რა ბედი ეწია ვახტანგ წულუკიძეს ოპერაცია „ატამანის“ დამთავრების შემდეგ და რატომ ეკამათებოდა ის ხშირად ბულბელების ხელმძღვანელს
ქართველები და ბანდერელთა მოძრაობა, ეს ამოუწურავი თემაა. ბევრი დეტალი კი ჩვენი საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ნიკა თევზაძე.
– 1943 წლის შემოდგომაზე უპაში (უკრაინის პატრიოტთა ალიანსი) ნაციონალური ნაწილების შექმნა დაიწყო. ასე აღმოცენდნენ ქართული, შუა აზიური, სომხური, აზერბაიჯანული ნაწილები. ქართველებისგან სამი ბატალიონი ჩამოყალიბდა. მათ ჰქონდათ საკუთარი დროშა, გერბი, ჰყავდათ ქართველი მეთაურები, სარგებლობდნენ ფართო ავტონომიით. ოღონდ ერთი პირობით, უპას სარდლობას უნდა დამორჩილებოდნენ.
უწინარეს ყოვლისა ესენი ქართული ლეგიონის წევრები იყვნენ, რომლებიც უპა-ს შეუერთდნენ. ამას გარდა იყვნენ ის ქართველებიც, რომლებმაც გერმანული ტყვეობიდან გაქცევა მოახერხეს. სტალინის სიტყვებმა, ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, ჩვენ გვყავს სამშობლოს მოღალატენი, მათ უკან დასაბრუნებელი გზები დაუხშო. ბანდერელები კი მათ ეხმარებოდნენ, აძლევდნენ თავშესაფარს, საკვებს, ტანსაცმელს. ისინიც უპას შეუერთდნენ, რათა უკრაინელებთან ერთად საბჭოთა იმპერიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ებრძოლათ. ქართველები, რომლებიც უპას შეუერთდნენ, ორ ნაწილად უნდა დავყოთ: პირველი ეს იყვნენ გულწრფელი პატრიოტი – დეალისტები, რომლებიც იმპერიის წინააღმდეგ შეგნებულად იბრძოდნენ, და მეორე ნაწილი, ვისაც უბრალოდ, მეტი გამოსავალი აღარ დარჩა, აქეთ გესტაპო დასდევდა, იქით შინსახკომი. უპაში წასვლაც ერთადერთი ხსნა იყო.
– როგორც ცნობილია, უპას შექმნას სირთულეები ახლდა.
– ასეა. მელნიკოველები უპას შექმნას ეწინააღმდეგებოდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ბანდერელთა ავანტიურას არ აჰყოლოდნენ. ამას გარდა, თავი იჩინა უკრაინელების ძირძველმა სენმა – ატამანსჩინამ. ვოლინზე გამოჩნდა ვინმე ბორივეცი, რომელმაც თავის თავს ატამანი ტარას ბულბა უწოდა და შექმნა ფორმირება სახელწოდებით უპა-პოლესისეს სეჩი. აქედანაა ტერმინი „ბულბელები“. ბორივეცი მთლიანად უპას ხელმძღვანელობაზე აცხადებდა პრეტენზიას და ამტკიცებდა, ეს არმია მე შევქმენი, ბანდერელებს კი მისი უზურპაცია სურთო. ასეა თუ ისე, ვოლინზე გაჩნდა ორი ფორმირება სახელწოდებით უპა, რამაც ბანდერელებსა და „ბულბელებს“ შორის მტრობა გააღვივა. გაჩნდა შეიარაღებული შეტაკების რეალური საფრთხე. ბულბა ამას მიხვდა. ის შეეცადა, ძმათა მკვლელი ომი თავიდან აეცილებინა. ატამანმაც თავის ფორმირებას სახელი შეუცვალა და უნრა (უკრაინის სახალხო-რევოლუციური არმია) უწოდა. თუმცა, ამან კონფლიქტი ვერ განმუხტა. ბანდერელები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რათა ატამანი ერთიან ნაციონალურ ცენტრს დამორჩილებოდა. ბულბას ამის გაგონება არ სურდა. რუსებმაც სცადეს ეს გამოეყენებინათ და უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი გაეჩაღებინათ. ამ ოპერაციის კოდური სახელწოება იყო „ატამანი“. მას ცნობილი ჩეკისტი, პოლკოვნიკი დიმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობდა.
