როდის არ უნდა იყოს ქალი ტრადიციული ქმართან და რა მეთოდი აქვს მას კაცის დასაბმელად
თითქოს სტანდარტია, რომ ქალი უნდა ზრუნავდეს მამაკაცზე, მით უფრო, როცა ცოლის სტატუსს იძენს და ეს ყველაფერი მის მოვალეობად გადაიქცევა. თითქოს მაშინვე, როგორც კი შეყვარებულთან ურთიერთობა ოფიციალურ ელფერს იძენს, ქალს ვალდებულება ეკისრება ოჯახზე, შვილებზე, მეუღლეზე მეურვეობისა... რატომღაც აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ქალსაც ძალიან უნდა, ვიღაც ფიქრობდეს მასზე და ცხოვრებას ულამაზებდეს. შესაბამისად, უმსუბუქებდეს კიდეც. ზოგჯერ ქალი იძულებული ხდება, შეცვალოს ეს უსამართლობა მავნე სტერეოტიპების დანგრევით.
დიანა (37 წლის): გათხოვებამდეც ხშირად მითქვამს, რომ ქართველი მამაკაცების „გარყვნაში“ დამნაშავეები ვართ ქალები, ჯერ – დედები, მერე – ცოლები. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი აღშფოთდება, გამკიცხავს კიდეც, რომ მე ვამბობ დიდ სისულელეს, ვმეტიჩრობ და ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია. სწორედ ასეთი ზერელე ლაპარაკით ვიმძიმებთ სიტუაციას. თავს ვიგდებთ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც თავადვე არ მოგვწონს. თანაც, ძალიან არ მოგვწონს. დავფიქრდეთ კარგად და მივხვდებით, რომ ისევ ჩვენ გამოვდივართ დაზარალებულები. პრობლემას გავურბივართ. ამით მას კიდევ უფრო ვამყარებთ. აი, როგორ არის საქმე – ტრადიციულად, ჩვენს ოჯახებში მამაკაცები სასათბურე პირობებში არიან. განებივრებულები სიყვარულითა და ზრუნვით. მათ აჭმევენ, ასმევენ, უვლიან, ეფერებიან, ცდილობენ, აარიდონ პრობლემები... იტანენ მათ კაპრიზებს... უსრულებენ სურვილებს... არ არის ასე?!
– სამაგიეროდ, კაცები მუშაობენ და ოჯახებს არჩენენ.
– ყველა არა. მხოლოდ მათი რაღაც ნაწილი. უკეთეს შემთხვევაში, 50X50-ზეა. ვერ ხედავთ, როგორ ცხოვრობენ კაცები? ცოლი სახლშიც მუშაობს და გარეთაც თავს იკლავს. კაცი ბატონივით არის გაჯგიმული და შეფერებული აქვს თავისი მდგომარეობა – ლიდერის და მმართველის. ჩემი ოჯახის მაგალითზეც კარგად დავინახე ეს და კიდევ სხვა უამრავი ქალიც ჩემს მდგომარეობაშია. ველოსიპედი არ გამომიგონებია, მაგრამ ხმამაღლა რომ ვლაპარაკობ, ესეც დიდი საქმეა. ჰოდა, ბატონად რომ გადააქცევ ქმარს, მერე ნუღარ გიკვირს, რომ მონასავით გიყურებს.
– ქმრები, პირიქით, წუწუნებენ, რომ ქალები ძალიან აქტიურები, დამოუკიდებლები, თამამები და თავნებები გახდნენ...
– ტყუილია. ბევრი რამ შეიცვალა. ქალები მართლაც ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ ისინი ოჯახში მაინც მოახლედ განიხილებიან. ეს არის რეალობა, ვაღიარებთ ამას თუ არა. კაცები არაფრით დაიხევენ უკან. გამორიცხულია.
– უკან დახევაში რას გულისხმობთ?
– გეტყვით. მამაკაცი, როგორი ინტელექტუალური და თანამედროვეც არ უნდა იყოს, ქმრის როლში მაინც მოძალადედ იქცევა. ძალადობა მარტო ცემა, ყვირილი და ლანძღვა არ არის. „უი, იმას კარგი ქმარი ჰყავს, არ სვამს, არ სცემს, არ აგინებს, ფულსაც შოულობს... “ – მორჩა, ეს უკვე კარგია. რა იზიდავს ოჯახში მამაკაცს? – კომფორტი. ამ კომფორტში რა მოიაზრება? – მორჩილება. ნებისმიერ კაცს, თუნდაც არ აღიარებდეს ამას, ძალიან უნდა, რომ მორჩილი ცოლი ჰყავდეს... მოუაროს მას, მიეფეროს, გაანებივროს... საყვედური არ უთხრას... ტვინი არ უბურღოს.... ქალმა რომ ეს ყველაფერი წარბშეუხრელად გააკეთოს, უნდა ითამაშოს. თან, არც ტრადიციული უნდა იყოს, ზოგიერთ საკითხში – მაგალითად, სექსში. არადა, ჰაერივით მჭირდება ყურადღება და დარწმუნებული ვარ, სხვა ქალებიც ჩემნაირად განიცდიან. მეეჭვება, ბევრი იყოს ისეთი მამაკაცი, ცოლს რომ ეფლირტავება. ერთი ან ორი შეიძლება, მოძებნო, მაგრამ მე ასეთს არ ვიცნობ. „მომიტანე, წაიღე, მაჭამე, გამირეცე, გამიუთოვე... ეს გააკეთე... ის გააკეთე...“ – გავაკეთებ, განა არ გავაკეთებ, მაგრამ მისგან უნდა ვგრძნობდე „აღიარებას“.
– აღიარებას?
– დიახ. მე ქალი ვარ – იმ ასაკში, როცა ჰაერივით მინდა და ძალიან მჭირდება ვიცოდე, რომ კაცს მოვწონვარ. რატომ უნდა ვაცეცებდე თვალებს აქეთ-იქით, ყურადღების ძებნაში, როცა გვერდით ქმარი მყავს?!
– მერე, რატომ აცეცებთ?
– უცნაურ რაღაცას მეკითხებით. იმიტომ რომ, დისკომფორტი მაქვს. მეშვიდე წელია, გათხოვილი ვარ და ვგრძნობ, როგორ დამეკისრა მოახლის მოვალეობები. დილით, სახლიდან როცა გავდივარ, მინდა, ქმარი მეუბნებოდეს, რომ კარგად გამოვიყურები... აღტაცებული მზერით მიყურებდეს... სიგიჟეც მინდა – მინდა, ერთხელ მაინც მტაცოს ხელი და უკან შემაბრუნოს საწოლ ოთახში... რატომაც არა.
– უთხარით ამის შესახებ...
– რომ ვუთხრა, შედეგი რა იქნება?! დამცინებს. რაღაც ისეთს მეტყვის, რომ ნერვები ძალიან მომეშლება და სერიოზულად ვიჩხუბებთ... ვიღაც იტყვის, რომ ამხელა ქალი გამოვშტერდი, რომ ქარიშხალს ვეძებ ჭიქაში... იცით, როდის მივხვდი, რომ სწორად არ ვცხოვრობ? როცა მარტო წავედი რამდენიმე დღით დასასვენებლად და კინაღამ სასტუმროს თანამშრომელი ბიჭი შემიყვარდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენდა და ისეთი თვალებით მიყურებდი, თავი დედოფლად ვიგრძენი. სერიოზულად ვამბობ... ისეთი სასიამოვნო იყო მისი „პროფესიული“ ყურადღება, რომ „ვდნებოდი“ – „ფორთოხლის წვენი გნებავთ თუ ვაშლის?!“, „ლანჩი სად მოგართვათ?“, „ამ დილით განსაკუთრებით კარგად გამოიყურებით“... თურმე, როგორ მაკლდა ეს ყველაფერი... არადა, უცხოებზე ჩემი ქმარი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, იტყვი, ნამდვილი რაინდიაო. პრინციპში, არც მარტო რაინდობაშია საქმე... რატომ ვერ ხვდება, რა მინდა? თვითონ ხომ ითხოვს ჩემგან, რომ ერთი გამოხედვით ვგრძნობდე მის სურვილებს... ვითომ ვერ აცნობიერებს, რომ ზუსტად იგივე მეც მჭირდება. ახლა ზუსტად ვიცი, რატომ იჩენს ზოგიერთი ქალი საყვარელს. ისე რომ შემოგხედავენ, როგორც ძველ ფეხსაცმელს, პირველივე შემხვედრ მამაკაცს ჩაუვარდები მკლავებში – თუ გაგიღიმებს... უთქვამთ ჩემთვის, რა მაგარი ქმარი გყავსო, იმიტომ რომ, ფიზიკურადაც ძალიან კარგია. თუმცა, ერთხელაც არ მიეჭვიანია მასზე, იმიტომ რომ, ვიცი, როგორი ნარცისია. საკუთარი თავის იქით არავინ აინტერესებს.
– თუ ასეთი იყო, ცოლად როგორ გაჰყევით?!
– ვერ მივხვდი. ძალიან მომეწონა. ხომ გითხარით, ფიზიკურად ძალიან მაგარია-მეთქი და თვალმა შემიყვანა შეცდომაში... არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს თავს ანგელოზად წარმოვაჩენ და ცალმხრივად მართალი გამოვდივარ. მაგრამ, მგონია, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. თვითონ პირდაპირ მომთხოვა, რომ ხშირად შევუქო როგორც საქციელი, ისე გარეგნობა.
– პირდაპირ მომთხოვა, რას ნიშნავს?
– მითხრა, თუ გინდა, სხვა ქალებისკენ არ გავიხედო, მაშინ მუდმივად უნდა ვგრძნობდე აღფრთოვანებასო. სტიმული მჭირდება, რომ თავი სრულფასოვან მამაკაცად ვიგრძნოო.
– თქვენც უთხარით იგივე.
– მინდა, ვუთხრა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისე არ გაიგებს, როგორც საჭიროა. ეგოისტია. მე კი ცივი გულით და ნათელი გონებით თამაში არ შემიძლია.