ცუდი გათვლა
ველმა გვერდით ეწვა, როცა გონებაში ნელ-ნელა შეისხა ხორცი მკვლელობის გეგმამ. ეს ქალი ძალიან მოსწონდა. მისი ორი ყოფილი ცოლიდან არცერთს არ ჰგავდა. ველმა არ იყო ჭკვიანი, ზოგჯერ ისეთ სისულელეს იტყოდა, ფრენკს უკვირდა. თან, უხაროდა, რადგან ველმა არ ცდილობდა, კაცისთვის მითითებები მიეცა, შენიშვნებით სული ამოეხადა მისთვის... თანაც, ველმა ძალიან ლამაზი იყო...
– ფრენკ, რაზე ფიქრობ? – ველმამ გაიღვიძა და კაცს გაუღიმა.
– იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დავიღალე იაფფასიან სასტუმროებში შეხვედრებით. მინდა, მარტო ჩემი იყო. არტურის არსებობაც კი მაღიზიანებს... მინდა, მოკვდეს.
– გეყოფა, ფრენკ. ხომ იცი, რომ არტური არ მიყვარს, მაგრამ ის ჩემი ქმარია და ამას უნდა შევეგუოთ. ვთხოვე განქორწინება და უარი მივიღე...
– მომისმინე, ველმა, უნდა მოვკლათ.
ქალი გაშეშდა. თვალები გაუფართოვდა და ფაიფურის თოჯინას დაემსგავსა.
– ფრენკ, საყვარელო, ასე ნუ ბრაზობ. არტურის ბუღალტრული ტვინის ამბავი ჩემზე უკეთ ვინ იცის. მე მისი აქტივი ვარ. ამიტომაც არ შემელევა და არ დამთმობს. როგორც კი ვუთხარი, განქორწინება მინდა-მეთქი, მაშინვე შემპირდა, შენს ცხოვრებას შევცვლი და ერთი კვირით ბაჰამის კუნძულებზე წაგიყვანო. აქამდე სათანადო ყურადღებს ვერ გაქცევდი და უნდა გაგაოცოო... როგორ ვნანობ, რომ შენ არ შეგხვდი იქამდე, სანამ არტურს შევხვდებოდი, მაგრამ მკვლელობაზე ფიქრი მაინც მეტისმეტია. მოვიცადოთ, რაღაც გამოსავალი აუცილებლად გამოინახება.
– სისულელეა, ველმა... მე თითქმის მოვიფიქრე.
– ფრენკ, მაშინებ...
ველმა დამფრთხალი ჩიტივით მოიბუზა და აკანკალდა. ისეთი საყვარელი იყო, ბავშვივით შეშინებული, რომ ფრენკმა ვეღარ მოთმინა, მოეხვია და გულში მაგრად ჩაიხუტა. დიახ, მას სწორედ ასეთი ქალი უნდოდა გვერდით – მიამიტი და ცოტათი მოსულელო... ჭკუა თავისიც ეყოფოდა.
– ძვირფასო, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ გარეგნულად მე და შენი ქმარი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ერთი სიმაღლე გვაქვს, დაახლოებით ერთნაირი ასაკი... თუმცა, ოდნავ გაჭაღარავებული.... ეს უნდა გამოვიყენოთ.
– წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობ. როგორ უნდა გამოვიყენოთ?
– კრუიზში მეც წამოვალ. ყველაზე ადრე ავალ ბორტზე და კაიუტაში მივიყუჟები. სტიუარდებს კარგად ვიცნობ. კრუიზში ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ. მათთვის ყველა მგზავრი ერთნაირია. რამე განსაკუთრებული თუ არ მოიმოქმედე, ვერ დაგიმახსოვრებენ. შენ მარტო ის გევალება, ბარგი ძალიან ნელა ჩაალაგო და გემის ბორტზე ქმართან ერთად ისეთ დროს ამოხვიდე, როცა ყველაზე მეტი ხალხი იქნება. მერე გაცილებით მარტივად იქნება საქმე. ვახშმამდე მგზავრები ისვენებენ ხოლმე. ტანსაცმელს იცვლიან და ემზადებიან. გემბანი პრაქტიკულად, ცარიელი იქნება. არტური გემბანზე უნდა გაიყვანო. უთხარი, რომ თუ სუფთა ჰაერზე არ გახვალ, ვერ შეჭამ...
– ფრენკ, ამ ყველაფერს სერიოზულად მელაპარაკები?
– რა თქმა უნდა. აბა, შენ რა გეგონა, ვხუმრობდი? მოკლედ, მთავარია, გემბანზე გაიყვანო, ყველაზე მოფარებულ ადგილას. იქ უკვე ჩემი მოქმედების დრო დადგება. გავთიშავ და ზღვაში გადავაგდებ. მერე ერთად დავბრუნდებით კაიუტაში, როგორც მისტერ და მისის ჰარპერები. ბაჰამის კუნძულებზე კი პირველი თაფლობის თვე გვექნება.
– არ მჯერა, რომ ასე მარტივად იქნება საქმე, – თავი გადააქნია ველმამ, – გვამი რომ იპოვონ?
