ადამი და ევა
შეეჩვიე? ესეც სიყვარულია
როგორც მიჩნეულია – შეჩვევა სიყვარულისთვის დამღუპველია, ის კლავს ვნებას, ანელებს ლტოლვას, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება პარტნიორების ურთიერთობაზე... ასევე ამტკიცებენ, რომ შეჩვევას საერთო არაფერი აქვს გრძნობასთან. მაგრამ, რეალურად, ეს ასე არ არის. გრძნობის გარეშე ვერც შეჩვევა იქნებოდა და შესაძლოა, ვერც გრძნობა გაძლებდა შეჩვევის გარეშე დიდხანს... ანუ, ზოგჯერ მითი ხელს გვიშლის რეალობის აღქმასა და ბედნიერების განცდაში. ვნება, ლტოლვა – როგორი ძლიერიც უნდა იყოს, მაინც ფრაგმენტულია, არასტაბილური და პერიოდული. ამიტომ, ნუ უფრთხით იმას, რომ თქვენს პარტნიორს ეჩვევით. ეს არც კატასტროფაა და თანაც, ასეთი საყვარელი არ გულისხმობს უსიამოვნო სიურპრიზებს, რყევებსა და კატაკლიზმებს. ხშირად ადამიანებმა არ ვიცით შეჩვევის ფასი, რაც მართლაც ძალიან ღირებულია. ერთი სიტყვით, მთავარია, იყოს გრძნობა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს აზრს და სიმძაფრეს მატებს. რა იქნებოდა ჩვენი ყოველდღიური რეალობა შეჩვევის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია... შეეჩვიო იმას, ვინც გიყვარს, ამაში ცუდი არაფერია.
პასუხისმგებლობის ფასი
ზოგჯერ ქალები ვერ ვაყალიბებთ პრიორიტეტებს სწორად. მაგალითად, არ ვიცით, რა უნდა მოვითხოვოთ მამაკაცისგან და ხშირად, რაც მოსათხოვია, იმას ნაკლად ვუთვლით. საუბარია პასუხისმგებლობაზე. მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, არ არის სანდო, საიმედო და მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრიც არ ღირს. რატომ? – იმიტომ, რომ მამაკაცი, უბრალოდ, ვალდებულია, იქონიოს პასუხისმგებლობა ყველაზე და ყველაფერზე. ანუ, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი მისია და ასევე ის, რომ მამაკაცია. ცუდია, როცა ქალს არ ესმის, რას ნიშნავს მამაკაცური პასუხისმგებლობა. მას ძალიან დიდი ფასი აქვს. ქალმა არ უნდა იჭირვეულოს, როცა კაცი ასრულებს საკუთარ მოვალეობებს. გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ზოგჯერ ყურადღების მიღმა ტოვებს საყვარელ ქალს. თუმცა, აქაც არსებობს ზღვარი – კაცმა ისიც უნდა იგრძნოს, სად იწყება მისი პასუხისმგებლობა საყვარელი ქალის წინაშე. ერთი სიტყვით, ოქროს შუალედია დასაცავი, რაც ყველა კაცს არ შეუძლია. ახერხებს მხოლოდ ის მამაკაცი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი პასუხისმგებლობის ფასი.
შეხვდი... შეგიყვარდა...
შეხვდი. ნაპერწყალმა იელვა.. გაჩნდა ორმხრივი სიმპათია, გაჩნდა სურვილი, უფრო მეტი სიახლოვისა და ეს სრულიად ბუნებრივია... ყველაფერი ძალიან ლამაზად და რომანტიკულად იწყება. მაგრამ, როგორ გრძელდება მერე?! რატომ ხდება ისე, რომ ჯერ სილამაზე დნება თვალსა და ხელს შუა, მერე რომანტიკა და იწყება... თუმცა, სიყვარული მაინც არსებობს და ყოველთვის არა აქვს ასეთი დასაწყისი.
ფსიქოლოგები იმასაც კი ამბობენ, რომ ხშირად არარომანტიკულად, არატრადიციულად მოსული გრძნობა გაცილებით მყარია და სტაბილურიო... ანუ, როცა სიყვარული თავისი განვითარების რთულ გზას გაივლის, ის მარტივად აღარ გაქრება.
ქალებისთვის დამახასიათებელია ყველაფერი იმის გაიდეალება, რაც გრძნობასთან და მის პარტნიორ მამაკაცთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ამას მამაკაცებიც აკეთებენ – მაგალითად, ისინი, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იმის კომპლექსი, რომ ქალის მხრიდან ყურადღების ღირსი ვერ გახდებოდა. ქვეცნობიერში გაიდეალება სავარაუდო პარტნიორისა, გვმატებს თავდაჯერებულობას, გამბედაობას და ბედნიერებასაც კი. მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, როგორც მედალს – თუ ურთიერთობა კარგად წარიმართა, მაშინ საფრთხე არ გვემუქრება... შეხვდი. შეგიყვარდა და გაგრძელდა ცხოვრება ლამაზ ფერებში... მაგრამ, იმედგაცრუებაც არ არის გამორიცხული. აი, მაშინ კი დეპრესიამდე ნახევარი ნაბიჯი რჩება. ასე რომ, „შეხვდი... შეგიყვარდა“ – არც ისეთი მარტივია, როგორც შეიძლება, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.
ერთი ნაბიჯი!
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია... პირიქითაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. როცა ვიღაც ძალიან გვიყვარს, მისგან ბევრსაც მოვითხოვთ. შეიძლება, სიტყვით არც ვამბობდეთ ამას და არც ვაჩვენებდეთ, მაგრამ ქვეცნობიერში საქმე გაცილებით რთულადაა... ჩვეულებრივ, წარმოდგენები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ძირითადად, ეფუძნება მცდარ მოსაზრებებს, სტერეოტიპებს ან ვიღაცის ფსევდოგამოცდილებას. „ბედნიერი ცხოვრება“, – ვამბობთ და არც კი ვიცით, კონკრეტულად რა არის ეს ბედნიერება. პარტნიორის არჩევისას ჩვენ, ნებით თუ უნებლიეთ, მის მხოლოდ დადებით მხარეებზე ვამახვილებთ ყურადღებას და უკვე მერე, როცა რეალობას ვაწყდებით, უსიამოვნო სიურპრიზებად აღმოვაჩენთ ხოლმე ნაკლს. აი, მერე კი იმაზეა საქმე, სიყვარული გადაწონის ამ ნაკლოვანებებს თუ პირიქით! რაც წვრილმანი გვეგონა, ის შთამბეჭდავ მასშტაბებს იძენს და სიყვარულიც ისე ქრება, თითქოს არც ყოფილა... გული გვტკივა, ცრემლსაც ვღვრით... ვამბობთ, რომ წვრილმანებს ეწირება ჩვენი ბედნიერება, მაგრამ წვრილმანებიდან სერიოზულ პრობლემებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია! ანუ, წვრილმანები, არცთუ იშვიათად, სასიყვარულო ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად გადაიქცევა ხოლმე.
რა არის მთავარი!
როცა ამბობენ, ქალისთვის სილამაზე მთავარი არ არისო, უნდათ, ვითომ ულამაზო ქალები ანუგეშონ... რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ანუ, ცხადია, ქალისთვის ნამდვილად არის გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ქალი ამბობს, საერთოდ არ მაინტერესებს, ფოტოებზე როგორ გამოვიყურებიო, ის ტყუის. ზოგიერთი ქალი საერთოდაც იკავებს თავს ფოტოების გადაღებისგან და მიზეზი მარტივია – მას არ მოსწონს ფოტოსურათზე საკუთარი თავი... ზუსტად ასეთივეა ქალის დამოკიდებულება ფლირტთან. ქალების უმრავლესობას ძალიან მოსწონს ფლირტი. სულაც რომ ერთგული იყოს ქმრის და აზრადაც არ ჰქონდეს ღალატი, ფლირტზე უარს არ იტყვის, ცოტა ხანს მაინც შეიქცევს თავს და გაერთობა. გარდა საინტერესო გარეგნობისა, ქალს ასევე უნდა ჰქონდეს თავდაჯერებულობა და იუმორის კარგი გრძნობა – ასე სრული კომპლექტი იქნება სახეზე, „კომპლექტი“, რომელზეც ვერცერთი მამაკაცი უარს ვერ იტყვის.
ჯინსი, სადა მაისური ან პერანგი და კედებიც შეიძლება იყოს ძალიან სექსუალური სამოსი; გაცილებით სექსუალური, ვიდრე ზოგჯერ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, დეკოლტე და მოკლე კაბა... ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ სიყვარულის კოცონის ასაგიზგიზებლად მამაკაცს ყოველთვის არ სჭირდება თქვენგან თვალისმომჭრელი სილამაზე...