პოლკოვნიკმა მედვედევმა, რომელსაც ბულბამ ემისრები მიუგზავნა და ეთგვარ თავდაუსხმელობის პაქტის დადება შესთავაზა, ეს უმალ მოსკოვს აცნობა. ცენტრი დათანხმდა ოპერაცია „ატამანის“ დაწყებაზე, რაც არა მხოლოდ ბულბას, არამედ მთელი უკრაინული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული. კერძოდ, გათვალისწინებული იყო, თავად ატამანისა და მისი უახლოესი გარემოცვის ლიკვიდაცია. მაგრამ, ეს იმდაგვარად უნდა მომხდარიყო, რომ ბულბელებს ყოველივე ბანდერელთა ნამოქმედარი ჰგონებოდათ. ამის შემდეგ, უპა და უნრა ერთმანეთს დაეტაკებოდა, ან სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. უკრაინაც მწიფე მსხალივით სტალინს ჩაუვარდებოდა ხელში.
– ეს გეგმა პოლკოვნიკმა მედვედევმა შეიმუშავა?
– დიახ, ცენტრმა კი გეგმა დაამტკიცა. უნდა ითქვას, რომ ბულბას გარემოცვაში ბევრნი იყვნენ ისეთები, ვინც ატამანს ურჩევდა, რუსებთან შეთანხმებაზე უარი ეთქვა და ბანდერელებთან გაერთიანებულიყო. მათ რიცხვს ქართველი ვახტანგ წულუკიძეც მიეკუთვნებოდა.
– როგორ მოხვდა წულუკიძე უკრაინაში?
– უკრაინულ წყაროებში წულუკიძის შესახებ ფრიად მწირი ცნობებია. თანახმად, ამ ცნობებისა, წულუკიძე გენერალ კვინიტაძის აღზრდილი იუნკერი იყო. მონაწილეობდა ტაბახმელას ბრძოლაში. თბილისის დაცემის შემდეგ, ერთხანს, ქართველ პარტიზანებს შეუერთდა. 1923 წელს კი ემიგრაციაში წავიდა. ის პოლონეთში დამკვიდრდა, სადაც ბევრმა ქართველმა სამხედრომ მოიყარა თავი. წულუკიძე პოლონურ არმიაში მსახურობდა. 1939 წელს მონაწილეობდა გერმანელებთან ომში, ვარშავის დაცემის შემდეგ კი არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა. ამის შემდეგ მის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია. ზოგი მკვლევარი წერს, რომ წულიკიძე მაიორ ჰუბალის (ლეგენდარული პოლონელი პარტიზანი) რაზმში იბრძოდა. სხვები ამტკიცებენ, რომ ის შედიოდა ჯგუფში, რომელსაც გენერალი ბულაკ-ბალახოვიჩი ხელმძღვანელობდა. ასეა თუ ისე, უდავოა ერთი: 1939-1941 წლებში წულუკიძე პოლონური წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილეა და დასავლეთ უკრაინაში მხოლოდ 1942 წელს ჩნდება. როგორ აღმოჩნდა ის „ბულბელთა“ შორის, ეს დღემდე უცნობია. ფაქტია, რომ 1942 წლიდან წულუკიძე იკვეთება უკვე როგორც უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტი.
– წულუკიძე რუს პარტიზანებთან შეთანხმების წინაარმდეგი იყო?
– კატეგორიული წინააღმდეგი. ის ატამანს არწმუნებდა, რომ რუსები მახეს უგებნდნენ. ბულბამ ამას ყური არ ათხოვა. როგორც ჩანს, წულუკიძეს არ ენდობოდა. პოლონეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც უკრაინელ პარტიზანებს შეუერთდა, ბანდერელთა პროგრამას მთლიანად იზიარებდა და ატამანს მოუწოდებდა, უპასთან გაერთიანებულიყო, ბულბას აზრით, არ იყო სანდო. როგორც ჩანს, ბულბამ წულუკიძე მოგზავნილ ჯაშუშად ჩათვალა, თუმცა უპასთან გაერთიანებას სხვებიც მოითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, ატამანმა თავისი გაიტანა და რუსებთან თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, ტრაგიკული მოვლენები განვითარდა.
– ტრაგიკული?
– ატამანთან უშუალო ურთიერთობები მედვედევის მოადგილეს, პოდპოლკოვნიკ ლუკინს დაევალა. ბულბელებთან პაქტსაც ხელი მან მოაწერა. ოპერაცია „ატამანსაც“ უშუალოდ ლუკინი ხელმძღვანელობდა. სწორედ მან შეარჩია ჩეკისტების ჯგუფი, რომელიც ბულბელ აქტივისტებს უსაფრდებოდა და კლავდა, დახოცილთა გვამებს კი ჭებში ყრიდა. პარალელურად, ლუკინის ბიჭები ცდილობდნენ, დაედგინათ ბულბას შტაბის ადგილმდებარეობა, რათა ერთი დაკვრით გაენადგურებინათ ატამანი, მთელი თავისი გარემოცვითურთ. ეს უნდა გაეკეთებინა რუსი პარტიზანების სპეციალურ ჯგუფს, რომელთაც ისევე ეცვათ, როგორც ბანდერელებს და გარეგნულად უპას მებრძოლებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
– მართლაც სატანური გეგმაა...
– მკვლელობების სერიამ ბულბა შეაშფოთა. უდავო იყო ისიც, რომ რუსები ბულბას შტაბის დადგენას და მის ალყაში მოქცევას ლამობდნენ. წულუკიძე და სხვები არწმუნებდნენ ატამანს, რუსებთან ურთიერთობები გაეწყვიტა. ბულბა ყოყმანობდა. ამ დროს ახალი ტრაგედია ხდება. რუსები ბულბას ერთ-ერთ დაახლოებულ პირს ჩაუსაფრდნენ, მძიმედ დაჭრეს, შემდეგ კი ჭაში ჩააგდეს. მედვედევის ტერორისტებს ეგონათ, რომ უკრაინელი მოკვდა. მოხდა კი პირიქით. ცივმა წყალმა ის გამოაფხიზლა. მან ჭიდან ამოძრომა და ბულბას შტაბამდე მიხოხება მოახერხა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, თავდაუსხნელობის პაქტსაც ბოლო მოეღო. წულუკიძე კვლავ არწმუნებს ატამანს, რომ ბანდერელებთან გაერთიანება აუცილებელია. ბულბა კვლავ ყოყმანობს, რუსები კი ახალ დარტყმას ამზადებნენ. ოპერაცია „ატამანი“ გრძელდებოდა.
– კონკრეტულად რა მზადდებოდა?
– თავდასხმა ატამან ბულბაზე. აქცია უნდა განეხორციელებინა მედვედევის პარტიზანთა ჯგუფს, რომელთაც უპას წევრების ფორმა გადააცვეს. ამრიგად, გარეგნულად ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს თავდასხმა ბანდერელებმა მოაწყვეს. ბულბაზე თავდასხმაც განხორციელდა, თუმცა თავად ატამანი გადარჩა. დაიღუპა მისი ცოლი, ეროვნებით ჩეხი. ბულბაც ორ ცეცხლს შუა მოექცა: ან ომი უნდა აეტეხა, ან იქაურობას გასცლოდა. ატამანმა მეორე ვარიანტი აირჩია.
– იქაურობას გაეცალა?
– ამბიციების მიუხედავად, ბულბა მხურვალე პატრიოტი იყო. მან დაიჯერა, რომ მისი ცოლი მართლაც ბანდერელებმა მოკლეს, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ შუირისძიება ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომს ნიშნავდა, რაც უკრაინას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ბულბაც ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას იღებს. მან თავისი არმია დაშლილად გამოაცხადა, თავად კი ვარშავაში გაემგზავრა. ეს ძალიან საშიში იყო, რადგანაც ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქში გესტაპო მძვინვარებდა. ბულბაც დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი.
– ოპერაცია „ატამანი“ ამით დასრულდა?
– არმიის დაშლა ასე ადვილი როდია. მართალია, ბულბამ მეომრებს ამისკენ მოუწოდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ყოყმანობდა და ეს სწორიც იყო. შინ დაბრუნების შემდეგ, ან გერმანული ტერორის მსხვერპლნი გახდებოდნენ, ან საბჭოთა პარტიზანებისა. რუსების მოსვლის შემხვევაშიც, ყველას გაუხსენებდნენ, რომ უნრას წევრები იყვნენ. ბანდერელები თავის მხრივ კატეგორიულად მოითხოვდნენ – შემოგვიერთდით, ან როგორც მოღალატეებს, ისე მოგეპყრობითო და ესეც სწორი იყო. უნრა უკვე საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, რაც ბუნებრივია, ცალკე რესპუბლიკად ვერ გადაიქცეოდა. ან ბანდერელებს უნდა შეერთებოდნენ, ან დაშლილიყვნენ. საკითხი სწორედ ასე იდგა. მედვედევი და ლუკინი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა უნრას ნაწილებსა და ბანდერელებს შორის შეტაკება მომხდარიყო და სისხლი დაღვრილიყო.
– ანუ ოპერაცია „ატამანი“ კულმინაციას მიუახლოვდა?
– დიახ. პატრიოტების ჯგუფმა, რომელთა შორის წულუკიძეც იყო, ბანდერელებთან დიალოგი დაიწყო. აქ წულუკიძის როლი ძალიან გამოიკვეთა, რადგანაც მის მიმართ ბანდერელებს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ. ამას გარდა, უპას რიგებში უხვად იყვნენ ქართველები, რომლებიც ადრე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ. აქედან გამომდინარე, წულუკიძეს პირადად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ამან შედეგი გამოიღო. უნრასა და უპას წარმომაგენელთა შეხვედრა შედგა. ბულბელთა უდიდესი ნაწილი ბანდერელებს შეუერთდა, ტყვია არ გავარდნილა, არც რაიმე ექსცესს ჰქონია ადგილი. ამრიგად, ოპერაცია „ატამანი“, რომელზეც მოსკოვში დიდ იმედებს ამყარებდნენ, ჩაიშალა.
– წულუკიძეს რა ბედი ეწია?
– ის ემიგრაციაში არ წასულა, უკრაინაში დარჩა, რათა უპას რიგებში რუს ოკუპანტებთან ბრძოლა განეგრძო. მისი ბედის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. სავარაუდოდ, რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა, უდავოა ერთი: ის, არც ემიგრაციაში წასულა, არც ჩეკისტების ხელში არ ჩავარდნილა.
– ატამან ბულბას შესახებ რას გვეტყვით?
– მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბულბა ემიგრაციაში გაემგზავრა. ის ანტიბანდერელად დარჩა, მაგრამ ბოლომდე უკრაინის მხურვალე პატრიოტი იყო და ეროვნულ მოძრაობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ბულბას კალამს ეკუთვნის შესანიშნავი მემუარები, სადაც უამრავი საინტერესო ფაქტია მოყვანილი. თუმცა, წულუკიძეზე სიტყვაც არაა ნათქვამი. როგორც ჩანს, ატამანს მისი არც აუგად მოხსენიება სურდა, არც კარგად. წულუკიძე ხომ მას ხშირად და ძალიან მწვავედ ეკამათებოდა.
ამბიციების მიუხედავად, ის პატიოსანი კაცი იყო, რომელსაც თავისი სამშობლო უანგაროდ უყვარდა. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენლება, სადაც როგორც უპა, ასევე უნრა და სხვა ფორმირებები, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ძალად გამოაცხადა. დადგა დრო, რომ უკრაინამ ჯეროვანი პატივი მიაგოს ყველას, ვინც მისი თავისუფლებისთვის იბრძოდა. მათ რიგებს მიეკუთვნებან როგორც პეტლიურა, ბანდერა, ან შუხევიჩი, ასევე ბულბა – ბოროვეციც. ჩვენ, ქართველებმა კი, უნდა დავადგინოთ ყველა იმ ჩვენი თანამემამულის გვარი, რომლებიც ბანდერელთა მხარდამხარ იბრძოდნენ და საქართველოსთვის დაიღუპნენ.