– რას ამბობ? რვა საათისთვის გემი უკვე ატლანტის ოკეანეში იქნება. იქ კი ისეთი თევზები ბინადრობენ, ადამიანის ხორცით პირის ჩატკბარუნება რომ უყვართ. ველმა, ეს ჩვენი შანსია. დავბრუნდებით კრუიზიდან და რამდენიმე ხანში ოფიციალურად დაქორწინებასაც შევძლებთ. შენი ქმარი ერთ დღეს „სახლიდან გავა და აღარ დაბრუნდება“. სამართლებრივი პროცედურები მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანს. მერე კი მისის გეინსი გახდები... ჩემი ხომ გჯერა?!
– მჯერა, მაგრამ... – ველმას ხმა აუთრთოლდა.
– ყოყმანის გარეშე, საყვარელო... ნახავ, რა კარგად გამოვა ყველაფერი...
– კი, მაგრამ, ფრენკ, ტანსაცმელი? ტანსაცმელი ხომ დაგჭირდება? – ისეთი შიშით წამოიყვირა ველმამ, ფრენკს გაეცინა.
– არტურის ტანსაცმელს ჩავიცვამ. მორჩა! შევთანხმდით?
– ველმამ ამოიოხრა და თავი დაუქნია...
... ყველაფერი მართლაც ისე იყო, როგორც ფრენკმა გათვალა. არტურმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა ოკეანის ფსკერზე. ფრენკმა, სანამ წყალში გადაუძახებდა, ჯიბიდან საფულე ამოაცალა. მერე ველმასთან ერთად იმ კაიუტაში დაბრუნდნენ, რომელიც არტურმა შეუკვეთა. საფულეში ექვსას დოლარამდე თანხა აღმოჩნდა. ფრენკი კმაყოფილი იყო. არტურის ჩემოდანი გახსნა და ტანსაცმელი მოიზომა. ყველაფერი იდეალურად მოერგო. საზაფხულო ფეხსაცმელიც კი. ჩანთაში ლამაზად შეფუთული ნივთიც აღმოჩნდა.
– ალბათ, შენთვის არის, – გაუწოდა ველმას.
– საჩუქარია, სუნამო იქნება. მერე ვნახავ, – ქალმა შეფუთული გამოართვა. უკვე ძალიან მშვიდად იყო, – ახლა რა ვქნათ?
– ახლა? – ფრენკმა ქალს ხელები მოხვია, – ახლა მოგზაურობით დავტკბეთ. ჩვეულებრივად, ბუნებრივად იყავი. ვერავინ ვერაფერს მიხვდება. საბაჟო და საპასპორტო შემოწმებასაც მშვიდად გავივლით.
წყვილმა ოთხი შესანიშნავი დღე გაატარა. ერთადერთი უცნაურობა ის აღმოჩნდა, რომ კუნძულზე ჩასულებს გემის ადმინისტრაციამ შეახსენა, რომ მათ მხოლოდ ერთ მხარეს სამგზავრო ბილეთები ჰქონდათ შეძენილი. ფრენკმა ველმას გაოცებით შეხედა.
– ველმა, კუნძულზე აპირებდით დარჩენას?
ქალმა მხრები აიჩეჩა და წამწამები განცვიფრებით დაახამხამა.
– ექვსასი დოლარი ბაჰამის კუნძულებზე საცხოვრებლად და მერე ორი კაცისთვის, ნიუ-იორკში თვითმფრინავით გასამგზავრებლად ბილეთების საყიდლად, ძალიან ცოტაა. ველმა, დაფიქრდი... იქნებ რამე გითხრა და არ გახსოვს?
ქალმა უარყოფის ნიშნად, თავი გააქნია. ფრენკმა სამას სამოცდაათი დოლარი გადაიხადა და კრუიზზე უკანა გზის ბილეთებიც შეიძინა. კუნძულზე ზღაპრული გარემო იყო. ველმამ საყიდლებზეც გაისეირნა. სუვენირები, ლამაზი ჩანთა და ზაფხულის ქუდი შეიძინა... დარჩენილმა ოთხმა დღემაც გემზე შესანიშნავად ჩაიარა. გამოსამშვიდობებელ ვახშამზე ფრენკს არტურის ფრაკი ეცვა. ველმა ბრწყინავდა საღამოს ძვირფას კაბაში.
საპასპორტო კონტროლი მშვიდად გაიარეს. საბაჟოსთან რომ მივიდნენ, ფრენკს საბაჟოს მოხელემ ტრადიციული შეკითხვა დაუსვა, არადეკლარილებული ნივთები ხომ არ გაქვთო და, მანაც თავი გაუქნია. პირადი ნივთების დათვალიერებისას ხელჩანთაში სწორედ ის შეფუთული აღმოჩნდა, რომელიც ფრენკმა არტურის ჩემოდანში ნახა.
– ეს რა არის, მისის ჰარპერ?
– სუნამოა, სავარაუდოდ, – დაიბნა ველმა, რომელსაც მთელი მოგზაურობის განმავლობაში ერთხელაც არ გახსენებია, შეკრული გაეხსნა.
– გახსენით, თუ შეიძლება, – უბრძანა საბაჟოს თანამშრომელმა.
როცა შეფუთული გახსნეს, ფრენკს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა... ერთმანეთზე აკურატულად დაწყობილმა და მჭიდროდ შეკრულმა დოლარების მწვანე კუპიურებმა მასზე შოკისმომგვრელად იმოქმედა.
– მისტერ არტურ ჰარპერ, თქვენ დაპატიმრებული ხართ... მაინც როგორი სულელი უნდა იყო, საკუთარ შეფს ასი ათასი დოლარი მოჰპარო და უკან, ნიუ-იორკში დაბრუნდე.