მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი ხელმეორედ, როდესაც იეღოველთა სექტიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბრუნდება?
პასუხი: ნათლობა მხოლოდ ერთხელ სრულდება, მისი განმეორება არ შეიძლება. თუ მონათლული ხართ, აღარ არის მეორეჯერ მონათვლა საჭირო, სამაგიეროდ, თქვენ მოძღვარი დაგიწესებთ ეპიტიმიას (საეკლესიო სასჯელს).
კითხვა: სიმბოლურად რას განასახიერებს ქრისტიანთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებული ზიარება?
პასუხი: ერთი ბარძიმიდან წმინდა საიდუმლოს მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებლის ჭეშმარიტი ძმობა და დობა, რომელთაც, განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და მატერიალური სახსრებისა, ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სიძულვილისა და მიუღებლობის გრძნობა და, შესაძლებლობა აქვთ, ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმინდა ძღვენი.
კითხვა: შეიძლება თუ არა ტაძარში იარაღით შესვლა?
პასუხი: იარაღის ტაძარში შეტანა არ შეიძლება, თუ ეს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან არ არის დაკავშირებული.
კითხვა: ვარ ცაცია. შეიძლება თუ არა პირჯვარი მარცხენა ხელით გადავიწერო?
პასუხი: პირჯვრის მარცხენა ხელით გადაწერა არ შეიძლება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მარჯვენა ხელი დაზიანებული გაქვთ და ვერ ხმარობთ. თან, ასეთ დროს პირჯვრის წერის მიმართულება უნდა დაემთხვეს მარჯვენა ხელით პირჯვრის გადაწერას.