგიშვებ, – აღმოხდა კაცს, – ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარჩე.
– მე ბორა-ბორაზე მინდა. შენთან თუ სხვასთან ერთად, სულ ერთია.
– მხოლოდ ჩემთან ერთად. რაღაცას აუცილებლად მოვახერხებ, რამდენიმე დღე მომეცი...
– რამდენი გჭირდება ცოლისთვის დამაჯერებელი ტყუილის შესაჩეჩებლად?
– დიდხანს ლოდინი არ მოგიწევს, ნუ გეშინია...
– არ მეშინია... მე ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა, – გადაიკისკისა ტატაშკამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში