ღვთისმშობლის ხატი – „ეკონომოსი“
მეათე საუკუნეში მოღვაწე წმიდა მამა ათანასე დიდმა ათონის ნახევარკუნძულზე დააარსა მონასტერი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი წმიდა მამა შეიკრიბა. ერთ მოუსავლიან წელს ათონის მთაზე ისეთი შიმშილობა ჩამოვარდა, რომ ათონის მთის ბერების უმრავლესობა იძულებული გახდა, სამოღვაწეო ადგილი მიეტოვებინა და თავის გადასარჩენად სხვა მხარეში წასულიყო. ბერ-მონაზვნებისგან ნელ-ნელა დაიცალა ათანასეს ლავრაც. მონასტერში მარტო ათანასე დიდი დარჩა. ბოლოს შიმშილისგან თვით დიდი მამაც იძლია, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და მონასტრის მიტოვება გადაწყვიტა. ორი საათის განმავლობაში მიუყვებოდა ათანასე თავისი რკინის კვერთხით კარიესისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს დაიღალა და დასვენება გადაწყვიტა. მოულოდნელად წმიდანმა მისკენ მიმავალი ცისფერი ჰაეროვანი საბურველით შემოსილი დედაკაცი დაინახა. წმიდა ათანასე შეშინდა და პირჯვარი გადაიწერა. „საიდან გაჩნდა აქ ქალი? ათონის მთაზე ფეხის დაბიჯება მათ ხომ აკრძალული აქვთ?“ – გაიფიქრა ბერმა და დედაკაცის შესახვედრად გაემართა.
„საით გაგიწევია?“ – იკითხა ქალმა. წმიდა ათანასემ უპასუხა: „რაში გჭირდება იმის გაგება, თუ საით მივდივარ? ხომ ხედავ, რომ აქაური განდეგილი ვარ“. „თუ მართლა განდეგილი ხარ, მაშინ, ჩვეულებრივი მოკვდავივით კი არ უნდა მიპასუხო, არამედ სხვაგვარად. იყავი წრფელი, თავმდაბალი და მიმნდობი“. წმიდა ათანასემ უცნობ ქალს თავისი გასაჭირის შესახებ მოუთხრო:
„და შენ ეს ვერ აიტანე? მიწიერი საზრდელის გულისთვის შენი სავანე მიატოვე, რომელიც თესლით-თესლამდე უნდა განდიდდეს? ნუთუ ეს შეეფერება განდეგილს? სად არის შენი რწმენა? დაბრუნდი და მე მოგეხმარები: ყველაფერი უნაკლულოდ და უხვად გექნება, ოღონდ ნუ მიატოვებ შენს მონასტერს“:.
„ვინა ხარ შენ?“ – ჰკითხა წმიდა ათანასემ.
„მე იგი ვარ, ვისი სახელიც ჰქვია შენს სავანეს. მე დედა ვარ უფლისა შენისა“. წმიდა ათანასემ კვლავ იკითხა: „მეძნელება დაჯერება, რადგან მრავალფერია ბადე ეშმაკისა. რითი დამარწმუნებ შენი სიტყვების ჭეშმარიტებაში?“ დედაკაცმა უპასუხა: „აიღე შენი რკინის კვერთხი და დაჰკარი ამ კლდეს, მაშინ მიხვდები, თუ ვის წინაშე დგახარ. იცოდე, რომ დღეიდან მე სამუდამოდ დავრჩები შენი ლავრის მფარველად“. ათანასემ კვერთხი დაჰკრა კლდეს და, თითქოს ელვამ გააპოო, კლდე გადაიხსნა, ბზარიდან წყაროს წყალმა გადმოხეთქა, კლდის დამრეც კალთას დაუყვა და ზღვას შეუერთდა. წმიდა ათანასე შემობრუნდა, რათა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მუხლებში ჩავარდნოდა, მაგრამ ზეციური დედოფალი უჩინო იქნა. წმიდა ათანასე ლავრაში დაბრუნდა და იხილა, რომ ყველა ჭურჭელი და ბეღელი მონასტრისათვის საჭირო სანოვაგით პირთამდე იყო სავსე. ამ სასწაულებრივი დღის აღსანიშნავად დაწესდა ჩვეულება – იმ დღიდან მონასტრის ეკონომოსს აღარ ირჩევენ, არამედ მხოლოდ ეკონომოსის მოადგილეს დაადგნენ ხოლმე.
ათანასე დიდის ლავრაში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი სახელით – „ეკონომოსი“. ხატზე ყოვლადწმიდა დედოფალი ტახტზე მჯდომია გამოსახული. მას მარცხენა მკლავზე ყრმა მაცხოვარი უზის; მარჯვენა მხარეს – მიქაელ სინელი, ხოლო მარცხენა მხარეს – ათანასე დიდია გამოსახული. წმიდა მამებს ხელში თავისი ლავრის გეგმა უჭირავთ. ის წყარო, რომელიც ათანასე დიდის დასარწმუნებლად კლდიდან სასწაულებრივად გადმოდინდა, დღესაც არსებობს და სნეულებათა კურნების მადლი გააჩნია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას შემდგომ მცირე ზომის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აშენდა. ამ ეკლესიაში დაბრძანებულია ხატი, რომელზეც ზეციური დედოფლის მიერ აღსრულებული ხსენებული სასწაულია გამოსახული.